საქმე №ას-979-2022 27 დეკემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ლ.კ–ია (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ.ხ–ბა“; შპს „ლ–ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - ხარვეზის დადგენა საკასაციო საჩივარზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ლ.კ–იას (შემდეგში: „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის საჩივარი და უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც უარყოფილი იქნა წარდგენილი სარჩელი შპს „ლ.ხ–ბისა“ (შემდგომში „პირველი მოპასუხე“, „მოპასუხე კომპანია“ ან „კომპანია“) და შპს „ლ–ას“ (შემდგომში „მეორე მოპასუხე“, „კომპანია“, „მოპასუხე კომპანია“ ან ორივე ერთად ტექსტში მოხსენებული, როგორც „მოპასუხეები“ ან „მოპასუხე კომპანიები“) მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.
2. კასატორის პრეტენზიით, მეორე მოპასუხე არ არის ლიცენზიის კეთილსინდისიერი შემძენი, შესაბამისად, მის მიმართ ვერ იმოქმედებს კეთილსინდისიერი შემძენის სტანდარტი. ლიცენზიის შემძენზე საკუთრების უფლებით გადასვლისთვის აუცილებელია პარტნიორებს შორის ნამდვილი შეთანხმება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. მეორე მოპასუხისთვის ცნობილი იყო პირველი მოპასუხის დირექტორის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ (რომ მას მოსარჩელის თანხმობის გარეშე ლიცენზიის გასხვისება არ შეეძლო), მაგრამ მიუხედავად ამისა, მან მაინც დადო სადავო გარიგება, რაც გარიგების უცილოდ ბათილობაზე მეტყველებს. ამასთან, პარტნიორთა კრება, რომელიც წყვეტდა კომპანიის ერთადერთი აქტივის - ლიცენზიის გაყიდვას, საერთოდ არ ჩატარებულა. შესაბამისად, სადავო ხელშეკრულება კომპანიის დირექტორმა დადო ერთპიროვნულად, ისე, რომ მას დამფუძნებლებისგან გაყიდვის უფლებამოსილება არ ჰქონია მიღებული. შესაბამისად, ლიცენზია ისე აღმოჩნდა სხვა პირის ხელში, რომ მასზე თანხმობა კომპანიის პარტნიორთა კრებას არ გამოუხატავს. ამდენად, ვერანაირი შეთანხმება ამ გარიგებას ნამდვილად ვერ აქცევს.
3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
7.1. მოსარჩელემ და მ.წ–მა დააფუძნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ლ.ხ–ბა“. საზოგადოების წილის 80%-ს ფლობდა მ.წ–ი, ხოლო 20%-ს - მოსარჩელე. მ.წ–ი იყო ორგანიზაციის დირექტორი.
7.2. კომპანიის წესდების მიხედვით, საზოგადოების კაპიტალის შეცვლა შესაძლებელი იყო დამფუძნებელთა საერთო კრების გადაწყვეტილებით, ხოლო ორგანიზაციის დირექტორს ენიჭებოდა სრული ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.
7.3. 2007 წლის 13 აპრილს პირველ მოპასუხეზე 25 წლის ვადით გაიცა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია №00514, მდინარე ხობისწყლის ხეობაში „ლ–ას“ მინერალური წყლის მოპოვების მიზნით, 12 მ3/დღ.ღ ოდენობით;
7.4. 2014 წლის 26 ივნისს პირველი და მეორე მოპასუხეების დირექტორებს შორის შორის დაიდო „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №00514 ლიცენზიის მთლიანი გადაცემის შესახებ“ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, პირველმა მოპასუხემ მეორე მოპასუხეს გადასცა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია №00514;
7.5. 2014 წლის 27 ივნისს მოპასუხეებს შორის დაიდო შეთანხმება 2014 წლის 26 ივნისს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ 2007 წლის 13 აპრილს პირველ მოპასუხეზე გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №00514 ლიცენზიის ღირებულების განსაზღვრის შესახებ. მითითებული შეთანხმებით, №00514 ლიცენზიის ღირებულება 62 000 ლარით განისაზღვრა. ასევე განისაზღვრა თანხის გადახდის პერიოდულობა - სულ ექვსი გადახდა ყოველი მომდევნო თვის 26 რიცხვში. ბოლო გადახდის თარიღად დადგინდა 2015 წლის 26 ნოემბერი, ხოლო პირველად თანხა უნდა გადახდილიყო 2015 წლის 26 ივნისს;
7.6. 2018 წლის 26 აპრილს მოპასუხე კომპანიებს შორის დაიდო შეთანხმება გარიგებით გამოვლენილი ნების განმარტების შესახებ. აღნიშნული შეთანხმებით, მხარეებმა დამატებით განმარტეს და დაადასტურეს, რომ 2014 წლის 26 ივნისს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, გადამცემმა მთლიანად/სრულად გადასცა საკუთრებაში, ხოლო მიმღებმა მთლიანად/სრულად მიიღო საკუთრებაში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ ........ მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე ხობისწყლის ხეობაში სასარგებლო წიაღისეულის, „ლ–ას“ მინერალური წყლის 25 წლით მოპოვების ლიცენზია, დღე-ღამეში 12მ3-ის ოდენობით (ლიცენზიის გაცემის საფუძველი: საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 11 აპრილის №349 ბრძანება), სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ნასყიდობის საფასური 62 000 ლარი გადახდილია სრულად;
7.7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 15 აგვისტოს №702 ბრძანება, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 26 იანვრის №21/511 გადაწყვეტილება და სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;
7.8. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სსიპ წიაღის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 15 ოქტომბერს გამოსცა №1295/ს ბრძანება, რომლის თანახმად, პირველ მოპასუხეზე გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №00514 ლიცენზია ჩაითვალა მეორე მოპასუხეზე საკუთრებაში გადაცემულად 2014 წლის 26 ივნისიდან. მითითებული ბრძანების სამოტივაციო ნაწილის შესაბამისად, კერძოსამართლებრივი ხასიათის ურთიერთობის მოწესრიგება ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციაში არ შედის;
7.9. 2014 წლის 25 ივლისს მოწვეული იქნა პირველი მოპასუხე კომპანიის პარტნიორთა კრება. კრების №4 ოქმით დასტურდება, რომ კრებას ესწრებოდა საზოგადოების ორი პარტნიორი: მოსარჩელე (კომპანიის 20% წილის მფლობელი) და მ.წ–ი (კომპანიის 80% წილის მფლობელი). კრების თავმჯდომარედ არჩეული იქნა მ.წ–ი. დღის წესრიგად განისაზღვრა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მეორე მოპასუხისთვის გადაცემა. აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირა კომპანიის 80% წილის მფლობელმა დირექტორმა, ხოლო არ დაეთანხმა მოსარჩელე. კრებამ დაადგინა მეორე მოპასუხისთვის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №00514 ლიცენზიის გადაცემა, პირველი მოპასუხის დირექტორს მიეცა თანხმობა მეორე მოპასუხესთან დადოს შესაბამისი გარიგება და საზოგადოების სახელით განახორციელოს ყველა საჭირო ქმედება, რაც დაკავშირებულია მეორე მოპასუხისთვის პირველი მოპასუხის კუთვნილი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №00514 ლიცენზიის გადაცემასთან.
7.10. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დადგენილია, რომ სადავო შეთანხმების დადების პერიოდში (2014 წლის 26 აპრილს) პირველი მოპასუხის დირექტორი, ანუ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი იყო მ.წ–ი და მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების რაიმე ფორმით შეზღუდვის თაობაზე ჩანაწერი/ინფორმაცია რეგისტრირებული არ არის;
8. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი საკასაციო პრეტენზია ემყარება იმას, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად მიიჩნიეს მეორე მოპასუხე ლიცენზიის კეთილსინდისიერ შემძენად მაშინ, როდესაც მეორე მოპასუხისთვის ცნობილი იყო პირველი მოპასუხის დირექტორის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ (რომ მას, მოსარჩელის თანხმობის გარეშე, ლიცენზიის გასხვისება არ შეეძლო) და მიუხედავად ამისა, მაინც დაიდო სადავო გარიგება, რაც აღნიშნული გარიგების უცილოდ ბათილობაზე მეტყველებს. ამასთან, საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, პარტნიორთა კრება, რომელიც წყვეტდა კომპანიის ერთადერთი აქტივის - ლიცენზიის გაყიდვას, საერთოდ არ ჩატარებულა, რაც ასევე მიუთითებდა სადავო გარიგების უკანონობაზე.
9. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას“ (იხ. სუსგ ას-1529-1443-2012, ას-973-1208-04; ას 664-635-2016).
10. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გარიგების ბათილად ცნობის საკითხის გადაწყვეტისას ბათილობის საფუძვლის არსებობასთან ერთად უნდა არსებობდეს სსსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული მოსარჩელის მოთხოვნის ნამდვილი იურიდიული ინტერესი.
11. დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო შეამოწმებდეს სარჩელის საფუძვლიანობას, მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს მთავარ კითხვებს: აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ? უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას?...სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს რომელთაც განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. (იხ. სუსგ №ას-838-802-2014, 2015 წლის 19 მარტი).
12. საკასაციო სასამართლომ მოცემულ დავაში უნდა შეაფასოს, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების გაზიარების შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილებით მიიღწევა თუ არა იურიდიული ინტერესი - დარღვეული უფლების ეფექტიანი დაცვა. ანუ, სხვაგვარად რომ ითქვას, შესაფასებელია, რამდენად არის მოსარჩელის იურიდიული ინტერესი მიმართული მისი მართლზომიერი უფლების დაცვისა და განხორციელებისაკენ.
13. აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობა შპს-ის პარტნიორს მთელ რიგ უფლებებს ანიჭებს, რომელთა შორისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთო კრებაზე მონაწილეობის და ხმის უფლება. საზოგადოების ნება სწორედ პარტნიორთა საერთო კრებაზე ფორმირდება, თუმცა კაპიტალური ტიპის საზოგადოებისათვის დამახასიათებელია უმრავლესობისა და უმცირესობის მდგომარეობის თანაფარდობის (განსაზღვრის) საკითხი, ანუ ასეთი ტიპის საწარმოში განსაკუთრებით იგრძნობა იმის საჭიროება, რომ უმრავლესობაში მყოფმა პარტნიორმა თავისი დომინანტური მდგომარეობა არ გამოიყენეოს საზოგადოების ინტერესების საპირისპიროდ და მისი ასეთი დამოკიდებულებით ზიანი არ მიაყენოს საზოგადოებას ან უმცირესობაში მყოფ პარტნიორს (შდრ: ირაკლი ბურდული, თანამედროვე საკორპორაციო სამართლის თეორიული და პრაქტიკული საკითხები, თბილისი, 2009, გვ. 263).
14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლიც იცნობს „დომინანტი პარტნიორის“ ცნებას. მითითებული კანონის 3.8. მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, დომინანტ პარტნიორად ან პარტნიორთა ჯგუფად მიიჩნევა პირი/ჯგუფი, რომელსაც აქვს პრაქტიკული შესაძლებლობა, გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინოს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებაზე. მინორიტარი პარტნიორის ცნებას კანონი პირდაპირ არ გვთავაზობს, თუმცა, მის მაკვალიფიცირებელ ნიშნებს ზემოხსენებული ნორმა იძლევა - არ შეუძლია დამოუკიდებლად გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინოს პარტნიორთა კრების კენჭისყრის შედეგებზე. მინორიტარი პარტნიორების უფლებების დაცვაზე მიუთითებს, მაგალითად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გარანტირებული უფლებამოსილებანი, თუმცა, დაცვის თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესია პარტნიორის, როგორც ინდივიდის უფლება სარჩელზე და მისი უფლება - წარადგინოს დერივაციული სარჩელი (იხ. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 46.5 მუხლი. სამართლის მეცნიერებაში დერივაციულ (არაპირდაპირ) სარჩელს უწოდებენ აქციონერის/პარტნიორის მიერ ინიცირებულ მოთხოვნას, რომელსაც იგი წარადგენს კორპორაციის სასარგებლოდ და კორპორაციის ხელმძღვანელთა წინააღმდეგ), რასაც განსახილველ შემთხვევაში, ადგილი არა აქვს.
15. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ პარტნიორთა კრება, რომელმაც ლიცენზიის გასხვისება დაადგინა, საერთოდ არ ჩატარებულა.
16. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე წარმოადგენს პირველი მოპასუხის პარტნიორს და კომპანიის 20% წილის მფლობელს; 2014 წლის 25 ივლისს გაიმართა პარტნიორთა კრება, რომელსაც ესწრებოდა კომპანიის ორივე პარტნიორი - როგორც მოსარჩელე, ასევე კომპანიის დირექტორი და კომპანიის 80 % წილის მფლობელი, მ.წ–ი; პარტნიორთა კრებაზე დასმულ საკითხს ლიცენზიის გასხვისების შესახებ არ დაეთანხმა მოსარჩელე და დაეთანხმა მ.წ–ი; კრებამ დაადგინა პირველი მოპასუხის მიერ ლიცენზიის მეორე მოპასუხისთვის გადაცემა, ამასთან, კომპანიის დირექტორს მიეცა უფლება მეორე მოპასუხესთან დადოს შესაბამისი გარიგება და საზოგადოების სახელით განახორციელოს ყველა საჭირო ქმედება, რაც დაკავშირებულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გადაცემასთან; სამეწარმეო რეესტრის ჩანაწერი არ შეიცავს რაიმე მითითებას კომპანიის დირექტორის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ (იხ. ტ. 1. ს.ფ 25-26; 139-142).
17. საქმის მასალებით ასევე დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს, როგორც პირველი მოპასუხის მინორიტარ პარტნიორს, 2014 წლის 25 ივლისის პარტნიორთა კრების ოქმი არ გაუსაჩივრებია.
18. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ ფორმალური თვალსაზრისით, მითითებული კრების ოქმი შესაბამისობაშია სპეციალურ კანონსა და საწარმოს წესდებასთან და მისი მეშვეობით გამოვლენილია პირველი მოპასუხის ნება ლიცენზიის გასხვისებაზე. შესაბამისად, ლიცენზიის გადაცემის შესახებ მოპასუხე კომპანიებს შორის დადებული ხელშეკრულების, ასევე, ამ გარიგებით გამოვლენილი ნების განმარტების/დადასტურების შესახებ შეთანხმების ბათილად ცნობით მოსარჩელე ვერ მიაღწევს იმ იურიდიულ შედეგს (კომპანიისთვის ლიცენზიის დაბრუნება), რასაც ისახავს მიზნად, ვინაიდან წინაღობას ქმნის სწორედ პირველი მოპასუხის მიერ 2014 წლის 25 ივლისის პარტნიორთა კრებაზე გამოვლენილი ნება. საკასაციო პალატის მითითებით, იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს კაპიტალის გასხვისებით, ირღვეოდა მოსარჩელის, როგორც კომპანიის პარტნიორის უფლებები, მას, თავისი უფლებების დასაცავად, პირველ რიგში, შეეძლო გაესაჩივრებინა ის კრების ოქმი, რომელმაც შეზღუდა მისი, როგორც პარტნიორის უფლებები, თუმცა, მოსარჩელეს ამ უფლებით არ უსარგებლია. მას არც დერივაციული სარჩელი წარუდგენია სასამართლოსთვის. ამრიგად, საფუძვლიანია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ მითითებული სასარჩელო წარმოების ფარგლებში მოსარჩელეს წინამდებარე დავის მიმართ არ გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რაც კონკრეტული შედეგის მომტანი იქნება მისთვის.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართებულად არ დაკმაყოფილდა წარდგენილი სარჩელი, სააპელაციო პალატამ კი მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის.
20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.კ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. ლ.კ–იას (.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №0, გადახდის თარიღი 2022 წლის 5 აგვისტო), 3 100 ლარის 70% - 2 170 ლარი;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ.მიქაბერიძე