საქმე №ას-1242-2022 28 დეკემბერს, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.ს–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2019 წლის 11 ნოემბერს, ქ. ქუთაისში, ........, დაახლოებით 22:25 საათზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ - მოპასუხე, სამინისტრო, აპელანტი, კასატორი) საკუთრებაში არსებული ავტომანქანა „ლენდ როვერი“ („ამბულანსი“), სპეციალური სარეგისტრაციო ნომრით ..., რომელსაც მართავდა პ.ჯ–ნი (შემდგომ - მესამე პირი მოპასუხის მხარეს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, სამართალდამრღვევი მძღოლი), შეეჯახა ავტომანქანა „კიას“ (მოდელ „სპორტიჯს“) (სარეგისტრაციო ნომრით .....), რომელსაც მართავდა მისი მესაკუთრე მ.ს–ძე (შემდგომ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე).
2. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელის ავტოსატრანსპორტო საშუალება დაზიანდა.
3. ავტოსაგზაო შემთხვევის მომენტში სამართალდამრღვევი მძღოლი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ, ბაღდათის რაიონის სოფ. ..... მდებარე სამხედრო ბაზიდან უგონო, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ჯარისკაცი გადაჰყავდა ქუთაისის საავადმყოფოში.
4. ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, რომლის მიმდინარეობისას, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო სამინისტროს საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მძღოლის მიერ, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51.1 მუხლის მოთხოვნათა უგულებელყოფით. სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიება შეწყდა და საქმეზე 2020 წლის 23 იანვარს შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი, რომლის საფუძველზეც მძღოლი დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის 250 ლარით.
5. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელის კუთვნილი დაზიანებული სატრანსპორტო საშუალება მოთავსდა სპეციალურ ავტოსადგომზე, რომლის დგომის ხარჯი შეადგენდა 100 ლარს, რაც მოსარჩელემ გაიღო.
სარჩელის საფუძვლები:
.
6. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სამინისტროს წინააღმდეგ და მოითხოვა ამ უკანასკნელისათვის - 30 000 ლარის გადახდის დაკისრება.
7. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა ამ განჩინების 1-5 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებზე დააფუძნა და დამატებით განმარტა, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდგომ - ექსპერტიზის ბიურო) ავტომანქანის ტექნიკური ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა ტექნიკურად გაუმართავია, მისი აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით, ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის. ამავე ექსპერტიზის ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე საორიენტაციოდ შეადგენდა 46 000 ლარს. იმავე ავტომანქანის ნარჩენი საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ 16 000 ლარია.
8. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელემ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის - 30 000 ლარის სამინისტროსათვის დაკისრება მოითხოვა.
მოპასუხის პოზიცია:
9. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და არ დაეთანხმა ექსპერტიზის დასკვნაზე დაფუძნებულ განმარტებას ავტომობილის აღდგენის მიზანშეუწონლობასთან დაკავშირებით, ასევე - იმ გარემოებას, რომ დაზიანებამდე ავტომანქანა 46 000 ლარად იყო შეფასებული.
10. მოპასუხის მითითებით, განბაჟებული, იდეალურ მდგომარეობაში მყოფი იგივე ავტომანქანა საქართველოს ბაზარზე დაახლოებით 35 000 ლარი ღირს, საზღვარგარეთ კი – 3 000 აშშ დოლარიდან 6 000-7000 აშშ დოლარამდე. ამასთან, ექსპერტის მითითება, რომ ავტომანქანის ნარჩენი ღირებულება შეადგენს 16 000 ლარს, დაუსაბუთებელია, ვინაიდან ფოტოებითაც ირკვევა, რომ დაზიანება არ შეიძლება იყოს ავტომანქანის ღირებულების 65%. ამასთან, ექსპერტის დასკვნაში მითითებულია ისეთი დაზიანებების შესახებ, რომლებიც არ ყოფილა გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.
11. მოპასუხის მითითებით, არარეალურია ავტომანქანისთვის მიყენებული ზიანის ოდენობის 30 000 ლარად შეფასება.
მესამე პირი პოზიცია:
12. მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ 30 000 ლარის გადახდა დაეკისრა, ასევე, სახელმწიფო ბაჟის - 900 ლარის, იურიდიული მომსახურების ხარჯის - 750 ლარის, საჯარიმო ავტოსადგომის ხარჯის - 100 ლარისა და ექსპერტიზის ხარჯის სანაცვლოდ - 240 ლარის გადახდა.
14. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 მაისის განჩინებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
16. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 992, 408.1-ე და 409-ე მუხლებზე და, ამავე კოდექსის 999-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით განმარტა, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობა სამინისტროს, როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს ეკისრება ამ უკანასკნელი სამართლებრივი დანაწესის პირველი ნაწილის საფუძველზე.
17. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის ავტომანქანა დაზიანდა სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად; ამ სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელი სამინისტროა; სატრანსპორტო საშუალებას მართავდა სამინისტროს თანამშრომელი სამინისტროს ნებართვის საფუძველზე; ზიანის გამომწვევი ავტოსაგზაო შემთხვევა წარმოიშვა სამინისტროს თანამშრომლის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით. აღნიშნული გარემოებები დადგენილია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
18. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, სადავოა მიყენებული ზიანის ოდენობა.
19. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
20. სასამართლოს განმარტებით, საქმეში მოსარჩელემ წარმოადგინა ორი ექსპერტიზის დასკვნა, კერძოდ, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2019 წლის 10 დეკემბრის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №008584519 დასკვნა, რომლის თანახმად, მოსარჩელის კუთვილი ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოდგენილი სახით ტექნიკურად გაუმართავია და მისი აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით, ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის და იმავე ექსპერტიზის ბიუროს 2019 წლის 31 დეკემბრის №009111719 სასაქონლო ექსპერტიზა, რომლის თანახმად, ავტომანქანის საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე, საორიენტაციოდ შეადგენდა 46 000 ლარს. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი, ექსპლუატაციაში ნამყოფი, 2016 წელს დამზადებული მოსარჩელის კუთვნილი, ე.წ. მაღალი გამავლობის ავტომობილის, ნარჩენი საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 16 000 ლარს.
21. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე ექსპერტიზის დასკვნა ან შეფასება, რომელიც დაუპირისპირდებოდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილს და ეჭვქვეშ დააყენებდა მათ.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
23. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, აპელანტმა (მოპასუხემ) საკასაციო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
24. კასატორის განმარტებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია გარემოება, რომლის მიხედვითაც მოწინააღმდეგე მხარის საკუთრებაში არსებული ავტომობილის აღდგენა ავტოავარიის შემდეგ შეუძლებელია, მაშინ, როცა ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე ავტომობილი ავარიის შემდეგ მალევე გაკეთდა, მომზადდა საექსპლუატაციოდ და გასაყიდად გავიდა ბაზარზე, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ ავტომობილის აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციისათვის შეუძლებელია, უკანონო და დაუსაბუთებელია.
25. კასატორის მტკიცებით, ტრასოლოგიურ დასკვნაში მითითებულია დაზიანებები, რომლებიც შეუძლებელია იყოს ამ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგი. ამასთან, ტრასოლოგი დასკვნაში აღნიშნავს, რომ დაზიანებულია ელექტროსისტემა, თუმცა სრულიად გაურკვეველია, როგორ მოწმდება ზედაპირული დათვალიერებით ელექტროსისტემა, მაშინ, როცა შემოწმებას სპეციალური კომპიუტერული მოწყობილობები სჭირდება. ტრასოლოგმა ასევე განაცხადა, რომ მას აქვს ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება, რაც აჩენს დასაბუთებულ ეჭვს, მის კვალიფიციურობასთან დაკავშირებით.
26. კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტი, რომლის მიხედვითაც ავტომობილის ღირებულება შეჯახებამდე საორიენტაციოდ შეადგენდა 46 000 ლარს, ვინაიდან სასაქონლო ექსპერტის განმარტებით აღნიშნული ციფრი დაფუძნებულია ვებგვერდ -- myauto.ge-ზე დადებულ მხოლოდ ერთ განცხადებაზე და, ექსპერტისვე განმარტებით, სხვა მეთოდი შეფასებისათვის არ გამოუყენებია.
27. კასატორის განმარტებით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნიდან ირკვევა, რომ დაზიანებული ავტომობილის ნარჩენი ღირებულება შეადგენს 16 000 ლარს, ხოლო დაკითხვის დროს ექსპერტის განცხადებით, ეს ღირებულება მიუთითა ქუთაისის მეორეული ნაწილების ბაზრობაზე მისვლის შემდეგ, რაც სრულიად გამორიცხავს მინიმალური სანდოობის დონის დაკმაყოფილებასაც კი.
28. მესამე პირის მიერ წარმოადგენილია დაზიანებული ავტომობილის აღდგენისათვის გაწეული ხარჯების შესახებ უტყუარი მტკიცებულებები, თუმცა სასამართლოს მიერ აღნიშნული მტკიცებულებები არ იქნა შესაბამისად შესწავლილი და შეფასებული.
29. კასატორის მითითებით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის გაზიარება შეუძლებელია მაშინ, როცა ავტომობილი აღდგენილია და იკვეთება ზიანი არა თავად დაზიანებული ავტომობილის სახით, არამედ ამ დაზიანების აღდგენისათვის გაწეული ხარჯების სახით. მოსარჩელემ ვერ შეძლო რეალური ზიანის ოდენობის განსაზღვრა და შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარება, არც სასამართლო დაინტერესდა, თუ რეალურად რა იყო ზიანი და სწორედ ამიტომაცაა გასაჩივრებული განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
30. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
31. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
32. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
33. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
34. საკასაციო პალატის მითითებით, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 999-ე მუხლის პირველი ნაწილი (მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია, დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლები.
35. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სპეციალური ნორმის - სსკ-ის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებას განაპირობებს ავტოსატრანსპორტო საშუალების, როგორც მომეტებული საფრთხის წყაროს, მესაკუთრის მიმართ დაწესებული პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტი. სატრანსპორტო საშუალების მფლობელის ბრალის გარეშე პასუხისმგებლობა განპირობებულია ნივთის სპეციფიკური თვისებებით - გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ან გამოუსწორებელი ზიანი (ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა, ნივთის დაზიანება და ა.შ.). ნორმის მიზანია, ასეთი ნივთის იურიდიული მფლობელები აიძულოს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ თავიანთ საკუთრებაში არსებული საფრთხისშემცველი საშუალების გამოყენებიდან გამომდინარე შესაძლო უარყოფით შედეგების მიმართ.
36. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ზიანი მოპასუხის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციამ გამოიწვია. ამასთან, სადავო არ არის, რომ მოსარგებლეს აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება სამართავად გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან, კერძოდ, იგი იყო მოპასუხე სამინისტროს მძღოლი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოვლენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები, რაც სამინისტროსათვის, როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელისათვის, ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველია.
37. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პრეტენზია ქვემდგომი სასამართლოს მიერ ექსპერტიზის დასკვნის არასწორი შეფასების შედეგად, ზიანის ოდენობის არასწორად განსაზღვრას ეფუძნება.
38. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის შედავებას მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოცულობის არასამართლიანად დადგენის თაობაზე. პალატა განმარტავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრისათვის არსებითია, დადგინდეს ზიანის რეალური ოდენობა - ის ფაქტობრივი დანაკლისი, რაც ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის მოქმედებით დაზარალებულ მხარეს მიადგა. ასეთ დროს კი, ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, სწორედ მატერიალური დანაკლისის საბაზრო ღირებულების განსაზღვრას ენიჭება მნიშვნელობა. მოვალეს არ შეიძლება, დაეკისროს იმაზე მძიმე ფინანსური ტვირთი, ვიდრე ეს მისი ვალდებულებულების არსს შეესატყვისება.
39. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის დაუსაბუთებელ პრეტენზიას ზიანის ოდენობის შესახებ და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 105-ე მუხლის შესაბამისად, სწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მართებულად დაადგინა ზიანის ოდენობის თაობაზე ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, მოსარჩელემ, ზიანის ოდენობის დასადასტურებლად ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2019 წლის 10 დეკემბრის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №008584519 დასკვნა წარმოადგინა, რომლის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება ტექნიკურად გაუმართავია და მისი აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით, ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის. დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ ავტომობილის უკანა მარჯვენა გვერდს, აღენიშნება ავარიული, მექანიკური რთული დეფორმაცია, კერძოდ: დაზიანებულია უკანა მარჯვენა კარი (მაკომპლექტებელი დეტალებით), უკანა მარჯვენა ფრთა, უკანა მარჯვენა საბურავის დისკი, უკანა მარჯვენა დისკ-საბურავის დაკიდების მაკომპლექტებელი დეტალები სრულად, საბარგულის კარი, საბარგულის იატაკი, უკანა მარცხენა კარი (დაკაწრულია), მარჯვენა ზედა ლავგარდანი, სალონის ჭერის მოპირკეთება, მარჯვენა სავარძლის გვერდითა და მარჯვენა ჭერის უსაფრთხოების ბალიშები, წინა მარჯვენა მგზავრის უსაფრთხოების ღვედი (გაჭედილია), სალონში წინა და უკანა მარჯვენა მხარეს არსებული მოპირკეთება, ელსისტემა (ავტომობილის დისტანციურად დაკეტვის შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს უკანა ხედვის სარკეების ავტომატურ დაკეცვას) და ა.შ.; ავტომობილის კარების ირგვლივ ქარხანა დამამზადებლის მიერ კონსტრუქციულად გათვალისწინებული ღიობის ზომები არათანაბარია/არეულია, რაც ტექნიკურად გამოწვეულია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად. აღნიშნულმა დაზიანებამ გამოიწვია, ქარხანა დამამზადებლის მიერ ძარის გეომეტრიული ზომების აღრვევა, რაც ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის ავტომობილის აღდგენისათვის, შესაბამისად, ავტომობილი ტექნიკურად გაუმართავია და მისი აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით მიზანშეწონილი არ არის.
40. საქმეში წარმოდგენილია იმავე ექსპერტიზის ბიუროს 2019 წლის 31 დეკემბრის №009111719 სასაქონლო ექსპერტიზაც, რომლის თანახმად, ავტომანქანის საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე, საორიენტაციოდ შეადგენდა 46 000 ლარს, ხოლო მისი ნარჩენი საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ 16 000 ლარია. მისი კვლევითი ნაწილის თანახმად, ავტომობილის შეფასებისას გათვალისწინებულ იქნა ტექნიკური (ექსპერტიზის №008584519 დასკვნა) მდგომარეობა, დამზადების წელი, მისი კომპლექტაცია, ექსპლუატაციის ხანგრძლივობა. შეფასებისას ასევე გათვალისწინებულია შეფასებული სატრანსპორტო საშუალების იდენტური და ზოგიერთ შემთხვევაში მსგავსი, სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულება. ექსპერტმა აღნიშნა, რომ გათვალისწინებულია მსგავსი ავტომობილის საბაზრო ღირებულების შესახებ ექსპერტის ხელთ არსებული და მოპოვებული ინფორმაცია.
41. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის განხილვისას დაჰკითხა წარმოდგენილი დასკვნების შემდგენელი ექსპერტები: ბ.ჩ–ი და დ.შ–ძე, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ შედგენილი დასკვნების სისწორე. ბ.ჩ–მა ხაზი გაუსვა დაზიანებებს, რომლებიც მიყენებული აქვს მანქანის ძარას და მიუთითა, რომ მსგავსი დაზიანება აღდგენის შემთხვევაში საჭიროებს მანქანის მთლიანი კორპუსის თითქმის მეოთხედი ნაწილის მოჭრას და შედუღებას. შედუღების შედეგად შეუძლებელია მანქანა იყოს მდგრადი და საიმედო, რადგან ამით მისი პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა გამორიცხულია, მისი ვიზუალურად სიმთელის მიუხედავად, შესაბამისად, მან ხაზგასმით დაადასტურა, რომ მანქანის აღდგენა გაუმართლებელია, სწორედ, ტექნიკური თვალსაზრისით.
42. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის სამართლებრივი პრეტენზიის დასადასტურებლად მითითებული მტკიცებულების საპირწონე ფაქტების დადასტურების ვალდებულება მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, თუმცა მოპასუხემ ვერ უზრუნველყო იმგვარ გარემოებებზე მითითება/მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც ზემოაღნიშნულ დასკვნებს გააქარწყლებდა ან/და ზიანის სახით მოთხოვნილი თანხის სხვაგვარ გაანგარიშებაზე მსჯელობას შესთავაზებდა სასამართლოს, კერძოდ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ, საქმეში წარმოდგენილია ვინმე ა.გ–ვის განცხადება, რომლის თანახმად, მან შეასრულა ავტოსატრანსპორტო საშუალების სარემონტო სამუშაოები, კერძოდ, უკანა-მარჯვენა ფრთის მოჭრა-მიკერება, უკანა მარჯვენა კარის შეცვლა და ქვედა ლავგარდანი, ასევე, სათუნუქე და სამღებრო სამუშაოები, რისთვისაც გასამრჯელოს სახით გადაუხადეს 700 ლარი. ასევე, მ.ჩ–ის განცხადება, რომლის თანახმად, მოქალაქ მ.ჟ–მა მისგან შეიძინა 2016 წელს გამოშვებული ავტომანქანა ,,კიას“ გარკვეული ნაწილები, სულ 600 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად.
43. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით შეუძლებელია ექსპერტიზის დასკვნების გაქარწყლება, მით უფრო, იმგვარი საექსპერტო დასკვნისა, სადაც მიყენებული დაზიანებების სრული ჩამონათვალია ასახული, მითითებულია, რას ეფუძნება ექსპერტთა დასკვნები და ექსპერტის შესაბამისი სპეციალური ცოდნის საფუძველზე, აღწერილია ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულება მის დაზიანებამდე და მისი ნარჩენი ღირებულება ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს საქმის მასალებში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გაზიარებაზე უარის თქმისა და მისი არარელევანტურ მტკიცებულებად მიჩნევის საფუძვლები, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს საკასაციო საჩივრის პრეტენზიების გაზიარების საფუძველი.
44. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
45. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
46. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
47. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-1911-2018, 2022 წლის 31 მაისის განჩინება; №ას-1328-2021, 2022 წლის 22 მარტის განჩინება; №ას-969-2020, 2021 წლის 30 ივლისის განჩინება; №ას-1245-2020, 2021 წლის 1 ივლისის განჩინება).
48. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
49. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე