საქმე № ას-143-2022
06 ივლისი 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ამირან ძაბუნიძე, ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - მ.ქ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.ს–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 02 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება.
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.სასარჩელო მოთხოვნა
მ.ქ–მა (შემდეგში მოსარჩელე, მოვალე) სარჩელი აღძრა მ.ს–ძის (შემდეგში მოპასუხე, კრედიტორი) წინააღმდეგ და მოითხოვა - მხარეთა შორის 2016 წლის 27 მაისს გაფორმებული ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2018 წლის 20 მარტს ნოტარიუსის, თ.ო–ის, მიერ გაცემული N180290273 სააღსრულებო ფურცლის გაუქმება, იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება და მისი კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე დუშეთის რაიონი, სოფელი ......., ს/კ ...... ყადაღისგან გათავისუფლება.
2. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა
მ.ქ–ს მ.ს–ძის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით - 852 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ოდენობით.
3. სარჩელის საფუძვლები
3.1 მ.ქ–მა (შემდეგში მოსარჩელე, მოვალე) სარჩელი აღძრა მ.ს–ძის (შემდეგში მოპასუხე, კრედიტორი) წინააღმდეგ და მოითხოვა - მხარეთა შორის 2016 წლის 27 მაისს გაფორმებული ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2018 წლის 20 მარტს ნოტარიუსის, თ.ო–ის, მიერ გაცემული N180290273 სააღსრულებო ფურცლის გაუქმება და მისი კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე დუშეთის რაიონი, სოფელი ....., ს/კ ..... ყადაღისგან გათავისუფლება.
3.2 2016 წლის 27 მაისს, მ.ქ–სა და მ.ს–ძეს შორის გაფორმდა ვალის აღიარების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მ.ქ–მა აღიარა მ.ს–ძის მიმართ ვალი, 10 600 აშშ დოლარის ოდენობით. ვალის დაფარვის თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 27 ნოემბერი.
3.3 2018 წლის 20 მარტს, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი და მ.ს–ძის განცხადების საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო წარმოება.
3.4 2018 წლის 2 მაისს, მ.ს–ძემ მიმართა სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა სააღსრულებო წარმოების შეჩერება 3 თვის ვადით, ამ დროისთვის მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ არსებული ვალდებულება სრულად ჰქონდა შესრულებული. 2019 წლის 12 მარტს სააღსრულებო წარმოება შეწყდა.
3.5 2019 წლის 27 დეკემბერს, მ.ს–ძემ კვლავ მიმართა სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა 2018 წლის 20 მარტს, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, 2016 წლის 27 მაისს, მ.ქ–სა და მ.ს–ძეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელისთვის 3800 აშშ დოლარის დაკისრება და იძულებითი აღსრულება.
3.6 მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან, მან სრულად შეასრულა ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი უნდა გაუქმდეს და ყადაღისაგან გათავისუფლდეს მისი კუთვნილი უძრავი ქონება.
4. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს ვალდებულება სრულად არ შეუსრულებია. კერძოდ, მას გადასახდელი დარჩა 3800 აშშ დოლარი. ამასთან, მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოვალისგან ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. მოპასუხის განმარტებით, მოვალე 35 თვის განმავლობაში უსაფუძვლოდ სარგებლობდა მისი ფულით, რითაც მას მიადგა ზიანი, რადგან შეეძლო სადავო თანხა განეთავსებინა ბანკში და ამით მიეღო სარგებელი.
5. შეგებებული სარჩელის საფუძვლები
მ.ს–ძესა და მ.ქ–ს შორის 2016 წლის 27 მაისს დაიდო ორი სანოტარო ხელშეკრულება, ვალის აღიარების ხელშეკრულებით, მ.ქ–მა აღიარა 10 600 აშშ დოლარის ოდენობით ფულადი ვალდებულება მ.ს–ძის მიმართ, ვალდებულების შესრულების თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 27 ნოემბერი. ვალდებულება მ.ქ–მა შეასრულა ნაწილობრივ და დარჩენილია 3800 აშშ დოლარის გადახდა. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, შეგებებული სარჩელის მოსარჩელეს ადგება ზიანი, 2017 წლის 27 ნოემბრიდან 3800 აშშ დოლარის ნაწილში გასულია 39 თვე, ხოლო შესრულებული ვალდებულება, 6800 აშშ დოლარი, მ.ქ–მა ნაცვლად 2017 წლის 27 ნოემბრისა, შეასრულა 2019 წლის 12 დეკემბერს.
მეორე ხელშეკრულებით, მ.ქ–მა მ.ს–ძისგან ისესხა 7000 აშშ დოლარი 7 თვის ვადით და მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მ.ქ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ვალდებულება, ნაცვლად 2016 წლის 27 დეკემბრისა, შესრულდა 2019 წლის 10 დეკემბერს. რის გამოც მოსარჩელეს მიადგა ზიანი - 35 თვის განმავლობაში მ.ქ–ი სარგებლობდა მ.ს–ძის ფულადი თანხით იმ დროს, როცა მ.ს–ძეს შეეძლო განეთავსებინა თანხა საბანკო ორგანიზაციაში და მიეღო სარგებელი.
6. შეგებებული სარჩელის მოპასუხის (თავდაპირველი მოსარჩელის) პოზიცია
შეგებებული სარჩელის მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მ.ს–ძის მოთხოვნის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლები აღსრულებულია, ვალდებულება შესრულებულია. ამჯერად კი, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე ითხოვს, მ.ქ–ისთვის ვალდებულების შესრულების დადგომიდან სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე პერიოდისთვის მიუღებელი სარგებლის სახით თანხის დაკისრებას, თუმცა, მოსარჩელეს ეს მოთხოვნა არ დაუყენებია სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროს. ასეთ შემთხვევაში იგულისხმება, რომ კრედიტორის მოთხოვნით სააღსრულებო ფურცელი გაიცა იმ ვალდებულებაზე, რაც გააჩნდა მოვალეს, ხოლო თუ კრედიტორს ჰქონდა უფრო მეტის მოთხოვნის უფლება და ეს უფლება არ გამოიყენა, ამ საფუძვლით ვალდებულება უნდა შეწყდეს.
7. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
7.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით როგორც სარჩელი, ასევე შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7.2 ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება. აპელანტმა, ასევე მოითხოვა სასამართლოს 2021 წლის 13 აპრილის განჩინების გაუქმება მტკიცებულების მიღებაზე უარის თქმის შესახებ.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.
8.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 02
ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
8.2 პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2016 წლის 27 მაისს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ვალის აღიარების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ აღიარა მოპასუხის ვალი 10 600 აშშ დოლარის ოდენობით. მოვალეს ვალი უნდა დაებრუნებინა 2017 წლის 27 ნოემბრამდე.
8.3 2016 წლის 27 მაისს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხემ მოსარჩელეს ასესხა 7000 აშშ დოლარი, 7 თვის ვადით, ყოველთვიური 3%-ის დარიცხვით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
8.4 2016 წლის 27 მაისის ვალის აღიარების ხელშეკრულების საფუძველზე, 2018 წლის 20 მარტს, ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის შესაბამისად, მოვალის ვალდებულების მოცულობა კრედიტორის წინაშე შეადგენდა 10 600 აშშ დოლარს. მოვალის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე დუშეთის რაიონი, სოფელი ......., ს/კ .......) გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, ყადაღა.
8.5 კრედიტორმა 2018 წლის 2 მაისს, განცხადებით მიმართა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა სააღსრულებო წარმოების შეჩერება სამი თვით, 2018 წლის 2 აგვისტოს ჩათვლით.
8.6 აღსრულების შეჩერებისთვის გათვალისწინებული 3 თვიანი ვადის გასვლის გამო სააღსრულებო წარმოება შეწყდა და კრედიტორს დაუბრუნდა სააღსრულებო ფურცელი.
8.7 2019 წლის 27 დეკემბერს, კრედიტორმა კვლავ მიმართა სააღსრულებო ბიუროს და 2018 წლის 20 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოვალისაგან 3800 აშშ დოლარის ამოღება მოითხოვა.
8.8 2016 წლის 27 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, 2019 წლის 15 თებერვალს, ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც, შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 7000 აშშ დოლარით. თანხის ამოღების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.
8.9 შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 12.12.2019 წლის წერილის თანახმად, ზემოხსენებულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული ვალდებულება მოვალემ სრულად შეასრულა, რის გამოც სააღსრულებო წარმოება დასრულდა.
8.10 სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სადავო სააღსრულებო ფურცელში მითითებული ვალდებულების შესრულების ფაქტი, არ არსებობდა მისი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. სასამართლოს მოსაზრებით, ასევე არ არსებობდა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან შეგებებული სარჩელის ავტორმა ვერ დაამტკიცა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების კანონით გათვალისწინებული წინაპირობის არსებობა.
8.11 სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ მან 1500 ლარი სწორედ კრედიტორის მითითებით გადაურიცხა მესამე პირს და რომ ეს შესრულება კრედიტორის მიმართ შესრულებად უნდა ჩაითვალოს. პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლზე (1. მოვალე ვალდებულია შეუსრულოს ვალდებულება კრედიტორს ან იმ პირს, რომელიც კანონით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილია მიიღოს შესრულება. 2. თუ ვალდებულების შესრულება მიიღო იმ პირმა, რომელიც არ იყო უფლებამოსილი, ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად მაშინ, როცა კრედიტორმა მისცა ამის თანხმობა ან ამ შესრულებისგან მიიღო სარგებელი) და განმარტა, რომ, რაკი მოცემულ შემთხვევაში შესრულება მიიღო არაუფლებამოსილმა პირმა, მოვალეს უნდა ემტკიცებინა, რომ არაუფლებამოსილი მესამე პირისათვის ვალდებულების შესრულების თანხმობა კრედიტორისგან მიიღო. ამ გარემოების დამტკიცებას მოსარჩელე შეეცადა სასამართლოს მთავარ სხდომაზე წარდგენილი მტკიცებულებით, კერძოდ, სოციალურ ქსელში განხორციელებული მიმოწერის ასლით, რომელიც მისი განმარტებით, ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ ზემოხსენებული პირის მონაცემები სწორედ კრედიტორმა მიაწოდა მოვალეს. პირველი ინსტანციის სასამართლოს 2021 წლის 13 აპრილის განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ამ მტკიცებულების მიღებაზე.
8.12 სააპელაციო პალატამ, ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის პრეტენზია სასამართლოს მიერ მტკიცებულების მიუღებლობასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ მან საპატიო მიზეზით ვერ შეძლო მტკიცებულების სასამართლოში დროულად წარდგენა. ამასთან, აღნიშნა, რომ ეს მტკიცებულება დასაშვებიც რომ იყოს, 1500 ლარის ექვივალენტი დოლარში საკმარისი არ არის იმისათვის, რომ ვალდებულება სრულად შესრულებულად იქნეს მიჩნეული.
8.13 სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა 2016 წლის 27 მაისის ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების ფაქტი, რის გამოც ეს ვალდებულება შეწყვეტილად ვერ იქნებოდა მიჩნეული. მოცემულ საქმეზე, პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და მიიჩნია, რომ მართებულად არ დააკმაყოფილა მოვალის სააპელაციო საჩივარი.
9. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები
9.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 02 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.ქ–მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და შესაბამისად სააღსრულები ფურცელი, რომელიც გაცემულია 3800 აშშ დოლარზე.
9.2 კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რაც ასახულია განჩინების მე-15 პუნქტში. კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მის მიერვე განვითარებულ მსჯელობას. მიუხედავად იმისა, რომ აპელანტის მოთხოვნას წარმოადგენდა სააღსრულებო ფურცლის გაუქმება, რაც ემყარებოდა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს სრულად ჰქონდა შესრულებული ვალდებულება, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება უკვე წარმოადგენდა საფუძველს აპელანტის მოთხოვნა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ და ნაცვლად გაუქმებისა, სააღსრულებო ფურცელში შესულიყო ცვლილება აპელანტის სასარგებლოდ იმ ნაწილში, რამდენადაც სასამართლომ დადგენილად ცნო ვალდებულების შესრულება.
9.3 კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, ვინაიდან სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული სადავო 3800 აშშ დოლარიდან 2150 დოლარის არსებობის თაობაზე საერთოდ აზრს კარგავს და ვერ მოხდება ამ ფაქტობრივი გარემოების რეალიზება თუ იგი არ აისახება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში. კასატორის მიერ სადავოდ არის გამხდარი, ასევე ფაქტობრივი გარემოება რომ ვალდებულების ნაწილი 7450 ევრო, რომლის გადმორიცხვა მოპასუხის სახელზე ხდებოდა ქ. ათენიდან, მოსარჩელის მიერ შესრულებულ იქნა აშშ დოლარში. თუ სასამართლო გაიზიარებს კასატორის პოზიციას ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით, მაშინ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ - ცვლილება უნდა შევიდეს სააღსრულებო ფურცელში და ვინაიდან კასატორის მიერ ვალდებულება შესრულებულია 8350 ევროს ოდენობით, კასატორის ვალდებულება უნდა განისაზღვროს 900 აშშ დოლარით.
9.4 კასატორის პრეტენზიას წარმოადგენს სააღსრულებო ფურცლის გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მას სრულად ჰქონდა შესრულებული ვალდებულება, რომელიც იკისრა 2016 წლის 27 მაისის ვალის აღიარების ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან, კასატორი სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ სააღსრულებო ფურცელში არ შევიდა ცვლილება ვალის ნაწილობრივ აღიარების თაობაზე.
9.5 კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ ვალდებულების ნაწილი 7450 ევრო, რომლის გადმორიცხვა მოპასუხის სახელზე ხდებოდა ქ. ათენიდან, მოსარჩელის მიერ შესრულებულ იქნა აშშ დოლარში. სასამართლო აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას დაეყრდნო მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტებას, საყურადღებოა ის გარემოება, რომ გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემულია საბერძნეთში ქ. ათენში, საიდანაც ხდებოდა თანხების გადმორიცხვა და ყველა გადმორიცხვა შესრულებულია ევროში. ასევე საყურადღებოა ის გარემოება, რომ კომპანია ინტელ ექსპრესის ქ. ათენის მიერ მომზადებულ დოკუმენტში გაგზავნილი თანხის ოდენობის გასწვრივ მითითებულია მომსახურების საკომისიოს ოდენობა, რაც შეადგენს გაგზავნილი თანხის 1%-ს. ისევე როგორც გაგზავნილ თანხას, საკომისიოსაც არ აქვს მითითებული ვალუტა, შეაბამისად საგულისხმოა, რომ თანხა ერთი და იმავე ვალუტაშია გამოხატული. ადგილობრივ კომპანიებში მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება ქვეყანაში მოქმედი ეროვნული ვალუტით, შესაბამისად საგულისხმოა, რომ ვინაიდან საბერძნეთის ეროვნული ვალუტა არის ევრო, მომსახურების საფასურის (საკომისოს) გადახდა განხორციელდა ევროში და აქედან გამომდინარე, თანხის ოდენობაც გამოხატულია ევროში. აღნიშნული მსჯელობის საფუძველზე, სასამართლოს უნდა დაედგინა ფაქტობრივი გარემოება შესრულებული ვალდებულების ევროში გადახდის თაობაზე და შესაბამისად ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელეს მოპასუხისათვის გადახდილი აქვს 10600 აშშ დოლარიდან 8350 ევრო, რაც იმ პერიოდისათვის მოქმედი კურსით შეადგენდა 9700 აშშ დოლარს. შესაბამისად, მოსარჩელეს მოპასუხისთვის გადასახდელი დარჩა 900 აშშ დოლარი.
9.6 2022 წლის 29 მარტს, საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა თ.ქ–მა რომელშიც აღნიშნა, რომ შეამცირა მოთხოვნა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა 1250 აშშ დოლარის ფარგლებში.
10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 08 აპრილის განჩინებით მ.ქ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
14. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება, მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული (პრეტენზია) შედავება.
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში აღიარებითი სარჩელი აღძრულია მოთხოვნის უფლების არარსებობის შესახებ (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი). კასატორის იურიდიული ინტერესი 2016 წლის 16 მაისის ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების აღიარება და ნოტარიუსის მიერ 2018 წლის 20 მარტს გაცემული N180290273 სააღსრულებო ფურცლის გაუქმებაა.
19. აღნიშნული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე (ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით), ამავე კოდექსის 341-ე მუხლები. (იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება).
20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დაადგინეს სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სამართლებრივად სწორად შეაფასეს ისინი, სახელდობრ, იმისათვის, რომ ვალდებულება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის საფუძველზე შეწყდეს კრედიტორის სასარგებლოდ, უნდა გამოიკვეთოს შესრულების მიზნით ქმედება, რომელიც განხორციელებულია: ა) ჯეროვნად, ბ) დათქმულ დროსა და ადგილას, გ) უფლებამოსილი პირის მიმართ, დ) ვალდებული და უფლებამოსილი პირის მიერ, ე) ვალდებულების შესრულების საგნითა და ვ) კეთილსინდისიერად. ჩამოთვლილი წინაპირობები კუმულაციურად უნდა იყოს დაკმაყოფილებული. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ვალდებულების შესრულება ნიშნავს ვალდებულების შეწყვეტას და ასეთ შემთხვევაში, კრედიტორს უფლება არა აქვს, ხელმეორედ მოითხოვოს შესრულება.
21. სააპელაციო პალატამ ასევე მართებულად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკაზე სსკ-ის 429-ე მუხლთან მიმართებით (სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი). მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობის დასადასტურებლად აუცილებელია ამავე ნორმით გათვალისწინებული შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას და იგი გაიცემა მოვალეზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება. ამავდროულად, აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის მქონე მხოლოდ მოვალე შეიძლება იყოს (იხ. სუსგ. ას-705-2019 12.07.2019წ; ას-251-2019 05.06 2019წ.). პრაქტიკაში ვალდებულების შესრულების ან/და მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის სხვადასხვა სახე არსებობს, როგორიცაა: ქვითარი, მიღება-ჩაბარების აქტი, სალარო გასავლის ორდერი, ხელწერილი, საბანკო გადარიცხვის ამონაწერი და სხვა.
22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კონცენტრირებულად შეჯიბრებითობის პრიციპი გამოხატულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102–ე მუხლში, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს) და წარუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტებს. ფაქტების დამტკიცების პროცესი საკმაოდ დეტალურად რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, განსაზღვრულია მტკიცების საშუალებათა (მტკიცებულებათა) წრე, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, ამ მტკიცებულებათა დასაშვებობა და განკუთვნადობა, მტკიცების ტვირთის (მოვალეობის) განაწილება მხარეთა შორის, ანუ რომელმა მხარემ რა გარემოება უნდა დაამტკიცოს, მტკიცებულებათა გამოკვლევის წესი, მტკიცებულებათა შეფასების ზოგადი წესები და ა.შ.(იხ.სუსგ №ას-680-2021, 26.01.2022წ.).
23. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელეა ვალდებული, კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებებით დაამტკიცოს, რომ მან კრედიტორს სრულად გადაუხადა ხელშეკრულებაში მითითებული თანხა, კონკრეტულ ვალუტაში. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას, რომ მოსარჩელემ ვერ წარადგინა თანხის გადახდის დამადასტურებელი სათანადო, ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მტკიცებულება, რაც სასამართლოს სასესხო დავალიანების ოდენობის სხვაგვარად განსაზღვრის შესაძლებლობას მისცემდა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი გახდებოდა. კერძოდ, საკასაციო პალატა, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ დავის საგანს წარმოადგენს 2016 წლის 16 მაისის ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 10 600 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულების შესრულების აღიარება. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა ცნობილი, რომ 2016 წლის 27 მაისის ვალის აღიარების ხელშეკრულების ფარგლებში, მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ განხორციელებული აქვს შემდეგი გადახდები: 1) 10.12.17 – 800, 2) 06.04.18 – 400, 3) 21.05.2018 – 400, 4) 02.06.2018 – 750, 5) 04.06.2018 – 400, 6) 08.07.2018 – 400, 7) 02.08.2018 – 500 ევრო, 8) 21.08.2018 – 600, 9) 06.09.2018 – 400 ევრო, 10) 29.10.2018 – 500, 11) 01.12.2018 – 1200, 12) 01.12.2018 – 2000. ამდენად, ორი გადახდა 02.08.2018-ში და 06.09.2018-ში შესრულებულია ევროში და სულ გადახდილია 900 ევრო, ხოლო დანარჩენი გადახდების ვალუტა მოვალის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ ირკვევა.
24. მხარეთა შორის სადავოა ის გარემოება, თუ რა ვალუტაშია შესრულებული ფულადი ვალდებულება. დადგენილია, რომ 2016 წლის 16 მაისის ვალის აღიარების ხელშეკრულებით, მხარეებმა ფულადი ვალდებულება უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარში) დაადგინეს. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ ფულადი ვალდებულების ამა თუ იმ ვალუტაში დადგენის შემდეგ, არ გამოირიცხება შესაძლებლობა, რომ ამ ვალდებულების შესრულება მხარეებმა სხვა ვალუტით განსაზღვრონ. ასეთი შეთანხმების არსებობა, სადავოობის შემთხვევაში, იმ პირმა უნდა ამტკიცოს, რომელიც ფულად ვალდებულებას ასრულებს.
25. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ მან დოლარში დადგენილი ფულადი ვალდებულება ევროში შეასრულა, გადახდის დროს არსებული შესაბამისი კურსით და მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საბერძნეთში ეროვნული ვალუტა ევროა, შესაბამისად, გადახდაც ევროში სრულდებოდა. ხოლო, მოწინააღმდეგე მხარე მიუთითებს, რომ ძირითადად, მოვალე გადახდებს ახორციელებდა უცხოურ ვალუტაში, აშშ დოლარში. საკასაციო პალატა, კასატორის ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი თუ რა ვალუტაშია წარმოდგენილი გადახდები. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელეს სარჩელში თავადაც არ მიუთითებია, თუ რა ვალუტაში შეასრულა მან ვალდებულება. იგი მხოლოდ იმას ამტკიცებდა, რომ სადავო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება შეასრულა. საკასაციო პალატა, სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ აპელანტს (კასატორს) საქმეზე არ წარმოუდგენია საბერძნეთიდან საერთაშორისო ფულადი გზავნილების მხოლოდ ევროში განხორციელების დამადასტურებელი მტკიცებულება. ამასთან, მოსარჩელეს არ მიუმართავს შესაბამისი საბანკო დაწესებულებისათვის, განხორციელებული სადავო გადახდების ვალუტის დაზუსტების მიზნით.
26. საკასაციო პალატა, ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ სადავო 3800 აშშ დოლარიდან სააპელაციო პალატამ დაადგინა 2150 აშშ დოლარის ვალდებულების შესრულების ფაქტი. ასეთი ფაქტობრივი გარემოება სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია. საკასაციო პალატა მიუთითებს გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილის მე-15 პუნქტზე, სადაც სააპელაციო პალატამ განავითარა ლოგიკური მსჯელობა აპელანტის ერთ-ერთ არგუმენტზე ვალდებულების სრულად შესრულებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ გადახდის ვალუტის დაუდგენლობის პირობებში, ვალდებულება ვალის აღიარების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალუტაში - დოლარში გადახდილად რომც იქნას მიჩნეული, გადახდილად ჩაითვლება 7450 აშშ დოლარი. სასამართლომ ამ თანხას დაუმატა 900 ევროს ექვივალენტი დოლარში გადახდის დროს არსებული კურსით, რომელიც მხარეთა განმარტებით, დაახლოებით 1000 დოლარია და ჯამში მიიღო 8450 აშშ დოლარი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ასეთ პირობებშიც კი მოვალეს ვალდებულება სრულად არ შეუსრულებია, მას გადასახდელი დარჩა 2 150 აშშ დოლარი (10600-8450=2150).
27. საკასაციო პალატა, ასევე არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას კრედიტორის მითითებით მესამე პირისათვის 1500 ლარის გადარიცხვის განხორციელების თაობაზე და, რომ მითითებული ქმედება კრედიტორის მიმართ შესრულებად უნდა ჩაითვალოს. პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლის დანაწესზე, რომლის შესაბამისად, მოვალე ვალდებულია შეუსრულოს ვალდებულება კრედიტორს ან იმ პირს, რომელიც კანონით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილია მიიღოს შესრულება. თუ ვალდებულების შესრულება მიიღო იმ პირმა, რომელიც არ იყო უფლებამოსილი, ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად მაშინ, როცა კრედიტორმა მისცა ამის თანხმობა ან ამ შესრულებისგან მიიღო სარგებელი და განმარტავს, რომ, რადგან მოცემულ შემთხვევაში, შესრულება მიიღო არაუფლებამოსილმა პირმა, მოვალემ უნდა ამტკიცოს, რომ არაუფლებამოსილი მესამე პირისათვის ვალდებულების შესრულების თანხმობა კრედიტორისგან მიიღო. საქმის მასალებით კი არ დასტურდება კრედიტორისაგან შესაბამისი თანხმობის არსებობის ფაქტი.
28. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი 2016 წლის 27 მაისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების კონკრეტულ ვალუტაში შესრულებას ვერ ასაბუთებს და აქედან გამომდინარე, არ იკვეთება ვალდებულების ნაწილობრივ ან სრულად შესრულების აღიარების და შესაბამისად, სადავო სააღსრულებო ფურცელში შესწორების შეტანის ან გაუქმების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი.
29. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც, საკასაციო საჩივრებს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
30.ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, ასევე 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ქ–ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნას ცნობილი.
2. მ.ქ–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ.ქ–ის მიერ გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი (საგადახდო დავალება N12924788191, გადახდის თარიღი 28/03/2022).
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე