საქმე №ას-1069-2022 25 იანვარი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ს.ა–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.კ.უ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - სარჩელის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „ს.კ.უ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ს.კ–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის 7 000 ლარის ანაზღაურება.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ორივე მხარემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება. სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 14 226, 86 ლარის ანაზღაურება.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, ს.ა–ძის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
8. მოსარჩელემ და მოპასუხემ, საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2023 წლის 16 და 23 იანვარს, მომართეს განცხადებებით, რომლითაც სარჩელის გამოხმობა და გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ სს ,,ს.კ.უ–ის" სარჩელი, განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
10. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ემყარება დისპოზიციურობის პრინციპს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილია, რომ მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. დისპოზიციურობის პრონციპის კერძო გამოხატულებაა მოსარჩელის/განმცხადებლის უფლება, გამოიხმოს სარჩელი/განცხადება.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე (იხ. სუსგ Nას-431-431-2018 (ბ), 22.06.2018წ.; №ას-398-398-2018, 25 დეკემბერი, 2018, პ.21). ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე.
12. 2023 წლის 16 და 23 იანვარს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებებით მომართა სს „ს.კ.უ–ის“ წარმომადგენელმა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოითხოვა სარჩელის გამოხმობა. აღნიშნულ განცხადებებს ხელს აწერს ასევე მოპასუხე ს.ა–ძეც. სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული სარჩელის გამოხმობის პროცესუალური წესი მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევს სასამართლოს შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მოსარჩელის მოთხოვნა და განუხილველად დატოვოს მისი სარჩელი, თუ მოპასუხე თანახმაა აღნიშნულზე. გამომდინარე იქიდან, რომ მოწინააღმდეგე (მოპასუხე) მხარე დაეთანხმა მოსარჩელის განცხადებას და განაცხადა თანხმობა (აქტი, ტელეფონით შეტყობინების შესახებ) სარჩელის გამოხმობაზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა სარჩელის გამოხმობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
13. სსსკ-ის 1991 მუხლით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. გათვალისწინებით იმისა, რომ სარჩელის გამოხმობის გამო სარჩელი რჩება განუხილველად, უნდა გაუქმდეს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.08.2021 წლის განჩინებით გამოყენებული ღონისძიება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 831, 1991, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს.კ.უ–ის“ შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება (საქმე N2/21502-21) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე N2ბ/910-22).
3. სს „ს.კ.უ–ის“ სარჩელი დარჩეს განუხილველი;
4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.08.2021 წლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ს.ა–ძეს (პ/ნ ........) აეკრძალა უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი ...... ს/კ ....... (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი 700,00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი .....) გასხვისება.
5. ს.ა–ძეს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, სს „თიბისი ბანკში“, 28.09.2022, №0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 711.30 ლარი;
6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი