8 დეკემბერი, 2022 წელი,
საქმე №ას-1214 -2022 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვ. კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - ვ. და თ. შ–ბი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - ა.პ–ვა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ა.პ–ვამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა ვ., თ. შ–ისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე და მესამე მოპასუხეეები, საჩივრის ავტორები, აპელანტები ან კასატორები) და რ.ო–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე) წინააღმდეგ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამთხოვის მოთხოვნით. ის ამტკიცებდა, რომ თბილისში, ......... მდებარე #34 ბინა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება), 2018 წლის 13 დეკემბრიდან უძრავი ქონების ხელშეკრულების საფუძველზე, მისი საკუთრებაა, რომელსაც მოპასუხეები ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს.
2.1. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეებს სარჩელისა და თანდართული მასალების ასლები გაუგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში, სსსკ-ის, 70-ე-78-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული გზავნილი 2021 წლის 17 ნოემბერს ჩაჰბარდა მოპასუხეების რძალს. მოპასუხეებს შესაგებელი უნდა წარედგინათ სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. მითითებულ ვადაში მოპასუხეებს შესაგებელი არ წარუდგენიათ და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ მოუმართავთ სასამართლოსთვის.
2.2. სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 2321 მუხლზე (მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას) და აღნიშნა, ვინაიდან მოპასუხეებმა შესაგებელი არ წარადგინეს და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ არ უცნობებიათ სასამართლოსათვის, არსებობდა მათ წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა.
2.3. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 170-ე-172-ე მუხლების საფუძვლებიდან, სარჩელში მითითებული გარემოებები კი, იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას.
3. მეორე და მესამე მოპასუხეებმა საჩივარი წარადგინეს თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, მისი გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით. საჩივრის ავტორების მტკიცებით, სარჩელი თანდართული დოკუმენტებით ჩაჰბარდა კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო იზოლაციაში მყოფ რძალს, რის გამოც ვერ შეძლო მათთვის გზავნილის გადაცემა, რადგან ისინი მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობენ, ხოლო შემდგომ თავად იყვნენ სხვა კოვიდინფიცირებულის კონტაქტი და იზოლაციაში მყოფნი. გზავნილის გადაცემისას კი, უკვე გასული იყო შესაგებლის წარდგენის ვადა. ამასთან, რძალს კონვერტი არ გაუხსნია და მათთვის სარჩელის შესახებ უცნობი იყო, შესაბამისად, ვლინდება შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 მარტის განჩინებით, მოპასუხეების საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების თაობაზე უარყოფილ იქნა. შესაბამისად, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
5. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
6.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ წერილობითი შესაგებლის წარსადგენად მოპასუხეებს განსაზღვრული ჰქონდათ 10 დღის ვადა, მაგრამ ზემოაღნიშნულ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენიათ და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებიათ სასამართლოსთვის.
6.2. საკასაციო პალატის დასკვნით, რეგლამენტირებული „საპატიო მიზეზის“ მტკიცების ტვირთი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 102–ე მუხლის თანახმად, მოპასუხეებს ეკისრებოდათ, რომელთაც ვერ დაადასტურეს შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის არსებობა. შესაბამისად, არ არსებობდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი.
7. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მეორე და მესამე მოპასუხეებმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით იმ საფუძვლით, რომ არსებობდა შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სსსკ-ის 2321 მუხლის შესაბამისად მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმება.
12. სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.
13. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წინამდებარე შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია არასაპატიო მიზეზით შესაგებლის წარუდგენლობის გამო (სსსკ-ის 2321-ე მუხლი), როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის ვლინდებოდა ყველა კანონისმიერი წინაპირობა. სსსკ-ის 2321 მუხლის თანახმად, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოპასუხე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას სარჩელი და თანდართული მასალები დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული და ამომწურავად განმარტებული - 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგები; მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ეს ფაქტობრივი წინაპირობები განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა კი, ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა მოთხოვნას იურიდიული თვალსაზრისით. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მარეგულირებელ მატერიალურსამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება ქმნის თუ არა მოთხოვნის მომწესრიგებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2016 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-121-117-2016).
14. კასატორები დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ საპატიო მიზეზით ვერ შეძლეს შესაგებლის წარდგენა, კერძოდ, სარჩელი თანდართული დოკუმენტებით ჩაჰბარდა კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო იზოლაციაში მყოფ რძალს, ხოლო შემდგომ თავად იყვნენ სხვა პირის კონტაქტები და იმყოფებოდნენ იზოლაციაში, რის გამოც დროულად ვერ შეძლეს გზავნილის ჩაბარება.
14.1. კასატორების ამ მსჯელობას საკასაციო სასამართლო უარყოფს და მათ ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 215.3 მუხლზე, რომელიც ადგენს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება, მიჩნეულ იქნეს შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად, კერძოდ, ასეთად შეიძლება, ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მითითებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარეს შეუძლია, გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.
14.2. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარდგენილი მოპასუხეების რძლის კონტაქტის - ლ.ლ–ას კოვიდ პასპორტით დგინდება, რომ მას ვირუსი 2021 წლის 3 ნოემბერს დაუდასტურდა. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ თანახმად კი, COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირები 12 - დღიან იზოლაციას ექვემდებარებოდნენ, რომლის დარღვევა შესაბამის პასუხისმგებლობას იწვევდა, შესაბამისად, მოპასუხეების რძლის მიერ სასამართლო გზავნილის ჩაბარებისას - 2012 წლის 17 ნოემბერს - იზოლაციის ვადა ამოწურული იყო, ხოლო იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ამ უკანასკნელს კოვიდინფიცირებულთან ვირუსის დადასტურებიდან ერთი კვირის შემდეგ, (რაც დამრღვევის პასუხისმგებლობის საფუძველია) ჰქონდა კონტაქტი, საქმეში არ წარდგენილა. კასატორებს არც იმის დამადასტურებელი მტკიცებულება წარუდგენიათ, რომ თავადაც იყვნენ სხვა კოვიდინფიცირებული პირის კონტაქტი და იზოლაციაში იმყოფებოდნენ, აღნიშნულის დასადასტურებლად კი, მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება საკასაციო პალატას საკმარისად არ მიაჩნია.
15. უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172.1 მუხლი.
15.1. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
15.2 სადავო უძრავი ქონება მოსარჩელის საკუთრებაა, რომელსაც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოპასუხეები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად განმარტა სსსკ-ის 230.1 (თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება) მუხლი და მართებულად მიიჩნია დამტკიცებულად სარჩელში მითითებული ზემოხსენებული გარემოებები, ვინაიდან ასეთი დასკვნა პირდაპირ გამომდინარეობს ხსენებული ნორმის შინაარსიდან, კერძოდ,
15.3. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ნივთის გამოთხოვა, სსკ-ის 168-ე (მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას), 170-ე (მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას) და 172-ე (მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება), მუხლებიდან გამომდინარეობს.
16. საკასაციო სასამართლო, დამატებით განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, სასამართლო დავების სწორად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე ან არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (შესაგებლის წარდგენა), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს. ასეთ შემთხვევაში, საქმის განხილვის დროს მტკიცებულებები არ გამოიკვლევა, არამედ კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და, თუ მათი ერთობლიობა ქმნის იმ სამართლებრივ შედეგს, რომლის მიღებაც მოსარჩელეს სურს, საქმის განმხილველი სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.
17. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ, მოპასუხეებმა, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს თავიანთი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზი და, შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების წინაპირობები, სრულადაა გასაზიარებელი.
18. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
20. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ვ. შ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 200 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 16.09.2022წ), 70% - 140 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. და თ. შ–ბის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ვ. (პ/ნ .......) და თ. (პ/ნ .........) შ–ბს დაუბრუნდეს ვ. შ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 200 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 16.09.2022წ), 70% - 140 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვ. კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე