საქმე №ას-672-2022
ქ. თბილისი 03 ოქტომბერი 2022 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი – მ.ს–ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ. ?“, შპს „გ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 თებერვლის განჩინებისა და საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 თებერვლის განჩინებით, დაკმაყოფილდა შპს „ბ. ?“-ისა და შპს „გ–ის“ შუამდგომლობა მოპასუხე შპს „I.I“-ის მიმართ სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე და შპს „I. I“-ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების, მდებარე: 1. ქალაქი თბილისი, ........ ქუჩა N7/........ ქუჩა N12, ს/კ ........, საკუთრება: ფართი (მშენებარე) სართული 21, A-B-C ბლოკი, 72.70 კვ.მ; 2.ქალაქი თბილისი, ........ ქუჩა N7/ ........ ქუჩა N12, ს/კ ......, საკუთრება: ფართი (მშენებარე) სართული 19, 69.70 კვ.მ; 3.ქალაქი თბილისი, ........ ქუჩა N7/ ........ ქუჩა N12, ს/კ ............., საკუთრება: ფართი (მშენებარე) სართული 19, 72.70 კვ.მ; 4.ქალაქი თბილისი, ........ ქუჩა N7/ ........ ქუჩა N12, ს/კ ....., საკუთრება: ფართი (მშენებარე) სართული 19, 168.00 კვ.მ, გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
2. თბილისის სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი #13695-ით დასტურდებოდა, რომ ქონება, რომლის გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვასაც მხარე ითხოვდა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, წარმოადგენდა შპს "I.I “-ის საკუთრებას. სამოქალაქო საქმეთა პალატამ საქმის ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ არსებობდა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები, რის გამოც შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
3. 2022 წლის 17 მაისს, მ.ს–მა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 თებერვლის განჩინება, საჩივრის წარდგენის გზით, გაასაჩივრა.
საჩივრის ავტორის მითითებით: მ.ს–ი სადავო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების მიღებამდე, წარმოადგენდა იმ ერთ-ერთი უძრავი ქონების (ს/კ ...) მესაკუთრეს, რომელზეც სააპელაციო პალატამ გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
საჩივრის ავტორის მტკიცებით, მ.ს–მა, შპს „I.I “-თან გაფორმებული განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და უძრავ ქონებაზე მდებარე: ქალაქი თბილისი, ........ ქუჩა N7/ ........ ქუჩა N12, ს/კ ......, საკუთრების უფლების დარეგისტრირება მოითხოვა. სარეგისტრაციო წარმოებაზე ორჯერ დადგინდა ტექნიკური ხარვეზი, საბოლოოდ ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, წარმოება შეწყდა.
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ვინაიდან მ.ს–ი ირანის მოქალაქეა, გარკვეული პერიოდით ირანში წასვლა უწევდა, მან საკუთრების უფლების რეგისტრაცია მიანდო უფლებამოსილ პირს - ფ.ა–ს, რომელმაც 2018 წლის ივლისში კვლავ სცადა საჯარო რეესტრში სადავო უძრავი ქონების მ.ს–ზე დარეგისტრირება. სარეგისტრაციო წარმოებაზე კვლავ ხარვეზი დადგინდა და საბოლოოდ სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. მხარე განმარტავს, რომ მ.ს–ს შპს „I.I “-ისთვის თანხის ნაწილი უკვე გადახდილი ჰქონდა, რის გამოც მას გადაეცა სადავო უძრავი ქონების გასაღები და იგი სამი წლის განმავლობაში ფლობს სადავო ქონებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, მ.ს–ისთვის უცნობი იყო, რომ ხსენებული უძრავი ქონება, საჯარო რეესტრში, მის სახელზე არ იყო აღრიცხული, მით უფრო კი, არ იყო ინფორმირებული მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე სანივთოსამართლებრივი შეზღუდვების არსებობის შესახებ.
საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ გაუმართლებელია სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების საგანი იყოს ის ქონება, რომელზეც მესამე პირს გააჩნია მოთხოვნები და უფლებები და რომელიც თავად არ წარმოადგენს იმ სამართალწარმოების მხარეს, რომლის ფარგლებშიც უძრავი ქონების უფლებრივი დატვირთვა მოხდა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინებით, მ.ს–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ 2022 წლის 17 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარდგენილი საჩივრის ავტორს წარმოადგენდა მ.ს–ი, რომელიც არ იყო იმ საარბიტრაჟო დავის მონაწილე, რომლის ფარგლებშიც სადავო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოხდა, ხოლო ის უძრავი ქონება, რომელზეც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით გავრცელდა აკრძალვა, საქართველოს იუსტიციის სამონისტროს საჯარო რეესრტის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობის თანახმად, განჩინების გაცემის მომენტისთვის, ეკუთვნოდა მოპასუხე შპს „I.I “-ს (ს/ნ .....), კერძოდ, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გავრცელდა ქ.თბილისში, .........ქუჩა N7/ ........ ქუჩა N12-ში მდებარე მშენებარე ფართზე, რომლის საკადასტრო კოდია ....., სართული 21, A-B-C ბლოკი, 72.70 კვ.მ.
ამავე განჩინებით, საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საქმეთა პალატის 2022 წლის 03 თებერვლის განჩინების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს (კერძო საჩივარს, საჩივარს), თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
7. "არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებში, სასამართლოს აქვს იგივე უფლებამოსილებანი, რაც სამართალწარმოებაში სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით. ამასთან, სასამართლოს მიერ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35618-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია საარბიტრაჟო სარჩელის მიმართ გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა არსებობდეს 191-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები. კერძოდ, განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა გამო უზრუნველყოფის ღონისძიებების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და მითითებული უნდა იყოს უზრუნველყოფის იმ ღონისძიებებზე, რომელთა გატარებაც განმცხადებელს მიაჩნია მიზანშეწონილად და გამართლებულად.
9. წინამდებარე საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 თებერვლის განჩინებაზე.
10. საკასაციო სასამართლო უპირველესად აღნიშნავს, რომ იგი ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მ.ს–ი არ იყო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განჩინების გასაჩივრებაზე უფლებამოსილი პირი, ვინაიდან იგი არ წარმოადგენდა პროცესის მონაწილე მხარეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოტანილ განჩინებაზე მოპასუხეს შეუძლია შეიტანოს საჩივარი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლო განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს 5 დღეს. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და მისი დენა იწყება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მოპასუხისთვის გადაცემის მომენტიდან. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოტანილი განჩინების გასაჩივრების უფლება, ზოგადად, აქვს მოპასუხეს, თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უმნიშვნელოვანესი პრინციპის - უფლების სასამართლოს წესით დაცვის საპროცესო რეალიზაციას წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. ამ მუხლის თანახმად, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია, განიხილოს პირის მოთხოვნა დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების თაობაზე და უპირველესად ადგენს მოთხოვნის მქონე პირის უფლების ნამდვილობას. კანონის ეს ზოგადი ნორმა ასახულია მთელ რიგ სპეციალურ საპროცესო ნორმებში, თუმცა, სპეციალური რეგულაცია არსობრივად მე-2 მუხლისაგან არ განსხვავდება. ამგვარ ნორმათა რიგს განეკუთვნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლი, რომლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია, რომ კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებსაც, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება. მას შემდეგ, რაც სასამართლო დარწმუნდება, რომ დაცულია კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნის ფორმალური მხარე, ხდება იმის შემოწმება, მოთხოვნის წარმდგენ პირს გააჩნია თუ არა ნამდვილი იურიდიული ინტერესი წარდგენილი მოთხოვნის მიმართ (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-277-263-2016, 2016 წლის 16 მაისი).
11. მოხმობილი მსჯელობის შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ.ს–ს ჰქონდა განჩინების გასაჩივრების უფლება, თუმცა აღნიშნული ვერ შეცვლის საქმეზე მიღებულ სამართლებრივ შედეგს ვინაიდან, საქმის მასალების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ მ.ს–ის ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა არ იკვეთება. ამ მიმართებით საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 26 იანვრის წერილზე (იხ. ს.ფ. 290) სადაც აღნიშნულია, რომ უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისში, ........ ქუჩა N7/ ........ ქუჩა N12-ში, საკადასტრო კოდით ........, სართული 21, A-B-C ბლოკი, 72.70 კვ.მ. 2018 წლის 02 ნოემბრიდან ეკუთვნის შპს „I.I “-ს. შესაბამისად, საჩივარში გაჟღერებული ის არგუმენტები, რომ მ.ს–ს უფრო ადრე ჰქონდა დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და მასზედ, რომ მან არ იცოდა რომ ხსენებული უძრავი ქონება, საჯარო რეესტრში, მის სახელზე არ იყო აღრიცხული, ვერ გახდება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მართებულად გამოყენების ფარგლებში შესამოწმებელი გარემოება და იგი შეიძლება მხოლოდ ცალკე დავის ფარგლებში შეფასდეს.
12. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული და კანონიერია, საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ მისი გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ წინაპირობას. შესაბამისად, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
მ.ს–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 თებერვლის განჩინება და ამავე სასამართლოს 2022 წლის 27 მაისის განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე