საქმე №ას-1007-2022 21 დეკემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ს.ბ.
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ნ.ბ.
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება
კერძო საჩივრის დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ.ბ–ის (შემდეგში - მოპასუხე) მიმართ ს.ბ–ის (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიერ აღძრული სარჩელი, რომლითაც მოსარჩელემ სამკვიდრო მოწმობის და ჩუქების ხელშეკრულების ბათილობა, ასევე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა მოითხოვა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 ივლისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, მის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ კერძო საჩივარი წარმოადგინა, რომლითაც ამ განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.
- კერძო საჩივრის საფუძვლად ავტორი იმაზე მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების შესახებ აპელანტის წარმომადგენლის მოთხოვნა სასამართლომ კანონით დადგენილ ვადაში ვერ დააკმაყოფილა, კერძოდ, ამ გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარება 2022 წლის 13 ივნისამდე ვერ იქნა უზრუნველყოფილი, რის გამოც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება დაუსაბუთებელია.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 414-416-ე მუხლების საფუძველზე კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
6. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა.
7. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 14 დღეა. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
8. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია შემდეგი: თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია.
აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს რომ, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ:
1). გასაჩივრების უფლების მქონე პირი ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი და,
2). მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადის ფარგლებში არ მიმართავს სასამართლოს გადაწყვეტილების გადაცემის მოთხოვნით და/ან კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში არ გამოცხადდება სასამართლოში და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
გარდა ამისა, სსსკ-ის 2591-ე მუხლის შინაარსი იმაზე მიუთითებს, რომ გასაჩივრების მსურველ მხარეს აქვს არა უფლება, არამედ ვალდებულება - ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ წესიდან გამონაკლისი დადგენილია მხოლოდ სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე, პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი; მათთვის გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას სასამართლო უზრუნველყოფს ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (სსსკ-ის 2591 მუხლის მე-2 ნაწილი), თუმცა კერძო საჩივრის ავტორი საგამონაკლისო პირების აღნიშნულ ჩამონათვალს არ მიეკუთვნება.
9. ამავდროულად, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 60.2 მუხლის დანაწესზე, რომელიც აწესრიგებს გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას და რომლის თანახმადაც, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (შდრ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება Nას-1161-1106-2014).
10. მოცემულ შემთხვევაში, სადავო საკითხის სწორად გადასაწყვეტად, საყურადღებოა, საქმის მასალებით დადგენილი შემდეგი გარემოებები:
1). სააპელაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილება 2022 წლის 10 მაისს გამოცხადდა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 266, 267-279);
2). დასახელებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას აპელანტის წარმომადგენელი ე.ა–ძე ესწრებოდა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 263, 59).
3). 2022 წლის 10 ივნისს, აპელანტის წარმომადგენელი ე.ა–ძე სასამართლოში გამოცხადდა და გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება მოითხოვა (ტომი 1, ს.ფ. 282), რაც მას 2022 წლის 13 ივნისს ჩაჰბარდა (ტომი 1, ს.ფ. 283).
ამ გარემოებებიდან იკვეთება შემდეგი ფაქტობრივი მოცემულობა:
1). გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეა 2022 წლის 9 ივნისი.
2). სსსკ-ის 2591 მუხლიდან გამომდინარე, აპელანტი ვალდებული იყო, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, სასამართლოში გამოცხადებულიყო და ზემომითითებული გადაწყვეტილების ასლი ჩაებარებინა.
3) სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეს აღნიშნული საპროცესო ვალდებულება არ შეუსრულებია და ეს გარემოება მას კერძო საჩივრით არ გაუქარწყლებია (სსსკ-ის 407.2 მუხლი).
რაკი აპელანტს სსსკ-ის 2591 მუხლით დადგენილი წესი არ დაუცავს, ამიტომ მის მიმართ ამავე ნორმის ის დანაწესი ამოქმედდა, რომელიც გასაჩივრების ვადის ათვლის დასაწყისად გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს ადგენს და ამ ვადის გაგრძელებას და აღდგენას დაუშვებლად მიიჩნევს.
4) აპელანტისათვის სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა 2022 წლის 10 ივნისიდან (გადაწყვეტილების გამოცხადების 30-ე დღის მომდევნო დღიდან) დაიწყო და 2020 წლის 23 ივნისს ამოიწურა (რომელიც იყო სამუშაო დღე, ხუთშაბათი).
საქმის მასალებით დგინდება, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი სასამართლოში 2022 წლის 24 ივნისს, ე.ი. გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევით შეიტანა.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 374-ე მუხლის (სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა) საფუძველზე გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი კანონშესაბამისად დარჩა განუხილველად.
12. რაც შეეხება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მიღების შეუძლებლობის თაობაზე კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეული მხარე ვალდებულია, დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს მის მიერ მითითებული გარემოების დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით კი, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის სასამართლოს ბრალით მიღების შეუძლებლობის ფაქტი შეიძლება დადასტურდეს, სასამართლოს კანცელარიაში უფლებამოსილი პირის მიერ ჩაბარებული განცხადებით და სასამართლო მოხელის მიერ იმ გარემოების დადასტურებით, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მზად არ არის (იხ. სუსგ, №ას-1040-994-2013, 09.12.2013წ.).
12. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.ბ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
მირანდა ერემაძე
ლევან მიქაბერიძე