Facebook Twitter

საქმე №ას-770-2022

23 სექტემბერი 2022წ. ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე – ე.ლ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ივნისის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი მიქალაკის ლიკარგოს და ე.ლ–ძის მიმართ დაკმაყოფილდა. ე.ლ–ძეს და მიქალაკის ლიკარგოს სოლიდარულად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრათ 71 793.83 ლარის გადახდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მაისის განჩინებით მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურის (ს/კN......) შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, მოპასუხე ე.ლ–ძეს (პ/ნN.....) აეკრძალა მის საკუთრებაში

რიცხული უძრავი ქონების 1. თბილისი, ..... ქუჩა N63. ს/კN ...... 2. მცხეთა, სოფელი ..... ს/კN ..... გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.09.2021 წლის განჩინებით, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ე.ლ–ძის საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 01 აპრილის განჩინებით ე.ლ–ძის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08.10.2021 წლის გადაწყვეტილებაზე მიღებულ იქნა განსახილველად.

5. 2022 წლის 01 აპრილს აპელანტი ე.ლ–ძის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ გაუქმების მოთხოვნით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.04.2022 წლის განჩინებით ე.ლ–ძის განცხადება არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარმოადგინა ე.ლ–ძის წარმომადგენელმა გ.ყ–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ გაუქმების შესახებ განცხადების დაკმაყოფილება, იმ მოტივით, რომ აპელანტის ე.ლ–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ....., ს/კ ...... დღეის მდგომარეობით უფლებრივად არ არის დატვირთული. მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იქნა 20.04.2022 წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.05.2022 წლის განჩინებით, ე.ლ–ძის საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.04.2022 წლის განჩინება. ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.05.2021წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ე.ლ–ძეს აეკრძალა მცხეთა, სოფელი ....... მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ........) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

18.05.2021წ. განჩინება დარჩა უცვლელი.

8. 2022 წლის 08 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა 2022 წლის 16 მაისის განჩინების გაუქმება.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.06.2022 წლის განჩინებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი იმ საფუძვლით, რომ მხარის მიერ გასაჩივრების ვადა იქნა გაშვებული. კერძოდ, განჩინებაში მიეთითა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახური უფლებამოსილი იყო საჩივარი წარედგინა 06.06.2022 წლის ჩათვლით, ხოლო საჩივარი წარდგენილ იქნა ვადის დარღვევით 08.06.2022 წელს.

10. საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

11. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

13. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს სააპელაციო სასამართლოს მიერ საჩივრის დაუშვებლად ცნობის მართლზომიერების შეფასება წარმოადგენს.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოტანილ განჩინებაზე მოპასუხეს შეუძლია შეიტანოს საჩივარი, ამავე მუხლის, მესამე ნაწილის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლო განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს 5 დღეს. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და მისი დენა იწყება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მოპასუხისთვის გადაცემის მომენტიდან.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

16. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.05.2022 წლის განჩინება საჩივრის ავტორს გაეგზავნა 30.05.2022 წელს მისამართზე - ქ. თბილისი, ........., ხოლო ადრესატს ჩაბარდა 31.05.2022 წელს (იხ. ტ.6.ს.ფ. 114). შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახური უფლებამოსილი იყო საჩივარი წარედგინა 06.06.2022 წლის ჩათვლით (ვადის დამთავრების მომდევნო პირველი სამუშაო დღე).

17. 2022 წლის 30 ივნისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა წარმოადგინა 2022 წლის 06 ივნისს საფოსტო დაწესებულებისათვის საჩივრის ჩაბარების დამადასტურებელი N21-04/50252 დოკუმენტი.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის, მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის, მე-3 ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

19.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გაჩინების გასაჩივრების 5 დღიანი ვადის ათვლა, საჩივრის ავტორისთვის დაიწყო 2022 წლის 01 ივნისს, შესაბამისად ვადის ბოლო დღე იყო 06 ივნისი (ვადის დამთავრების მომდევნო პირველი სამუშაო დღე). საქმეში წარმოდგენილი შპს „ს.“ საშუალებით გასაგზავნი გზავნილების შესახებ N6 რეესტრიდან დგინდება, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2022 წლის 06 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის ბატონი ოთარ სიჭინავას სახელზე (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) შტრიხკოდი ... 21-04/50252 გააგზავნა გზავნილი. (იხ.სუსგ. Nას-64502021 24.09.2021; Nას-850-2021 08.02.22წ.)

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილი შედავება შეიცავს საკმარის დასაბუთებას საჩივრის დაკმაყოფილებისთვის.

22. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს საჩივრის განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 361.3 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ივნისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს საჩივრის განსახილველად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე