საქმე №ას-385-2021 21 დეკემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - მ.შ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს.ტ.ა–ია“ (მოპასუხე)
თავდაპირველი მოსარჩელე - ნ.ც–ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
დავის საგანი - უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებული უზუფრუქტის უფლების გაუქმებულად ცნობა, სარეგისტრაციო ჩანაწერის ამოშლა, დავალიანების გადახდის დაკისრება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.შ–ძემ (შემდგომ - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) და ნ.ც–ამ (შემდგომ - თავდაპირველი მოსარჩელე) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ს.ტ.ა–იის“ (შემდგომ - მოპასუხე) მიმართ უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებული უზუფრუქტის უფლების გაუქმებულად ცნობის, სარეგისტრაციო ჩანაწერის ამოშლის, დავალიანების გადახდის დაკისრებისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები
2. მოსარჩელის განმარტებით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 22 თებერვლის განკარგულების საფუძველზე თბილისში, ....... ქუჩა №16ა-ში მდებარე (საკადასტრო კოდით: ......) უძრავი ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდა. 2017 წლის 4 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული უძრავი ქონების 1/2 ნაწილის მესაკუთრე გახდა ნ.მ–ძე, ხოლო შემდგომ თავდაპირველი მოსარჩელე. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით უძრავ ქონებაზე დადებულია 2013 წლის 12 სექტემბრის უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულება, რომლის მხარეები არიან: მესაკუთრე - ჯ.ა–ძე (შემდგომ - მესაკუთრე) და უზუფრუქტუარი - მოპასუხე. ამ უკანასკნელის დამფუძნებელი პარტნიორები არიან მესაკუთრე და შპს ,,ს.ს.ტ.ც–ი“, რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი მესაკუთრეა. უზუფრუქტის ხელშეკრულება დადებულია 10 წლის ვადით.
3. აუქციონის გზით მესაკუთრის ცვლილების შემდგომ მოპასუხეს ეცნობა, რომ 2017 წლის 1 აგვისტოდან ხელშეკრულება გახდებოდა სასყიდლიანი და უზუფრუქტუარს უნდა გადაეხადა ყოველთვიურად 4 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. სარჩელის წარმოდგენის დროისთვის მოპასუხის დავალიანება 25 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარია. 2017 წლის 31 დეკმებრამდე დავალიანების გადაუხდელობის გამო, მოსარჩელემ უარი თქვა ხელშეკრულებაზე და აღნიშნული თარიღიდან უზუფრუქტის ხელშეკრულება მიიჩნევა შეწყვეტილად, ხოლო მოპასუხე უძრავი ქონების უკანონო მფლობელად.
მოპასუხის შესაგებელი
4. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს უზუფრუქტის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. ამასთან, მოპასუხე უძრავ ქონებას ფლობს უსასყიდლო ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისად, მოპასუხეს არ აქვს მოსარჩელის დავალიანება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა 2013 წლის 12 სექტემბერს დადებული უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებული უზუფრუქტის უფლება სადავო უძრავ ქონებაზე და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ ბიუროში ხელშეკრულების შეწყვეტა დარეგისტრირდა. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა და გამოთავისუფლებული გადაეცათ. მოპასუხისათვის 25 000 აშშ დოლარისა და სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 4000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით - სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ნივთის მესაკუთრის ცვლილება უზუფრუქტის გაუქმებას არ იწვევს - ახალი მესაკუთრე უკვე არსებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ხდება. ამასთან, მხოლოდ უსასყიდლო უზუფრუქტის სასყიდლიანით შეცვლის თაობაზე მესაკუთრის ნება, თავისთავად, ხელშეკრულების მოშლის სსკ-ის 399-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პატივსადებ საფუძვლად ვერ მიიჩნევა, ისევე, როგორც უზუფრუქტით დატვირთული ნივთის მესაკუთრის შეცვლა სსკ-ის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შეცვლილი გარემოება არ არის.
9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ საქმეში არსებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება მოსარჩელესა და მესაკუთრეს შორის 2014 წლის 7 ივლისს დაიდო, ხოლო თავდაპირველმა მოსარჩელემ სადავო ნივთიდან წილი 2018 წლის 26 ივლისს შეიძინა. შესაბამისად, ხელშეკრულებათა დადების დროს სადავო ნივთი უკვე უზუფრუქტით იყო დატვირთული, რაც ხელშეკრულებებში აისახა კიდეც. ეს ნიშნავს, რომ მოსარჩელეებისათვის უზუფრუქტის არსებობის თაობაზე იმთავითვე ცნობილი იყო, ამიტომ სადავო ნივთთან დაკავშირებული გარემოებები ხელშეკრულების დადების შემდეგ არ შეცვლილა და არც ამ გარემოებებთან მისი მისადაგების საფუძვლები არ არსებობს. ამასთან, საქმის მასალებით არ დგინდებოდა, რომ სადავო ნივთზე უზუფრუქტი, იპოთეკის რეგისტრაციის შემდეგ დარეგისტრირდა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
10. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
11. კასატორის საკასაციო პრეტენზიის თანახმად, მოპასუხე კომპანიის მფლობელი პარტნიორი და დირექტორი მესაკუთრეა. 2013 წლის 12 სექტემბერს 10-წლიანი ვადით უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების გაფორმება, რომელშიც მონაწილე ორივე მხარის ნება ფაქტობრივად გამოვლენილია ერთი პირის, მესაკუთრის მიერ, სინამდვილეში მიზნად ისახავდა არა იმ სამართლებრივ შედეგებს, რომელიც ამ ხელშეკრულების მხარეების მიერ ნების გარეგანი გამოხატვის მიხედვით იკვეთება, არამედ ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ იპოთეკარების წინაშე ფულადი ვალდებულების დარღვევისა და იპოთეკის საგნის იძულებითი რეალიზაციის შემთხვევისთვის (რისი რეალური პარესპექტივაც იმ დროისთვის უკვე არსებობდა) მესაკუთრეს შეუზღუდავად შეენარჩუნებინა ამ უძრავი ქონების ფლობისა და სარგებლობის უფლება. შედეგად, შექმნილია იმგვარი მდგომარეობა, რომ ეს უკანასკნელი, რომელიც აღარ არის უზუფრუქტის საგნის მესაკუთრე, სრულიად უსასყიდლოდ ფლობს სხვის კუთვნილ უძრავ ქონებას, სარგებლობს ამ ქონებით და, როგორც უზუფრუქტუარი კომპანიის ერთადერთი მფლობელი, იღებს შემოსავალს. მოსარჩელეები კი მოკლებული არიან შესაძლებლობას, 2023 წლის 12 სექტემბრამდე მინიმალურ დონეზე მაინც უზრუნველყონ რაიმე სიკეთის მიღება თავისი საკუთრების ხარჯზე.
12. მართალია, მოსარჩელეთა მიერ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებამდე უკვე არსებობდა უზუფრუქტის ხელშეკრულება, რომელიც იყო უსასყიდლო, თუმცა ის შეესაბამებოდა უძრავი ქონების თავდაპირველი მესაკუთრის ინტერესებს. მესაკუთრის ცვლილების შემთხვევაში მხარე უფლებამოსილია, მოითხოვოს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილ გარემოებებთან სსკ-ის 398-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ხელშეკრულების უსასყიდლობა განპირობებული იყო მხარეთა ურთიერთკავშირით. უძრავი ქონების ახალი მესაკუთრის პირობებში, მხარეთა დამოკიდებულების გათვალისწინებით დაუშვებელია, მხარეს მოეთხოვოს ხელშეკრულების იმ პირობებით შესრულება, რომელზეც მას ნება არ გამოუვლენია.
13. მოსარჩელისათვის მიუღებელია 2013 წლის 12 სექტემბრის ხელშეკრულების პირობებით ხელშეკრულების მოქმედების გაგრძელება, ხოლო მოპასუხე მხარე არ ეთანხმება ხელშეკრულების მისადაგებას შეცვლილ გარემოებებთან. ამდენად, სსკ-ის 398-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილის შესაბამისად, უზუფრუქტის ხელშეკრულება შეწყვეტილია, რის გამოც ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებული უფლება უნდა გაუქმდეს და ჩანაწერი ამოიშალოს საჯარო რეესტრიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
14. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
17. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
19. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნაა უზუფრუქტის გაუქმება, მისი რეგისტრაციის გაუქმება და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ხელშეკრულებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელე შეცვლილ გარემოებაზე (სსკ-ის 398.3 მუხლი) მიუთითებს.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უზუფრუქტუარის უფლებებს უზუფრუქტის საგნის მიმართ სსკ-ის 242-ე მუხლი (უძრავი ნივთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს სარგებლობაში ისე, რომ იგი უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ მისით სარგებლობა, მაგრამ მესაკუთრისაგან განსხვავებით, მას არა აქვს ამ ნივთის გასხვისების, იპოთეკით დატვირთვის ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება (უზუფრუქტი). ამ ნივთის გაქირავების ან იჯარით გადაცემისათვის საჭიროა მესაკუთრის თანხმობა) ადგენს. უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე უზუფრუქტუარი, როგორც მართლზომიერი მფლობელი, ნივთზე მფლობელობის განხორციელებისას გათანაბრებულია მესაკუთრესთან. საკუთრების, როგორც სანივთო უფლების განსაზღვრება კი, მოცემულია სსკ-ის 170-ე მუხლში (სუსგ №ას-478-446-2017, 22.12.2017წ). სსკ-ის 244-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, უზუფრუქტი შეიძლება იყოს სასყიდლიანი და უსასყიდლო; უზუფრუქტი შეიძლება არსებობდეს დროებით ან მისი მიმღების (უზუფრუქტუარის) სიცოცხლის ხანგრძლივობის მანძილზე. უზუფრუქტი უქმდება იმ ფიზიკური პირის გარდაცვალებით ან იურიდიული პირის ლიკვიდაციით, რომლის სასარგებლოდაც იყო უზუფრუქტი დადგენილი. უზუფრუქტის დადგენის შემდეგ მესაკუთრესა და უზუფრუქტუარს შორის კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშობა. უზუფრუქტუარს უფლება აქვს ნივთიდან ნებისმიერი სარგებელი (სსკ-ის 245-ე მუხლის პირველი ნაწილი) მიიღოს, ანუ გამოიყენოს ის, ან მიიღოს სარგებელი იმით, რომ ამ ნივთის გამოყენება მესამე პირს დაუთმოს. მასვე რჩება ნივთის მთლიანი ნაყოფი. უზუფრუქტი გულისხმობს ფლობის უფლებამოსილებასაც. უზუფრუქტუარს ეკუთვნის ნივთიდან მიღებული სარგებელიც (შდრ. გიორგი რუსიაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, ჭანტურია, (რედ), 2018, მუხლი 242).
21. დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებული პრეტენზია არ არის წარმოდგენილი, რომ მოსარჩელემ იძულებით აუქციონზე შეიძინა უსასყიდლო უზუფრუქტით 10 წლის ვადით დატვირთული უძრავი ქონება, (რომლის ნაწილის (1/2) მესაკუთრე შემდგომ თავდაპირველი მოსარჩელე გახდა). სსკ-ის 3065 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების თანახმად (საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა იპოთეკა და სანივთო უფლება, რომლებითაც დატვირთული იყო უძრავი ნივთი და რომლებიც რეგისტრირებულია აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. ადრე რეგისტრირებული უფლებები ნივთზე უცვლელი რჩება. აუქციონზე გაყიდული უძრავი ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტისათვის ამ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე), პირი, რომელიც უფლებრივი ტვირთის მქონე ნივთს შეიძენს, ჩაენაცვლება რა წინა მესაკუთრეს, თავად გახდება ამ ნივთთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილე. განსახილველ შემთხვევაში, საკუთრების უფლების მოსარჩელეზე გადასვლისას ნივთს უცვლელად გადაჰყვა სანივთო უფლება - უზუფრუქტი. შესაბამისად, ახალი მესაკუთრე იმ უფლებრივი ტვირთის მატარებელი გახდა, რომელიც ძველ მესაკუთრეს - ნივთთან მიმართებით გააჩნდა.
22. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სადავო ურთიერთობა სსკ-ის 398-ე მუხლით უნდა მოწესრიგებულიყო, ვინაიდან ვლინდება გარემოებათა ცვლილება. პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრის ცვლილება სსკ-ის 398-ე მუხლის კონტექსტით ცვლილებად ვერ შეფასდება. გარემოების ცვლილება იმგვარი ხასიათის უნდა იყოს, რომ სცდებოდეს მხარეთა გონივრულ მოლოდინს. ამასთან, მესაკუთრის ცვლილება ამგვარ ცვლილებად რომც შევაფასოთ, კასატორის პრეტენზიას მაინც არ გააჩნია საფუძველი, რადგან ცვლილების გამომწვევი ფაქტორი ან თავად ცვლილება მოვალის რისკის სფეროს არ უნდა მიეკუთვნებოდეს. განსახილველ შემთხვევაში, ცვლილება თავად ვალდებულების ხასიათიდან გამომდინარე მიეკუთვნებოდა მოსარჩელის რისკისა თუ კონტროლის სფეროს, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ქონების ახალი მესაკუთრე - მოსარჩელე ინფორმირებული იყო ნივთზე არსებული უფლებრივი დატვირთვის შესახებ. ცოდნის მომენტი არსებითია იმიტომაც, რომ სსკ-ის 398-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებებს წარმოშობს არსებითი ცვლილებები. თავის მხრივ, არსებითად მიიჩნევა ისეთი ცვლილება, რომლის ცოდნის შემთხვევაში ერთ-ერთი მხარე მაინც აუცილებლად აიღებდა ხელს ხელშეკრულებაზე (შდრ. გ. ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ჭანტურია, (რედ), 2019, მუხლი 398). შესაბამისად, ვალდებულების ხასიათიდან გამომდინარე, მყიდველი ატარებდა შეძენილ უძრავი ქონებაზე დადებული უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების ტვირთს და, რაკი მან ქონება ამგვარი დატვირთვით შეიძინა, იგი ვერ დაეყრდნობა სსკ-ის 398-ე მუხლს.
23. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად ძირითადად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.
24. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
25. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრების განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
26. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: №ას-870 -2021, 6 ივლისი, 2022 წელი; №ას-406-2021, 29 ოქტომბერი, 2021 წელი; №ას-478-446-2017, 22 დეკემბერი, 2017 წელი; №ას-1378-1298-2017, 15 ივნისი, 2018 წელი).
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
28. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 360 ლარის 70% – 252 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.შ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. მ.შ–ძეს (პ/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მ.ბ–ძის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 360 ლარის (საგადასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი 9.03.2021), 70% - 252 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე