¹ ბს-1341-916(გ-05) 11 იანვარი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. სხირტლაძე,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: სასამართლოთა შორის განსჯადობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2005წ. 11 მარტს მოსარჩელე თ. გ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ “საწარმოთა მართვის სააგენტოს” მიმართ.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ 2000წ. 11 დეკემბერს ქუთაისის საოლქო სასამართლომ რეგისტრაციაში გაატარა შპს “თ...ი”, რომელშიც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა განისაზღვრა 100%-ით. შპს “თ...ი” იყო რენტაბელური და მოგებაზე ორიენტირებული საწარმო, რომლის სამეწარმეო და პროფილურ საქმიანობას შეადგენდა ქალაქის მოსახლეობისა და საწარმო-დაწესებულებების ცხელი წყლითა და განათებით უზრუნველყოფა. 2004წ. 31 აგვისტოს ქ. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა წერილით მიმართა სსიპ “საწარმოთა მართვის სააგენტოს” და დააყენა შპს “თ...ისა” და შპს “ფ...-ის” შერწყმისა და მათ საფუძველზე შპს “ქ...ის” დაფუძნების საკითხი, მაშინ, როდესაც ქ. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს აღნიშნული საკითხის დაყენებისა და სარეკომენდაციო ხასიათის წერილის გაგზავნის უფლება არ ჰქონდა და იგი ჩაერია სამეწარმეო საქმიანობაში, ხოლო მის მიერ განხორციელებული ხსენებული ქმედება განეკუთვნებოდა სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენციას, რაც დასტურდება ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის მიერ 2004წ. 13 სექტემბერს მოსარჩელისთვის გაგზავნილი წერილითაც.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე სსიპ “საწარმოთა მართვის სააგენტომ” 2004წ. 21 დეკემბერს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, გამოსცა ¹3/533 უკანონო ბრძანება, რომლის გამოცემაც განაპირობა ქ. ქუთაისის მერის 2004წ. 2 ნოემბრის ¹01.18/678 წერილმა. აღნიშნული წერილით ქ. ქუთაისის მ. კვლავ გასცდა თავის კომპეტენციას და სსიპ “საწარმოთა მართვის სააგენტოს” აცნობა, რომ მას მიზანშეწონილად მიაჩნდა შპს “თ...ის” სამეთვალყურეო საბჭოს მთელი შემადგენლობით გამოწვევა. მოსარჩელის მტკიცებით, ხსენებული უკანონო ბრძანება წარმოადგენდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი “საწარმოთა მართვის სააგენტოს” მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნათა დაუცველად გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ვინაიდან აღნიშნულ ბრძანებას არ გააჩნდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის აუცილებელი რეკვიზიტები, მათ შორის, გასაჩივრების უფლებაზე მითითება. მოსარჩელის განმარტებით, “მეწარმეთა შესახებ” კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭოს წევრების გამოწვევისათვის აუცილებელი იყო წინაპირობა _ საზოგადოების დამფუძნებელ პარტნიორთა კრების ოქმი, რაც არ არსებობს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ, “მეწარმეთა შესახებ” კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 22-ე და 24-ე მუხლების თანახმად, მოითხოვა სსიპ “საწარმოთა მართვის სააგენტოს” 2004წ. 21 დეკემბრის ¹3/533 ბრძანების ბათილად ცნობა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 1 აპრილის განჩინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან გასაჩივრებული ბრძანება შეეხებოდა შპს “თ...ის”, როგორც “სამეწარმეო საქმიანობის შესახებ” კანონით გათვალისწინებული ფორმით დაფუძნებული საზოგადოების წესდებაში ცვლილებების შეტანას, იგი არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ აქტს და მასზე არ ვრცელდებოდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები. კონკრეტულ შემთხვევაში სსიპ “საწარმოთა მართვის სააგენტომ” გადაწყვეტილება მიიღო, როგორც საზოგადოების დამფუძნებელმა პარტნიორმა, ამასთან, მოცემული დავა განხილული უნდა ყოფილიყო არა ადმინისტრაციული, არამედ _ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. სასამართლომ ასევე ჩათვალა, რომ, ვინაიდან განსახილველი დავა შეეხებოდა ქ. ქუთაისის ტერიტორიაზე დარეგისტრირებული მოპასუხე შპს “თ...ის” წესდებაში ცვლილებების შეტანას, მოცემული დავა, სსკ-ის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იყო ქუთაისის სასამართლოს განსჯადი.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 1 აპრილის განჩინებით, მოსარჩელე თ. გ-ს უარი ეთქვა მოპასუხე სსიპ “საწარმოთა მართვის სააგენტოს” მიმართ სარჩელის მიღებაზე; განჩინების ასლი გადაეცა მოპასუხეს და უკან დაუბრუნდა შეტანილი საბუთები.
აღნიშნულ განჩინებაზე 2005წ. 25 აპრილს კერძო საჩივარი წარადგინა თ. გ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სარჩელის წარმოებაში მიღება.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულ იქნა კანონის დარღვევით, რადგან სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ მოცემული დავა იყო მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით არსებული, ანუ ქ. ქუთაისის სასამართლოს განსჯადი, რადგან მოპასუხე სსიპ “საწარმოთა მართვის სააგენტოს” ადგილსამყოფელი იყო ქ. თბილისი. სასამართლომ არასწორად მიუთითა, აგრეთვე, შპს “თ...ის” წესდებაში ცვლილებების შეტანაზე, რადგან აღნიშნულზე მისათითებლად მას არავითარი საფუძველი არ გააჩნდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 23 ივნისის განჩინებით თ. გ-ს უარი ეთქვა კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე დაუსაბუთებლობის გამო და კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 27 ივნისის განჩინებით თ. გ-ის კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს _ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას იმ მოტივით, რომ მოცემული დავა, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ა” ქვეპუნქტის თანახმად, განეკუთვნებოდა ადმინისტრაციული კატეგორიის დავებს, რადგან მოპასუხე სსიპ “საწარმოთა მართვის სააგენტო”, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით, წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ორგანოს და დავის საგანიც ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა იყო.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2005წ. 15 სექტემბრის განჩინებით მიიჩნია, რომ მოცემული საქმე განხილული უნდა ყოფილიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა იყო სსიპ “საწარმოთა მართვის სააგენტოს” 2004წ. 21 დეკემბრის ¹3/533 ბრძანების ბათილად ცნობა, ხოლო აღნიშნული ბრძანება არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ აქტს. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მთავარი იყო არა აღნიშნული ბრძანების ფორმა, არამედ _ მისი შინაარსი, ხოლო ხსენებული ბრძანების შინაარსიდან გამომდინარე, გასაჩივრებული ბრძანების საფუძველზე დამტკიცდა შპს “თ...ის” წესდება ახალი რედაქციით, აგრეთვე, თ. გ-ე, ზ. ა-ე და ი. კ-ე გამოწვეულ იქნენ შპს “თ...ის” სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობიდან, ხოლო მათ მაგივრად დაინიშნენ სხვა პირები. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება მიუთითებდა იმაზე, რომ სსიპ “საწარმოთა მართვის სააგენტო”, როგორც შპს “თ...ის” 100% წილის მფლობელი, მოქმედებდა არა ადმინისტრაციული კანონმდებლობის, არამედ “მეწარმეთა შესახებ” კანონის საფუძველზე და არა, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, არამედ, როგორც კერძო პირი _ საზოგადოების პარტნიორი, რის გამოც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებული, ადმინისტრაციული კანონმდებლობით მოწესრიგებადი სამართალურთიერთობა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 15 სექტემბრის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატისა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ თ. გ-ის კერძო საჩივარი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ მოცემული საქმე განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნაა სსიპ “საწარმოთა მართვის სააგენტოს” 2004წ. 21 დეკემბრის ¹3/533 ბრძანების ბათილად ცნობა, ხოლო აღნიშნული ბრძანება არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მთავარია არა აღნიშნული ბრძანების ფორმა, არამედ მისი შინაარსი, ხოლო, ვინაიდან ხსენებული ბრძანების შინაარსიდან გამომდინარე, გასაჩივრებული ბრძანების საფუძველზე დამტკიცდა შპს “თ...ის” წესდება ახალი რედაქციით, აგრეთვე, თ. გ-ე, ზ. ა-ე და ი. კ-ე გამოწვეულ იქნენ შპს “თ...ის” სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობიდან და მათ მაგივრად დაინიშნენ სხვა პირები, აღნიშნული გარემოებები მიუთითებს იმაზე, რომ სსიპ “საწარმოთა მართვის სააგენტო”, როგორც შპს “თ...ის” 100% წილის მფლობელი, მოქმედებდა არა ადმინისტრაციული კანონმდებლობის, არამედ “მეწარმეთა შესახებ” კანონის საფუძველზე და არა, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, არამედ, როგორც კერძო პირი _ საზოგადოების პარტნიორი, რის გამოც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებული, ადმინისტრაციული კანონმდებლობით მოწესრიგებადი სამართალურთიერთობა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ მოცემული დავა, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ა” ქვეპუნქტის თანახმად, განეკუთვნება ადმინისტრაციული კატეგორიის დავებს, რადგან მოპასუხე სსიპ “საწარმოთა მართვის სააგენტო”, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს და დავის საგანიც ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობაა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მიხედვით, რომელიც ადმინისტრაციული დავების განსჯადობას განსაზღვრავს, დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის საჭიროა შემდეგ პირობათა არსებობა: 1. სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილისა ან ადმინისტრაციული დავის საგანს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები; 2. სადავო სამართალურთიერთობაში მონაწილე ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო (სამართალსუბიექტობის პრინციპი), თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მხოლოდ დავაში მონაწილეობა არ წარმოადგენს დავის ადმინისტრაციულ საქმედ მიჩნევის აბსოლუტურ კრიტერიუმს, არამედ უმთავრესია თავად სადავო სამართალურთიერთობის არსი და დავის საგანი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, ისევე, როგორც კერძო სამართლის სხვა იურიდიული პირების დაფუძნება-რეგისტრაციის, პარტნიორთა უფლება-მოვალეობებისა და საზოგადოების მართვის საკითხები, სამართლებრივად წარმოადგენს კორპორაციულ ურთიერთობას, რომელიც რეგულირდება “მეწარმეთა შესახებ” კანონით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ “საწარმოთა მართვის სააგენტოს” 2004წ. 21 დეკემბრის ¹3/533 გასაჩივრებული ბრძანება შეეხება შპს “თ...ის”, როგორც “სამეწარმეო საქმიანობის შესახებ” კანონით გათვალისწინებული ფორმით დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წესდებაში ცვლილებების შეტანას. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ “საწარმოთა მართვის სააგენტოს” 2004წ. 21 დეკემბრის ¹3/533 ბრძანება არ წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. სსიპ “საწარმოთა მართვის სააგენტომ” გასაჩივრებული ბრძანების გამოცემით გადაწყვეტილება მიიღო, როგორც საზოგადოების _ შპს “თ...ის” დამფუძნებელმა პარტნიორმა, რაც ვერ ჩაითვლება სსიპ “საწარმოთა მართვის სააგენტოს” მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელებად და შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევად. ამდენად, სადავო სამართალურთიერთობის არსისა და დავის საგნის მიხედვით, მოცემული დავა განეკუთვნება სამოქალაქო საქმეთა კატეგორიას და განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თ. გ-ის კერძო საჩივარი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს უფლებამონაცვლე თბილისის სააპელაციო სასამართლოს, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. გ-ის კერძო საჩივარი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
2. კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.