საქმე №ას-1396-2022 07 თებერვალი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – რ.დ–ნი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ. ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „ლ. ბ–მა“ (შემდეგში: მოსარჩელე ან ბანკი ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა რ.დ–ნის (შემდეგში: მოპასუხე ან აპელანტი ან კასატორი) მიმართ და მოითხოვა დავალიანების 5396.03 ლარის (საიდანაც ძირი თანხაა - 4543.44 ლარი, პროცენტი - 721.44 ლარი და ჯარიმა - 131.15 ლარი) გადახდის დაკისრება.
2. სარჩელი დაეფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
3. მხარეთა შორის 2018 წლის 23 მარტს გაფორმდა N23802113 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. კრედიტით გათვალისწინებული თანხის ოდენობამ შეადგინა 5000 ლარი, საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა წლიური 36%-ით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 01.04.2021წ.. ხელშეკრულებასთან ერთად მხარეს გადაეცა სესხის დაფარვის გრაფიკი. მოპასუხემ 01.11.2018 წლიდან ხელშეკრულების თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული თანხა არ დაფარა. შესაბამისად, ამ პერიოდიდან მოპასუხეს ერიცხება პირგასამტეხლო. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების თანახმად, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 0.075%-ს. 2020 წლის 28 ივნისის მდგომარეობით, მოპასუხის დავალიანება ბანკის მიმართ შეადგენს 5396.03 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 4543.44 ლარი, პროცენტი - 721.44 ლარი და ჯარიმა - 131.15 ლარი.
4. მოპასუხემ წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, ხოლო სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ სესხის ძირი თანხის ნაწილში და მიუთითა, რომ მისი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით ვერ ახერხებს ვალდებულების შესრულებას. სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ ითხოვა არსებული დავალიანების განწილვადებით გადახდა თვეში 200 ლარის ოდენობით.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების 5396.03 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 4543.44 ლარი, პროცენტი - 721.44 ლარი და ჯარიმა - 131.15 ლარი.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
8. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი გარემოებები:
9. მხარეთა შორის 2018 წლის 23 მარტს გაფორმდა N23802113 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. კრედიტით გათვალისწინებული თანხის ოდენობამ შეადგინა 5000 ლარი, საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა წლიური 36%-ით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 01.04.2021. ხელშეკრულებასთან ერთად მხარეს გადაეცა სესხის დაფარვის გრაფიკი.
10. ბანკის მიერ გაცემული ამონაწერის თანახმად, 01.11.2018 წლიდან მოპასუხის მხრიდან არ მომხდარა ხელშეკრულების თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული თანხის დაფარვა. 2020 წლის 28 ივნისის მდგომარეობით, მოპასუხის დავალიანება ბანკის მიმართ შეადგენს 5396.03 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 4543.44 ლარი, პროცენტი - 721.44 ლარი და ჯარიმა - 131.15 ლარი. მოპასუხეს წერილობით ეცნობა დავალიანების გადახდის თაობაზე, თუმცა მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა.
11. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, როგორც აპელანტმა (მოსარჩელე) განმარტა მხარეებს შორის დავალიანების 12 თვეზე განწილვადების თაობაზე მოლაპარაკებისას შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული ყოველთვიური შენატანის ოდენობაზე. აპელანტი (მოსარჩელე) იმის გამო, რომ არ აქვს სტაბილური შემოსავალი, არჩენს ავადმყოფ დედას, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის მორიგებით დამთავრებას. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ როგორც საქმის მასალებით დგინდება მხარეთა შორის მიმდინარეობდა მორიგება დავალიანების ოდენობის განაწილვადებაზე, რაზეც მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამასთან, როგორც თავად აპელანტი (მოსარჩელე) მიუთითებს მისთვის ყოველთვიური გადასახადის შეთავაზება 449 ლარის ოდენობაზე მიუღებელი აღმოჩნდა მისი ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე. აღნიშნული კი უსაფუძვლოს ხდის მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
12. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო სასამართლომ მოაწესრიგა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 867-ე და 868-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა სესხის ხელშეკრულებიდან, ხოლო სესხის ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სწორი და დასაბუთებული იყო.
13. რაც შეეხება აპელანტის (მოსარჩელე) იმ პრეტენზიას, რომ სასამართლომ არ გაანაწილა გადასახდელი თანხა, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით განაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი. აღნიშნული ნორმის თანახმად სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, სათანადო მტკიცებულებების არსებობისას შეუძლია განახორციელოს გადაწყვეტილების განწილვადება. აღნიშნული ნორმა მიღებული გადაწყვეტილების განწილვადების შესაძლებლობას იძლევა ერთი წლის ვადით, რაც განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნილ დავალიანებასთან 5396,03 ლართან მიმართებაში ყოველთვიურ გადასახდელს ადგენს 449,6 ლარის ოდენობით, რაც აპელანტისათვის (მოსარჩელე, მსესხებელი) მიუღებელია.
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინება აპელანტმა (მოპასუხე) გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის უარყოფას.
15. კასატორი არ ეთანხმება საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დამდგარ იურიდიულ შედეგს, რომელიც სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა და აღნიშნავს, რომ მის მიერ წარდგენილი იქნა მორიგების პირობა მისვე შემოსავლების გათვალისწინებით, რაც ასახული იყო შესაგებელში. მოსარჩელის (ბანკი) მიერ შემოთავაზებული მორიგების პირობა იყო მიუღებელი და სხდომის დაწყებამდე ვერ მოხერხდა მორიგება. კასატორი აღნიშნავს, რომ მას, მისივე შემოსავლების გათვალისწინებით შეუძლია თვეში 300 ლარის გადახდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
17. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
18. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი იმ საფუძვლით ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აგვისტოს განჩინებას, რომლითაც კასატორის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დავალიანების 5396.03 ლარის (საიდანაც ძირი თანხაა - 4543.44 ლარი, პროცენტი - 721.44 ლარი და ჯარიმა - 131.15 ლარი) დაკისრების შესახებ, რომ იგი არ ეთანხმება მოცემულ საქმეზე დამდგარ იურიდიულ შედეგს, კერძოდ, მის მიერ წარდგენილი იქნა მორიგების პირობა მისვე შემოსავლების გათვალისწინებით, თუმცა, ვერ მოხერხდა მორიგება. კასატორს, მისივე შემოსავლების გათვალისწინებით, შეუძლია თვეში 300 ლარის გადახდა.
19. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილ არ არის დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებათა გამო:
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა, გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
21. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
22. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან, ზიანის მიყენებიდან (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრებიდან თუ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
23. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის (ბანკი) მოთხოვნა მოპასუხისათვის (მსესხებელი) თანხის დაკისრების შესახებ მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა სადავო თანხა. ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად, მსესხებელმა ვალი არ გადაიხადა. როგორც ამ განჩინების პ.4 -შია მითითებული მოპასუხეს სასესხო ვალდებულების არსებობა სადავოდ არ გაუხდია. მოპასუხემ მხოლოდ მის ეკონომიკურ მდგომარეობაზე მიუთითა, რისი გათვალისწინებითაც მოითხოვა არსებული დავალიანების განწილვადება თვეში 200 ლარის ოდენობით, რაზედაც ბანკი არ დათანხმდა.
24. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია სსკ-ის 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით), 868-ე მუხლის პირველი ნაწილი (მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი), 873-ე (კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა), 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება), 417-ე (პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) მუხლები.
25. ამ განჩინების პპ:9-11 დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაშია მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ წინაპირობებთან, რასაც ვერ შეარყევს კასატორის ერთადერთი პრეტენზია, რომ იგი არ ეთანხმება საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დამდგარ იურიდიულ შედეგს, რომელიც სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა, რადგან კასატორს (მოვალე, მოპასუხე) შეუძლია თვეში 300 ლარის გადახდა მისი შემოსავლების გათვალისწინებით, ხოლო მხარეებს შორის მორიგება ვერ იქნა მიღწეული.
26. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელის (ბანკი) მიერ წარმოდგენილ საკასაციო შესაგებელს, რომლითაც ბანკი წინააღმდეგია კასატორის მიერ საკასაციო და სააპელაციო საჩივარში შეთავაზებულ მორიგების პირობაზე (იხ., საკასაციო შესაგებელი).
27. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს ამ განჩინების პ.11-ში მითითებულ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობებზე: „მხარეებს შორის დავალიანების 12 თვეზე განწილვადების თაობაზე მოლაპარაკებისას შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული ყოველთვიური შენატანის ოდენობაზე. აპელანტი (მოსარჩელე) იმის გამო, რომ არ აქვს სტაბილური შემოსავალი, არჩენს ავადმყოფ დედას, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის მორიგებით დამთავრებას. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ როგორც საქმის მასალებით დგინდება მხარეთა შორის მიმდინარეობდა მორიგება დავალიანების ოდენობის განაწილვადებაზე, რაზეც მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამასთან, როგორც თავად აპელანტი (მოსარჩელე) მიუთითებს მისთვის ყოველთვიური გადასახადის შეთავაზება 449 ლარის ოდენობაზე მიუღებელი აღმოჩნდა მისი ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე. აღნიშნული კი უსაფუძვლოს ხდის მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას“.
28. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ მორიგება სრულიადაა თავსებადი მხარეთა დისპოზიციურ ნებაში, კერძოდ, სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამასთან, მორიგება, მხარეთა ნების ავტონომიის ფარგლებში მიღწეული ორმხრივი შეთანხმებაა. შესაბამისად, არც ამ ნაწილშია საკასაციო საჩივარი დასაშვები. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მორიგება შესაძლებელია გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზეც (შდრ: სუსგ №ას-83-2022, 20 მაისი, 2022 წელი, პ.4.1).
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
30. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
32. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ.დ–ნის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. რ.დ–ნს (პ.ნ: ..........) (ქ.თბილისი, „სახელმწიფოხაზინა“, ბანკისკოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 11.11.2022წ-ში N15072476645 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე