Facebook Twitter

საქმე №ას-971-2022 30 იანვარი, 2023 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – ც.კ–ას უფლებამონაცვლე მ.კ–ი, ნ.გ–ძე, ვ.ბ–ძე, ე.ჩ–ძე (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.ბ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ამხანაგობის წევრობის შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით ც.კ–ას, ნ.გ–ძის, ვ.ბ–ძის, ი.გ–ეს და ე.ჩ–ძის სარჩელი მოპასუხეების ი.ბ–ძის, მ.ქ–ძის, ს.ქ–ძის, რ.ფ–ძის, დ.თ–ძის, ს.ბ–ძის, ი.გ–ძის, ბ.გ–ძის, თ.გ–ძის, გ.დ–ძის, ლ.მ–ძის, ა.ნ–ძის, ნ.ა–ძის და ხ.ი–ძის მიმართ, ამხანაგობის წევრობის შეწყვეტის თაობაზე, დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ი.ბ–ძემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 10 მარტის განჩინებით, ც.კ–ას და ი.გ–ეს გარდაცვალების გამო შეჩერდა სამოქალაქო საქმის წარმოება, უფლებამონაცვლის დადგენამდე 8 თვის ვადით -2020 წლის 10 ნოემბრამდე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 4 თებერვლის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით, ც.კ–ას უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მ.კ–ი, ხოლო ი.გ–ეს სარჩელი დარჩა განუხილველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 აგვისტოს განჩინებით კასატორებს დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ მათი მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი ან ე.მ–ძისთვის მინიჭებული მინდობილობა, 300 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის თანახმად შედგენილი დაზუსტებული საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლებისა (კასაციის მიზეზები) და კასაციის განაცხადის მითითებით და მისი ელექტორნული ვერსია.

საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ განჩინება ც.კ–ას უფლებამონაცვლე მ.კ–ის წარმომადგენელს ე.მ–ძეს ჩაბარდა, 2022 წლის 5 დეკემბერს. ნ.გ–ძეს, ვ.ბ–ძეს და ე.ჩ–ძეს, აღნიშნული განჩინება გაეგზავნათ ორჯერ, მათ მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, თუმცა ვერ ჩაბარდათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 აგვისტოს განჩინებით კასატორებს დაევალათ, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ მათი მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი ან ე.მ–ძისთვის მინიჭებული მინდობილობა, 300 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის თანახმად შედგენილი დაზუსტებული საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლებისა (კასაციის მიზეზები) და კასაციის განაცხადის მითითებით და მისი ელექტორნული ვერსია.

საქმეში არსებული 2022 წლის 15 აგვისტოს და 6 ოქტომბრის უკუგზავნილებით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინების ასლი კასატორებს ნ.გ–ძეს, ვ.ბ–ძეს და ე.ჩ–ძეს, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნათ ორჯერ თუმცა ვერ ჩაბარდათ, ვინაიდან კურიერის მითითებით მისამართი არასრულია. ხოლო მ.კ–ის წარმომადგენელს ე.მ–ძეს, აღნიშნული განჩინება ჩაბარდა, 2022 წლის 5 დეკემბერს, თუმცა მას განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ.გ–ძის, ვ.ბ–ძის და ე.ჩ–ძის ნაწილში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მეორე ქვეპუნქტის თანახმად, თუ მხარეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ხოლო ც.კ–ას უფლებამონაცვლე მ.კ–ის ნაწილში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2022 წლის 6 დეკემბერს და ამოიწურა 2022 წლის 12 დეკემბერს (ორშაბათი). ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2022 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე, 73-ე, 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 399-ე, 408.3-ე, 63-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ც.კ–ას უფლებამონაცვლე მ.კ–ის, ნ.გ–ძის, ვ.ბ–ძის და ე.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი