Facebook Twitter

საქმე Nას-299-2022

11 ივლისი 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

I კასატორი - მ.ჟ–ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (მოპასუხე)

II კასატორი - სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.ჟ–ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილება

I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1 მ.ჟ–ამ (შემდეგში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე“, „I კასატორი”) სარჩელი აღძრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდეგში მოხსენიებული, როგორც „მოწინააღმდეგე მხარე“, „აპელანტი“, „II კასატორი“) მიმართ და მოითხოვა ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

2. სარჩელის საფუძვლები

2.1 მოსარჩელე 2009 წლიდან დასაქმებული იყო სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, სადაც იკავებდა სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებს. 2015 წლიდან მოსარჩელე დაინიშნა ცენტრის სტრატეგიული განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

2.2 2019 წელს დაიწყო ცენტრის რეორგანიზაცია. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 28 ოქტომბრის N215/ნ ბრძანებით დამტკიცდა ცენტრის ახალი დებულება, სადაც გაწერილი იქნა ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ფუნქცია-მოვალეობები და ამით დასრულდა რეორგანიზაციის პროცესი. ახალი დებულებით ცვლილება შეეხო მოსარჩელის სამსახურს, რომელიც გადაკეთდა სტრატეგიული კომუნიკაციის და ინტერნაციონალიზაციის სამსახურად. მოსარჩელის ფუნქციებს გამოაკლდა რამდენიმე ფუნქცია და მიემატა ფუნქციები საზოგადოებასთან სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით, რისი გამოცდილებაც და ცოდნაც, მოსარჩელეს გააჩნდა.

2.3 2019 წლის 31 ოქტომბერს მოსარჩელეს წერილობით შესთავაზეს მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე რანგირებით უფრო დაბალი თანამდებობა, კერძოდ, სტრატეგიული კომუნიკაციის და ინტერნაციონალიზაციის სამმართველოს უფროსის პოზიცია. რაზეც მოსარჩელემ უარი განაცხადა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ რეორგანიზაციის შედეგად წარმოიქმნა ახალი საშტატო ერთეული - ცენტრის სტრატეგიული კომუნიკაციის და ინტერნაციონალიზაციის სამსახურის უფროსის თანამდებობა, რომელიც შეესაბამებოდა მოსარჩელის მიერ რეორგანიზაციამდე დაკავებულ თანამდებობას. მოპასუხემ არ შესთავაზა მოსარჩელეს მითითებული თანამდებობა, მიუხედავად იმისა, რომ იგი იყო ვაკანტური. მოსარჩელე 5 ოქტომბრამდე ცხადდებოდა სამსახურში, სანამ არ ჩაბარდა ცენტრის დირექტორის 4 ოქტომბრის ბრძანება N223/კ, 30 ოქტომბრიდან მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.

2.4 ცენტრში რამდენიმე თვეში განხორციელდა მეორე რეორგანიზაცია, რის შედეგადაც გაუქმდა ცენტრის სტრატეგიული კომუნიკაციისა და ინტერნაციონალიზაციის სამსახურის უფროსის თანამდებობა და შეიქმნა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დაგეგმვის, კვლევისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის თანამდებობა, რომელიც წარმოადგენს, რეორგანიზაციამდე მოსარჩელის მიერ დაკავებილი თანამდებობის ტოლფას თანამდებობას.

3. მოპასუხის პოზიცია

3.1 მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი. ცენტრში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, არსებულისგან განსხვავებულად ჩამოყალიბდა ცენტრის სტრუქტურა. რეორგანიზაციის შედეგად, ძირეული ცვლილება შეეხო რამდენიმე სტრუქტურულ ერთეულს, განსხვავებულად ჩამოყალიბდა მათი ფუნქციები, შეეცვალათ სახელწოდებები და შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეულები. აღნიშნულ პროცესში მოექცა ცენტრის სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურიც, სადაც მოსარჩელეს ეკავა სამსახურის უფროსის პოზიცია. კერძოდ, აღნიშნული სამსახური ,,სტრატეგიული განვითარების და ინტერნაციონალიზაციის სამმართველოს“ სახით ინტეგრირდა ახლადშექმნილ სტრატეგიული კომუნიკაციისა და ინტერნაციონალიზაციის სამსახურში. შესაბამისად, ეს უკანასკნელი წარმოადგენს ცენტრის ყოფილი სტრატეგიული განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საორგანიზაციო სამმართველოს შერწყმის შედეგად წარმოქმნილ სტრუქტურულ ერთეულს. ამდენად, ცვლილებების შემდგომ ჩამოყალიბებული სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილებები ბევრად ფართოა ვიდრე ცვლილებებამდე არსებული ორი სხვა სტრუქტურული ერთეულისა, რომელიც ამ სამსახურის შემადგენელი ნაწილებია. შესაბამისად, ცვლილებების შემდგომ აღარ არსებობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის სახით ის სამსახური, რომელსაც მოსარჩელე ხელმძღვანელობდა.

3.2 ამასთან, ახალი დებულების თანახმად, სტრატეგიული კომუნიკაციისა და ინტერნაციონალიზაციის სამსახური შედგება ორი სტრუქტურული ქვედანაყოფისგან: ა) სტრატეგიული განვითარების და ინტერნაციონალიზაციის სამმართველოსა და ბ) სტრატეგიული კომუნიკაციის სამმართველოსაგან, რომელიც ჯამში მოიცავდა 5 საშტატო ერთეულს. ძველი დებულებით, სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში ასევე 5 შტატი იყო გათვალისწინებული. ახლადშექმნილ სამსახურში ინტეგრირებულ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საორგანიზაციო სამმართველოში, რომელიც ძველი დებულებით წარმოადგენდა ცალკე სტრუქტურულ ერთეულს, გათვალისწინებული იყო ერთი სამმართველოს უფროსისა და ერთი კოორდინატორის თანამდებობა. ანუ ჯამში, რეორგანიზაციამდე სამსახურსა და ცალკე არსებულ სამმართველოში გათვალისწინებული იყო 7 შტატი, რაც ხუთამდე შემცირდა რეორგანიზაციის შედეგად.

3.3 ცენტრმა 2019 წლის 31 ოქტომბერს მ.ჟ–ას შესთავაზა სტრატეგიული განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციის სამმართველოს უფროსის თანამდებობა. მოსარჩელემ ცენტრს აცნობა, რომ იგი არ იყო თანახმა მიეღო შემოთავაზებული წინადადება. მოპასუხემ მიიღო მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ.ჟ–ას სარჩელი. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2019 წლის 4 ნოემბრის ბრძანება N223/კ მ.ჟ–ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მ.ჟ–ას სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით, 28 000 ლარის გადახდა.

4.5 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, როგორც მოსარჩელემ, ასევე მოპასუხემ.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებით მ.ჟ–ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაცვლად, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მ.ჟ–ას სასარგებლოდ

დაეკისრა კომპენსაცია 50 400 ლარის ოდენობით (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით), დანარჩენ ნაწილში მ.ჟ–ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

5.2 სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

5.3 სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.4 მოსარჩელე 2009 წლიდან დასაქმებული იყო სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. იგი იკავებდა სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებს. 2015 წლის 31 ივლისის N129/კ ბრძანებით მ.ჟ–ა დაინიშნა ცენტრის ორგანიზაციული განვითარების სამსახურის უფროსის პოზიციაზე, ხოლო 2017 წლის 03 იანვრის N06/კ ბრძანების საფუძველზე მოსარჩელე დაინიშნა ცენტრის სტრატეგიული განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად, 2017 წლის 31 მარტის N94/კ ბრძანებით იგი დაინიშნა ცენტრის სტრატეგიული განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების

სამსახურის უფროსის თანამდებობაზე და მისი შრომითი ანაზღაურება შეადგენდა ყოველთვიურად 2800 ლარს (დასაბეგრი თანხა).

5.5 ცენტრის დირექტორის 2019 წლის 22 აპრილის N290/ი ბრძანების საფუძველზე, ცენტრში განხორციელდა რეორგანიზაცია. რეორგანიზაციის შედეგად სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთერთობების სამსახური გაუქმდა და ინტეგრირდა სტრატეგიული კომუნიკაციისა და ინტერნაციონალიზაციის სამსახურში. კერძოდ, აღნიშნული სამსახური შეიქმნა სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთერთობების სამსახურისა და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საორგანიზაციო სამმართველოს შერწყმის შედეგად. თავის მხრივ, თავად სტრატეგიული კომუნიკაციისა და ინტერნაციონალიზაციის სამსახური, რეორგანიზაციის შედეგად დაიყო სტრატეგიული განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციის სამმართველოდ და სტრატეგიული კომუნიკაციის სამმართველოდ.

5.6 სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის 2019 წლის 4 ოქტომბრის N223/კ ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელე 2019 წლის 30 ოქტომბრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ცენტრში ჩატარებული რეორგანიზაციის საფუძვლით და მიეცა კომპენსაცია ორი თვის შრომითი ანაზღაურების ოდენობით.

5.7 2019 წლის 31 ოქტომბერს მოსარჩელეს წერილობით შესთავაზეს სტრატეგიული კომუნიკაციის და ინტერნაციონალიზაციის სამმართველოს უფროსის პოზიცია, რაზეც მოსარჩელემ უარი განაცხადა.

5.8 სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2020 წლის 18 თებერვლის ბრძანების შესაბამისად, საქმიანობის ეფექტურობისა და ეფექტიანობის გაზრდის უზრუნველყოფის მიზნით ცენტრში დამატებით გამოცხადდა რეორგანიზაცია.

5.9 2020 წლის 17 ივლისის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის N82/ნ ბრძანებით დამტკიცდა ცენტრის ახალი დებულება, რომლითაც ცენტრში კვლავ განხორციელდა ცვლილებები, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ახალი სტრუქტურული ერთეული - ,,დაგეგმვის, კვლევისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური’’.

5.10 პალატის შეფასებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ,,დაგეგმვის, კვლევისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის’’ უფროსის თანამდებობა წარმოადგენს მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებულ ,,სტრატეგიული განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის’’ უფროსის თანამდებობის ტოლფას თანამდებობას.

5.11 „დაგეგმვის, კვლევისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის’’ უფროსის თანამდებობა კონკურსის საფუძველზე ათვისებული იქნა სხვა პირის მიერ, შესაბამისად, მითითებული პოზიცია არ იყო ვაკანტური.

5.12 პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე ორგანიზაციაში დაახლოებით 8 თვის შუალედში განხორციელდა ორი რეორგანიზაცია. პირველი რეორგანიზაციის შემდგომ, გაუქმდა მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიცია და კონკრეტული სამსახური გაერთიანდა სხვა ახლად შექმნილი სტრუქტურული დანაყოფის ფარგლებში, ხოლო მეორე რეორგანიზაციის საფუძველზე, განხორციელებული ცვლილებით, რომელიც უშუალოდ მოსარჩელეს შეეხო, კვლავ შეიცვალა და შეიქმნა ახალი სტურქტურა, რომლის ფუნქცია-მოვალეობებიც არსებითად

მსგავსია მ.ჟ–ას მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული პოზიციისა.

5.13 პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ რეორგანიზაციამდე, მოსარჩელე იკავებდა სამსახურის უფროსის თანამდებობას, ხოლო რეორგანიზაციის შემდგომ, მისი სამსახური, ინტეგრირდა ახალ სამსახურში, რომელიც შედგებოდა 2 მის დაქვემდებარებაში მყოფი სამმართველოსგან. სწორედ აღნიშნული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის თანამდებობა იქნა შეთავაზებული მოსარჩელისთვის, მაშინ როდესაც აღნიშნული სამმართველოების ზემდგომი სამსახურის უფროსის ადგილი, რომელიც რეალურად მოსარჩელის მიერ რეორგანიზაციამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფასი თანამდებობა იყო, მოსარჩელეს არ შესთავაზეს. ის გარემოება, რომ მოსარჩელისთვის შეთავაზებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული განვითარების და ინტერნაციონალიზაციის სამმართველოს უფროსის თანამდებობა, არ წარმოადგენს მოსარჩელის მიერ რეორგანიზაციამდე დაკავებული სტრატეგიული განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის თანამდებობის ტოლფას თანამდებობას, გარდა სუბორდინაციული განსხვავებისა, ასევე დასტურდება იმითაც, რომ აღნიშნული თანამდებობები არსებითად განსხვავდება შრომითი ანაზღაურების თვალსაზრისითაც. კერძოდ, მოსარჩელე რეორგანიზაციამდე იკავებდა სამსახურის უფროსის თანამდებობას, სადაც მისი შრომით ანაზღაურება წარმოადგენდა ყოველთვიურად 2800 ლარს, ხოლო მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის შეთავაზებულ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული განვითარების და ინტერნაციონალიზაციის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე, შრომითი ანაზღაურება შეადგენდა ყოველთვიურად 2200 ლარს, რაც დასტურდება თავად მოპასუხის განმარტებითაც.

5.14 ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება მასზედ, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული განვითარების და ინტერნაციონალიზაციის სამმართველოს უფროსის თანამდებობა, არ წარმოადგენდა სტრატეგიული განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის თანამდებობის ტოლფას თანამდებობას და მოპასუხე ორგანიზაციის მიერ შეთავაზება სხვა პოზიციაზე გადანიშვნასთან მიმართებით ვერ მიიჩნევა რელევანტურ წინადადებად, ვინაიდან არ დგინდება, რომ დამსაქმებელი რეალურად დაინტერესებული იყო შეენარჩუნებინა მ.ჟ–ასთან შრომითი ურთიერთობა და მისთვის შეეთავაზებინა არსებული ტოლფასი პოზიცია.

5.15 პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლო ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით თავად განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას. კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ეს არის პასუხისმგებლობის ზომა, რაც ეკისრება დამსაქმებელს მუშაკის უკანონოდ დათხოვნისათვის და მანვე (კომპენსაციის ოდენობამ) უნდა უზრუნველყოს დასაქმებულის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნა, რითაც კომპენსაცია განსხვავდება ზიანის ანაზღაურებისას პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაგან.

პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია, მოსარჩელის უფლებებში რესტიტუციის მიზნით, მოპასუხეს კომპენსაციის სახით დაკისრებოდა 18 თვის მისაღები თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, კომპენსაცია - 50 400 ლარი (2800x18).

5.16 პალატამ, უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოსაზრება, რომ მოცემული დავის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს შრომის კოდექსის მოქმედი რედაქციის 48-ე მუხლის მე-9 ნაწილი, რომლითაც იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესაძლებლობა გათვალისწინებულია არა მხოლოდ სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, არამედ კომპენსაციის მიკუთვნების პირობებშიც.

5.17 პალატამ სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაცვლად, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მ.ჟ–ას სასარგებლოდ დააკისრა კომპენსაცია 50 400 ლარის ოდენობით.

5.18 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ.ჟ–ამ და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა.

6. I კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები

6.1 მ.ჟ–ა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას მოითხოვს.

6.2 კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ კომპენსაცია უნდა მოიცავდეს დამატებით რესტიტუციას იმისას, რომ თანამდებობაზე აღდგენილი პირისგან განსხვავებით, მ.ჟ–ა მის უფლებაში ვერ აღდგება თანამდებობის არავაკანტურობის გამო და შესაბამისად, მისი უფლებები შესადარებელ ჯგუფთან შედარებით გაცილებით შელახულია.

7. II კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები

7.1 კასატორი - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

7.2 კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის თაობაზე, რომ ცენტრის ცენტრის სტრატეგიული განვითარების და ინტერნაციონალიზაციის სამმართველოს უფროსის თანამდებობა არ წარმოადგენს მოსარჩელის მიერ რეორგანიზაციამდე დაკავებული სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის თანამდებობის ტოლფას თანამდებობას.

7.3 კასატორი განმარტავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად, ძირეული ცვლილება შეეხო რამდენიმე სტრუქტურულ ერთეულს: განსხვავებულად ჩამოყალიბდა მათი ფუნქციები, შეეცვალათ სახელწოდებები და მეტიც, შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეულებიც. აღნიშნულ პროცესში მოექცა ცენტრის სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების (ძველი რედაქციით) სამსახურიც, სადაც მოსარჩელეს ეკავა სამსახურის უფროსის პოზიცია. კერძოდ, აღნიშნული სამსახური „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის N89/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის მიხედვით „სტრატეგიული განვითარების და ინტერნაზიონალიზაციის სამმართველოს“ სახით ინტეგრირდა ახლადშექმნილ სტრატეგიული კომუნიკაციისა და ინტერნაციონალიზაციის სამსახურში. შესაბამისად, ეს უკანასკნელი წარმოადგენდა ცენტრის ყოფილი სტრატეგიული განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საორგანიზაციო სამმართველოს შერწყმის შედეგად წარმოქმნილ სტრუქტურულ ერთეულს. ამდენად, ცვლილებების შემდგომ ჩამოყალიბებული სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილებები ბევრად ფართო იყო ვიდრე ცვლილებებამდე არსებული ორი სხვა სტრუქტურული ერთეულის, რომელიც აღნიშნული სამსახურის შემადგენელი ნაწილები იყო. შესაბამისად ცვლილებების შემდგომ აღარ არსებობდა პირველადი სტრუქტურული ერთეულის სახით ის სამსახური, რომელსაც მოსარჩელე ხელმძღვანელობდა.

7.4 კასატორი აცხადებს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად (რეორგანიზაციის ფარგლებში) გახდა ახლადშექმნილი სამსახურის უფროსის პოზიცია ვაკანტური და საკონკურსო. კონკურსის გამოცხადების შედეგად კი სამსახურის უფროსის პოზიციის დაკავება ხორციელდება არა იმის გათვალისწინებით, ან/და კონკრეტული პირის მიჩნევით (კერძო ინტერესით) რომ იგი იმიტომ შეძლებს გაუწიოს ხელმძღვანელობა ამა თუ იმ სტრუქტურულ ერთეულს, რომ გამოცდილება და ცოდნა გააჩნია, არამედ პირი უნდა გამოვლინდეს სწორედ კონკურსის შედეგად, სადაც კონკურსის მსურველ პირებს თანაბრად მიეცემათ შესაძლებლობა (მათ შორის მოსარჩელესაც) ცენტრის მიერ დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში გამოავლინონ კონკრეტული პოზიციის დასაკავებლად საჭირო ცოდნაც და გამოცდილებაც.

7.5 კასატორის მტკიცებით, პალატამ ცენტრს უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად გაუუარესა მდგომარეობა, არ დაიცვა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი და მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით დააკისრა 50 400 ლარის ანაზღაურება. აღნიშნულზე განმარტა, რომ „კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ეს არის პასუხისმგებლობის ზომა, რაც ეკისრება დამსაქმებელს მუშაკის უკანონოდ დათხოვნისათვის და მანვე (კომპენსაციის ოდენობამ) უნდა უზრუნველყოს დასაქმებულის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნა, რითაც კომპენსაცია განსხვავდება ზიანის ანაზღაურებისას პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაგან. ამასთან, კომპენსაციის განსაზღვრისას ზემოხსენებულ კრიტერიუმებთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია, რომ კომპენსაცია გაცილებით მეტიც იყოს, ვიდრე იძულებითი განაცდური, რომელიც დასაქმებულის პირვანდელ ან ტოლფას სამუშაოზე აღდგენის თანმდევი შედეგია. აღნიშნული იმითაა განპირობებული, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით დასაქმებულის გათავისუფლების უკანონოდ (არამართლზომიერად) ცნობის შემთხვევაში, თუკი ვერ ხდება მისი პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა - დაკავებულ ან მის ტოლფას პოზიციაზე, კომპენსაცია გაიცემა სამუშაოზე აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, რომელიც შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს, ვიდრე სამუშაოზე აღდგენის შემთხვევაში დამსაქმებლისათვის დაკისრებული იძულებითი განაცდური, რადგან ასეთ ვითარებაში ყოფილი დასაქმებულის ნაწილობრივი უფლებრივი რესტიტუცია ხდება. ამასთან არამხოლოდ კონკრეტული დამსაქმებლისათვის, არამედ ზოგადად შრომით ბაზარზე ერთგვარი „სანქციის“ სახესაც უნდა ატარებდეს დამსაქმებლისათვის დაკისრებული კომპენსაცია იმ კონტექსტში, რომ მომავალში არიდებულ იქნეს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერად შეწყვეტის შემთხვევები“. პალატის ზემოაღნიშნული მსჯელობა მოცემულ შემთხვევაში დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, რადგანაც მის მიერ არ იქნა სათანადოდ შესწავლილი და გათვალისწინებული, ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ცენტრმა მოსარჩელეს შესთავაზა ფუნქცია-მოვალეობების გათვალისწინებით შესაბამისი თანამდებობა, რაზეც მ.ჟ–ამ წერილობითი უარი განაცხადა. რომ არა მოსარჩელის მიერ დაწუნებული თანამდებობა და მისი უარი მასთან არ შეწყდებოდა შრომითი ხელშეკრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ მასზე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შესაბამისად გაიცემოდა შრომითი ანაზღაურებაც.

7.6 კასატორის განმარტებით, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა მართლზომიერად, შესაბამისად, არ არსებობდა მ.ჟ–ასათვის კომპენსაციის ცენტრისათვის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

8. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 08 აპრილის განჩინებით მ.ჟ–ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9.საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

12. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორებმა ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

14. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორებს არ წარმოუდგენიათ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.

15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების კანონიერების დადგენა შესაძლებელია, მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული განთავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად. მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ყოველ კონკრეტულ ბრძანებას თავისი საფუძველი გააჩნია, რაც ამართლებს ან არ ამართლებს მის გამოცემას. ასეთ დროს, სასამართლოს როლი სწორედ ბრძანების საფუძვლის მართლზომიერების საკითხის გამორკვევაა, რაც დასაქმებულის სარჩელის იურიდიული ბედის განმსაზღვრელია (შდრ. იხ. სუსგ: №ას-1304-2020, 11.06.2021; №ას-151-147-2016,1 9.04.2016).

16. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის სამუშაოდან განთავისუფლების საფუძველია სშკ-ის 37.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი (ნორმის ამჟამინდელი რედაქციით 47.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი. საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177). ამ მუხლის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია - ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.

17. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული საფუძველი არაერთხელ გამხდარა საკასაციო სასამართლოს განმარტების საგანი. ამ განმარტებების ძირითადი ნაწილის შინაარსი შემდეგია: რეორგანიზაცია არის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სტრუქტურის შეცვლა, გადაკეთება, გარდაქმნა ან მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლა, რასაც შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში, მოჰყვეს შტატების შემცირება, მაგრამ, რაც მთავარია, ამგვარი ცვლილებები აუცილებელს უნდა ხდიდეს შტატების შემცირებას, ვინაიდან, რეორგანიზაცია თავისთავად არ იწვევს შტატების შემცირებას. საწარმოში რეორგანიზაციის რეალურად (სტრუქტურის ან სამართლებრივი ფორმის შეცვლის, გადაკეთების, გარდაქმნის) განხორციელების შემთხვევაში, საწარმოს ადმინისტრაცია ვალდებულია, ასაბუთოს შტატების შემცირების აუცილებლობა, რათა შტატები ფორმალურად არ შემცირდეს და არ იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად... სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (სშკ-ის მოქმედი რედაქციით 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი) საფუძველზე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს, დამსაქმებლის ვალდებულებაა, დაასაბუთოს რამდენიმე გარემოება, კერძოდ: ა) ის საწარმოო აუცილებლობა, რომელიც შესაძლოა, ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდეს რეორგანიზაციისა თუ შტატების შემცირებისათვის; ბ) რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების ფაქტობრივი განხორციელებისა და მისი კანონთან შესაბამისობის საკითხი – ის ლეგიტიმური მიზანი, რომლის გამოც დამსაქმებელმა ცვლილებები წამოიწყო, მიღწეულ უნდა იქნეს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და ამ პროცესში თვალთმაქცურად არ უნდა ჩატარდეს რეორგანიზაცია არასასურველი დაქირავებულების თავიდან მოშორების მიზნით (იხ. სუსგ: №ას-280-2020, 5.03.2021).

18. ამდენად, რეორგანიზაცია, თუნდაც მართლზომიერი, ყოველთვის არ ქმნის დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების ლეგიტიმურ საფუძველს. ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები, მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ იგი თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. სხვა შემთხვევაში, ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებებიც, თავისთავად, არ არის მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ე.წ. „რეორგანიზაციის“ საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები შეიძლება დაიფაროს და იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად. შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის - რეორგანიზაციის საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია, იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს. (იხ. სუსგ-ები №ას-419-2022, 27 მაისი, 2022; №ას-1334-2021, 2 მარტი, 2022; №ას-224-224-2018, 18 მაისი, 2019 წელი, №ას-280-2020, 5.03.2021).

19. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია, რომ პირველი რეორგანიზაციის განხორციელების საფუძველზე ცენტრში შტატების რაოდენობა არ შემცირებულა, ასევე არ შემცირებულა ორგანიზაციის ხარჯები. რეორგანიზაციამდეც და რეორგანიზაციის შემდეგაც, სამსახურში იყო 51 შტატი. ხოლო, მეორე რეორგანიზაციის შედეგად, შტატები შემცირდა მხოლოდ ერთი ერთეულით და სამსახურში დასაქმებული იყო უკვე 50 თანამშრომელი. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ რეორგანიზაციას შედეგად არ მოჰყოლია ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაც, კერძოდ, თუკი რეორგანიზაციამდე ცენტრი გასცემდა თანამშრომლებზე შრომითი ანაზღაურების სახით ჯამში 1 370 000 ლარს, რეორგანიზაციის შემდეგაც შრომითი ანაზღაურება ჯამურად იგივე თანხას შეადგენდა.

20. მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელმა ვერ შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება, კერძოდ, იმის დადასტურება, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა რეალურად განხორციელებული ორგანიზაციული ცვლილებების გარდაუვალი და უშუალო შედეგი იყო. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, ვერ იქნება გაზიარებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აპელირება ორგანიზაციის მიზნებსა და ეფექტურ საქმიანობად განხორციელებასთან მიმართებით, ვინაიდან, განხორციელებული ცვლილებებით არ შეცვლილა ორგანიზაციის ფინანსური ხარჯი, ასევე პირველი რეორგანიზაციის ფარგლებში არ შეცვლილა შტატების რაოდენობაც და მხოლოდ მეორე რეორგანიზაციის საფუძველზე შემცირდა მხოლოდ ერთი ერთეულით, რაც რა თქმა უნდა ვერ გაამართლებს რეორგანიზაციაზე მითითებით მოსარჩელესთან შრომით ხელშეკრულების შეწყვეტას, მით უფრო დგინდება, რომ ცენტრის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ მიღებული იქნა ახალი კადრი, რომელიც დასაქმებულია მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული პოზიციის მსგავს/ტოლფასს პოზიციაზე.

21. პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების შეფასებებსა და განმარტებებს და დამატებით მიუთითებს, რომ დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერი საფუძველი, სშკ-ს 37.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის მიზნებიდან გამომდინარე, არ დასტურდება გარემოება, რომ ცენტრისათვის გარდაუვალი იყო მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა დასახული მიზნების მიღწევისათვის.

22. სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის (მოქმედი რედაქციის 48.8 მუხლი) შესაბამისად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი სადავოობისას, დასაქმებული უფლებამოსილია მოითხოვოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების (გადაწყვეტილების) ბათილად ცნობა და პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენა, ან ბრძანების ბათილად ცნობასთან ერთად, აღდგენის ნაცვლად, მოითხოვოს კომპენსაცია.

23. სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის გამოყენების შესახებ საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა: „დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, დასახელებულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა, კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება. შრომის კოდექსი დამსაქმებელს ავალდებულებს „პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (იხ. სუსგ სამოქალაქო საქმეზე №ას-951-901-2015, 29 იანვარი, 2016 წ.; №ას-1083-1020-2015, 15 აპრილი, 2016წ.).

24. "ერთ-ერთ საქმეზე, რომელშიც ბათილად იქნა ცნობილი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, საკასაციო სასამართლომ იმსჯელა დასაქმებულის დარღვეული უფლების აღდგენის საკითხთან მიმართებით. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ როდესაც უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებული შრომითი ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და უფლებებში აღდგენას ითხოვს, სასამართლომ თავად უნდა შეაფასოს მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის საუკეთესო გზა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით, კერძოდ, თუ მოსარჩელის ინტერესი პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენაა, სასამართლომ დასაქმებულისა და დამსაქმებლის ორმხრივი პატივსადები ინტერესების დაცვით უნდა შეამოწმოს მითითებული მოთხოვნის საფუძვლიანობა და დაკმაყოფილების მიზანშეწონილობა. პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის მოთხოვნა საფუძვლიანია, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა უკანონოა, თუმცა აღნიშნული ავტომატურად არ იწვევს დასაქმებულის პირვანდელ მდგომარეობის აღდგენას, ვინაიდან, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია მისი აღსრულების შესაძლებლობასა და მხარეთა კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, მისი აღსრულების შესაძლებლობასა და ეფექტიანობაზე“ (იხ. სუსგ Nას-792-2019, 18.02.2021წ). თუ კი სასამართლომ დაადგინა, რომ გათავისუფლების ბრძანება უკანონოა, თუმცა უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია, ასეთ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა დაადგინოს, ხომ არ არის შესაძლებელი უფლებადარღვეული დასაქმებულის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა. ამ მიზნით, მან უნდა გამოიკვლიოს, თუ რა ადამიანურ რესურსს ფლობს დამსაქმებელი, რა ტოლფასი ვაკანტური პოზიციები აქვს მას, რა ფუნქციური მსგავსებაა პირვანდელ და ტოლფას თანამდებობებს შორის. იმავდროულად, სასამართლომ კვლევის შედეგები უნდა შეუსაბამოს უკანონოდ დათხოვნილი პირის ნებას, ინტერესსა და შესაძლებლობას, დაიკავოს კონკრეტული ტოლფასი თანამდებობა (იხ. სუსგ-ები №ას-1101-2022, 17 ნოემბერი, 2022 წელი, პ.55; Nას-632-2019, 21.06.2019წ.; საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, გვ: 270-272). ვაკანტური ტოლფასი თანამდებობის არსებობის - მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს და არა მოპასუხეს. სწორედ მოსარჩელემ უნდა მიუთითოს და დაამტკიცოს, დამსაქმებელთან არსებული საშტატო ნუსხიდან კონკრეტულად რომელი სამუშაო (თანამდებობა) წარმოადგენს განთავისუფლებამდე მის მიერ დაკავებულ სამუშაოს (თანამდებობას), ხოლო, მოპასუხის ვალდებულებაა გააბათილოს მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები ვაკანტური ტოლფასი თანამდებობის არსებობის შესახებ. კერძოდ, დამსაქმებლის ვალდებულებაა მიუთითოს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი კონკრეტული თანამდებობა მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფასი არ არის, ან თუ ტოლფასია, არ არის ვაკანტური. დამსაქმებელმა უნდა წარადგინოს რელევატური მტკიცებულებები, რომ ადგილი ვაკანტური არ არის (ტოლფასი თანამდებობის არსებობის მტკიცების ტვირთსა და სასამართლოს მიერ ტოლფასი თანამდებობის არსებობის კვლევის სტანდარტზე იხ. სუსგ-ები №ას-687-687-2018, 20 ივლისი, 2018 წელი; №ას-902-864-2014, 2015 წლის 30 მარტი; №ას-475-456-2016, 2016 წლის 24 ივნისი; №ას-761-712-2017, 2017 წლის 10 ივლისი; ას-1281-2021, 21 აპრილი, 2022 წელი; №ას-1365-2021, 14 აპრილი 2022).

25. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს, რომ აღდგენილ იქნეს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დაგეგმვის, კვლევისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, რაც განხორციელებადი არ არის, რამეთუ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილია, რომ აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური არ არის (იხ., ტ.1. ს.ფ. 354-355). ამასთან, მოსარჩელის მხრიდან, დარღვეული უფლების რესტიტუციის სახით, კონკრეტულად რომელიმე ტოლფას თანამდებობაზე მითითებისა და მისი დამტკიცების ვალდებულება რეალიზებული არ არის.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში, პირველმა კასატორმა (გათავისუფლებული მუშაკი) დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ წარმოადგინა.

26. დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით სადავოდაა გამხდარი, როგორც კომპენსაციის დაკისრების წინაპირობების არსებობა, ასევე დასაკისრებელი კომპენსაციის ოდენობაც. აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მეორე კასატორს არ შეუთავაზებია მოსარჩელისთვის ტოლფასი თანამდებობა (საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შეთავაზებული სტრატეგიული განვითარების და ინტერნაციონალიზაციის სამმართველოს უფროსის თანამდებობა არ წარმოადგენდა სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის ტოლფას თანამდებობას). ამასთან, პალატა მიუთითებს საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის შინაარსზე (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 38.8 მუხლი), რომლის შესაბამისად, იმ პირობებში თუ შეუძლებელია დასაქმებულის სამსახურში აღდგენა, შეფასება უნდა მიეცეს კომპენსაციის დაკისრებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის წინაპირობებს. მითითებული ნორმის ჩანაწერი, სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას მიიღოს გადაწყვეტილება კომპენსაციის დაკისრების თაობაზე, როგორც სამსახურში აღდგენის ალტერნატივა და მოსარჩელის შელახული კანონიერი უფლების ღირსეული და საკმარისი რესტიტუცია. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1982 წლის N158 კონვენციის „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ (Termination of Employment Convention, 1982 (No. 158)) მე-10 მუხლი ადგენს, რომ „თუ კომპეტენტური ორგანოები დაასკვნიან, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა მოხდა არაკანონიერად და თუ სამსახურში აღდგენა არ არის შესაძლებელი, ეს ორგანოები უფლებამოსილნი უნდა იყვნენ, რომ დააკისრონ დამსაქმებელს ადეკვატური კომპენსაციის გადახდა“.

27. კომპენსაცია შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტის შემთხვევაში სპეციალური ნორმით გათვალისწინებული დამსაქმებლის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ზომაა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულისათვის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნას, რაც მას სავსებით განასხვავებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაგან. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული სამართლებრივი საკითხი განეკუთვნება სასამართლოს დისკრეციის სფეროს, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ შრომით სამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამუშაოს მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამდენად, კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში.

28. სასამართლო ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით თავად განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას. როგორც აღინიშნა, კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გათავისუფლების შესახებ ბათილი ბრძანების შედეგად წარმოეშვა დასაქმებულს, ამავდროულად, მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არუნდა ქმნიდეს არც ერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს, თანახმად სსკ-ის 976-991-ე მუხლებისა (შდრ: სუსგ №ას-787-736-2017, 10 ნოემბერი, 2017წელი,პ-11.7 სუსგ. Nას-632-2019წ., 21.06.2019წ.)

29. მეორე კასატორი აღნიშნავს, რომ კომპენსაციის ოდენობაში სააპელაციო სასამართლომ უკვე გაცემული 2 თვის, 5600 ლარის ოდენობით შრომის ანაზღაურება არ გაითვალისწინა, რაც არ გამომდინარეობს სშკ-ის 38.8 მუხლის მიზნიდან. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის ზემოთ აღნიშნულ მოსაზრებას და მიუთითებს გასაჩივრებული განჩინების 8.4. პუნქტზე, სადაც სააპელაციო სასამართლომ დაადგინა დასაქმებულისათვის ორი თვის შრომითი ანაზღაურების ოდენობით კომპენსაციის გაცემის ფაქტი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სწორედ ამ გარემოების, ასევე მოსარჩელის გამოცდილების, ასაკისა და შრომითი სტაჟის გათვალისწინებით, მოპასუხისთვის დასაკისრებელ კომპენსაციის ოდენობად 50 400 ლარი მართებულად განსაზღვრა და აღნიშნული თანხა მოსარჩელის დარღვეული უფლების აღსადგენად სამართლიანი და გონივრული ოდენობაა.

30. საკასაციო სასამართლო მიაჩნია, რომ კასატორებს არ წარმოუდგენიათ არც ერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნას ცნობილი დასაშვებად საკასაციო საჩივრები. სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.

პროცესის ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებელია, ხოლო კასატორებს გადახდილი აქვთ საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, I კასატორს, მ.ჟ–ას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „საქართველოს ბანკში“, 2022 წლის 31 მარტს, №12947850157 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი. ხოლო, II კასატორს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით, სახელმწიფო ბიუჯეტში 2022 წლის 17 მარტს, №02237 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი 2520 ლარის 70% - 1764 ლარი;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, ასევე 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ჟ–ასა და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. I კასატორს - მ.ჟ–ას სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „საქართველოს ბანკში“, 2022 წლის 31 მარტს, №12947850157 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი;

3. II კასატორის - სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით, სახელმწიფო ბიუჯეტში 2022 წლის 17 მარტს, №02237 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი 2520 ლარის 70% - 1764 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე