01 ნოემბერი 2022 წელი
№ას-247-2022 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ გ. წ–ძე
მოწინააღმდეგე მხარეები _ ბ. წ–ძე, რ.კ–ძე-წ–ძე, თ. წ–ძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ნოტარიუსი რ.გ–ძე
მესამე პირი _ მ. წ–ძე
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი - სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, ანდერძისმიერ მემკვიდრედ ცნობა, სამკვიდრო მოწმობისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით, ბ. წ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს რ.გ–ძის მიერ რ. წ–ძის (პ/ნ ....... და თ. წ–ძის (პ/ნ .....) მიმართ 2007 წლის 04 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა - რეესტრში რეგისტრაციის N2-469 1/3 ნაწილში, და გაუქმდა მის საფუძველზე საჯარო რეესტრში თ. წ–ძისა და რ. წ–ძის თანასაკუთრებად ზესტაფონში, ....... ბინის რეგისტრაცია 1/3 ნაწილზე განხორციელებული 2007 წლის 05 დეკემბერს საკადასტრო კოდი ........ ;
- ბ. წ–ძე ცნობილ იქნა 1998 წლის 01 ნოემბერს გარდაცვლილი ა. წ–ძის დანაშთი სამკვიდრო ქონების, მდებარე ზესტაფონში, ........, ბინა 17 (ს/კ ......) 1/3 ნაწილის ანდერძისმიერ მემკვიდრედ და მესაკუთრედ;
- მოპასუხეები რ.კ–ძე-წ–ძე და თ. წ–ძე გამოსახლებული იქნენ ზესტაფონში, ...... მდებარე N17 ბინის 1/3 ნაწილიდან.
- მოსარჩელე გ. წ–ძის სარჩელი 1998 წლის 01 ნოემბერს გარდაცვლილი ა. წ–ძის სამკვიდრო ქონების 1/3 წილის მემკვიდრე - მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბ. წ–ძემ, გ. წ–ძემ, რ.კ–ძე-წ–ძემ და თ. წ–ძემ.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით:
- ბ. წ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; 4/6 ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს რ.გ–ძის მიერ რ. და თ. წ–ძეების სასარგებლოდ 2007 წლის 4 დეკემბერს გაცემული სასამკვიდრო მოწმობა, შესაბამისად გაუქმდა აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრში რ. და თ. წ–ძეების თანასაკუთრებად ზესტაფონში, ....... მდებარე N17 ბინის რეგისტრაცია 4/6 ნაწილში და ბ. წ–ძე ცნობილ იქნა 1998 წლის 1 ნოემბერს გარდაცვლილი ა. წ–ძის დანაშთი სამკვიდროს (მდებარე ქ.ზესტაფონში,......) 4/6-ის ანდერძისმიერ მემკვიდრედ და მესაკუთრედ.
- აღნიშნული ბინიდან მოპასუხეების: რ. წ–ძე-კ–ძისა და თ. წ–ძის გამოსახლებაზე მოსარჩელე ბ. წ–ძეს ეთქვა უარი.
- ამავე გადაწყვეტილებით, გ. წ–ძის სარჩელი 2007 წლის 4 დეკემბრის სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის, ასევე, ა. წ–ძის სამკვიდროს (ზესტაფონში, ..... მდებარე #17 ბინის, ზესტაფონის სოფელ ....... მდებარე საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთზე) მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
4. ბ. წ–ძის ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. წ–ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განჩინებით, გ. წ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბ. წ–ძის სარჩელის დაკმაყოფილებისა და გ. წ–ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, ასევე, პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ბ. წ–ძის, გ. წ–ძის, რ.კ–ძე-წ–ძის, თ. წ–ძის, სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება ბ. წ–ძის სარჩელის დაკმაყოფილებისა და გ. წ–ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ასევე საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში და ამ ნაწილებში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
- ბ. წ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს რ.გ–ძის მიერ რ.კ–ძე-წ–ძისა და თ. წ–ძის მიმართ 2007 წლის 4 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა (რეესტრში რეგისტრაციის ნომერი 2-469 6/8 ნაწილში; გაუქმდა აღნიშნულის საფუძველზე საჯარო რეესტრში რ.კ–ძე წ–ძისა და თ. წ–ძის საკუთრების რეგისტრაცია ზესტაფონში, ........ 17 ბინაზე 6/8 ნაწილში;
- ბ. წ–ძე ცნობილ იქნა 1998 წლის 1 ნოემბერს გარდაცვლილი ა. წ–ძის დანაშთი სამკვიდრო ქონების მდ. ზესტაფონი, ....... (ს.კ. ........) 5/8 ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ;
- გ. წ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი რ. და თ. წ–ძეების სახელზე 2007 წლის 4 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა 6/8 ნაწილში და გ. წ–ძე ცნობილი იქნა ზესტაფონში, ....... მდებარე 50 კვ.მ. ბინის 1/8 ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ;
- გ. წ–ძე ცნობილ იქნა ზესტაფონის რაიონის სოფ.......... მდებარე უძრავ ქონებაზე ს.კ. .. 1/8 ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და მასზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი.
9. 2021 წლის 05 ივლისს გ. წ–ძემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას).
10. განმცხადებელმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების განცხადება დაასაბუთა შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით: 2021 წლის 16 ივნისს მისთვის ცნობილი გახდა, რომ არსებობდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1974 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, გ. წ–ძესა და მის მშობლებს შორის უკვე განაწილებული იყო სადავო უძრავი ქონება, რაც წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებლად და საქმის წარმოების განსაახლებლად. ვინაიდან განმცხადებელმა აღნიშნული გარემოების შესახებ შეიტყო 2021 წლის 16 ივნისს, დაცულია კანონით დადგენილი 1 თვიანი ვადაც.
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისის განჩინებით, აღნიშნული განცხადება დასაშვებად იქნა ცნობილი.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, გ. წ–ძის განცხადება გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, შემდეგი დასაბუთებით:
12.1. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა განმცხადებლის მტკიცება, რომ მისთვის ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1974 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილების თაობაზე ცნობილი გახდა 2021 წლის 16 ივნისს (საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივიდან გადაწყვეტილების გამოთხოვის თარიღი), არამედ მიუთითა, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ 1974 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილების მიღებისას, რომელიც ეხებოდა კომლის ქონების გაყოფას, გ. წ–ძე (დაბადებული 11.01.1957წ.), იქნებოდა 17 წლის, შესაბამისად, მისთვის, როგორც მხარისთვის მოცემულ საქმეში, ცნობილი უნდა ყოფილიყო ამ გადაწყვეტილების თაობაზე, გონივრული განსჯის ფარგლებში მას უნდა სცოდნოდა იმ დავის შესახებ, რომელმაც მისი უფლებები განსაზღვრა.
12.2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის N2/8/765 გადაწყვეტილებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 2019 წლის 30 აპრილიდან.
12.3. 2021 წლის 24 ივნისს, გ. წ–ძის მიერ განცხადების წარმოდგენის დროისათვის, აღარ არსებობდა ის სამართლებრივი ნორმა, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი იქნებოდა სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, საერთოდ არ იკვეთება განმცხადებლის იურიდიული ინტერესი, სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლომ განიხილოს და შეამოწმოს მისი მოთხოვნის დასაბუთებულობა, რაც დაუშვებელს ხდის წარმოდგენილ განცხადებას.
13. ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. წ–ძემ და, მიუთითა, რომ 1974 წლის 10 ნოემბრის სასამართლო გადაწყვეტილებით, მას და დედამისს აქვთ მიკუთვნებული ქონების (მდებარე სოფ. .........) 2/3. აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების არსებობის ცოდნის შემთხვევაში, იგი 2015 წლის სასარჩელო განცხადებასთან ერთად წარადგენდა მითითებულ გადაწყვეტილებას და მოპოვებდა სადავო ქონების 2/3 წილზე საკუთრების უფლებას. საჯარო რეესტრში ერთ-ერთი ვიზიტისას რეესტრის თანამშრომელმა ურჩია მას, დოკუმენტები მოეძიებინა არქივში, აგრეთვე საერთო სასამართლოების დეპარტამენტში. რეესტრის თანამშრომელს არ უთქვამს 1974 წლის გადაწყვეტილების არსებობის შესახებ, არამედ მხოლოდ ურჩია დოკუმენტების მოძიების გზები, რის შემდეგაც გ. წ–ძემ მიმართა საერთო სასამართლოების დეპარტამენტს და 2021 წლის 16 ივნისს მიიღო პასუხი, რომ არქივში დაცული იყო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1974 წლის გადაწყვეტილება. გ. წ–ძეს არავითარი მიზეზი ამ გადაწყვეტილების დასამალად არ ჰქონია, ვინაიდან აღნიშნული სასამართლო აქტი მხოლოდ აუმჯობესებდა მის სამართლებრივ მდგომარეობას (1/8 წლის ნაცვლად, ანიჭებდა 2/3 წილის მიღების შესაძლებლობას).
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განჩინებით, გ. წ–ძის კერძო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
17. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინების მართლზომიერების საკითხი, რომლითაც საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა იქნა უარყოფილი.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამრიგად, საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას (იხ. სუსგ. №ას-1455-2019, 15.11.2019წ).
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით გასაჩივრების შესაძლებლობას, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
20. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის წარმოების განახლების განცხადების განხილვისას საგულისხმოა საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 07 დეკემბრის №2/8/765 გადაწყვეტილებაში წარმართული მსჯელობები, რომლებმაც, თავის მხრივ, საფუძველი დაუდო 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით წარდგენილი განცხადების განხილვის, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების იმ მოდელის შექმნას, რომელიც საპროცესო კოდექსში აისახა 2021 წლის 22 ივლისს განხორციელებული ცვლილებების სახით.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის წარმოების განახლებისას სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას განჩინებით სრულად ან ნაწილობრივ გააუქმებს ან ამ კოდექსის 431-ე მუხლით დადგენილი წესით (გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად ან ნაწილობრივ გაუქმების ან საქმის განხილვის დასრულებამდე ძალაში დატოვების შემდეგ საქმე, რომელზედაც ეს გადაწყვეტილება იყო გამოტანილი, თავიდან განიხილება საქმის განხილვისთვის ამ კოდექსით დადგენილი წესით) საქმის განხილვის დასრულებამდე ძალაში დატოვებს.
22.1. პალატა ხაზგასმით მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გამოურიცხავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით საქმის წარმოების განახლების განცხადების შედეგად გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობა, არამედ არაკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმად, საქმის წარმოების განახლება თავისთავად იწვევდა გადაწყვეტილების სრულად გაუქმებას. ამრიგად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული განჩინების პოზიციას მასზედ, რომ განცხადების შეტანის დროისათვის - 2021 წლის 24 ივნისს აღარ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილი განცხადების ფარგლებში 430-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების მექანიზმი.
22.2. უპირველეს ყოვლისა, ხელახალი საკანონმდებლო მოწესრიგების არარსებობის პირობებშიც კი, სააპელაციო პალატას გადაწყვეტილების გაუქმების საკითხი უნდა შეეფასებინა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით. ამავდროულად, პალატა ყურადღებას მიაპყრობს სქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მეორე პუნქტს, რომლის თანახმადაც, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს.
22.3. 2021 წლის 22 ივლისის კანონით ახლებურად ჩამოყალიბდა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის შინაარსი, საკანონმდებლო ცვლილებებმა, საკონსტიტუციო სასამართლოს მითითების შესაბამისად, საერთო სასამართლოებს მიანიჭა შედარებით ფართო მიხედულების ფარგლები, შეაფასონ საქმის წარმოების განახლების შემდგომ მისი ხელახალი განხილვის შედეგობრივი პერსპექტივა და შემაჯამებელი სასამართლო აქტი გააუქმონ იმ მასშტაბით, რომლითაც ივარაუდება გადაწყვეტილების შეცვლა, ან ძალაში დატოვონ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება საქმის ხელახალი განხილვის დასრულებამდე. ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების საკითხი სააპელაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა 2021 წლის 24 დეკემბერს, ამრიგად, საქმის განხილვის ეტაპზე უკვე არსებობდა საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ პუნქტის საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმების ან ძალაში დატოვების შესაძლებლობას, ამრიგად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მე-8 და მე-9 გვერდებზე ასახულ მსჯელობას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განცხადების განხილვის მიმართ იურიდიული ინტერესის არარსებობის შესახებ.
23. საკასაციო პალატის სტაბილური პრაქტიკის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით საქმის წარმოების განახლების მოთხოვნას წარედგინება სამი სავალდებულო წინაპირობა კუმულატიურად: ა) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ამ გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; გ) მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე (იხ. სუსგ. №ა-6389-ა-16-2021, 15.04.2022წ).
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, შესაძლებელია კანონმდებლის მიერ განსაზღვრული საფუძვლით და ამ საფუძველთა ჩამონათვალი ამომწურავია. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოებები იურიდიული ფაქტებია, რომლებიც არსებობდა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის მომენტში და დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საქმის სწორად გადასაწყვეტად, მაგრამ ეს გარემოებები არ იყო ცნობილი განმცხადებლისათვის. ამ გარემოებებზე (ფაქტებზე) დამოკიდებულია მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. ასეთი გარემოება უნდა შეეხებოდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დამთავრებულ საქმეზე განხილულ მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობას და ზეგავლენის მოხდენა უნდა შეეძლოს საქმეზე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე. კანონმდებელი ასეთად მიიჩნევს მხარის მიერ ახალი გარემოებებისა და მტკიცებულებების, ანუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი ფაქტის (ფაქტობრივი გარემოების) და მტკიცებულების შეტყობას, რომელიც საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე არსებობდა, ობიექტურად იყო უცნობი, საშუალო წინდახედულების ფარგლებში მათი შეტყობა მხარისათვის შეუძლებელი იქნებოდა და ეს ფაქტი (ფაქტები) ცნობილი თუ იქნებოდა სასამართლოსათვის გადაწყვეტილების გამოტანის დროს, მაშინ სასამართლო გამოიტანდა მთლიანად ან ნაწილობრივ საპირისიპირო გადაწყვეტილებას (იხ. სუსგ. №ა-3801-1-10-2019, 8.11.2019წ; №ა-4092-ა-12-2019, 26.02.2021წ; №ას-7-2021, 18.03.2021წ; №ა-4083-ა-11-2021, 24.12.2021წ; №ა-6389-ა-16-2021, 15.04.2022წ).
25. „ახლად“ მხოლოდ ის ფაქტები და მტკიცებულებები მიიჩნევა, რომლებიც ობიექტურად უკვე წინა პროცესის ზეპირი განხილვის დასრულებამდე არსებობდა, მაგრამ მტკიცების ტვირთის მატარებელი მხარისთვის არაბრალეულად იყო უცნობი. „ახლად“ მიიჩნევა არა ობიექტურად ახლად წარმოშობილი, არამედ „ახლად“ აღმოჩენილი ფაქტები და მტკიცებულებები. ასეთი განმარტების სასარგებლოდ მეტყველებს ასევე საკანონმდებლო სისტემატიკის თვალსაზრისით, საქართველოს სსსკ-ს 423-ე მუხლის მე-3 ნაწილი. კერძოდ, მასში განხილული ბრალის საკითხი, უცილობლად, მხოლოდ ობიექტურად უკვე არსებულ ფაქტებსა და მტკიცებულებებს შეიძლება ეხებოდეს. იმ გარემოებების თვალსაზრისით, რომლებიც მხოლოდ მომავალში წარმოიშობა, ეს საკითხი თავიდანვე არ დგება.“ (იხ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, რჩეული მუხლები, თბილისი, 2020წ, გვ.1134).
26. უპირველეს ყოვლისა, პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა შორის სასარჩელო წარმოების ფარგლებში დავის საგანს წარმოადგენდა ა. წ–ძის დანაშთი ქონების მემკვიდრეთა (შვილებსა და მეუღლეს) შორის გაყოფა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო, თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ – ამ ქონების ღირებულება.
27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
28. პალატა მიუთითებს, რომ როგორც ძირითადი მოსარჩელის (ბ. წ–ძის), ისე მესამე პირის (გ. წ–ძის) სარჩელის განხილვის ეტაპზე მტკიცების საგანში შემავალი უმთავრესი გარემოება სწორედ სამკვიდრო მასის განსაზღვრა იყო. ვინაიდან, სოფელ ......... მდებარე მთლიანი უძრავი ნივთის სამკვიდრო მასად მიჩნევა, ეწინააღმდეგებოდა გ. წ–ძის ინტერესს (1მისი განმარტებით, ქონების 2/3 წარმოადგენდა უშუალოდ მის და არა მამის წილს), აღნიშნულ გარემოებაზე მითითებისა და შესაბამისი გარემოების დამტკიცების ტვირთი, სწორედ გ. წ–ძეს ეკისრებოდა.
29. ამრიგად, კერძო საჩივრის განხილვისას შეფასების საგანია შემდეგი: 1974 წლის 10 ნოემბრის სასამართლო გადაწყვეტილების წარუდგენლობა და მის საფუძველზე დადგენილი გარემოებების მიუთითებლობა სასარჩელო წარმოების ეტაპზე გ. წ–ძის მხრიდან წარმოადგენს არაბრალეული არცოდნის თუ პროცესუალური წინდაუხედაობის შედეგს. საგულისხმოა, რომ 2016 წლის 18 აპრილს მესამე პირის სარჩელზე გ. წ–ძის მხრიდან დართული იქნა არქივიდან გამოთხოვილი არაერთი დოკუმენტი, მათ შორის, საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივიდან მიღებული ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 იანვრის განჩინების ასლი, რომლის საფუძველზეც, ერთი მხრივ ბ. წ–ძეს, ხოლო მეორე მხრივ - რ.კ–ძე-წ–ძესა და თ. წ–ძეს შორის მორიგების გზით განაწილდა ა. წ–ძის დანაშთი ქონება (როგორც ზესტაფონში მდებარე ბინა, ისე სოფელ ......... მდებარე სახლი და მიწის ნაკვეთები). ამრიგად, გაზიარებას არ იმსახურებს კერძო საჩვრის ავტორის მტკიცება მასზედ, რომ მან საჯარო რეესტრის თანამშრომლისგან შეიტყო უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საბუთების მოძიების ის გზა, რომელიც არქივიდან (მათ შორის, საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივიდან) წერილობითი დოკუმენტების გამოთხოვას გულისხმობდა. 1974 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილების არსებობის შესახებ 2021 წლის 16 ივნისამდე არცოდნას საკასაციო პალატა განიხილავს მხარის (დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირის - გ. წ–ძის) საპროცესო უფლება-მოვალეობების არაეფექტურად განკარგვისა და მტკიცების ტვირთის არასათანადო რეალიზების შედეგად და არა არაბრალეულ არცოდნად (იხ. სუსგ. №ას-582-553-2015, 15.07.2015წ).
30. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება უნდა განიმარტოს კონვენციის პრეამბულის კონტექსტში, რომლის თანახმადაც, კანონის უზენაესობა უნდა წარმოადგენდეს მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა საერთო მემკვიდრეობას. კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმად, სასამართლო, თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (იხ. ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“ განაცხადი №18156/05, 27.05.2010წ.; Brumărescu v. Romania [GC], no. 28342/95, § 61, ECHR 1999-VII). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს ნიღბიან აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ ქმნის საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი გარემოებების წარმოშობით (იხ. Ryabykh v. Russia, no. 52854/99, § 52, ECHR 2003-IX).
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე, 423-ე, 430-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. წ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 დეკემბრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი