საქმე №ას-995-2022 30 ნოემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიორგი მიქაუტაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ც.ქ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ე.ფ–ი (მოსარჩელე)
მესამე პირი - ნ.ფ–ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად უარყოფა
დავის საგანი - სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ე.ფ–იმა (შემდგომ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ც.ქ–ის (შემდგომ - გამსესხებელი, კრედიტორი, მოპასუხე, კასატორი) მიმართ ნოტარიუს ნ.ს–ძის მიერ 2020 წლის 23 ივნისს გაცემულ №200367337 სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანისა და დავალიანების - 35 500 ლარით განსაზღვრის მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები
2. 2017 წლის 12 სექტემბერს ნ.ფ–სა (შემდგომ - მსესხებელი, მესამე პირი) და მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც გამსესხებელმა მსესხებელს ასესხა 37 500 ლარი 2018 წლის 12 სექტემბრის ჩათვლით. მოსარჩელე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების თანამესაკუთრეა. მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულება, თუმცა ხელშეკრულების თანახმად, მსესხებლის მიერ გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში გამსესხებელს შეეძლო, ვადაზე ადრე მიემართა ნოტარიუსისთვის სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. მოსარჩელის მტკიცებით, სააღსრულებო ფურცელში მითითებული 37 500 ლარიდან (სესხის ძირი თანხა) დაფარულია ძირი თანხა 2 000 ლარი, ხოლო პირგასამტეხლოს - 12 811,86 ლარის გადახდის ვალდებულება საერთოდ არ აქვს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა 2018 წელს, გამსესხებელს მაინც უხდიდნენ ყოველთვიურ სარგებელს 2020 წლის იანვრამდე, თვეში 937,5 ლარს. ზეპირი შეთანხმების საფუძველზე მსესხებელმა იანვარში დაიწყო ძირი თანხის გადახდა და გადახდილი აქვს 2000 ლარი. შესაბამისად, ნაცლად აღმასრულებლის წინადადებაში მითითებული 49 811,86 ლარისა, ვალდებულება 35 500 ლარით უნდა განისაზღვროს.
მოპასუხის შესაგებელი
3. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მსესხებელს სესხის გაცემის შემდეგ გადახდილი აქვს მხოლოდ გასესხებული თანხის 12 თვის სარგებელი, ჯამურად 11250 (937,5X12) ლარი. 2020 წლის 23 ივნისის სააღსრულებო ფურცლის თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა არის 37 500 ლარი - სესხის ძირი თანხა, პირგასამტეხლო, ხელშეკრულების შესაბამისად გასესხებული თანხის 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 12 სექტემბრიდან სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე. ამასთან, პირგასამტეხლო კრედიტორმა შეამცირა 0,05%-მდე და ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე აღმასრულებლის წინადადებაში აისახა უკვე შემცირებული - 49 811,86 ლარი (37 500+ 12 311,86).
4. მესამე პირმა (დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე) მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ცვლილება შევიდა ნოტარიუსის მიერ 2020 წლის 23 ივნისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობის ნაწილში და მოვალის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 3 000 ლარით. სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, უდავო იყო, რომ მოსარჩელემ დაარღვია სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის საფუძველზეც გაიცა სააღსრულებო ფურცელი. მოსარჩელე დავობდა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულ ფულადი ვალდებულების ოდენობაზე და მიუთითებდა სესხის დაბრუნების ვალდებულების ნაწილობრივ (2 000 ლარის ნაწილში) შესრულების ფაქტზე, რომლის დადასტურებასაც მოწმეთა ჩვენებებით ცდილობდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები უტყუარად ვერ ადასტურებდა სადავო ფაქტობრივ გარემოებას. პალატის მითითებით, მოწმეები მოსარჩელის ოჯახის წევრები იყვნენ და უშუალოდ დაინტერესებულნი დავის გადაწყვეტის შედეგით. იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მათი საცხოვრებელ ბინა იყო. ამასთან, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, რომ გარკვეული პერიოდის (12 თვის) განმავლობაში ვალდებულება სრულდებოდა. შესაბამისად, მოწმეთა მიერ აღწერილი გარემოებები შესაძლოა, უკავშირდებოდეს სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში თანხის გადაცემის ფაქტებს. კონკრეტულად 2020 წლის იანვარში 2 000 ლარის გადაცემა სასამართლომ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით დადასტურებულად არ მიიჩნია, მით უფრო, რომ მოწმეთა ჩვენებებს შორის გარკვეული შეუსაბამობა იყო და თითოეული განსხვავებულად აღწერდა თანხის გადაცემის ფაქტს. ამგვარად, სესხის ძირითადი თანხის ნაწილის - 2000 ლარის კრედიტორისათვის გადაცემის ფაქტი სასამართლომ დადასტურებულად არ მიიჩნია.
10. მოსარჩელე პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობაზეც დავობდა. სასამართლოს მითითებით, რაკი თავად მოსარჩელეც არ უარყოფდა სესხის ძირითადი თანხის დაბრუნების ვალდებულების დარღვევას (35 500 ლარის ნაწილში), უსაფუძვლო იყო მტკიცება, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვის წინაპირობა არ არსებობდა. სესხის დაბრუნების ვალდებულება მოვალემ დაარღვია 2018 წლის 12 სექტემბრიდან, შესაბამისად, პირგასამტეხლო მას სწორედ ამ დროიდან ეკისრებოდა.
11. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლო - 12 311,86 ლარი შეუსაბამოდ მაღალი იყო, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული ოდენობა - 3 000 ლარი, გონივრული. შესაბამისად, არ არსებობდა მისი კიდევ უფრო შემცირების/ანდა გაზრდის საფუძველი. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ გაითვალისწინა ძირითადი ვალდებულების მოცულობა, და ის ინტერესი, რაც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ, ასევე ის გარემოება, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულება დაირღვა 2018 წლის სექტემბრიდან, კრედიტორმა კი სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით ნოტარიუსს მიმართა 2020 წლის 23 ივნისს. პალატის მითითებით, მართალია, ხელშეკრულებით თავად მხარეებმა განსაზღვრეს დასარიცხი პირგასამტეხლოს პროცენტის განაკვეთი, ამასთან, კრედიტორმა აღსრულების ეტაპზე თავად შეამცირა დასარიცხი პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა მისი საბოლოო ოდენობაც - 12 311,86 ლარი, შეუსაბამოდ მაღალი იყო და უნდა შემცირებულიყო 3000 ლარამდე.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
12. ზემოაღნიშნული განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად უარყოფა მოითხოვა.
13. კასატორის მითითებით, მოვალე 2018 წლის სექტემბრიდან მოყოლებული ჯიუტად თავს არიდებს გასესხებული თანხის დაბრუნებას. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით აუცილებლად უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება. 3000 ლარი კი, არ არ არის საკმარისი თითქმის სამი წლის განმავლობაში კრედიტორის დანაკარგებისათვის.
14. მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა პირგასამტეხლოს საერთოდ გაუქმებას და არ უთითებდა რაიმე სამართლის ნორმას (ან როგორ მიუთითებდა, რაც არ არსებობს). სასამართლომ კი, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით თითქმის დაუკმაყოფილა მოთხოვნა, როდესაც შემოიფარგლა მოჭრილი თანხის - 3000 ლარის დაკისრებით, რაც არ უზრუნველყოფს პირგასამტეხლოს მიზნებს კონკრეტულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში.
15. მიუხედავად იმისა, რომ კრედიტორმა მხარემ თავად სამართლიანად შეამცირა პირგასამტეხლო თავისი ინიციატივით და ვალდებულების შეუსრულებლობა გრძელდებოდა (და დღემდე გრძელდება) არა მოკლე პერიოდის, არამედ ხანგრძლივი თითქმის ორი წლის განმავლობაში სასამართლომ მაინც დაადგინა, რომ კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსამბამოდ მაღალი იყო და შემოიფარგლა მხოლოდ 3000 ლარის დაკისრებით.
16. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ უფასო ფული არ არსებობს და რომ მოჭრილი თანხა 3000 ლარი პირგასამტეხლო 37500 ლარზე 650 ვადაგადაცილებულ დღის განმავლობაში ძირითადი თანხის დაახლოებით წლიური 5%-ია. თანხის მსყიდველობაუნარიანობის შემცირების გათვალისწინებით წლიური 3-5% სარგებლადაც კი არ ითვლება. სასამართლომ პირგასამტეხლოს შემცირებისას ასევე არ გაითვალისწინა ლარის ღირებულება აშშ დოლართან მიმართებით, რომელიც 2017 წლის სექტემბერთან მიმართებით 27 %-ით არის დაქვეითებული.
17. კრედიტორი 76 წლის პენსიონერი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, რომელსაც გარდა პენსიისა არ გააჩნია სხვა შემოსავალი და გასესხებული თანხა კრედიტორის მიერ მთელი ცხოვრების განმავლობაში მოგროვილი თანხაა.
18. სასამართლომ პირგასამტეხლოს შემცირებისას მართალია, დაადგინა მაგრამ არ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ მოვალე მხარეს, გარდა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლისა, არ აქვს გადახდილი გასესხებული თანხიდან ერთი თეთრიც კი, ანუ ვალდებულება გასესხებული თანხის ნაწილში სრულად შეუსრულებელია 2018 წლის სექტემბრიდან მოყოლებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
19. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
20. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
21. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი, მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი, მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის არსებობა სადავო არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ მოპასუხეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა.
22. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მხარეთა მიერ შეთანხმებული და კრედიტორის მიერ ისედაც შემცირებული პირგასამტეხლო - 3000 ლარამდე დაუსაბუთებლად შეამცირეს, შესაბამისად, სადავოა პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერება.
23. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს ოდენობა არამართებულად შემცირდა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელეს პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე პრეტენზია არ წარუდგენია. მან სარჩელი მხოლოდ იმ გარემოებას დააფუძნა, რომ ვალდებულება არ დაურღვევია, რაც გამორიცხავდა კანონთან შეუსაბამო პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული გარემოების გათვალისწინებით, განსახილველ საქმეზე იძულებითი აღსრულების ეტაპზე კრედიტორის მიერ უკვე შემცირებული პირგასამტეხლოს დამატებით შემცირების საფუძველი არ გამოვლენილა. ანალოგიურ საკითხზე საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ დავაზე განმარტა: პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე, – კრედიტორის ეკონომიური ინტერესი. აღნიშნულ გარემოებებზე სასამართლო მსჯელობს მხოლოდ მხარის მოთხოვნის შესაბამისად და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას შეუძლია გამოიყენოს დისკრეცია, რაც გულისხმობს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას (იხ. სუსგ №ას-819-771-2012, 12.09.2012წ.; №ას-354-2021, 25.06.2021წ.).
24. გარდა ამისა, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების კუთხით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, პირის ბრალეულობის ხარისხს. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, მასში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიქეტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო ითვალისწინებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან“ (იხ. სუსგ ას-144-140-2016, 19.04.2016 წ.; №ას-327-2019. 27.05.2019 წ.; №ას-825-2019, 5.09.2019 წ.; №ას-1511-2018, 26.03. 2019 წ.).
25. სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის მოთხოვნის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. ამასთან, პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (იხ.: სუსგ №ას-1336-2019, 30.03.2022წ.; №ას-1928-2018, 31.10.2019წ.).
26. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს რა საქმის კონკრეტულ გარემოებებს, შესრულების ღირებულებას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, დამრღვევის ბრალის ხარისხისა და შედეგებს, მიიჩნევს, რომ კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 0.05% - 12 311,86 ადეკვატური და სამართლიანია. აღსანიშნავია, რომ მხარეება ხელშეკრულებით გაითვალისწინეეს პირგასამტეხლო გასესხებული თანხის 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, თუმცა კრედიტორმა თავად შეამცირა პირგასამტეხლო და მოითხოვა 0,05%. აღნიშნული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება სრულად შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკასაც.
27. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა სათანადოდ დაასაბუთა, რომ 12 311,86 ლარის მოსარჩელისათვის დაკისრება ემსახურება კრედიტორის დანაკარგების კომპენსირებას და არ გამოიწვევს ამ უკანასკნელის გამდიდრებას, რაც ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს დანიშნულებასა და მიზანს. ქვედა ინსტანციების მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 3000 ლარი ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი არ არის და ვერ უზრუნველყოფს დაგვიანებით შესრულებელი ვალდებულებისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ითვალისწინებს კრედიტორის მოლოდინს ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და დარღვევის ხასიათისა და შედეგების შესატყვის პირგასამტეხლოს ოდენობად 12 311,86 ლარს მიიჩნევს.
29. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
30. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. სსსკ-ის 55.2 მუხლის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
31. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე გადასახდელი (კასატორი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან) სახელმწიფო ბაჟი - 465.59 ლარი. ამასთან, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 220 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ც.ქ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ე.ფ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. ე.ფ–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 465.59 ლარის გადახდა;
5. ე.ფ–ს ც.ქ–ის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 220 ლარის ოდენობით;
6. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
გიორგი მიქაუტაძე
ვლადიმერ კაკაბაძე