საქმე №ას-40-2020 20 იანვარი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ვ.მ–კი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - მ.პ–ა
კერძო საჩივრის ავტორი - მ.პ–ა
მოწინააღმდეგე მხარე - ვ.მ–კი
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორთა მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
კერძო საჩივრის დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ვ.მ–კმა (შემდეგში - მოსარჩელე) ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა დ.ც–ას (შემდეგში - წინამორბედი მოპასუხე) წინააღმდეგ, რომლითაც წინამორბედ მოპასუხესა და ამ უკანასკნელს, როგორც ლ.მ–ის (შემდეგში - მამკვიდრებელი) მინდობილ პირს შორის 2010 წლის 22 ოქტომბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებისა (შემდეგში - ნასყიდობის ხელშეკრულება ან სადავო ხელშეკრულება), 2010 წლის 10 თებერვალს ლ.მ–ის მიერ წინამორბედ მოპასუხეზე გაცემული მინდობილობისა (შემდეგში - სადავო მინდობილობა) და 2018 წლის 11 აპრილს გაცემული სამკვიდრო მოწმობის (შემდეგში - სამკვიდრო მოწმობა) ბათილად ცნობა მოითხოვა.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინებით წინამორბედი მოპასუხის გარდაცვალების გამო უფლებამონაცვლის დადგენამდე საქმის წარმოება შეჩერდა, ხოლო 2018 წლის 21 მაისის განჩინებით საქმეზე მოპასუხეებად წინამორბედი მოპასუხის მემკვიდრეები - მ.პ–ა (შემდეგში: პირველი უფლებამონაცვლე, პირველი მოპასუხე, აპელანტი) და მ.ც–ა (შემდეგში - მეორე უფლებამონაცვლე ან მეორე მოპასუხე) ჩაებნენ.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება და სამკვიდრო მოწმობა ბათილად იქნა ცნობილი.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით მ.ც–ას სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის განჩინებით მ.პ–ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ვ.მ–კის სარჩელი დარჩა განუხილველი.
6.1. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველი სარჩელი აღიარებითი ხასიათისაა. მოსარჩელემ მოითხოვა მამკვიდრებლის საკუთრებაში აღრიცხულ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების, სამკვიდრო მოწმობისა და სადავო მინდობილობის ბათილად ცნობა, თუმცა არ მოუთხოვია ამავე ქონებაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა. ამასთან, მოსარჩელის წარმოადგენელმა დაადასტურა, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებშიც მათი ინტერესი ლეგიტიმური და მიღწევადია.
6.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა; აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ უკვე შესაძლებელია აღიძრას მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელი; აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის ეს უკანასკნელი კრიტერიუმი განპირობებულია საპროცესო ეკონომიისა და სწრაფი მართლმსაჯულების ინტერესებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული ერთი დავის ფარგლებში რამდენიმე სარჩელის აღძვრა.
6.3. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმის თაობაზე, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებშიც მისი ინტერესი მიღწევადი იყო, რადგან მოსარჩელის სასარგებლოდ დავის გადაწყვეტის მატერიალურსამართლებრივი შედეგი, რაც სადავო უძრავ ქონებაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობაში მდგომარეობდა, მხოლოდ აღიარებითი სარჩელის პირობებში ვერ მიიღწეოდა.
6.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 372-ე, 385-ე, 393.3 მუხლებით, ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნტითა და 187.2 მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი.
7. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ერთი მხრივ, მოსარჩელემ, ხოლო, მეორე მხრივ, პირველმა მოპასუხემ.
7.1. კერძო საჩივარში მოსარჩელე მცდარად მიიჩნევს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სამართლებრივი შედეგი ვერ მიიღწევა.
7.2. რაც შეეხება პირველი მოპასუხის კერძო საჩივრის დასაბუთებას, მასში მითითებულია, რომ დავის საგნის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო სააპელაციო სასამართლოს სარჩელი განუხილველად კი არ უნდა დაეტოვებინა, არამედ მის დაკმაყოფილებაზე არსებითად უარი უნდა ეთქვა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 4 თებერვლისა და 2019 წლის 6 მარტის განჩინებებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე მოსარჩელისა და პირველი მოპასუხის კერძო საჩივრები მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივრები დაუსაბუთებელია, შესაბამისად, ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
9. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორთა არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მათ დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენიათ.
10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესი, რაც, სსსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთი წინაპირობაა.
11. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას აღიარებითი სარჩელის განხილვისას იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და, აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება, დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს, ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიურია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე # ას-664-635-2016, 02.03.2017წ; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: # ას-437-409-17 29.09.17, #-ას 916—857-17 12.09.17, #ას-302-285-17, 16.06.17, #ას-244-232-17 19.05,17 #ას-937-887-2015, 10.11.2015წ.; # ას- 17-14-2015, 01.07.2015წ.; # ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; # ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; # ას- 773-730-2015, 08.09.205წ.; # ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; # ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; # ას- 323-308, 2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.6.2016წ; # ას-375-359-2016, 17.06.2016წ.)
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის სახეებად დაყოფა (მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი) პრაქტიკული მნიშვნელობისაა და უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას. როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ.), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, პროცესის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელი არ იყო დასაშვები, რადგანაც ის არ პასუხობდა სსსკ-ის 178-ე მუხლის მოთხოვნებს. ამ ნორმის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში უნდა ყოფილიყო აღნიშნული სსსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი.
„სსსკ-ის 180-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელი შემდეგი კრიტერიუმები: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად, მხარე სრულად გარკვეულ შედეგს უნდა იღებდეს, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა... (შდრ.სუსგ # ას-838-802-2014, 19.03.2015წ.).
13. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, მამკვიდრებლის საკუთრებაში აღრიცხულ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების, სამკვიდრო მოწმობისა და სადავო მინდობილობის ბათილად ცნობა მოსარჩელე მხარის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება, ვინაიდან მის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში მიკუთვნებითი ხასიათის სასარჩელო მოთხოვნა წარმოდგენილი არ იქნა; ხოლო სასამართლო მოკლებულია უფლებამოსილებას, საკუთარი ინიციატივით მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია (სსსკ-ის 248-ე მუხლი). ამასთან, სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, მიკუთვნებითი ხასიათის მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელი და აუცილებელიც კი იყო.
14. აქვე საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას გაამახვილებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციაზე, რომლის მე-6 მუხლით მოწესრიგებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი.
კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულება არ უნდა ხორციელდებოდეს ფორმალურად არამედ სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტურ და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება (შდრ. სუსგ №ას-302-285-2017, 16.06.2017).
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია, რომლის წინააღმდეგაც არ არის წარმოდგენილი სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული შედავება.
16. რაც შეეხება პირველი აპელანტის პოზიციას იმის თაობაზე, რომ დავის საგნის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო სააპელაციო სასამართლოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვა, ნაცვლად სარჩელის განუხილველად დატოვებისა, საკასაციო პალატა აღნიშნულს ვერ გაიზიარებს, რასაც შემდეგი არგუმენტით ასაბუთებს:
იურიდიული ინტერესის არარსებობის პირობებში აღიარებითი სარჩელის განუხილველად დატოვება მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. ასეთ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სსსკ-ის 399-ე, 372-ე მუხლებითა და 187.2 მუხლით, რომლის თანახმადაც, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმისწარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).
მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და მასში ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზეა საუბარი, თუმცა ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც, დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის 7.2 მუხლი) მაშინ, როდესაც იკვეთება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა. მოცემულ საქმეში ასეთი შემთხვევა ისაა, რომ მოსარჩელეს სადავო ხელშეკრულების, მინდობილობისა და სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესი არ აქვს, რაც მისი აღიარებითი სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველია (შდრ. იხ. სუსგ №ას-551-522-2015, 14 აგვისტო, 2015 წელი).
17. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
18. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ.მ–კის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მ.პ–ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის განჩინება;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
მირანდა ერემაძე
ლევან მიქაბერიძე