Facebook Twitter

საქმე №ას-1420-2022 30 ნოემბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიორგი მიქაუტაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,თ–სი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2014 წლის 11 დეკემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (შემდგომ - მოპასუხე, შემკვეთი, პირველი აპელანტი, სამინისტრო, კასატორი) საჯარო სკოლების მოსწავლეთა სატრანსპორტო მომსახურებასთან დაკავშირებით გამოაცხადა ექვსი ელექტრონული ტენდერი, საიდანაც 4 ტენდერში შპს ,,თ–სმა“ (შემდეგ - მოსარჩელე, მენარდე, კომპანია, მეორე აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე) გაიმარჯვა.

2. მოსარჩელემ, 2014 წლის 11 დეკემბერს, სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერების (SPA140029248, SPA140029245, SPA140029262, SPA140029257) ფარგლებში ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე ატვირთა წერილი, რომლითაც მიუთითა თავის მრავალწლიან გამოცდილებაზე სატრანსპორტო მომსახურების სფეროში. წერილის შესაბამისად, მოსარჩელემ განაცხადა ტექნიკურად გამართული, პროფესიული, დროული და ხარისხიანი მომსახურების გაწევის შესახებ და დამატებით განმარტა, რომ: „რიგ სოფლებში არის ადგილობრივი სატრანსპორტო საშუალებების დეფიციტი, აქედან გამომდინარე ზოგიერთ სატრანსპორტო საშუალებებში შეიძლება განთავსდეს 30 ბავშვი, ასევე ზოგიერთ სკოლაში ერთი სატრანსპორტო საშუალება შეასრულებს ორ სხვადასხვა მიმართულებას, შესაბამისად, საწყისი მიმართულებიდან ბავშვების ტრანსპორტირების დაწყება შესაძლებელია მოხდეს უფრო ადრე ვიდრე მომდევნოდან, რამოდენიმე მაღალმთიან სოფელში კლიმატური პირობების გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეიძლება შეიქმნას შეფერხებები“.

3. სამინისტროსა და მოსარჩელეს შორის, 2015 წლის 14 იანვარს, SPA140029245, SPA140029262, SPA140029257 და SPA140029248 ელექტრონული ტენდერის შედეგად გაფორმებულ იქნა საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურების ოთხი (№01-13/2; №01-14/2; №01-15/2; №01-16/2) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. ოთხივე ხელშეკრულებით, მომსახურების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 15 იანვრიდან იმავე წლის 12 ივნისის ჩათვლით. №01-13/2 ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 148096.34 ლარს, №01-14/2 ხელშეკრულების ჯამური ღირებულება - 1070536.5 ლარს, №01-15/2 ხელშეკრულების - 852010.31 ლარს, ხოლო №01-16/2 ხელშეკრულების ჯამური ღირებულება - 1451205.20 ლარს.

4. მხარეთა შორის გაფორმებული ოთხივე ხელშეკრულების 11.1 პუნქტით განისაზღვრა, რომ ფორსმაჟორის გარდა, შემსყიდველი უფლებამოსილია, მენარდის მიერ ხელშეკრულების პირობების ხარვეზით შესრულების შემთხვევაში გამოიყენოს პირგასამტეხლო შემდეგი მეთოდით: ა) მიმწოდებლის მიერ თვის განმავლობაში თითოეულ მიმართულებაზე 3-ჯერ (ზედიზედ ან ჯამურად) ხარვეზიანი მომსახურებისას ან თვის განმავლობაში თითოეულ მიმართულებაზე 3-ჯერ (ზედიზედ ან ჯამურად) მომსახურების განუხორციელებლობისას, მიმწოდებელს დაეკისრება ხარვეზით შესრულებული და შეუსრულებელი მომსახურების ყოველ დღეზე პირგასამტეხლო მიმართულების ჯამური ღირებულების 1%-ით; ბ) ხოლო თვის განმავლობაში, თუ ხარვეზიანი ან შეუსრულებელი მომსახურება თითოეულ მიმართულებაზე გადააჭარბებს 3 დღეს, მიმწოდებელს დაეკისრება ხარვეზით შესრულებული და შეუსრულებელი მომსახურების ყოველ დღეზე პირგასამტეხლო მიმართულების ჯამური ღირებულების 5%-ით, ამ შემთხვევაში ამავე მუხლის 11.1 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში გათვალისწინებულ 3 დღეზე გამოიყენება ამ ქვეპუნქტის მითითებული პირგასამტეხლოს მოცულობა; გ) მიმწოდებლის მიერ 2015 წლის იანვარსა და ივნისში თითოეულ მიმართულებაზე 2-ჯერ (ზედიზედ ან ჯამურად) ხარვეზით შესრულებული და შეუსრულებელი მომსახურების ყოველ დღეზე პირგასამტეხლო მიმართულების ჯამური ღირებულების 1%-ით; დ) ხოლო 2015 წლის იანვარსა და ივნისში, თუ ხარვეზიანი ან განუხორციელებელი მომსახურება თითოეულ მიმართულებაზე გადააჭარბებს 2 დღეს, მიმწოდებელს დაეკისრება ხარვეზით შესრულებული და შეუსრულებელი მომსახურების ყოველ დღეზე პირგასამტეხლო მიმართულების ჯამური ღირებულების 5%-ით, ამ შემთხვევაში ამავე მუხლის 11.1 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებულ 2 დღეზე გამოიყენება ამ ქვეპუნქტის მითითებული პირგასამტეხლოს მოცულობა.

5. №01-13/2 ხელშეკრულების შესრულების მიზნით მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა შპს ,,ს.კ.ა.ჯ–ის“ მიერ 13.01.2015 წელს გაცემული №FRI/15-060567 - 74105 ლარის საბანკო გარანტია. №01-14/2 ხელშეკრულების შესრულების მიზნით მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა შპს ,,ს.კ.ა.ჯ–ის“ მიერ 13.01.2015 წელს გაცემული №FRI/15-060567 - 74105 ლარის საბანკო გარანტია. №01-15/2 ხელშეკრულების შესრულების მიზნით - 13.01.2015 წელს გაცემული №FRI/15-060566 53527 ლარის საბანკო გარანტია. №01-16/2 ხელშეკრულების შესრულების მიზნით მენარდემ წარადგინა შპს ,,ს.კ.ა.ჯ–ის“ მიერ 13.01.2015 წელს გაცემული №FRI/15-060569 - 72561 ლარის საბანკო გარანტია.

სარჩელის საფუძვლები:

.

6. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სამინისტროს წინააღმდეგ და მოითხოვა: გაუქმდეს სამინისტროს მიერ მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო ჯამურად - 60 640.13 ლარი; შემცირდეს მხარეთა შორის 2015 წლის 14 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულებებით მხარეთა შორის შეთანხმებული მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო ხარვეზიანი და/ან შეუსრულებელი მომსახურების ყოველ დღეზე (იმ მიმართულებისთვის, რომელ თვეშიც დაირღვა) ჯამური ღირებულების 0.02%-მდე და პირგასამტეხლო, 16124.18 ლარის ნაცვლად, განისაზღვროს 64.50 ლარით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სამინისტროს დაეკისროს მის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიის მეშვეობით მოსარჩელისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს სახით მიღებული თანხის 76 699.75 (76764.25-64.50) ლარის დაბრუნება. ამასთან, სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის - 76 699.75 ლარის 13% წლიურად - 9971.96 ლარი 2015 წლის 4 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

7. მოსარჩელის მითითებით, პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი გახდა სხვადასხვა მიმართულებაზე ერთი ტრანსპორტის გამოყენებაც, თუმცა ხელშეკრულებაში არსადაა მითითებული, რომ მენარდეს ეკრძალებოდა 2 მიმართულებაზე ერთი სატრანსპორტო საშუალების გამოყენება. ამასთან, მოსარჩელემ ჯერ კიდევ 2015 წლის 4 იანვარს, შემსყიდველის მოთხოვნით, ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე ატვირთა წერილი (ე.წ. განსახორციელებელი მომსახურების ხედვა), სადაც მიუთითა, რომ ბევრ სოფელში არის ადგილობრივი სატრანსპორტო საშუალებების დეფიციტი, აქედან გამომდინარე, ზოგიერთ სატრანსპორტო საშუალებებში შეიძლება განთავსდეს 30 ბავშვი და რომელიმე სკოლაში ერთმა სატრანსპორტო საშუალებამ შეიძლება შეასრულოს ორი სხვადასხვა მიმართულება, რისი გათვალისწინებითაც, საწყისი მიმართულებიდან ბავშვების ტრანსპორტირების დაწყება შესაძლებელია მოხდეს უფრო ადრე, ვიდრე მომდევნოდან. რამდენიმე მაღალმთიან სოფელში კლიმატური პირობების გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეიძლება, შეიქმნას შეფერხება.

8. მოსარჩელის მითითებით, საგულისხმოა, რომ მოსაზრება განხილულ იქნა სატენდერო კომისიის მიერ და მხოლოდ მისი გათვალისწინებით გამოვლინდა ტენდერში მოსარჩელე გამარჯვებულად, შესაბამისად, ამ საფუძვლით გაუგებარია პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე სამინისტროს პოზიცია. ამასთან, გარკვეულ სკოლებში დარღვევა არ გამოვლენილა თვეში 3 და შესაბამის თვეებში 2-ზე მეტი, რაც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 11.1 მუხლის შესაბამისად გამორიცხავს პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას.

9. მოსარჩელის მითითებით, სადავო არ არის გარკვეული სახის შეფერხება სახელშეკრულებო ურთიერთობის შესრულებისას, რაც პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივ წინაპირობას ქმნიდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლო უნდა გამოითვალოს ხელშეკრულების კონკრეტული მიმართულების თვის ღირებულებიდან და თავად აღნიშნული ციფრიც კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 420-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს.

მოპასუხის პოზიცია:

10. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ პირგასატეხლო დაირიცხა სახელშეკრულებო დათქმისა და არსებული მტკიცებულებების შესაბამისად.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სამინისტროს 67730.19 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა. მოპასუხისათვის 9034.06 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით 76 699.75 ლარის წლიური 13%-ის 2015 წლის 4 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

12. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოპასუხის მიერ 58696.14 ლარის ოდენობის პირგასამტეხლოს მოსარჩელისათვის დაკისრება მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებულობას და ექვემდებარება სრულად ანაზღაურებას.

13. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ შესყიდვის ხელშეკრულებების მე-11 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვის თაობაზე ნორმის ინტერპრეტაცია და აღნიშნა, რომ მოპასუხის მხარის მიერ უსაფუძვლოდ ჯამურად 1943.99 ლარის დარიცხვის თაობაზე მოსარჩელის მითითება გაზიარებული ვერ იქნება, პირგასამტეხლო გამოითვალა/დაირიცხა მოპასუხის მიერ ხელშეკრულების შესაბამისად.

14. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ჯამურად 18 068.11 ლარის პირგასამტეხლო სახელშეკრულებო დათქმის მიხედვით გარკვეულ შემთხვევაში წარმოადგენს მიმართულების მთლიანი ღირებულების 1% ან 5%-ს. სასამართლოს მითითებით, თავად ხელშეკრულების საგანი, მისი სპეციფიკა და არასრულწლოვანთა ინტერესი არ უნდა იქნეს უგულებელყოფილი, რაც მენარდისათვის უპირობოდ მინიმალური ოდენობის პასუხისმგებლობის დაკისრებას გამორიცხავს, თუმცა მითითებული პროცენტები ვალდებულების დარღვევის ხარისხის, მისი მოცულობისა და დავის არსიდან გამომდინარე, შეუსაბამოდ მაღალია და 9034.055 ლარამდე უნდა შემცირდეს, რისი გათვალისწინებითაც, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის 67730.19 (58696.14+9034.055) ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმყაოფილდეს.

15. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 აგვისტოს განჩინებით, აპელანტთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

17. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის (მენარდის) სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით მიუთითა სსკ-ის 629-ე, 417-ე-418-ე, 420-ე მუხლზე, ასევე იმავე კოდექსის 408-ე, 411-ე, 879-ე და 880-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობისა და დარღვევების გათვალისწინებით, გასაზიარებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები პირგასამტეხლოს 9034.055 ლარამდე შემცირებასთან დაკავშირებით და მისი მეტად შემცირების საფუძველი აღარ არსებობს, ისევე, როგორც მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრების წინაპირობები. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ 1943.99 ლარის ნაწილში პირგასამტეხლო გამოთვლილია/დარიცხულია მოპასუხის მიერ ხელშეკრულების პირობის შესაბამისად და მენარდეს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე კანონიერად ეთქვა უარი.

18. სააპელაციო სასამართლომ სამინისტროს სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით, რომლითაც ეს უკანასკნელი სადავოდ ხდიდა სატრანსპორტო მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად გაწევას, აღნიშნა, რომ საქმეზე წარდგენილი შესყიდვების ხელშეკრულებების შესაბამისად, არსად არ არის ცალსახა მითითება თითოეულ მიმართულებაზე ინდივიდუალური ტრანსპორტის არსებობის აუცილებლობასთან დაკავშირებით.

19. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ხელშეკრულების გაფორმებამდე მოპასუხისათვის ნათელი იყო სატრანსპორტო მომსახურების შესაძლებლობების თაობაზე მოსარჩელის პოზიცია, რომლის თანახმად მოსარჩელის მიერ განიმარტა, რომ რამდენიმე მიმართულებას ერთი ტრანსპორტი მოემსახურებოდა, რაც სამომავლოდ დამატებით არ გაწერილა ხელშეკრულებაში, ამიტომ მართებულია სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხე მხარისათვის მითითებული მომსახურების ფორმა მისაღები იყო. ამასთან, აპელანტის მიერ მითითებული ხელშეკრულების პირობის მიზანია მოსწავლეების უსაფრთხოდ გადაადგილება, რაც შეასრულა მოსარჩელე მხარემ.

20. სამინისტროს პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, საქმეში წარდგენილია მიღება-ჩაბარების აქტები, ტაბელები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელე მხარისთვის დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობას ან/და ხარვეზით შესრულებას, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და მიუთითა შესყიდვების ხელშეკრულების მე-6 პუნქტზე და განმარტა, რომ საქმეში წარდგენილ იქნა ხელშეკრულების თანახმად შედგენილი ტაბელები და მიღება-ჩაბარების აქტები მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურების დასადასტურებლად, ხოლო ტაბელის წინასწარი შევსების შესახებ შესაბამისი კვლევის შედეგებზე მოპასუხის მითითება სასამართლოსათვის არასარწმუნოა.

21. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უსაფუძვლოა სამინისტროს სააპელაციო საჩივარიც, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

22. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, სამინისტრომ (მოპასუხემ) საკასაციო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

23. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში ვერ დაასაბუთა, რის საფუძველზე დაადგინა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას ვალდებულების შესრულების ფაქტი და რატომ მიიჩნია სამინისტროს მიერ მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვა უსაფუძვლოდ.

24. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო მხარეებს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების არსებითი პირობების მე-5 მუხლი, რომლის მიხედვით მომსახურება იქნება გაწეული ტექნიკურად გამართული ავტოსატრანსპორტო საშუალებით, სატრანსპორტო მომსახურება გულისხმობდა წინასწარ დათქმული ადგილიდან საჯარო სკოლამდე და სკოლიდან უკან მოსწავლეების გადაადგილების მომსახურებას ხელშეკრულების დანართის 1-ში მითითებული მიმართულებისა და გრაფიკის მიხედვით. დანართში კი ყველა მიმართულება იყო ინდივიდუალური, რაც მოიცავდა ინდივიდუალური ტრანსპორტის არსებობის აუცილებლობასაც. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიუთითა, რომ წარმოდგენილი შესყიდვების ხელშეკრულებაში არსად იყო მითითებული თითოეულ მიმართულებაზე ინდივიდუალური ტრანსპორტის არსებობის აუცილებლობა.

25. კასატორის განმარტებით, 2015 წლის 8 იანვრის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმებით დღის წესრიგს სწორედ ტენდერის შედეგების განხილვა წარმოადგენდა და გამოკვლეული ოქმის ჩანაწერის თანახმად, კომისიამ მიუთითა, რომ მომსახურების ხარჯთაღრიცხვა დასაზუსტებელი იყო, ჩამოთვლილი მიმართულებები, მოსწავლეთა რაოდენობა და მარშრუტები სწავლის დასრულების დროის გათვალისწინებით უნდა გადაწყვეტილიყო. ამდენად, ნათელი იყო, რომ მოსარჩელის ხედვა, რაზეც სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, არ იქნა გათვალისწინებული.

26. კასატორი სადავოდ ხდის მენარდის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებასაც წარმოდგენილი ტაბელებისა და მიღება-ჩაბარების აქტებზე მითითებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

27. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

28. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

30. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

31. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

32. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის (მენარდის) სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ვინაიდან სასამართლოთა მითითებით, ამ უკანასკნელს პირგასამტეხლო - 58696.14 ლარი დაუსაბუთებლად დაერიცხა, ამასთან, ვალდებულების არასათანადოდ შესრულების გამო პირგასამტეხლო - ჯამურად 18068.11 ლარი 9034.055 ლარამდე შემცირდა, მოპასუხეს სულ დაეკისრა 67 730.19 (58 696.14+9034.055) ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. სადავოა სწორედ ამ თანხის სამინისტროსათვის დაკისრების მართლზომიერება, რასაც ეს უკანასკნელი ვალდებულების არასათანადო შესრულების/შეუსრულებლობის ფაქტზე მითითებით ხდის სადავოდ.

33. საკასაციო პალატის განმარტებით, დადგენილია, რომ მოდავე მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის საგანს საქართველოს საჯარო სკოლებში მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურება წარმოადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის სსკ-ის 629-ე მუხლით გათვალისწინებული ნარდობის ხელშეკრულება დაიდო. ნარდობის სამართალურთიერთობის განმსაზღვრელი ზემოხსენებული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ ნარდობა სინალაგმატურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რომლის მონაწილეებიც სამართლებრივ ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ გამოდიან როგორც ურთიერთკრედიტორები, ისე - ურთიერთმოვალეები. სახელშეკრულებო ვალდებულება კი, მაშინ მიიჩნევა შესრულებულად, როდესაც თითოეული მხარე შეასრულებს თავის წილ ვალდებულებას.

34. მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, სადავოა მენარდისათვის პირგასამტეხლოს - 58696.14 ლარის დარიცხვის კანონიერება სატრანსპორტო მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად შეუსრულებლობის გამო (სამინისტროს მტკიცებით, რამდენიმე მიმართულებას ერთი სატრანსპორტო საშუალება ემსახურებოდა, რაც ხელშეკრულების დარღვევაა; ამასთან, მენარდემ ნაკლები მარშრუტი შეასრულა (ან არ შეასრულა), ვიდრე მხარეთა შორის იყო განსაზღვრული; მარშრუტები შესრულდა ხარვეზით (ტრანსპორტის სიმცირისა და მოსწავლეთა სიმრავლის გამო ირღვევა ხელშეკრულების პირობები), შესაბამისად, საკვლევ ძირითად გარემოებას წარმოადგენს, შეასრულა თუ არა მენარდემ (მოსარჩელემ) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ისე, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორც კრედიტორი ელოდა გონივრულ ფარგლებში, კერძოდ, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი).

35. მოსარჩელემ ხელშეკრულების შესაბამისად სატრანსპორტო მომსახურების გაწევასთან (58696.14 ლარის ნაწილში) დაკავშირებით ყურდაღება გაამახვილა სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში მის მიერ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე ატვირთულ წერილზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტი) და განმარტა, რომ სამინისტროსათვის ნათელი იყო მისი პოზიცია სატრანსპორტო მომსახურების შესაძლებლობების თაობაზე. მეტიც, ცალსახად განიმარტა, რომ რამდენიმე მიმართულებას ერთი ტრანსპორტი მოემსახურებოდა. აღნიშნული ხედვა განხილული იქნა სატენდერო კომისიის მიერ და მხოლოდ მისი გათვალისწინებით მოხდა ტენდერში მოსარჩელის გამარჯვებულად გამოვლენა, რისი გათვალისწინებითაც, სამინისტროს მიერ მისთვის ვალდებულების არაჯერონად შესრულების გამო პირგასამტეხლოს დარიცხვა უკანონოდ განხორციელდა.

36. საკასაციო პალატა იზიარებს მოსარჩელის პოზიციას და განმარტავს, რომ აღნიშნულ წერილში ეს უკანასკნელი მიუთითებდა, რომ სოფლებში იყო ადგილობრივი სატრანსპორტო საშუალებების დეფიციტი, აქედან გამომდინარე, ზოგიერთ სატრანსპორტო საშუალებებში შეიძლებოდა განთავსებულიყო 30 ბავშვი, რომელიმე სკოლაში ერთი სატრანსპორტო საშუალება შეასრულებდა ორ სხვადასხვა მიმართულებას, შესაბამისად, საწყისი მიმართულებიდან ბავშვების ტრანსპორტირების დაწყება შესაძლებელი იყო უფრო ადრე, ვიდრე მომდევნოდან. რამდენიმე მაღალმთიან სოფელში კლიმატური პირობების გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეიძლება შექმნილიყო შეფერხება.

37. საკასაციო პალატის განმარტებით, საქმეზე წარდგენილი შესყიდვების ხელშეკრულებების შესაბამისად არსად არის ცალსახა მითითება თითოეულ მიმართულებაზე ინდივიდუალური ტრანსპორტის არსებობის აუცილებლობასთან მიმართებით. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტოს მიერ 2015 წლის სახელმიწფო ბიუჯეტის ,,საჯარო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის" პროგრამის დაფინანსების ფარგლებში საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვის მიზნით სატენდერო კომისიის 2015 წლის 8 იანვრის სხდომის ოქმები, რომლის მიხედვით, სატანდერო კომისიამ განიხილა მოსარჩელე კომპანიის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული სატენდერო დოკუმენტაცია: რეკვიზიტები, ინფორმაცია ანალოგიური მომსახურების გამოცდილების შესახებ, ინფორმაცია ფინანსური ბრუნვის შესახებ, ასევე, განსახორციელებელი მომსახურების ხედვა, მომსახურების ხარჯთაღრიცხვა და დაადგინა, რომ წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაცია აკმაყოფილებდა შემსყიდველის მოთხოვნებს, რისი გათვალისწინებითაც მოსარჩელე კომპანიამ გამოცხადებულ ტენდერებში გაიმარჯვა.

38. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულების დადებამდე, მოსარჩელის პოზიციის მიუღებლობის შემთხვევაში, განსხვავებული სახელშეკრულებო პირობები ხელშეკრულებაში არ გაწერილა, რაც სასამართლოს აძლევს იმის დასკვნის საფუძველს, რომ მოპასუხე მხარისათვის მოსარჩელის მიერ შეთავაზებული მომსახურების პირობები მისაღები იყო. ნიშანდობლივია, რომ ხელმოწერილი ტაბელებით დასტურდება მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულება და არანაირი შენიშვნა არცერთ მხარეს არ აქვს მითითებული. ამასთან, ხელშეკრულების მიზანი მოსწავლეების უსაფრთხო გადაყვანის შესახებ მოსარჩელის მიერ შესრულდა, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო პალატის შეფასებით, მოსარჩელემ სსსკ-ის 102-ე 103-ე მუხლის შესაბამისად წარმოადგინა დასაშვები და განკუთვნადი მტკიცებულებები, რომელბიც ადასტურებს სატრანსპორტო მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად გაწევას. ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლების მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე გადავიდა. მან კი ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, არაკვალიფიციური შედავებისა და საქმეში სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო, კერძოდ, მოპასუხემ ვერ მიუთითა, მოსარჩელის მიერ გაჟღერებული პოზიციის მიუღებლობის შემთხვევაში რატომ არ იქნა ხელშეკრულების პირობები დეტალურად გაწერილი ხელშეკრულებაში, რაც მისი პოზიციის გაზიარებას გამორიცხავს ვალდებულების არაჯეროვან შესრულებასთან დაკავშირებით.

39. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომლის თანახმად, გარკვეულ მიმართულებებზე არ განხორციელდა მომსახურება, აღნიშნულსაც საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიუთითებს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების მე-6 პუნქტი ადგენს მომსახურების მიღება-ჩაბარების წესს და იმ ეტაპებს, რომლებიც წინ უსწრებს ანგარიშსწორებას. ხელშეკრულების 6.2 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელსა და სკოლის ადმინისტრაციას შორის ორივე მხარის მიერ ხელმოწერა დასტურდება ტაბელით, რომელიც ივსება ყოველდღიურად და იგი სამინისტროს წარედგინება მომდევნო თვის 10 რიცხვამდე. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია ხელშეკრულების თანახმად შედგენილი ტაბელები, რომლებიც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ უზრუნველყო სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირება, რასაც მოპასუხე სადავოდ ხდიდა და ვალდებულების შეუსრულებლობაზე მიუთითებდა. ამასთან, მოპასუხის პოზიცია, რომელიც თითქოსდა მიუთითებს ტაბელის წინასწარ შევსებას, არადამაჯერებელია და ვერ აბათილებს წერილობითი დოკუმენტის ნამდვილობას. გარემოებათა ამგვარი განვითარება კი, საკასაციო პალატის განსჯით, მიუთითებს მოპასუხისათვის 58696.14 ლარის დაკისრების კანონიერებაზე.

40. რაც შეეხება ვალდებულების არასათანადო შესრულების გამო სულ 18068.11 ლარის პირგასამტეხლოს ოდენობის საკითხს, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა იგი შეამცირეს 9034.055 ლარამდე (რისი გათვალისწინებითაც, მოპასუხეს ჯამში 67730.19 ლარი დაეკისრა). პირგასამტეხლოს შემცირების განსაზღვრის თვალსაზრისით, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს შედავებას, შესაბამისად, საკასაციო პალატა აღნიშნულ საკითხზე დამატებით აღარ იმსჯელებს.

41. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის წინამდებარე განჩინების 25-ე პუნქტში მითითებულ პრეტეზიასაც და განმარტავს, რომ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმების თანახმად დასაზუსტებელია ხარჯთაღრიცხვები, კერძოდ, შესაბამისობაშია მოსაყვანი გარკვეული მიმართულებების მოსწავლეთა და განსახორციელებელი მზების რაოდენობები სწავლის დასრულების დროის გათვალისწინებით, რაც, ბუნებრივია ვერ დაადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ განსახორციელებელი მომსახურების გეგმისგან განსხვავებული ვალდებულებები იკისრა შემსრულებლის წინაშე.

42. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.

43. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

44. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

45. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

46. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-1417-2018, 2020 წლის 16 ნოემბრის განჩინება; №ას-1646-2019, 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინება; №ას-1965-2018, 2020 წლის 23 ივლისის განჩინება).

47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

48. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე