№ას-1045-2021
28 აპრილი, 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „გ.ჰ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ნ.ფ–ძე, ა.ბ–ი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ნ.ფ–ძემ და ა.ბ–მა (შემდეგში მოსარჩელეებმა) სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „გ.ჰ–ის“ (შემდეგში მოპასუხის) მიმართ, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით (ტომი 1, ს.ფ. 2-16).
1.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო ნ.ფ–ძის ნაწილში და მიუთითა, რომ მოპასუხეს ნ.ფ–ძის მიმართ გააჩნდა დავალიანება მხოლოდ 3818.79 ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელეთა მიერ განხორციელებული კალკულაცია არ შეესაბამებოდა რეალობას.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 06 აგვისტოს გადაწყვეტილებით: ნ.ფ–ძის სარჩელი სს „გ.ჰ–ის“ მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 10590.05 ლარის, პირგასამტეხლოს სარჩელის აღძვრამდე 478.55 ლარის და სარჩელის აღძვრიდან 2019 წლის 1 ნოემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, დავალიანების - 10590.5 ლარის 0.07%-ის ანაზღაურება. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ა.ბ–ის სარჩელი სს „გ.ჰ–ის“ მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ. მოპასუხეს ა.ბ–ის სასარგებლოდ დაეკისრა: სახელფასო დავალიანების - 4442.40 ლარის, პირგასამტეხლოს სარჩელის აღძვრამდე 200.26 ლარის და სარჩელის აღძვრიდან 2019 წლის 1 ნოემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, დავალიანების - 4442.40 ლარის 0.07 %-ის ანაზღაურება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 06 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისის განჩინებით სს „გ.ჰ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დადგენილია, რომ მოპასუხის 2019 წლის 25 მარტის N86 ბრძანების საფუძველზე, ნ.ფ–ძე 2019 წლის 01 აპრილიდან 2019 წლის 16 სექტემბრამდე დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიაში გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე და შრომით ანაზღაურება განისაზღვრა დარიცხული ხელფასის სახით - 4375 ლარის ოდენობით (ხელზე ასაღები - 3500 ლარი).
3.2. დადგენილია, რომ მოსარჩელე ა.ბ–ი 2019 წლის 01 აპრილიდან 2019 წლის 07 ივნისამდე დასაქმებული იყო გ.ჰ–ში ემერჯენსის მორიგე ექიმის თანამდებობაზე. 2019 წლის 07 ივნისის N474 ბრძანების საფუძველზე, იგი გადაყვანილი იქნა მოზრდილთა გადაუდებელი დეპარტამენტის დღის ექიმის პოზიციაზე. ა.ბ–ს ფიქსირებული ხელფასი არ ქონდა. აპრილის, მაისის და ივნისის თვეებში ჩარიცხული ხელფასიდან გამომდინარე, ა.ბ–ის საშუალო ხელფასი შეადგენს 1992 ლარს.
3.3. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ მოპასუხე კომპანიას მათ მიმართ გააჩნია სახელფასო დავალიანება. ნ.ფ–ძის მიმართ სახელფასო დავალიანების არსებობას შპს „გ.ჰ–ი“ ადასტურებს, მაგრამ არა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით. სასამართლოს განჩინებით მოპასუხეს დაევალა საბუღალტრო მონაცემების წარდგენა იმის დასადგენად, თუ რამდენს შეადგენდა მოსარჩელეთა ხელფასები მოპასუხე კომპანიაში, მაგრამ მოპასუხემ ინფორმაცია და მტკიცებულებები სასამართლოს არ წარუდგინა და მიუთითა, რომ მოთხოვნილი მონაცემები არ გააჩნია. მოპასუხე სადავოდ ხდის იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე ასრულებდა მორიგეობებს, მაგრამ სასამართლოს მიერ გამოთხოვილი ნარკოტიკების აღრიცხვის ჟურნალით დასტურდება, რომ ნ.ფ–ძე ასრულებდა მორიგეობებს აგვისტოს და სექტემბრის თვეში. მოპასუხემ წარადგინა კომპანიის ფინანსური დირექტორის - რ.შ–ს ელექტრონული წერილი, რომელის მიხედვით, ნ.ფ–ძეს ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის შრომითი ანაზღაურება შეადგენდა 7416.66 ლარს, ხოლო ა.ბ–ის ივლისის, აგვისტოსა და სექტემბრის შრომითი ანაზღაურება 4 142.86 ლარს, ხელზე ასაღები ხელფასის სახით. მორიგეობებისა და გამომუშავების თანხები ასახული ვერ იქნა, ვინაიდან არ გააჩნდათ შესაბამისი ბრძანება. აღნიშნულის შემდგომ, მოპასუხემ წარადგინა კომპანიის დირექტორის 2020 წლის 22 ივლისით დათარიღებული ელექტრონული წერილი, რომლის მიხედვით, ფინანსური დირექტორი გათავისუფლებული იქნა თანამდებობიდან, მის მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლის საქმის ძიება და კომპანიის დირექტორი უარყოფდა ფინანსური დირექტორის მიერ დაანგარიშებულ მოსარჩელეთა ხელფასების ოდენობას. სააპელაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულ მსჯელობას იმის შესახებ, რომ იმ პირობებში, როდესაც უდავოა მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის არსებობის ფაქტი, დადგენილია მოსარჩელეთა შრომის ანაზღაურების ოდენობა და მოსარჩელეები მიუთითებენ სახელფასო დავალიანებაზე, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, რითაც დასტურდება მის მიერ მოსარჩელეთათვის ხელფასის ანაზღაურების ფაქტი, რაც მოპასუხეს არ წარუდგენია. მოპასუხე არის შრომითი ურთიერთობის ძლიერი მხარე, რომელსაც გააჩნია მეტი რესურსი და ხელმისაწვდომობა კომპანიის დოკუმენტებზე, მათ შორის მოსარჩელეთა სახელფასო ამონაწერებსა და საბუღალტრო დოკუმენტაციაზე. მოსარჩელის მიერ წარდგენილია საბანკო ამონაწერები, ხოლო მოპასუხეს აღნიშნულის საპირისპიროდ დოკუმენტაცია არ წარუდგენია და პოზიცია არათანმიმდევრულია, კერძოდ, სასამართლოში წარმოდგენილია ფინანსური დირექტორის ინფორმაცია, რასაც შემდეგ უარყოფს მოპასუხე, აცხადებს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და ამასთან, მიუთითებს მოსარჩელე ნ.ფ–ძის სახელფასო დავალიანების არსებობაზე, მაგრამ სარჩელს არ ცნობს აღიარებულ ნაწილში. სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ ვინაიდან ნ.ფ–ძის ფიქსირებული შრომითი ანაზღაურება ხელზე ასაღები სახით შეადგენდა 3500 ლარს, ხოლო გამომუშავებული ხელფასი აგვისტოს თვეში 1227 ლარს, მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს: ივლისის თვეში ფიქსირებულ ხელფასს - 3 500 ლარს, აგვისტოს თვეში ფიქსირებულ ხელფასს - 3 500 ლარსა და ასევე მორიგეობის ხელფასს 1227 ლარს, ხოლო სექტემბრის თვეში, ვინაიდან მოსარჩელე ნ.ფ–ძემ იმუშავა მხოლოდ ნახევარი თვე, მოპასუხის დავალიანება მის მიმართ შეადგენს ფიქსირებულ ხელფასს - 1750 ლარს (3500/2=1750), ხოლო მორიგეობის ხელფასის დავალიანება 613.5 ლარს (1227/2=613.5). აღნიშნული თვეების დავალიანება ჯამურად შეადგენს 10590,50 ლარს (3500+3500+1750+1227+613,5=10590.50). დადგენილია, რომ ა.ბ–ის საშუალო ხელფასი შეადგენდა 1992 ლარს. ანგარიშის ამონაწერით დგინდება, რომ ა.ბ–ს ივლისის თვის ხელფასიდან აღებული აქვს ნაწილი _ 537.60 ლარი, მოპასუხის დავალიანება ა.ბ–ის მიმართ ივლისის თვეში შეადგენს 1454.4 ლარს (1992-537.60=1454.4), აგვისტოს თვეში 1992 ლარს, ხოლო სექტემბრის თვეში, ვინაიდან მოსარჩელემ მხოლოდ ნახევარი თვე იმუშავა 996 ლარს (1992/2=996). აღნიშნული თვეების დავალიანება ჯამურად შეადგენს 4442.4 ლარს(1454.4+1992+996=4442.4)
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
3.4. პალატამ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელეებმა დაადასტურეს სახელფასო დავალიანების არსებობის ფაქტი, თუმცა ვალდებულების არარსებობის ან აღიარებული დავალიანების დაფარვის დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია. პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის პრეტენზია დაუსაბუთებელი იყო საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და იმ პირობებში, როდესაც დადგენილი იყო მხარეთა შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობა, დამსაქმებლის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენდა შესრულებული სამუშაოსათვის შომის ანაზღაურების გადახდა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „გ.ჰ–მა“ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
4.1. კასატორის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარწმუნოდ არ დადგენილა საქმის გადაწყვეტისათვის საჭირო ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებანი, როგორიცაა: დასაქმებულების მიერ დამატებითი სამუშაოს შესრულება, „მორიგეობის ხელფასის“ არსებობა და ოდენობა.
4.2. ნ.ფ–ძის მიერ მორიგეობის შესრულების შესახებ ფაქტობრივი გარემოება დადგენილი იქნა არასწორად. სასამართლომ ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ნ.ფ–ძე ანესთეზიურ და რეანიმაციულ განყოფილებებში ასრულებდა მორიგეობებს, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სახელფასო ანაზღაურების ან/და სხვა სამუშაოს შესრულების შესახებ სხვაგვარი შეთანხმება არ დასტურდება.
4.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
5. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
9. მიუხედავად იმისა, რომ კასატორი (მოპასუხე) ითხოვს გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, მისი საკასაციო პრეტენზია უკავშირდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეში არსებული მტკიცებულებების არასწორ შეფასებას იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა დასაქმებულების (მოსარჩელეების) მიერ დამატებითი სამუშაოების შესრულება და „მორიგეობების ხელფასის“ არსებობა. შესაბამისად, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია მოპასუხისათვის დაკისრებული სახელფასო დავალიანების ოდენობის მართლზომიერება.
10. სახელფასო დავალიანებისა და მისი გადახდის დაყოვნებისთვის პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნა სშკ-ის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-2 მუხლის პირველი ნაწილის (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ), 31-ე (შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი) და 34-ე (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული) მუხლებიდან გამომდინარეობს.
11. საკასაციო პალატის განმარტებით, რაკი მოსარჩელეთა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი მოპასუხესთან არსებული შრომითი ურთიერთობაა, ამ მიმართებით მნიშვნელოვანია შრომითსამართლებრივ დავებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილებას შეეხება და განპირობებულია მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობების არსებობით. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შრომით დავასთან დაკავშირებულ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ამ სახის დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ძირითადი პრინციპიდან, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით აქვს მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (შდრ სუსგ. №ას-922-884-2014, 16 აპრილი, 2015 წელი; №ას-483-457-2015, 7 ოქტომბერი, 2015 წელი; №ას-182-171-2017, 27 დეკემბერი, 2019 წელი), შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, საქმის გადასაწყვეტად დადგენილ სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტებსა და მათ სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, დამსაქმებლის მხარეს იყო მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოსათვის წარედგინა მისი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
12. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში ირკვევა, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის არსებობის ფაქტი სადავო არ არის, დადგენილია მოსარჩელეების შრომის ანაზღაურების ოდენობა და ისინი მიუთითებენ სახელფასო დავალიანებაზე. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო ნ.ფ–ძის ნაწილში და მიუთითა, რომ მოპასუხეს ნ.ფ–ძის მიმართ გააჩნდა დავალიანება მხოლოდ 3818.79 ლარის ოდენობით. თუმცა, მან გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სრულად და ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ამასთან, როგორც აღინიშნა (აბზაცი 9), მიუხედავად საკასაციო მოთხოვნისა, საკასაციო საჩივარი თავისი შინაარსით ორივე მოსარჩელესთან მიმართებით უკავშირდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეში არსებული მტკიცებულებების არასწორ შეფასებას იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა დასაქმებულების (მოსარჩელეების) მიერ დამატებითი სამუშაოების შესრულება და „მორიგეობების ხელფასის“ არსებობა. აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ როდესაც საქმის მასალებით დადგენილია მხარეთა შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობის, ისევე, როგორც ხელფასის ოდენობის თაობაზე ფაქტობრივი გარემოება, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა (საკასაციო პრეტენზიის ნაწილში) იმ შემთხვევაში გამოირიცხებოდა, თუ დამსაქმებელი დაადასტურებდა, დამატებითი სამუშაოების შეუსრულებლობიდან გამომდინარე ანაზღაურების ვალდებულების არარსებობას. მოცემულ შემთხვევაში კი, მოპასუხე, მართალია უარყოფდა მოსარჩელეების მიმართ დავალიანების არსებობას, მაგრამ მიუთითებდა, რომ მოკლებული იყო შესაძლებლობას წარმოედგინა სათანადო მტკიცებულებები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შრომით დავებზე არსებული მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით, მოპასუხეს, როგორც შრომითი ურთიერთობის ძლიერ მხარეს, რომელსაც გააჩნია მეტი რესურსი და ხელმისაწვდომობა კომპანიის დოკუმენტებზე, ჰქონდა ვალდებულება სასამართლოსთვის წარედგინა მტკიცებულებები, რითაც დაადასტურებდა მის მიერ მოსარჩელეებისათვის ხელფასის ანაზღაურების ფაქტს, ან დამატებითი სამუშაოების შეუსრულებლობიდან გამომდინარე ანაზღაურების ვალდებულების არარსებობას, რაც მას არ განუხორციელებია. მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილია საბანკო ამონაწერები, ხოლო მოპასუხეს საპირისპირო დოკუმენტაცია მის მიერ შესასრულებელი ვალდებულების არარსებობის შესახებ, სასამართლოსთვის არ წარუდგენია. შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს დამსაქმებლის პოზიციას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ფაქტობრივი გარემოება დასაქმებულების მიერ დამატებით სამუშაოთა შესრულების, „მორიგეობის ხელფასის“ არსებობისა და მისი ოდენობის შესახებ. ამდენად, მოპასუხის მიერ მოსარჩელეებისათვის შრომის ანაზღაურება არ დასტურდება და ასევე არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოპასუხეს არ ქონდა მოსარჩელეების მიმართ შრომის ანაზღაურების ვალდებულება.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და მისი დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია, შესაბამისად, განჩინება გამოიტანა მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში და შრომითსამართლებრივ დავებზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად (შდრ. სუსგ №ას-1132-2019, 30 სექტემბერი, 2019 წელი; №ას-1274-2018, 25 დეკემბერი, 2018 წელი), რაც გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე მიუთითებს.
14. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
15. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
16. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
17. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
19. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სს „გ.ჰ–ს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1153.19 ლარის (საგადახდო დავალება N37220, გადახდის თარიღი 08.11.2021) 70% – 807.23 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „გ.ჰ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. სს „გ.ჰ–ს“ (.....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1153.19 ლარის (საგადახდო დავალება N37220, გადახდის თარიღი 08.11.2021) 70% – 807.23 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე