№ა-4691-შ-140-2021 7 აპრილი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ბელარუსის რესპუბლიკის ქ.ბრესტის ლენინის რაიონის შემოსავლებისა და მოსაკრებლების სამინისტროს ინსპექცია
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.თ. ძე კ–ძე
განხილვის საგანი – ბელარუსის რესპუბლიკის ქ.ბრესტის ლენინის რაიონის სასამართლოს 2021 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბელარუსის რესპუბლიკის ქ.ბრესტის ლენინის რაიონის სასამართლოს 2021 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით:
- ვ.თ. ძე კ–ძეს (შემდეგში - მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) (დაბადებული 1987 წლის 3 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები მისამართზე: საქართველო, აჭარა, ქ.ბათუმი, ......) ი.ვ. ასული მ–ის (შემდეგში - მოსარჩელე) (რეგისტრირებული მისამართზე: ქ.ბრესტი, ......., კორპუსი 2; მცხოვრები მისამართზე: ქ.ბრესტი, .....) სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი, არასრულწლოვანი ქალიშვილის - ს.ვ. ასული კ–ძის, დაბადებულის 2012 წლის 22 აგვისტოს, სარჩენად, ყველა სახის გამომუშავების და (ან) სხვა ყოველთვიური შემოსავლის 25%-ის ფარგლებში, მაგრამ არანაკლებ ერთი ბავშვის სარჩენი საშუალო ოდენობის საარსებო მინიმუმის 50%-ისა, დაწყებული 2020 წლის 18 დეკემბრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.
- მოპასუხეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის, 81 რუბლისა და 98 კაპიკის გადახდა.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.ბრესტის ლენინის რაიონის შემოსავლებისა და მოსაკრებლების სამინისტროს ინსპექციამ (შემდეგში - შუამდგომლობის ავტორი), რომელმაც მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ქ.ბრესტის ლენინის რაიონის სასამართლოს 2021 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით - მოპასუხეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის, 81 რუბლისა და 98 კაპიკის გადახდა.
5. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციაზე (შემდეგში - კონვენცია) და აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს. კონვენციის 54.2 მუხლის შესაბამისად, სასამართლო, რომელიც განიხილავს ხელშემკვრელი მხარის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხს, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია.
6. ამავდროულად, საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში - კანონი) 68.5 და 70.3 მუხლებზე, რომელთა მიხედვით, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
კანონის 71.1 და 71.2 მუხლებით დადგენილია, რომ შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს. შუამდგომლობის განხილვის პროცესში უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა ამ კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები.
7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, უცხო ქვეყნის სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე და დაექვემდებაროს აღსრულებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბელარუსის რესპუბლიკის ქ.ბრესტის ლენინის რაიონის შემოსავლებისა და მოსაკრებლების სამინისტროს ინსპექციის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად, ბელარუსის რესპუბლიკის ქ.ბრესტის ლენინის რაიონის სასამართლოს 2021 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ვ.თ. ძე კ–ძეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის, 81 რუბლისა და 98 კაპიკის გადახდა;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე