№ას-1081-2021
28 აპრილი, 2022 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – დ.გ–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ბ–ძე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ ვალდებულების შესრულებულად აღიარება, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა (სარჩელში), უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ნ.ბ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე) სარჩელი აღძრა რუსთავის საქალაქო სასამართლოში დ.გ–ის მიმართ (შემდეგში - მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) შემდეგი სასარჩელო მოთხოვნით:
1.1.შეწყდეს 2019 წლის 18 ოქტომბერს ნ.ბ–ძესა და დ.გ–ს შორის გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და ნ.ბ–ძეს საკუთრებაში დაუბრუნდეს უძრავი ქონება, მდებარე: რუსთავი, ...... (.....), ბინა 43, ს/კ: ......
2. მოპასუხე დ.გ–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. დ.გ–მა ნ.ბ–ძის მიმართ შეგებებული სარჩელი წარადგინა და მოითხოვა უძრავი ქონებიდან მდებარე: რუსთავი, ...... (......), ბინა 43 (ს/კ ........) ნ.ბ–ძის გამოსახლება და უძრავი ქონების დ.გ–ისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარება.
4. მოპასუხე ნ.ბ–ძემ წარმოდგენილი შესაგებლით შეგებებული სარჩელი არ ცნო.
5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა და ნ.ბ–ძე ცნობილ იქნა უძრავ ქონების, მდებარე: რუსთავი, ....... (........), ბინა 43 (ს/კ ........) მესაკუთრედ, ხოლო, დ.გ–ის შეგებებული სარჩელი ნ.ბ–ძის მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
6. პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ.გ–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
7. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
7.1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 08 ივლისის განჩინებით, დ.გ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
8.1.სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
8.1.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს (ძირითად სარჩელში) შორის, 2019 წლის 18 ოქტომბერს სანოტარო წესით გაფორმდა გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე - ქ. რუსთავი, .........., ბინა 43. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა - 10 080 აშშ დოლარით. ხელშეკრულების თანახმად, გამოსყიდვის პირობაა ექვსი თვის ვადის გასვლის შემდეგ, გამყიდველის მიერ გაცხადებული სურვილისა და ნასყიდობის ფასის გადახდის შემთხვევაში, ნასყიდობის საგნის უპირობოდ უკან მიყიდვა 10 080 აშშ დოლარად, ხოლო, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, მყიდველი ერთპიროვნულად ხდება მესაკუთრე.
8.1.2. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოპასუხე დ.გ–ის სახელზე. ამონაწერის თანახმად, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის 18.10.2019 წ. ხელშეკრულება.
8.1.3. სადავო უძრავი ქონება არის ნ.ბ–ძის მფლობელობაში.
8.1.4. 2019 წლის 18 ოქტომბრის გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელემ 2020 წლის 28 აპრილს, სს „ს.ბ–ში“ არსებულ საბანკო ანგარიშზე მოპასუხეს ჩაურიცხა - 9 480 აშშ დოლარი.
8.1.5. ძირითად სარჩელში ნ.ბ–ძის მოთხოვნას წარმოადგენს მხარეთა შორის, 2019 წლის 18 ოქტომბერს გაფორმებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტა და უძრავი ნივთის საკუთრებაში დაბრუნება. მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან გამოსყიდვის ვადის დასრულების თარიღი (2020 წლის 18 აპრლი) ემთხვეოდა უქმე დღეებს, იგი რამდენიმე დღით ადრე დაუკავშირდა მოპასუხეს და შესთავაზა თანხის დაბრუნება და ბინის მის სახელზე გადაფორმება, თუმცა, მოპასუხემ უარი განაცხადა შესრულების მიღებაზე და თავს არიდებდა მოსარჩელესთან კონტაქტს; არ პასუხობდა მის სატელეფონო ზარებს და შეტყობინებებს. მოსარჩელის განმარტებით, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, მისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა ნოტარიუსის ანგარიშზე დეპონირების გზით, თანხის გადახდა. საბოლოოდ, მან მოიძია მოპასუხის მოქმედი საბანკო ანგარიში და 2020 წლის 28 აპრილს, ანგარიშზე 9 480 აშშ დოლარი გადაურიცხა. მოსარჩელის მითითებით, ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, მოპასუხისათვის გადახდილი იქნა ასევე ორი თვის სარგებელი - 360 აშშ დოლარი. გათვალისწინებით იმისა, რომ მოსარჩელეს უძრავი ქონების დაბრუნების მიზნით დასჭირდა სასამართლოში მიმართვა და გასწია სასამართლო ხარჯი, აღნიშნული თანხა გამოკლებულ იქნა მოპასუხისათვის გადასახდელი თანხიდან. შესაბამისად, მოპასუხის მითითებით, ვალდებულება მოპასუხის წინაშე სრულად იქნა შესრულებული, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
8.1.6. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და სადავოდ გახადა, როგორც ვალდებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შესრულების შესახებ გარემოება, ასევე ვალდებულების მოცულობა. კერძოდ, მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეს თანხა ვადაში არ დაუბრუნებია. ამასთან, ნაცვლად 9 480 აშშ დოლარისა, მოსარჩელეს უნდა გადაეხადა 10 080 აშშ დოლარი. მოპასუხის განმარტებით, გარდა მითითებული თანხისა, მოსარჩელეს მოპასუხისათვის უნდა დაებრუნებინა ზეპირი გარიგების საფუძველზე გადაცემული თანხა 3500 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატის შეფასებით, მხარეთა შორის სადავო გარემოებებს წარმოადგენს, განაცხადა თუ არა გამოსყიდვის შესახებ მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 6 თვიან ვადაში და გადაუხადა თუ არა მოპასუხეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა.
8.2.სააპელაციო პალატის განმარტებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დგინდება, რომ გამოსყიდვის ვადა განსაზღვრული იყო 6 თვით, შესაბამისად, ეს უფლება მოსარჩელეს უნდა გამოეყენებინა 2020 წლის 18 აპრილის ჩათვლით და ამ ვადაში გადაეხადა ხელშეკრულებით შეთანხმებული თანხა (ნასყიდობის საგნის ღირებულება). მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იქნა სატელეფონო შეტყობინებები, რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა (განუცხადა) მისი სურვილის შესახებ, რომ სურდა ქონების გამოსყიდვა და შესაბამისად, სთავაზობდა თანხის გადახდას. აღნიშნულს ადასტურებს მოპასუხისათვის 2020 წლის 14 აპრილს გაგზავნილი სატელეფონო შეტყობინებები. პალატამ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მითითებაზეც იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან გამოსყიდვის ვადის დასრულების თარიღი (2020 წლის 18 აპრილი) ემთხვეოდა უქმე დღეებს, იგი რამდენიმე დღით ადრე დაუკავშირდა მოპასუხეს, შესთავაზა თანხის გადახდა და ბინის მის სახელზე გადაფორმება, თუმცა მოპასუხე თავს არიდებდა მოსარჩელესთან კონტაქტს. პალატის შეფასებით, ის გარემოებები, რომ მოსარჩელე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ცდილობდა მოპასუხისათვის გადაეცა თანხა, ხოლო მოპასუხე თავს არიდებდა მოსარჩელესთან კონტაქტს, დასტურდებოდა ამავე სატელეფონო შეტყობინებების შინაარსით („..ხვალაც თუ არ მიპასუხებ მივდივარ სასამართლოში...“). მითითებული შეტყობინებები პალატის განმარტებით, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია და არც იმის შესახებ მიუთითებია, რომ შესრულების მიღებაზე უარი განაცხადა. მხარემ სადავოდ გახადა თანხის ვადაში გადახდის საკითხი. შესაბამისად, წარმოდგენილი სატელეფონო შეტყობინებების შინაარსისა და მხარეთა პოზიციების ურთიერთშეჯერების შედეგად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ უარი განაცხადა შესრულების მიღებაზე. რაც შეეხება, 2020 წლის 16 აპრილის შეტყობინებას თანხის გადაგზავნასთან დაკავშირებით, აპელანტის (მოსარჩელე) წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული მიზნად ისახავდა მოპასუხის კონტაქტზე გამოსვლას, ვინაიდან მიუხედავად გაგზავნილი შეტყობინებებისა, ის თავს არიდებდა მოპასუხესთან კომუნიკაციას, რის გამოც მოსარჩელე ვერ ახერხებდა თანხის გადაცემას.
8.3. სააპელაციო პალატის მიერ არ იქნა გაზიარებული შესაგებელში მითითებული გარემოება მასზედ, რომ მოსარჩელეს მოპასუხის წინაშე გააჩნია ზეპირი სესხის ხელშეკრულების საფუძველზე 3500 აშშ დოლარის დაბრუნების ვალდებულება, რის გამოც სადავო ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელეს მოპასუხისათვის უნდა გადაეხადა დამატებით 3500 აშშ დოლარი, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა უფლებები და მოვალეობები გამომდინარეობდა 2019 წლის 18 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან, რომლის მიხედვით, გადასახდელ თანხად განსაზღვრული იყო 10 080 აშშ დოლარი, შესაბამისად, განსახილველი სარჩელის ფარგლებში, მითითებული თანხის დაბრუნების საკითხი პალატის მოსაზრებით ვერ გახდებოდა სასამართლოს შეფასების საგანი.
8.4. ასევე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება მასზედ, რომ მოსარჩელის მიერ თანხის გადახდა ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში არ მომხდარა. კერძოდ, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 18 ოქტომბრის ხელშეკრულებით, გამოსყიდვის ვადა განისაზღვრა 6 თვით, შესაბამისად მისი ამოწურვის თარიღი იყო - 2020 წლის 18 აპრილი. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 18 ოქტომბრის ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელემ 9 480 აშშ დოლარი მოპასუხეს საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა - 2020 წლის 28 აპრილს. ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ვინაიდან ვადის დასრულების დღე ემთხვეოდა უქმე დღეებს (სააღდგომო დღეები) მოსარჩელემ ვადის დადგომამდე (2020 წლის 14 აპრილს) შეატყობინა მოპასუხეს, რომ მზად იყო თანხა გადაეხადა და უძრავი ქონება გადაეფორმებინა. შესაბამისად, უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენდა, რომ მოსარჩელემ გამოსყიდვის თანხის გადახდის ნება გამოავლინა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და ვინაიდან, მოპასუხე თავს არიდებდა კომუნიკაციას, ხოლო ქვეყანაში არსებობდა პანდემიით განპირობებული საგანგებო მდგომარეობა, მოსარჩელემ თანხის ჩარიცხვა განახორციელა პირველი შესაძლებლობისთანავე.
8.5. პალატის განმარტებით, მოპასუხე სააპელაციო საჩივარში უთითებდა, რომ ნაცვლად 10 080 აშშ დოლარისა, მოსარჩელის მიერ გადახდილი იყო 9 480 აშშ დოლარი, ანუ 600 დოლარით ნაკლები, რაც ასევე ხელშეკრულების არაჯეროვან შესრულებაზე მიუთითებდა. მოსარჩელის განმარტებით, 360 აშშ დოლარის ოდენობით თანხა, ხელშეკრულების გაფორმების დღესვე იქნა გადახდილი მოპასუხისათვის. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატამ ყურადღება გაამახვილა სარჩელზე, რომელშიც მითითებული იყო 360 აშშ დოლარის ოდენობით თანხის დ.გ–ისათვის გადაცემის თაობაზე, რასაც წარდგენილ შესაგებელში ნაწილობრივ დაეთანხმა მოპასუხე, გარდა ამისა, პალატამ შენიშნა, რომ რაიმე მტკიცებულება ან დასაბუთებული არგუმენტი იმის შესახებ, რომ მითითებული ოდენობით თანხა გადაცემული არ ყოფილა, მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია, შესაბამისად, აღნიშნული სადავო გარემოება პალატამ დადასტურებულად მიიჩნია. რაც შეეხება, მოსარჩელის განმარტებას, სარჩელის წარდგენის მიზნით გასაწევი სასამართლო ხარჯების გაქვითვასთან დაკავშირებით, ამ ნაწილში პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება. კერძოდ, დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იყო 959 ლარი, რაც გადახდის დროისათვის არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსით შეადგენდა - 297.43 აშშ დოლარს (კურსი 3,2242 https://old.nbg.gov.ge/index.php?m=582) და რომელიც გათვალისწინებულ იქნა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ხარჯების განაწილების დროს.
8.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურება, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ.გ–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
9.1. კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
9.1.1. კასატორის განმარტებით, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რადგან მოსარჩელემ დაარღვია ზემოაღნიშნული ნორმის იმპერატიული მოთხოვნა დათქმულ დროსთან, კეთილსინდისიერებასთან და ჯეროვან შესრულებასთან მიმართებაში. კერძოდ, კასატორის მითითებით, უდავოა, რომ მოსარჩერლემ ჩარიცხა 600 აშშ დოლარით ნაკლები და თანაც 10 დღის დაგვიანებით, ხოლო, რაც შეეხება კეთილსინდისიერებას, კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელე კეთილსინდისიერი რომ ყოფილიყო, იგი სრული თანხის ჩარიცხვას მოახერხებდა 18 აპრილს, ანუ ხელშეკრულებით დათქმულ დროს. აქედან გამომდინარე, კასატორი სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ნ.ბ–ძეს სრულად აქვს შესრულებული დ.გ–ის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულება, არასწორ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, დ.გ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა, საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში (იხ. სუსგ საქმეზე Nას-495-2020, 23.10.2020 წ).
16. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2019 წლის 18 ოქტომბერს, მოდავე მხარეთა შორის გაფორმდა გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. რუსთავი, ....... ნასყიდობის ფასი განისაზღვრა - 10 080 აშშ დოლარით, ხოლო გამოსყიდვის ვადა - ექვსი თვით. დადგენილია ისიც, რომ მხარეთა შორის რეალურად უძრავი ქონების გასხვისების ხელშეკრულება არ დადებულა და გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებით, რეალურად სესხის ხელშეკრულება დაიფარა, თუმცა, ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით მოსარჩელეს სარჩელი არ წარმოუდგენია და იგი მხოლოდ სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენას ითხოვს იმ მოტივით, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება სრულად აქვს შესრულებული.
17. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დადგენილად მიიჩნიეს, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში გამოავლინა გამოსყიდვის თანხის გადახდის ნება და გამოსყიდვის ფასიც შეთანხმებულ ვადაში სრულად გადაიხადა, რის გამოც, სარჩელი უძრავ ქონებაზე საკუთრების დაბრუნების მოთხოვნით საფუძვლიანი იყო. აღნიშნულს არ იზიარებს კასატორი და სადავოდ ხდის როგორც ვალდებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შესრულების ფაქტს, ასევე ვალდებულების მოცულობას.
18. გამომდინარე იქიდან, რომ მოდავე მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმების დროს გამოვლენილი ნების ნამდვილობასა და ურთიერთობის სამართლებრივ შეფასებაზე საკასაციო საჩივარი რაიმე პრეტენზიებს არ შეიცავს, პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია ამ ნაწილში ფართოდ განავრცოს მსჯელობა, რადგან საკასაციო სასამართლო საქმეს იხილავს საკასაციო საჩივრის ფარგლებში (სსსკ-ის 404.1 მუხლი) და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, უფლება არ აქვს გასცდეს საკასაციო საჩივარში დაფიქსირებულ პრეტენზიებს. შესაბამისად, კასატორის არგუმენტების გათვალისწინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანია ფულადი ვალდებულების სრულად და დროულად შესრულების გარემოებები, ანუ, განაცხადა თუ არა გამოსყიდვის შესახებ მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 6 თვიან ვადაში და გადაუხადა თუ არა მოპასუხეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა სრულად.
19. სადავო საკითხის განხილვის მიზნით, საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 509-ე (თუ გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს გამოსყიდვის უფლება, ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე) და 510-ე (გამოსყიდვა ხდება თავდაპირველი ფასით. ამასთან, მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ის თანხაც, რომლითაც გაიზარდა საქონლის ღირებულება გამოსყიდვის მომენტამდე სასარგებლო დანახარჯების შედეგად, ხოლო გამომსყიდველს შეუძლია მოითხოვოს იმ თანხის გამოკლება, რომლითაც შემცირდა საქონლის ღირებულება მის გამოსყიდვამდე) მუხლებზე და დამატებით განმარტავს, რომ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობას აქვს გარკვეული თავისებურებანი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ გამყიდველს უფლება აქვს, დათქმულ ვადაში გამოისყიდოს გასხვისებული ნივთი. ახალ შემძენს უფლება არ აქვს, სასყიდლის მიღებასა და საკუთრების დაბრუნებაზე უარი თქვას. ხელშეკრულების შინაარსი მას ზღუდავს მესაკუთრის აბსოლუტური უფლებით ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს გამოსყიდვის უფლებით შეძენილ ქონებას. იგი გამოსყიდვის ვადით შეზღუდულია და საკუთრების უფლებას შეიძენს გამოსყიდვისათვის დათქმული ვადის გასვლის შემდეგ. თავის მხრივ, გამყიდველსაც დაკისრებული აქვს ვალდებულება გამოსყიდვის ფუნქცია მხოლოდ გამოსყიდვისათვის დათქმულ ვადაში განახორციელოს. თუ ის არ ისარგებლებს გამოსყიდვის ვადაში გამოსყიდვის უფლებით, მაშინ მას უფლება ესპობა ვადის გასვლის შემდგომ გადაიხადოს ღირებულება და ქონება გამოისყიდოს. რა თქმა უნდა, ქონების გამოსყიდვის უფლება მას არ ერთმევა ვადის გასვლის შემდეგაც, მაგრამ ამ ვადის გასვლის შემდეგ, ნივთის გაყიდვის უფლება ენიჭება მის ნამდვილ მესაკუთრეს და ის ვალდებული აღარაა იმავე ფასში, ან თუნდაც განსხვავებულ ფასში მიჰყიდოს კუთვნილი ქონება ყოფილ მესაკუთრეს. ეს მისი უფლებაა და მის ნებაზეა დამოკიდებული, გაყიდის თუ არა ქონებას, რომლის გამოსყიდვის ვადაც გავიდა (იხ. სუსგ №ას-694-665-2016; 31.03.2017 წ.).
20. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ვალდებულების შეწყვეტის წესს და მოვალის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების კანონიერ გზად აწესებს რამდენიმე ალტერნატივას: ვალდებულების შეწყვეტა შესრულებით; დეპონირებით; ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით; ვალის პატიებითა და სხვა საფუძვლებით (იხ. სსკ-ის 427-454-ე მუხლები), თუმცა, თითოეულ შემთხვევაში, მოვალისათვის სასურველი შედეგის მისაღწევად და კრედიტორთა ინტერესების გათვალისწინებით სავალდებულოა, რომ შესრულება განხორციელდეს დადგენილ ვადაში და არა ამ ვადის გასვლის შემდგომ.
21. ვალდებულების შესრულება წარმოადგენს ვალდებულების შეწყვეტის ყველაზე გავრცელებულ საფუძველს. სსკ-ის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).
22. იმისათვის, რომ სსკ-ის 427-ე მუხლის საფუძველზე, ვალდებულება კრედიტორის სასარგებლოდ შესრულებით შეწყდეს, სახეზე უნდა იყოს შესრულების მიზნით განხორციელებული ქმედება, რომელიც განხორციელებულია: ა) ჯეროვნად; ბ) კეთილსინდისიერად; გ) დათქმულ დროსა და ადგილას; დ) უფლებამოსილი პირის მიმართ. ჩამოთვლილი წინაპირობები კუმულატიურად უნდა იყოს დაკმაყოფილებული. ასეთი შესრულება ვალდებულების შეწყვეტას ნიშნავს და ასეთ შემთხვევაში, კრედიტორს არა აქვს უფლება, ხელმეორედ მოითხოვოს შესრულება.
23. ვალდებულების შესრულების თაობაზე დავის წარმოშობის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი მოვალეს აკისრია (შდრ: სუსგ №ას-1229-2022, 23 დეკემბერი, 2022 წელი, პ.55). მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალდებულება შეასრულა და ამით ვალდებულება შეწყდა. მოვალეს ესჭიროება სათანადო მტკიცებულება, რომ შეწყვეტის მიზნით ვალდებულების შესრულების ფაქტი დაამტკიცოს. პრაქტიკაში ვალდებულების შესრულების ან/და მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის სხვადასხვა სახე არსებობს, როგორიცაა: ქვითარი, მიღება-ჩაბარების აქტი, სალარო გასავლის ორდერი, ხელწერილი, საბანკო გადარიცხვის ამონაწერი და სხვა (შდრ: სუსგ №ას-1288-2019, 04 მარტი, 2019 წ., პ.125.).
24. მართალია, ფულადი ვალდებულებების მარეგულირებელი ნორმები არ უთითებს გადახდის სავალდებულო ფორმაზე, თუმცა, იგი განმარტებულ უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით მოცემულ კონტექსტში. დასახელებული მუხლი, რომელიც სისტემურად მოთავსებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეექვსე კარში (ვალდებულების შეწყვეტა შესრულებით), არეგულირებს ფულადი ვალდებულების შესრულების წესს. შესაბამისად, მოვალემ უნდა წარადგინოს უნაღდო ან ნაღდი ანაგარიშწორების გზით თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამოქალაქო კოდექსის 429-ე, 386-ე მუხლები) (იხ. სუსგ საქმეზე №ას-1241-2022, 18.01.2023 წ.).
25. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გამოსყიდვის უფლება მოსარჩელეს 2020 წლის 18 აპრილის ჩათვლით უნდა გამოეყენებინა და სწორედ ამ ვადაში უნდა გადაეხადა ნასყიდობის საგნის ღირებულება (იხ. ხელშეკრულება - ს.ფ. 9). მოსარჩელემ მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურების მიზნით, წარმოადგინა საგადახდო დავალების ქვითარი (ს.ფ. 39-40), რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელემ, 2019 წლის 18 ოქტომბრის ხელშეკრულების ფარგლებში, 9 480 აშშ დოლარი მოპასუხეს საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა 2020 წლის 28 აპრილს, 10 დღის დაგვიანებით, თუმცა, ამ მიმართებით, სამართლებრივად მნიშვნელოვანია ქვემდგომი სასამართლოების მიერ დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ ვინაიდან ვადის დასრულების დღე ემთხვეოდა უქმე დღეებს (სააღდგომო დღეებს), მოსარჩელემ ვადის დადგომამდე, 2020 წლის 14 აპრილს შეატყობინა მოპასუხეს, რომ მზად იყო გადაეხადა სადავო უძრავი ქონების გამოსყიდვის თანხა, თუმცა, მოპასუხე თავს არიდებდა მოსარჩელესთან კონტაქტს, რაც დასტურდებოდა მოპასუხისათვის 2020 წლის 14 აპრილს გაგზავნილი სატელეფონო შეტყობინებებით და რაც სადავო არ გაუხდია მოპასუხეს. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც უდავოა რომ მოსარჩელემ გამოსყიდვის თანხის გადახდის ნება გამოავლინა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, ხოლო, მოპასუხე თავს არიდებდა კომუნიკაციას, უსაფუძვლოა კასატორის მითითება მოსარჩელის არაკეთილსინდისიერებაზე და ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის 10 დღის დაგვიანებით ჩარიცხვაზე, მით უფრო მაშინ, როდესაც საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ ჯერ კიდევ 2020 წლის 21 აპრილს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამოსყიდვის ვადის ამოწურვიდან პირველივე სამუშაო დღეს მიმართა სასამართლოს და განსახილველი სარჩელის აღძვრამდე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სწორედ იმ მოტივით იშუამდგომლა, რომ მოპასუხე უარს აცხადებდა შესრულების მიღებაზე.
26. რაც შეეხება კასატორის არგუმენტს მასზედ, რომ მოსარჩერლემ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხაზე 600 აშშ დოლარით ნაკლები ჩარიცხა, ამ მიმართებითაც, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ 360 აშშ დოლარის ოდენობით თანხა, ხელშეკრულების გაფორმების დღესვე იქნა გადახდილი მოპასუხისათვის, რის საწინააღმდეგოდაც მოპასუხეს/კასატორს რაიმე მტკიცებულება ან დასაბუთებული არგუმენტი არ წარმოუდგენია; გარდა ამისა, დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 959 ლარი, რაც გადახდის დროისათვის არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 297.43 აშშ დოლარს (კურსი 3,2242 https://old.nbg.gov.ge/index.php?m=582) შეადგენდა და რომელიც მოსარჩელის განცხადების საფუძველზე (გადასახდელი თანხიდან სახელმწიფო ბაჟის გამოკლების/გაქვითვის შესახებ), ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის მომწესრიგებელ ნორმებზე (სსკ-ის 442-ე და შემდგომი მუხლები) დაყრდნობით, გათვალისწინებულ იქნა გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ხარჯების განაწილების დროს (იხ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 7. საპროცესო ხარჯები, მეორე აბზაცი). შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას მასზედ, რომ 2019 წლის 18 ოქტომბრის ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელემ სრულად გადაიხადა თანხა.
27. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში გაანალიზების შედეგად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დაადგინეს მხარეთა შორის არსებული ფაქტობრივი მოცემულობა და სამართლებრივად სწორად შეაფასეს დადგენილი გარემოებანი; ამასთან, სწორად მიიჩნიეს, რომ მოსარჩელემ მისი მტკიცების ტვირთი წარმატებით დაძლია და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობების არსებობა სათანადოდ დაასაბუთა. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები კი, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნებს გადასწონიდა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში სასამართლოს განსახილველი დავის სხვაგვარი სამართლებრივი შეფასების საფუძველს მისცემდა, კასატორს არ წარმოუდგენია. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეზე, სარჩელი მართლზომიერად დაკმაყოფილდა.
28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03).
29. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
30. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
31. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
32. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
34. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, დ.გ–ს (....) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ.მ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1595 ლარის (1000 ლარი, საგადახდო დავალება N11470177903, გადახდის თარიღი 26.08.2021; 595 ლარი, საგადახდო დავალება N11937443423, გადახდის თარიღი 08.11.2021) 70% – 1116.5 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ.გ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. დ.გ–ს (........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ.მ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1595 ლარის (1000 ლარი, საგადახდო დავალება N11470177903, გადახდის თარიღი 26.08.2021; 595 ლარი, საგადახდო დავალება N11937443423, გადახდის თარიღი 08.11.2021) 70% – 1116.5 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე