Facebook Twitter

№ას-89-2021 7 თებერვალი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.ა–ნი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.11.2020წ. განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამართლებრივი ურთიერთობის დადგენა, უფლებამონაცვლედ აღიარება, კოოპერატივის წევრთა კომპანიის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დადგენა, საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ქონების მესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საქმის წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გ.ა–ნმა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“) სარჩელი აღძრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა:

- დადგენილ იქნეს სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა და აღიარებულ იქნეს უფლებამონაცვლეობა მასზე, რომ საბურთალოს რაიონის პრეფექტურის N401 განკარგულებით რეგისტრირებული კოოპერატივი „ე. ..“ (ს/კ .....) წარმოადგენს საბურთალოს სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 7 მარტის N6.15.189 გადაწყვეტილებით რეგისტრირებული მრავალდარგოვანი კოოპერატივი „ე...“-ის სამართალმემკვიდრეს, უფლებამონაცვლეს, ხოლო 01.01.1995წ. საბურთალოს რაიონის სასამართლოს მიერ რეგისტრირებული კოოპერატივი „ე....“ (ს/კ ......) წარმოადგენს საბურთალოს რაიონის პრეფექტურის N401 განკარგულებით რეგისტრირებული კოოპერატივი „ე. ..“-ის (ს/კ ....) სამართალმემკვიდრეს, უფლებამონაცვლეს;

- დადგენილ იქნეს კოოპერატივი „ე....“-ის (ს/კ .....) წევრთა (მეპაიეთა წილის მფლობელთა) და მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები. აღიარებულ (დადგენილ) იქნეს უფლება მასზე, რომ მოსარჩელე არის კოოპერატივი „ე...“-ის დამფუძნებელი/პარტნიორი/წილის (პაის) მფლობელი. დადგენილ იქნეს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მასზე, რომ კოოპერატივი „ე. ..“-ის (ს/კ .....) მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (კოოპერატივის თავმჯდომარე) არის მოსარჩელე, მცხოვრები მისამართზე ქ. თბილისი, ......;

- აღიარებულ (დადგენილ) იქნეს უფლება მასზე, რომ მისამართზე ქ. თბილისი, ..... მდებარე უძრავი ქონება, კერძოდ, შენობა-ნაგებობები, აშენდა კოოპერატივი „ე. ..“-ის (ს/კ ....) მიერ, საზოგადოების პარტნიორთა შენატანებითა და მათი პირადი შრომით, იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით და რომ აღნიშნული უძრავი ქონება წარმოადგენს კოოპერატივი „ე. ..“-ის საკუთრებას;

- აღიარებულ (დადგენილ) იქნეს უფლება მასზე, რომ მისამართზე ქ. თბილისი, .... მდებარე უძრავი ქონება, კერძოდ, 11666 კვ.მ. არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 1991 წლის 28 მარტიდან კანონიერ სარგებლობაში აქვს კოოპერატივ „ე. ..“-ს (ს/კ ...);

- ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 თებერვლის N66956 და 2017 წლის 25 აპრილის N140688 გადაწყვეტილებები.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.07.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ.: გადაწყვეტილება ტ.2, ს.ფ. 59-71). აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.11.2020წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ.: განჩინება, ტ.3, ს.ფ.81-88). განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

5. სასამართლოს მიერ დასაშვებობის საკითხის შემოწმებამდე, 30.01.2023წ. კასატორმა განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა, ვინაიდან უარს აცხადებს საკასაციო საჩივარზე (იხ.: განცხადება, ტ.3, ს.ფ. 152,153).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ის უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს.

7. სსსკ-ის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

8. ამავე კოდექსის 378-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:

სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

9. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

10. სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა, ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-1573-2018, 26 სექტემბერი, 2019 წელი; №ას-1793-2019, 12 მარტი, 2020 წელი; №ას-712-2020, 4 მარტი, 2021 წელი).

11. კასატორმა განაცხადა, რომ საკასაციო საჩივარზე ამბობს უარს, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, ამდენად, მან განახორციელა სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც საკასაციო საჩივარზე წარმოების შეწყვეტის საფუძველია. საკასაციო სასამართლო კასატორს განუმარტავს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით მას უფლება ერთმევა კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) საკასაციო წესით.

12. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. შესაბამისად, არ არსებობს მისთვის სახელმწიფო ბაჟის სსსკ-ის 49-ე მუხლის საფუძველზე დაბრუნების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-3, 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ა–ნის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. შეწყდეს საქმის წარმოება გ.ა–ნის საკასაციო საჩივარზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.11.2020წ. განჩინებაზე.

3. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.

4. განემარტოს კასატორს, რომ მას ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით.

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მომხსენებელი: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია