Facebook Twitter

საქმე №ას-1449-2022

19 დეკემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ხ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,თ.თ.უ–ტი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება განაცდურის ანაზღაურებისა და კომპენსაციის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში

დავის საგანი – სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ნ.ხ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1. ბათილად იქნა ცნობილი, მოპასუხე შპს ,,თ.თ.უ–ტის“ რექტორის 2019 წლის 20 სექტემბრის N03/09-25 ბრძანება, მოსარჩელე ნ.ხ–ძის, დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ;

2. მოპასუხე შპს ,,თ.თ.უ–ტს“, მოსარჩელე ნ.ხ–ძის სასარგებლოდ, დაეკისრა კომპენსაციის - 40 000 ლარის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 სექტემბრის განჩინებით ნ.ხ–ძისა და შპს ,,თ.თ.უ–ტის“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით გაასაჩივრა ნ.ხ–ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება განაცდურის ანაზღაურებისა და კომპენსაციის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ნ.ხ–ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

2022 წლის 13 დეკემბერს კასატორის რწმუნებულმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და შეწყდეს საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მესამე მუხლზე, რომლითაც განმტკიცებულია დისპოზიციურობის პრინციპი. სარჩელზე ან უკვე წარდგენილ საჩივარზე უარის თქმა კი დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებას წარმოადგენს, რომლით სარგებლობის შემთხვევაშიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, 378-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. მითითებული კოდექსის 378-ე მუხლი კი ადგენს, რომ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეწყვეტისას მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე, რაც მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზებას წარმოადგენს. ვინაიდან საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ განცხადება ხელმოწერილია უფლებამოსილი პირის მიერ (იხ. რწმუნებულება ტომი 6, ს.ფ. 251-252), საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და ნ.ხ–ძის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. ნ.ხ–ძის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. ნ.ხ–ძის საკასაციო საჩივარზე წარმოება შეწყდეს (მოსარჩელე - ნ.ხ–ძე; მოპასუხე - შპს ,,თ.თ.უ–ტი“ საქმე #ას-1449-2022);

3. განემარტოს კასატორს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე