Facebook Twitter

10 ნოემბერი, 2022 წელი,

საქმე №ას-303 -2020 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სპს „ზ-ტ-დ–ძე“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ე-პ.ჯ–ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - დარიცხული თანხის გადახდისგან გათავისუფლება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სპს „ზ-ტ-დ–ძის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან დამღღვევი) საკასაციო პრეტენზიით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მათი სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლი 18 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოსარჩელე ნაწილობრივ გათავისუფლდა სს „ე-პ.ჯ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან კომპანია) მიერ 2018 წლის 4 დეკემბრის აქტით დარიცხული თანხის გადახდისაგან და, 22 101,79 ლარის ნაცვლად, მოპასუხის სასარგებლოდ გადასახდელი თანხა - 7286 ლარით განისაზღვრა, სახელდობრ:

1.1. კასატორის მტკიცებით, საქმეში წარდგენილია 2017 წლიდან ელექტროენერგიის მოხმარების შესახებ ამონაწერი, რომლის მიხედვით არ დგინდება თვეში - 730 ლარზე მეტი ელექტროენერგიის გახარჯვის ფაქტი. მოპასუხის გაანგარიშებით კი, დანახარჯი თვეში 7000 ლარია, რაც დაუჯერებლად მაღალი რიცხვია.

1.2. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, 2018 წლის 4 დეკემბრის აქტში აღნიშნულია, რომ ელექტროენერგია უნდა დარიცხულიყო ერთი თვის მიხედვით, თუმცა გაანგარიშება განხორციელდა 91 დღეზე.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. მოსარჩელე მოპასუხის აბონენტია, ყიდულობს ელექტროენერგიას და ვალდებულია, აანაზღაუროს მიწოდებული ელექტროენერგიის საფასური. იგი მეწარმე სუბიექტია (ამუშავებს ქვას) და ელექტროენერგიას არასაყოფაცხოვრებო კატეგორიის ფარგლებში მოიხმარს.

4.4. 2018 წლის 21 ნოემბერს კომპანიის აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის აღრიცხვის ჯგუფის სპეციალისტებმა მრიცხველის მუშაობა შეამოწმეს, როდესაც აღმოჩნდა, რომ მრიცხველის გვერდის ავლით სამ ფაზაზე მიერთებული იყო ალუმინის სადენი, რომლისც A ფაზაში გადიოდა - 156,6A; B ფაზაში - 154,7A; C ფაზაში - 151,8A.

4.4.1. სამარალდარღვევის ოქმში დამრღვევი ელექტროენერგიის 5-6 საათიან უკანონო მოხმარების ფაქტზე უთითებს.

4.5. მოსარჩელის მიმართ ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების თაობაზე 2018 წლის 22 ნოემბერს აღრიცხვის ჯგუფის სპეციალისტებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის #007537 ოქმი შეადგინეს.

4.6. 2018 წლის 27 ნოემბერს მოსარჩელემ ელექტროენერგიის აღდგენის შესახებ განცხადებით მიმართა მოპასუხეს და აღნიშნა, რომ 2018 წლის 22 აგვისტოდან ოქმის შედგენამდე ელექტროენერგიას უკანონოდ მოიხმარდა.

4.7. აღრიცხვის კვანძის შემოწმების შესახებ 2018 წლის 29 ნოემბრის აქტის მიხედვით, ობიექტი დატვირთვის დროს შემოწმდა, A ფაზაში - 65 კილოვატი, B ფაზაში - 64 კილოვატი, ხოლო C ფაზაში - 63 კილოვატი გადიოდა.

4.8. 2018 წლის 4 დეკემბრის აღრიცხვის კვანძის შემოწმების #ა1/1-361-18 აქტის მიხედვით, შემოწმებისას მაქსიმალური მუშა სიმძლავრე - 192 კვტ/სთ-ია, რაც 91 დღეზე - 22101.79 ლარია.

5. დადგენილია, რომ მოსარჩელემ/აბონენტმა მრიცხველის გვერდის ავლით სამ ფაზაზე ალუმინის სადენი მიაერთა, რომლის A ფაზაში გადიოდა - 156,6A; B ფაზაში - 154,7A; C ფაზაში - 151,8A, შემოწმებისას მაქსიმალური მუშა სიმძლავრე - 192 კვტ/სთ-ი იყო, ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე მოსარჩელეს/აბონენტს აწვდის ელექტროენერგიას, შესაბამისად, მხარეთა შორის არსებობს ნასყიდობის სამართალურთიერთობა (იხ. სემეკ-ის 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილების („ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები, შემდგომში _ წესები) მე-3 მუხლი, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი), რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება, შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე) და შემდგომ ნორმებთან ერთად, წესრიგდება აბონენტთან გაფორმებული ხელშეკრულებითა და სემეკის დადგენილებით დამტკიცებული წესებით, რომლებიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს (ამ წესებში მოცემული პირობები წარმოადგენს ელექტროენერგიის ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დადგენილების მუხლი 3.3.).

6. სემეკ-ის 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილების 8.2 მუხლის მიხედვით, ელექტროენერგიის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება გამანაწილებელ ქსელზე მოწყობილობების თვითნებურად მიერთება, შეწყვეტილი ელექტროენერგიის მიწოდების თვითნებური აღდგენა, ელექტროენერგიის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ელექტროენერგიის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, ელექტროენერგიის დატაცება, მათ შორის, ელექტროენერგიის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ელექტროენერგიის მოხმარება (გარდა ამ წესებით განსაზღვრული შემთხვევებისა), იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების გამოვლენის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ამ წესების შესაბამისად ვალდებულია, შეუწყვიტოს ელექტროენერგიით მომარაგება შესაბამის მომხმარებელს. ამ შემთხვევაში, ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა შესაძლებელია მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცნობილია, რომ ამ მომხმარებლისთვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა გამოიწვევს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის გაუარესებას ან ამ მომხმარებლის არათანაზომიერად დიდ ხარჯებს, დასარიცხ ან დარიცხულ თანხასთან მიმართებაში), ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, განაწილების ლიცენზიატი ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია, შეადგინოს შესაბამისი აქტი. ნორმის მე-4 ნაწილის მიხედვით, მომხმარებლის მიერ ელექტროქსელზე ელექტროენერგიის მოწყობილობების თვითნებურად მიერთების, ელექტროენერგიის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ელექტროენერგიის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, ელექტროენერგიის დატაცების, მათ შორის, ელექტროენერგიის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ელექტროენერგიის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, ელექტროენერგიის უკანონოდ მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება. უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრა მოხდება შესაბამისი აქტის საფუძველზე,

7. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე ელექტროენერგიას მრიცხველის გვერდით ავლით მოიხმარდა, თუმცა უცნობია სადავოა ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი.

8. სემეკ-ის 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილების 30.6 „ბ“ პუნქტის მიხედვით კი, იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მაქსიმალური მუშა სიმძლავრის მიხედვით, მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხული ელექტროენერგიის რაოდენობა არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ, ნორმალური აღრიცხვის პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის საშუალო თვიურ რაოდენობაზე ნაკლები.

9. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის საგანია უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება, კერძოდ, ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების თაობაზე შედგენილი სამარალდარღვევის ოქმში, მართალია, მოსარჩელე/დამრღვევი ელექტროენერგიის 5-6 - საათიან უკანონო მოხმარების ფაქტზე უთითებდა, თუმცა ელექტროენერგიის აღდგენის შესახებ განცხადებაში აღნიშნავდა, რომ 2018 წლის 22 აგვისტოდან ოქმის შედგენამდე ელექტროენერგიას უკანონოდ მოიხმარდა.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოსარჩელის განმარტების არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივი ხასიათის გამო, შეუძლებელია ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების დაწყების ზუსტი თარიღის განსაზღვრა და მოხმარებული ელექტორენერგია სემეკ-ის 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილების 30.6 „ბ“ პუნქტის საფუძველზე უნდა გამოითვალოს.

კერძოდ, უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგია ერთთვიანი პერიოდის გათვალისწინებით მაქსიმალური მუშა სიმძლავრის საფუძველზე უნდა დაანგარიშდეს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს მართებულად დაეკისრა ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების თაობაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტით დარიცხული თანხის ნაწილის - 7 286 ლარის გადახდა.

10. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიებზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და გაანალიზების გზით დასაბუთებული და კანონიერი განჩინება მიიღო, რომლის საკასაციო წესით გასაჩივრების გზით მოპასუხემ ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები და ვერ გააქარწყლა ისინი დასაბუთებული საკასაციო შედავებით.

ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს სამართლით მოწესრიგებული ურთიერთობებიდან მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

10.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია, მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია, მხარემ მიიღოს სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

10.2. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას. მხარეებს შეუძლიათ, საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

10.3. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

10.4. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატიური მოვალეობა. მხარეები, სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალი არიან, მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებს ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება დავას.

10.5. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურსამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და, პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის წარმომშობი ყველა გარემოება, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, „სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა“, თბ., 2003, გვ.64).

11. საკასაციო სასამართლო მოპასუხე კომპანიის აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის აღრიცხვის ჯგუფის სპეციალისტების მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტის საფუძველზე, იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელე ელექტროენერგიას მრიცხველის გვერდით ავლით მოიხმარდა. ამასთან, ვერ დგინდება ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღიც, შესაბამისად მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობის გამოთვლა, სემეკ-ის 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილების 30.6 „ბ“ პუნქტის საფუძველზე დასაბუთებულია და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი გამოკვეთილი არაა.

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

14. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

16. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე პ.ზ–ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 386 ლარის (საგადახდო დავალება #4327735778, გადახდის თარიღი 08.01.2021წ), 70% - 270,2 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სპს „ზ-ტ-დ–ძის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სპს „ზ-ტ-დ–ძეს“ (ს/ნ ......) დაუბრუნდეს პ.ზ–ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 386 ლარის (საგადახდო დავალება #4327735778, გადახდის თარიღი 08.01.2021წ), 70% - 270,2 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე