საქმე №ას-99-2021 31 ოქტომბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.მ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მ.მ–ი (შემდგომში - „მოსარჩელე“, „დასაქმებული“ ან „კასატორი“) 2013 წლის 03 იანვრიდან სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრში (შემდგომში - „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“ ან „ცენტრი“) დაინიშნა პროექტების მენეჯერის პოზიციაზე. რეორგანიზაციის შემდეგ, 2014 წლის იანვრიდან მან მუშაობა განაგრძო კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე, ხოლო 2014 წლის მარტიდან კვლავ განხორციელებული რეორგანიზაციის შემდეგ, კონკურსის წარმატებით გავლის საფუძველზე, დაიკავა კვლევისა და სერვისების განვითარების სამმართველოს უფროსის თანამდებობა. მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა თვეში 1800 ლარის ოდენობით (იხ. ტ. I, ს.ფ. 43-45).
2. ცენტრში მუშაობის პერიოდში მოსარჩელის მიმართ რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
3. ცენტრის დირექტორმა 2015 წლის 13 თებერვალს გამოსცა №41/კ ბრძანება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე 2015 წლის 16 თებერვლიდან დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. ბრძანება გამოიცა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ვ” ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ცენტრის დებულების მე-4 პუნქტის ”დ” და ”ზ” ქვეპუნქტების საფუძველზე (იხ. ტ. I, ს.ფ. 23).
4. ცენტრის 20.02.2015წ. №103 წერილობითი დასაბუთების თანახმად, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი გახდა მოსარჩელის ინიციატივის სიმცირე, არასათანადო უნარ-ჩვევები და საქმისადმი არასათანადო დამოკიდებულება, კერძოდ:
ა) კვლევისა და სერვისების განვითარების სამმართველოს ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენდა სერვისების ბაზაში მონაცემთა სისტემატური განახლება და ახალი სერვისების დამატება. 2014 წლის სექტემბრის თვეში სტრატეგიული გეგმის შედგენის პროცესში ცნობილი გახდა, რომ თბილისში არსებულ სერვისებთან დაკავშირებული მონაცემები წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში არ იყო განახლებული, რაც უარყოფითად აისახა ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის ეფექტურობაზე;
ბ) მოსარჩელის უშუალო მოვალეობას წარმოადგენდა საქართველოს რეგიონებში შესაბამისი სერვისების მოძიება და ბაზაში დამატება. ერთი წლის განმავლობაში რეგიონში არცერთი შეხვედრა არ განხორციელებულა და, შესაბამისად, არცერთი დამატებითი სერვისი არ ყოფილა მოძიებული;
გ) 2014 წლის ივლისში საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში გამართული შეხვედრისას ცენტრის დირექტორისთვის ცნობილი გახდა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოში არსებობდა დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი, რომელიც 2013 წლის 10 ოქტომბრიდან აქტიურად ფუნქციონირებდა და ეფექტურად თანამშრომლობდა პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან. ამ პერიოდის განმავლობაში დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის შესახებ ინფორმაციის არქონა ადასტურებს მოსარჩელის არაეფექტურ მუშაობას;
დ) ანალოგიური შემთხვევა გამოვლინდა 2014 წლის აგვისტოში, როდესაც ბათუმში სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელთან შეხვედრისას გაირკვა, რომ აღნიშნული ორგანიზაცია შეიძლებოდა ცენტრის მნიშვნელოვანი პარტნიორი გამხდარიყო. შეხვედრისას შედგა გეგმა, რომელიც წარმატებით განხორციელდა. სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს არსებობის შესახებ მოსარჩელისთვის ცენტრის დირექტორისგან გახდა ცნობილი;
ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის მოსარჩელის მიერ მომზადებული მემორანდუმის პროექტი არ ემსახურებოდა იმ მიზნებს, რომლისთვისაც ეს თანამშრომლობა იყო დაგეგმილი. გარდა ამისა, იგივე ტიპის მემორანდუმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მრავალი წლის წინ ჰქონდა გაფორმებული და, შესაბამისად, ძალიან დიდი და ძვირფასი დრო დაიკარგა ამ მიმართულებით;
ვ) სრულწლოვან პირთათვის სარეაბილიტაციო მომსახურების მიწოდების სტანდარტების დოკუმენტში, რომლის შედგენაზეც მოსარჩელე სამუშაო დროის დიდ ნაწილს ხარჯავდა, დაშვებული იყო მნიშვნელოვანი უზუსტობები;
ზ) დაახლოებით 2014 წლის ნოემბერში მოსარჩელემ განაცხადა, რომ საბოლოო შეთანხმება ჰქონდათ დონორთან და ,,ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო“ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის 100 000 აშშ დოლარს გამოყოფდა, რომელიც ცენტრის ბენეფიციარებს (ყოფილ პატიმრებს) მოხმარდებოდათ, თუმცა აღნიშნული ფონდის ხელმძღვანელთან დირექტორის შეხვედრისას გაირკვა, რომ ფონდს არც კი განუხილავს მსგავსი პროექტის დაფინანსება. ამ ფაქტმა ცენტრის რეპუტაციაზე ნეგატიურად იმოქმედა;
თ) არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან ცენტრის დირექტორისა და მოსარჩელის ერთობლივი შეხვედრისას მოპასუხე დარწმუნდა, რომ მოსარჩელეს პრეზენტაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარ-ჩვევები სათანადოდ არ ჰქონდა განვითარებული, ეს უნარები კი მის მიერ დაკავებული პოზიციისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო;
ი) კომუნიკაციის პრობლემა ასევე გამოკვეთილი იყო მოსარჩელესა და ცენტრის თანამშრომლებს შორის, რაც მნიშვნელოვნად აფერხებდა საერთო დავალებების შესრულებას. თანამშრომლები ხშირად გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას მოსარჩელის მუშაობით, ხოლო იმის გამო, რომ მის მიერ დაკავებული თანამდებობა ერთ-ერთ საკვანძო პოზიციას წარმოადგენდა, ეს გარემოება თანამშრომლების დემორალიზაციას იწვევდა და აჩენდა არაჯანსაღი კონკურენციის განცდას (იხ. ტ. I, ს.ფ. 24-25).
5. ცენტრის სამუშაო აღწერილობების 39-ე პუნქტის თანახმად, კვლევისა და სერვისების განვითარების სამმართველოს უფროსის ფუნქცია-მოვალეობებს შეადგენდა:
- სამმართველოს მუშაობის დაგეგმვა და ხელმძღვანელობა;
- ქვეყანაში არსებული, ცენტრის საქმიანობისთვის საინტერესო და აუცილებელი სერვისების მოკვლევისა და ანალიზის უზრუნველყოფა;
- სერვისების ერთიანი ელექტრონული ბაზის შემუშავებასა და მის მუდმივ განახლებაზე ზრუნვა/კონტროლი;
- ცენტრის საქმიანობაზე მორგებული სერვისების დანერგვა/განვითარების უზრუნველყოფა;
- ცენტრში სერვისების ხარისხის ერთიანი სტანდარტის შემუშავება, დანერგვა და მონიტორინგი;
- ცენტრის პარტნიორთა ქსელის შექმნა და მის მუდმივ გაფართოებაზე მუშაობის მონიტორინგი;
- სამინისტროს მიერ დაფინანსებული და ცენტრის საქმიანობის სფეროს მიკუთვნებული საგრანტო პროექტების მენეჯმენტი/კონტროლი;
- ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ალტერნატიული დაფინანსების წყაროების მოძიებაზე ზრუნვა (იხ. ტ. I, ს.ფ. 134-152).
6. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა: ცენტრის დირექტორის 13.02.2015წ. №41/კ ბრძანების ბათილად ცნობა; პირვანდელ სამუშაო ადგილზე - ცენტრის კვლევისა და სერვისების განვითარების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება -ყოველთვიურად 1500 ლარის ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენამდე.
7. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ცენტრის დირექტორის 13.02.2015წ. №41/კ ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 28 000 ლარის (დარიცხული) ოდენობით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
9. მხარეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივრები. მოსარჩელემ გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო მოპასუხემ - გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ოქტომბრის საოქმო განჩინებით წინამდებარე სამოქალაქო საქმეზე მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომში - „მოპასუხის უფლებამონაცვლე“ ან „სააგენტო“).
11. მოსარჩელემ, უფლებამონაცვლეობის შესაბამისად, დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ნაწილში და მოითხოვა სააგენტოს კვლევისა და სერვისების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე აღდგენა.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
13. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
14. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელემ წარადგინა მტკიცებულებები, რომლებიც აქარწყლებს მოპასუხის 20.02.2015წ. №103 წერილობით დასაბუთებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ:
ა) წინამდებარე განჩინების 4.ა. ქვეპუნტში მითითებული გარემოების საწინააღმდეგოდ საქმეში წარდგენილია მოსარჩელის მიერ 2014 წლის 11 სექტემბერს ცენტრის დირექტორის სახელზე გაგზავნილი ელექტრონული წერილი (იხ. ტ. I, ს.ფ. 66-67), სადაც განმარტებულია შემდეგი: მოსარჩელემ 2013 წლის თებერვლიდან ოქტომბრის ჩათვლით მოიძია 7 რეგიონის მომსახურებები. მოძიებაში იგულისხმება წინასწარი მოძიება, დაკავშირება, შეხვედრა (თუ რეგიონში იყო, იქ ჩასვლა და შეხვედრა), ამ ინფორმაციის ანალიზი და ბაზაში აღწერა. 2013 წლის ბოლო თვეები დაეთმო თბილისის ორგანიზაციებთან სატელეფონო სახით დაკავშირებას და იმ დროისთვის უკვე მოძველებული ინფორმაციის განახლებას; 2014 წლის იანვარში დაფინანსდა ევროკავშირის 8 პროექტი. ამ დროს განხორციელდა ამ 8 პროექტის დეტალურად აღწერა და მათი ბაზაში განთავსება, ასევე, სხვა მსხვილი მომსახურების მიმწოდებლებთან დაკავშირება და ინფორმაციის განახლება; 2014 წლის მაისის თვეში პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მიეწოდა ბაზის მონაცემები. აღნიშნულმა სამსახურმა, დაპირებისამებრ, მაისის ბოლოს გაუგზავნა მოსარჩელეს განახლებული 7 რეგიონი და ახლად მოძიებული 4 რეგიონი. 2014 წლის აგვისტოში დაგეგმეს პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული და განახლებული მომსახურებების გადამოწმება და განახლება. აგვისტოშივე განიხილეს სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის მომსახურებები. ეს პროცესი დასრულდა 10 დღეში. თბილისის ბაზის განახლებამ გადაიწია სექტემბრის თვეში და მიმდინარეობდა წარმატებით.
საქმეში ასევე წარდგენილია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს 18.03.2015წ. წერილი (იხ. ტ. I, ს.ფ. 68-69), სადაც აღნიშნულია, რომ ცენტრის მიერ 2014 წლის გაზაფხულზე მიწოდებული რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ბაზის განახლებისას არსებული 7 რეგიონის მონაცემებს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველომ დაამატა კიდევ 4 რეგიონის მომსახურებები. მომდევნო ეტაპზე კი მოხდა ბაზის შევსება სხვადასხვა რაიონში არსებული სახელმწიფო მომსახურებებით;
ბ) წინამდებარე განჩინების 4.ბ. ქვეპუნტში მითითებულ გარემოებასთან დაკავშირებით დადგენილია, რომ ცენტრის კვლევისა და სერვისების განვითარების სამმართველოს უფროსის სამუშაო აღწერაში (39-ე პუნქტი) შესაბამისი სერვისების მოძიება და ბაზაში დამატება მითითებული არ არის. თუმცა, როგორც ცენტრის დებულების მე-12 მუხლით დგინდება, აღნიშნული ფუნქცია ზოგადად კვლევისა და სერვისების განვითარების სამმართველოს ფუნქციაში შედიოდა და, მოსარჩელის განმარტებით, ის სამმართველოს თანამშრომელს, მკვლევარს/მომსახურებების ბაზის სპეციალისტს ჰქონდა დაკისრებული;
გ) წინამდებარე განჩინების 4.გ. ქვეპუნტში მითითებული გარემოების საწინააღმდეგოდ, საქმეში წარდგენილია სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 18 მარტის წერილი (იხ. ტ. I, ს.ფ. 68-69), სადაც მითითებულია, რომ პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობის მემორანდუმი სოციალური მომსახურების სააგენტომ გააფორმა 2014 წლის 23 ივნისს. აღნიშნულ გარემოებას ასევე ადასტურებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 19.03.2015წ. №04/19368 წერილი (იხ. ტ. I, ს.ფ. 70-71). იმავე წერილით დასტურდება, რომ სსიპ სოციალური მომსახურებიის სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის კადრებით დაკომპლექტება განხორციელდა 2014 წლის იანვარ-თებერვალში;
დ) წინამდებარე განჩინების 4.დ. ქვეპუნტში მითითებულ გარემოებასთან დაკავშირებით მოსარჩელემ განმარტა, რომ სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს შესახებ მისთვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ 2013 წლის ივნისში, ვინაიდან ამ პერიოდში ბათუმში შედგა შეხვედრა მის ხელმძღვანელთან. შეხვედრის მიზანი იყო დასაქმების სააგენტოსთვის ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ასევე მათი საქმიანობის დეტალური აღწერა. აღნიშნულ სააგენტოზე დეტალური ინფორმაცია მაშინვე განთავსდა მომსახურებების ბაზაში (აჭარის რეგიონის გრაფაში) და ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ მუშაკებს მაშინვე მიეწოდათ, რომლებიც ამ ორგანიზაციაში რამდენიმე შემთხვევაში აგზავნიდნენ დასასაქმებლად ადამიანებს. მოპასუხეს მოსარჩელის განმარტების საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარუდგენია;
ე) წინამდებარე განჩინების 4.ე. ქვეპუნტში მითითებულ გარემოებასთან დაკავშირებით მოსარჩელემ განმარტა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა განათლების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტთან, რომლის მიხედვითაც, სამინისტრო დაახლოებით 40 000 ლარი უნდა გამოეყო ყოველწლიურად, რათა მომხდარიყო ყოფილი პატიმრების პროფესიული გადამზადება სხვადასხვა პროგრამებში და ამისთვის ცენტრს რესურსი არ დაეხარჯა. გარდა ამისა, სხვადასხვა სამმართველოებთან მიმდინარეობდა თანამშრომლობა იმასთან დაკავშირებით, რა საკითხებს შეიძლებოდა შეხებოდა მემორანდუმი. აღნიშნული მემორანდუმი გადაეგზავნა ცენტრის დირექტორს. მემორანდუმმა ასევე გაიარა როგორც იუსტიციის, ისე განათლების სამინისტროების სამართალშემოქმედების დეპარტამენტები. მომზადებული მემორანდუმი სრულად ასახავდა ყველა იმ თანამშრომლობის სფეროს, რაზეც განათლების სამინისტროსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა;
ვ) წინამდებარე განჩინების 4.ვ. ქვეპუნტში მითითებულ გარემოებასთან დაკავშირებით მოსარჩელემ განმარტა, რომ ამ დოკუმენტის შედგენაში მონაწილეობას იღებდა მთელი გუნდი (პრობაციის სააგენტო, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, ცენტრი, დამოუკიდებელი ექსპერტი და ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის თანამშრომელი). დოკუმენტი ჯერჯერობით არის სამუშაო ვერსია და არ არის დამტკიცებული, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ამ დოკუმენტში არანაირი მნიშვნელოვანი ხარვეზები და უზუსტობები არ არის დაშვებული. მოპასუხემ ვერ წარადგინა აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება.
საქმეში წარდგენილია ელექტრონული მიმოწერა (იხ. ტ. I, ს.ფ. 74-76) მოსარჩელესა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - ,,სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმა საქართველოში“ მენეჯერს (პრობაციის მიმართულებით) შორის, სადაც ეს უკანასკნელი განმარტავს შემდეგს: ზრდასრულთათვის სარეაბილიტაციო მომსახურების მიწოდების სტანდარტებზე მუშაობა დაიწყო 2014 წლის გაზაფხულზე, კერძოდ, სამუშაო ჯგუფმა (რომლის ერთ-ერთი წევრი იყო მოსარჩელე) მუშაობა დაიწყო 2014 წლის აპრილში და დაასრულა 2014 წლის შემოდგომაზე. მუშაობა მიმდინარეობდა სამუშაო შეხვედრებისა და ონლაინ, დოკუმენტის ელექტრონული ვერსიებისა და კომენტირების რეჟიმში. ამ პერიოდში სტანდარტის დოკუმენტის სამუშაო ვერსია წარედგინა ასევე სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებულ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ჯგუფს, ელექტრონულად და სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე 2014 წლის 06 ივნისს. ჯგუფის წევრების მიერ წარდგენილი კომენტარები ინტეგრირებულ იქნა სტანდარტის სამუშაო ვერსიაში. სტანდარტის სამუშაო ვერსია ასევე გააცნეს პროექტის ძირითად ექსპერტს პრობაციის მიმართულებით და ამავე პროექტის მოკლევადიან ექსპერტს, რომელიც პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრაქტიკოსებთან ერთად ამუშავებდა სარეაბილიტაციო საქმიანობის ინსპექტირების შიდა ინსტრუმენტს. ორივე ექსპერტმა დადებითად შეაფასა სტანდარტის დოკუმენტის სამუშაო ვერსია. სტანდარტის დოკუმენტი მზად არის იმისთვის, რომ მოხდეს მისი დამტკიცება, როგორც სარეკომენდაციო ჩარჩო დოკუმენტისა, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ;
ზ) წინამდებარე განჩინების 4.ზ. ქვეპუნტში მითითებულ გარემოებასთან დაკავშირებით მოსარჩელემ განმარტა, რომ ფონდმა ,,ღია საზოგადოება- საქართველომ’’ გამოთქვა სურვილი ყოფილი პატიმრების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით ეთანამშრომლა ცენტრთან. მათ გამოთქვეს ინტერესი, რომ სურდათ გარკვეული თანხის დახარჯვა ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციისთვის. ერთ-ერთ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ერთ-ერთ NGO-სთან ერთად მომზადდებოდა პროექტი (სამედიცინო საჭიროებებზე მორგებული) და ამას წარუდგენდნენ დონორს. შეთანხმებისამებრ, პროექტი შემუშავდა და მისი წარდგენა მოხდა დაახლოებით ერთ თვეში, თუმცა შემდგომ განაცხადეს, რომ არ უნდოდათ სერვისის (მომსახურების) მიმართულებით თანხის დახარჯვა, ვინაიდან სურდათ თანხა ადვოკატირების მიმართულებით დაეხარჯათ. ეს, ცხადია, არ იყო საბოლოო შეთანხმება დონორთან. ცენტრში იცოდნენ, რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ამ მიმართულებით და შესაძლებელი იყო ცენტრს 100 000 დოლარამდე დაფინანსება მიეღო, თუმცა სამუშაო პროცესში დონორმა გადაიფიქრა ამ მიმართულებით თანხის დახარჯვა, ვინაიდან მუშაობას სხვა მიმართულებით იწყებდნენ. მოპასუხეს არ წარუდგენია აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება;
თ) წინამდებარე განჩინების 4.თ. ქვეპუნტში მითითებულ გარემოებასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმას, რომ მოსარჩელე წლების განმავლობაში კონკურსის წესით ინიშნებოდა სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე, ანუ ხდებოდა მისი დასაკავებელ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენა საკონკურსო კომისიის წევრების მიერ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კვლევისა და სერვისების განვითარების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე გამწესებამდე (რომლის ფუნქცია-მოვალეობები არ შეცვლილა და იგივე იყო 2015 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით) კომისიის მიერ მოსარჩელის უნარ-ჩვევები, მათ შორის, მოლაპარაკების წარმოებისა და პრეზენტაციის უნარები, დადებითად შეფასდა. ამ მხრივ საყურადღებოა ცენტრის საკონკურსო კომისიის 14.05.2014წ. სხდომის ოქმი (იხ. ტ. I. ს.ფ. 43-45), რომლის მიხედვით მოსარჩელემ სხვა კონკურსანტებთან შედარებით (კონკურსი ჩატარებულია ცენტრის კვლევისა და სერვისების განვითარების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე) მაღალი შეფასება მიიღო. მან მაღალი შეფასება მიიღო ტესტირებაში, რომელიც შეეხებოდა ზოგად უნარ-ჩვევებსა და პროფესიულ საქმიანობას. იმავე ოქმიდან ირკვევა, რომ კონკურსის პირობებში გამოკვლეულ იქნა კონკურსანტთა პიროვნული და პროფესიული მახასიათებლები. გარდა აღნიშულისა, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ უდავო გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიმართ არასდროს ყოფილა გამოყენებული რაიმე სახის დისციპლინური სახდელი, ანუ მოსარჩელის მიმართ წლების განმავლობაში არ ყოფილა პრეტენზია, რომ მას არ შეუძლია აწარმოოს მოლაპარაკებები, ან განახორციელოს რაიმე საკითხის პრეზენტაცია;
ი) წინამდებარე განჩინების 4.ი. ქვეპუნტში მითითებულ გარემოებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია მოწმის სახით დაკითხული ქ.ჩ–ის ჩვენებას, რომელმაც განმარტა შემდეგი: იგი მოსარჩელესთან ერთად მუშაობდა 2014 წლის მარტამდე, მის უშუალო დაქვემდებარებაში - ასისტენტად, მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი იყო პროექტის მენეჯერი. რეორგანიზაციის შემდეგ მოსარჩელე გახდა სამმართველოს უფროსი, ხოლო ქ.ჩ–მა მუშაობა განაგრძო იმავე სამმართველოში მკვლევარის/მომსახურების ბაზის სპეციალისტის თანამდებობაზე. განყოფილებაში დასაქმებული იყო დაახლოებით 2-3 ადამიანი და მათი სამუშაო დრო იყო ერთნაირი - 9 საათიდან 6 საათამდე. დავალებების სიხშირე დამოკიდებული იყო სამუშაოს სპეციფიკაზე. მოლაპარაკებებში პირველ წელს მონაწილეობას იღებდა მხოლოდ მოსარჩელე, ხოლო რეორგანიზაციის შემდეგ აღნიშნული ასევე ქ.ჩ–ის მოვალეობაშიც შედიოდა, რის გამოც მოლაპარაკებების ნაწილს ახორციელებდა მხოლოდ ის, ხოლო სირთულის ან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოლაპარაკების შემთხვევაში, მას მხოლოდ მოსარჩელე აწარმოებდა. მოწმის განმარტებით, მათი სამსახურებრივი მიღწევები იყო მნიშვნელოვანი. თბილისის ბაზებს აახლებდნენ წელიწადში ერთხელ, ხოლო შემდეგ ტელეფონის მეშვეობით ამოწმებდნენ ხომ არ იყო რაიმე ცვლილება. ამასთან, დონორის მოძიების კუთხით ხშირი შეხვედრები ჰქონდათ როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. მოწმის განცხადებით, ცენტრის უფროსისგან არასდროს გაუგია უკმაყოფილება მოსარჩელის მიმართ. რაც შეეხება თანამშრომლებთან ურთიერთობას, მოწმემ დაადასტურა, რომ მოსარჩელეს კარგი დამოკიდებულება ჰქონდა როგორც მოწმესთან, ისე სხვა თანამშრომლებთან და რაიმე კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო მოსარჩელის კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის დადასტურება. სასამართლოს მოსაზრებით, დამსაქმებელმა ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება და დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერების დასაბუთება, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლიდან გამომდინარე, ცენტრის დირექტორის სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.
16. სააპელაციო პალატის მითითებით, დადგენილია, რომ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და ცენტრის უფლებამოსილებები გადაეცა სააგენტოს და ეს უკანასკნელი ჩაითვალა პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და ცენტრის უფლებამონაცვლედ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
17. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსხვავებულია სააგენტოსა და ცენტრის ფუნქცია-მოვალეობები, კერძოდ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 25.03.2014წ. №16 ბრძანებით დამტკიცებული ცენტრის დებულების მე-2 მუხლის თანახმად (2015 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით მოქმედი რედაქცია), ცენტრის მიზნები და ფუნქციებია: ა) საქართველოში დანაშაულის პრევენცია და ამ მიზნით დანაშაულის პირველად პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება. ასევე, რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებთან მუშაობა; ბ) ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია; არსებული პროგრამების ფარგლებში რეფერალის სისტემის შემუშავება, შესაბამისი დახმარების აღმოჩენა და დანაშაულის რეციდივის თავიდან აცილების ხელშეწყობა; გ) სამინისტროს მიერ დასახული მიზნების მისაღწევად - დანაშაულის პრევენციის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და მსჯავრდებულების რესოციალიზაცია რეაბილიტაციის მიმართულებით საგრანტო პროგრამის განვითარება და კოორდინაცია; დ) განრიდების პროგრამის მართვა და განვითარება; ე) მედიაციის ინსტიტუციონალური განვითარება; ვ) სამინისტროს სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე და ინოვაციური პროექტების განხორციელება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ხოლო, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ. №485 ბრძანებით დამტკიცებული სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის თანახმად, სააგენტოს მიზანია: „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულებით, დანაშაულის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებითა და მსჯავრდებულისა და ყოფილი პატიმრის რესოციალიზაციითა და რეაბილიტაციით საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სააგენტო თავისი მიზნების მისაღწევად საქმიანობას ახორციელებს მსჯავრდებულთა რისკისა და საჭიროების შეფასების საფუძველზე, სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური დაგეგმვით, მსჯავრდებულზე აუცილებელი ზედამხედველობითა და კონტროლით, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობითა და დახმარებით, არასრულწლოვნის გათავისუფლებისთვის მომზადების პროცესში მონაწილეობით, პირობითი მსჯავრისა და სასჯელის მოხდის შემდეგ არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებით და მისი შესრულების კოორდინაციით, აგრეთვე, რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა სოციალიზაციის, რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის სერვისებისა და პროგრამების უზრუნველყოფით, არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესის კოორდინაციით, აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამების დანერგვითა და კოორდინაციით, განრიდების პროგრამების კოორდინაციით, დანაშაულის პრევენციის მიმართულებით ინსტიტუციური და კომპლექსური მიდგომების დანერგვითა და გამოყენების უზრუნველყოფით.
18. სააპელაციო პალატის განმარტებით, ცენტრის სამუშაო აღწერილობების 39-ე მუხლით განსაზღვრული იყო კვლევისა და სერვისების განვითარების სამმართველოს უფროსის ფუნქცია-მოვალეობები (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი), ხოლო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ. №485-ე ბრძანების მე-13 მუხლის მიხედვით, კვლევისა და სერვისების დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, ქვეყანაში არსებული სერვისების მოკვლევა და ანალიზი, საუკეთესო პრაქტიკის კვლევა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სერვისების სრულყოფასა და ეფექტიანობის გაზრდაზე ორიენტირებული ახალი სერვისების, ინოვაციური იდეებისა და პროექტების შემუშავება, ინიცირება, სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და პრობაციის ბიუროებისთვის მიწოდება და მათი განხორციელების ხელშეწყობა; გ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, სერვისების ერთიანი სტანდარტის შემუშავება, სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებსა და პრობაციის ბიუროებში დანერგვა და მონიტორინგი; დ) კომპეტენციის ფარგლებში, სერვისების რუკის შექმნა და მართვა, სერვისების ერთიანი ელექტრონული ბაზის შემუშავება და მისი მუდმივი განახლება; ე) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს ბენეფიციარების საჭიროებების კვლევა და მათზე მორგებული სერვისების დანერგვა/განვითარება; ვ) შიდა სერვისების კომპონენტის განვითარებაში მონაწილეობა; ზ) პარტნიორთა ქსელის შექმნის უზრუნველყოფა და მის მუდმივ გაფართოებაზე მუშაობა; თ) სამინისტროს მიერ დაფინანსებული და სააგენტოს საქმიანობის სფეროს მიკუთვნებული საგრანტო მენეჯმენტი; ი) კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ალტერნატიული დაფინანსების წყაროების მოძიება; კ) სააგენტოს საქმიანობისთვის საჭირო სტატისტიკური ფორმების შემუშავება; ლ) სტატისტიკური მონაცემების შეჯამება, ანალიზი და სტატისტიკური ანგარიშების შედგენა, მოთხოვნა და სისტემაში მოყვანა; მ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული კვლევების ჩატარება ან/და მასში მონაწილეობის მიღება; ნ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
19. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩია, რომ მოსარჩელის აღდგენა სააგენტოს კვლევისა და სერვისების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე ვერ მოხდებოდა, ვინაიდან აღნიშნული თანამდებობა განსხვავებული იყო მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული ცენტრის კვლევისა და სერვისების განვითარების სამმართველოს უფროსის თანამდებობისგან. ამასთან, მოსარჩელეს არ მიუთითებია რომელი თანამდებობა წარმოადგენს კვლევისა და სერვისების განვითარების სამმართველოს უფროსის ტოლფასს და არც აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარუდგენია.
20. სააპელაციო პალატის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე 2017 წლის 01 ნოემბრიდან დასაქმებულია სს ,,ს.ბ–ის“ ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში ტრენერის თანამდებობაზე და მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს თვეში 2 500 ლარს (იხ. ტ. I, ს.ფ. 271). დადგენილია ასევე, რომ იგი 2016 წლის 25 იანვრიდან არის საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი (ექსპერტი). მოსარჩელე აპარატს უწევს საექსპერტო-საკონსულტაციო მომსახურებას, რაც გულისხმობს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებთან ერთად მონიტორინგის განხორციელებას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მისი შრომის ანაზღაურება განისაზღვრება მონიტორინგის დღეების ხანგრძლივობით და თითოეულ სამუშაო დღეზე შეადგენს 120 ევროს (აღნიშნული სამუშაო არ არის სისტემატური და მოიცავს წელიწადში რამდენიმე დღეს) (იხ. ტ. I, ს.ფ. 236). ამასთან, World Vision Georgia-ს მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ მოსარჩელე მუშაობდა World Vision International-ის ფილიალში კონტრაქტორის თანამდებობაზე და მისი ანაზღაურება ბოლო ორი წლის განმავლობაში შეადგენდა ჯამში - 6020 ლარს (იხ. ტ. I, ს.ფ. 237).
21. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტით და ვინაიდან სახეზე არ იყო თავისუფალი, ტოლფასი თანამდებობა, მიიჩნია, რომ მოპასუხეს მართებულად დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 28 000 ლარის ოდენობით.
22. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
23. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
23.1. სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია და შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები;
23.2. გასაჩივრებულ განჩინებაში მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობასთან დაკავშირებით მითითებული მსჯელობა არ არის შესაბამისობაში საქმეში წარდგენილ მტკიცებულებებთან. კერძოდ, სააგენტო წარმოადგენს ცენტრისა და სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებულ სუბიექტს, რომელმაც მთლიანად გადაიბარა ორივე სსიპ-ის ფუნქცია-მოვალეობები. ახლად შექმნილი სააგენტოს სტრუქტურას არეგულირებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ, №485 ბრძანება, რომლის მე-7 მუხლში მითითებულია, რომ სააგენტოს ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს კვლევისა და სერვისების დეპარტამენტი. აღნიშნული დეპარტამენტის ფუნქციები დეტალურად არის გაწერილი იმავე ბრძანების მე-13 მუხლში, რომლებიც თითქმის იდენტურია ცენტრის კვლევისა და სერვისების განვითარების სამმართველოს ფუნქციებთან;
23.3. თუკი სასამართლო თვლიდა, რომ სააგენტოს კვლევისა და სერვისების დეპარტამენტის ფუნქციები მკვეთრად განსხვავდება ცენტრის კვლევისა და სერვისების განვითარების სამმართველოს ფუნქციებისგან, მაშინ მას ეს გარემოება ნათლად უნდა დაესაბუთებინა;
23.4. საქმეში წარდგენილია სააგენტოს კვლევისა და სერვისების დეპარტამენტის უფროსის სამუშაო აღწერის ფორმა, რომლის თანამდებობის გრაფაში მითითებულია, რომ აღნიშნული დეპარტამენტის უფროსის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს - დანაშაულის პრევენციის, რესოციალიზაცია - რეაბილიტაციისთვის საჭირო კვლევის განხორციელების უზრუნველყოფა, სერვისების მოკვლევა, დანერგვა და მონიტორინგის განხორციელება/შეფასება. საქმეში წარდგენილი ყველა მტკიცებულება მიანიშნებს, რომ აბსოლუტურად იდენტური მიზანი და ფუნქცია გააჩნდა მოსარჩელეს, როგორც კვლევებისა და სერვისების განვითარების განყოფილების უფროსს, რადგან იგი უზრუნველყოფდა ყოფილი პატიმრების, განრიდებულთა და რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფების საჭიროებების კვლევას და მათზე მორგებული სერვისების დანერგვა/განვითარებას;
23.5. სააპელაციო სასამართლოს იგივეობა თუ არა მინიმუმ ტოლფასოვნება მაინც უნდა დაენახა ამ ორ თანამდებობას შორის. შესაბამისად, ამ ნაწილში სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია;
23.6. სასამართლომ კომპენსაციისა და განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ისინი ერთმანეთს გამორიცხავს და მათი ერთდროულად გამოყენება შეუძლებელია, თუმცა აღნიშნული განმარტება არ შეესაბამება არც საერთაშორისო პრაქტიკას და არც ნორმათა ტელეოლოგიურ განმარტებას. მათი კუმულატიურად გამოყენება დასაშვებია და სასამართლოს მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობის დადგენის შემთხვევაშიც უნდა დაეკისრებინა მოპასუხისათვის განაცდურის ანაზღაურება. დაუშვებელია განაცდურის ანაზღაურების თანამდებობაზე აღდგენასთან მიბმა. მისი გამოყენება კომპენსაციასთან ერთადაც დასაშვებია. ხოლო, მისი გამოანგარიშება დამოკიდებული უნდა იყოს იმაზე, პირის არასწორად გათავისუფლების შემდგომ მხარეთა შორის რა პერიოდის განმავლობაში არსებობდა შრომითი ურთერთობა;
23.7. თუ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ თანამდებობაზე აღდგენა შეუძლებელი იყო იმ საფუძვლით, რომ ასეთი თანამდებობა აღარ არსებობდა, მაშინ მას უნდა გამოეკვლია, როდის გაუქმდა ეს თანამდებობა და მისი გაუქმებით დასრულდა თუ არა მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა და დამსაქმებლის მხრიდან ხელფასის გადახდის ვალდებულება, თუმცა სასამართლოს ეს გარემოებები არ გამოუკვლევია;
23.8. კომპენსაცია გადაუხდელ ხელფასს, ანუ განაცდურს თავის თავში ვერ მოიცავს, რადგან ორივე მოთხოვნას განსხვავებული სამართლებრივი საფუძველი გააჩნია. განაცდური არის დამსაქმებლის შეუსრულებელი სახელშეკრულებო ვალდებულების (ხელფასის გადახდის) შესრულების დავალდებულება, ხოლო კომპენსაცია თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობით გამოწვეული ზიანი. ამ გარემოებაზე მიანიშნებს დღეს მოქმედი შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-9 პუნქტიც;
23.9. სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე საქმეზე მსჯელობისას მხედველობაში მიიღო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე 2016 წლის 25 იანვრიდან იყო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი და, შესაბამისად, გაწეული სამსახურისთვის მიღებული ჰქონდა ანაზღაურება. ასევე, ის გარემოება, რომ იგი 2017 წლის 01 ნოემბრიდან დასაქმებულია სს "ს.ბ–ში" და მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს 2500 ლარს. თუმცა, სასამართლოს მიერ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ავტომატურად მხედველობაში მიღება, საქმის დამატებითი გარემოებების გამოკვლევის გარეშე, დაუშვებელია;
23.10. თუკი სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირი გათავისუფლების შემდგომ სხვაგან დასაქმდება, სასამართლომ აღნიშნული საკითხი უნდა განიხილოს არა კომპენსაციის, არამედ განაცდურის გამოთვლის ნაწილში. სამსახურიდან არამართლზომიერად გათავისუფლებული პირი არ შეიძლება იმაზე უკეთეს ან უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდეს, ვიდრე ის იქნებოდა უკანონოდ გათავისუფლებული რომ არ ყოფილიყო. მაგალითად, თუკი პირი ახალ დამსაქმებელთან სრული განაკვეთით მუშაობს, ბუნებრივია, იგი ამავე დროს სადავო პოზიციაზე სრული განაკვეთით ვერ იმუშავებდა, ამიტომ უნდა მოხდეს განაცდურისა და ახალ დამსაქმებელთან აღებული ანაზღაურების გაქვითვა და ამით დასაქმებული უარეს ან უკეთეს მდგომარეობაში არ უნდა აღმოჩნდეს. შესაბამისად, ის გარემოება, რომ მოსარჩელე 2016 წლის 25 იანვრიდან იყო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი და გაწეული სამსახურისთვის იღებდა ანაზღაურებას, ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს ეს გარემოება მხედველობაში უნდა მიეღო და განაცდურისა და კომპენსაციის სწორად გამიჯვნის შემთხვევაში, განაცდურის თანხიდან აღებული საზღაური უნდა გამოექვითა. დადგენილია, რომ მოსარჩელემ წელიწადში მხოლოდ რამდენიმე დღე იმუშავა სახალხო დამცველის აპარატში, შესაბამისად, ეს არ გამორიცხავს, რომ იგი ცენტრის კვლევისა და სერვისების განვითარების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შესრულებასთან ერთად სახალხო დამცველის აპარატში მისი ვალდებულების შესრულებას მოახერხებდა. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გარემოება არ გამოუკვლევია;
23.11. თუ მოპასუხეს სურდა, რომ მოსარჩელის მიერ გათავისუფლების შემდგომ მიღებული ანაზღაურება განაცდურის ნაწილში გაქვითულიყო, მაშინ მას ცალკე სასარჩელო მოთხოვნით უნდა მიემართა სასამართლოსთვის, რაც მას არ განუხორციელებია. შესაბამისად, მხოლოდ აღნიშნულ გარემოებაზე მითითება არ აძლევს სასამართლოს მისი გაქვითვის ან მხედველობაში მიღების შესაძლებლობას.
24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
25. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
26. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინების კანონიერება მხოლოდ პირვანდელ ან ტოლფას თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენაზე უარის თქმისა და კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში.
27. კასატორი დავობს, რომ სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია და შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. მისი მტკიცებით, ცენტრის კვლევისა და სერვისების განვითარების სამმართველოს უფროსისა და სააგენტოს კვლევისა და სერვისების დეპარტამენტის უფროსის მიზნები და ფუნქციები იდენტურია, შესაბამისად, სასამართლოს ისინი იდენტურად თუ არა ტოლფასოვნად უნდა მიეჩნია და დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე.
28. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად (დავის წამოშობის დროს მოქმედი რედაქცია), სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
29. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა შემდეგი: დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, ზემოთ დასახელებული სამართლებრივი ნორმა ითვალისწინებს დამსაქმებლის ვალდებულებას, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილებით მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება შეეძლოს. საქართველოს შრომის კოდექსი დამსაქმებელს ავალდებულებს პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (იხ. სუსგ საქმე №ას-951-901-2015, 29 იანვარი, 2016 წელი; №ას-637-637-2018, 29 აგვისტო 2018 წელი).
30. თანამდებობაზე აღდგენა დასაქმებულის უპირატესი უფლებაა, რადგან მისი დათხოვნა უკანონო გათავისუფლების თანმდევი შედეგია, შესაბამისად, დათხოვნის უკანონოდ ცნობის პირობებში, უკანონოდ გათავისუფლებული პირის მოთხოვნა პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის თაობაზე დაცვის ღირსი ლეგიტიმური ინტერესის შემცველია, თუმცა აღნიშნული უფლება აბსოლუტური კატეგორია არ არის და მისი დაკმაყოფილება გარკვეულ წინაპირობებზეა დამოკიდებული.
31. როდესაც უკანონოდ დათხოვნილი პირი შრომითი ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და უფლებებში აღდგენას ითხოვს, სასამართლომ თავად უნდა შეაფასოს მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის საუკეთესო გზა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით, კერძოდ, თუ მოსარჩელის ინტერესი პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენაა, სასამართლომ დასაქმებულისა და დამსაქმებლის ორმხრივი პატივსადები ინტერესის დაცვით უნდა შეამოწმოს მითითებული მოთხოვნის საფუძვლიანობა და დაკმაყოფილების მიზანშეწონილობა. პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის მოთხოვნა საფუძვლიანია, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა უკანონოა, თუმცა აღნიშნული ავტომატურად არ იწვევს დასაქმებულის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია მისი აღსრულების შესაძლებლობასა და, მხარეთა კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, მისი აღსრულების ეფექტიანობაზე. შესაბამისად, თუ სასამართლომ დაადგინა, რომ გათავისუფლების ბრძანება უკანონოა, თუმცა უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა შეუძლებელი ან მიზანშეუწონელია, ასეთ შემთხვევაში სასამართლომ უნდა დაადგინოს, ხომ არ არის შესაძლებელი უფლებადარღვეული დასაქმებულის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა. ამ მიზნით მან უნდა გამოიკვლიოს რა ადამიანურ რესურსს ფლობს დამსაქმებელი, რა ტოლფასი ვაკანტური პოზიციები აქვს მას, რა ფუნქციური მსგავსებაა პირვანდელ და ტოლფას თანამდებობებს შორის. იმავდროულად, სასამართლომ კვლევის შედეგები უნდა შეუსაბამოს უკანონოდ დათხოვნილი პირის ნებას, ინტერესსა და შესაძლებლობას, დაიკავოს კონკრეტული ტოლფასი თანამდებობა. დასაქმებულმა სამართალწარმოების შედეგად მისთვის მიუღებელი სამუშაო ადგილი ან ისეთი პოზიცია არ უნდა მიიღოს, რომლის დასაკავებლადაც სპეციალური ცოდნა და მომზადება არ გააჩნია (იხ. საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, სახელმძღვანელო მოსამართლეების, იურისტებისა და სამართლის პედაგოგებისათვის, გვ. 270-272).
32. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს 29.11.2019წ. (გამოქვეყნების თარიღი 10.12.2019წ.) კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ცენტრის უფლებამოსილებები გადაეცა სააგენტოს და ეს უკანასკნელი ჩაითვალა ცენტრის უფლებამონაცვლედ კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. აღნიშნული საფუძვლით წინამდებარე საქმეზე დადგინდა უფლებამონაცვლეობა და მოპასუხის/ცენტრის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სააგენტო (იხ, ტ. II, ს.ფ. 270-275). ამდენად, ვინაიდან ცენტრმა, როგორც დამოუკიდებელმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა, შეწყვიტა არსებობა, სადავო არ არის, რომ მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა აღარ არსებობს და, შესაბამისად, პირვანდელ სამუშაო ადგილზე მისი აღდგენა შეუძლებელია. თუმცა, ვინაიდან ცენტრის უფლებამოსილებები სრულად სააგენტოს გადაეცა, შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, უნდა დადგინდეს არსებობს თუ არა სააგენტოში მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფასი თანამდებობა.
33. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნისას ტოლფასი თანამდებობის არსებობის მტკიცების ტვირთი მოთხოვნის ავტორს (მოსარჩელეს) უნდა დაეკისროს და არა მოთხოვნის ადრესატს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სწორედ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს როგორც ტოლფასი თანამდებობის არსებობის ფაქტი, ისე მიუთითოს, კონკრეტულად რომელია მანამდე არსებული თანამდებობის შესაბამისი თანამდებობა. აღნიშნული კი, შესაძლებელია, გაირკვეს დამსაქმებლის საშტატო ნუსხისა და შესაბამისი თანამდებობების ფუნქციური დატვირთვის გამოკვლევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე №ას-902-864-2014, 30 მარტი, 2015 წელი; №ას-475-456-2016, 24 ივნისი, 2016 წელი; №ას-761-712-2017, 10 ივლისი, 2017 წელი).
34. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მოსარჩელეს ტოლფასი თანამდებობის შესახებ სასამართლოსთვის არ მიუთითებია. კერძოდ, წინამდებარე საქმეზე უფლებამონაცვლეობის საკითხის დადგომის შემდგომ (ცენტრის უფლებამონაცვლეობა ამოქმედდა 2020 წლის 01 იანვრიდან), მოსარჩელემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, რომლითაც აღდგენის ნაწილში დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა სააგენტოს კვლევისა და სერვისების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე აღდგენა, რაც სწორედ ტოლფას თანამდებობაზე მითითებას წარმოადგენს. აღნიშნულის შემდგომ სასამართლოს საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, უნდა შეეფასებინა არის თუ არა სააგენტოს კვლევისა და სერვისების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული პოზიციის ტოლფასი, რაც სასამართლოს სათანადოდ არ განუხორციელებია.
35. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 25.03.2014წ. №16 ბრძანებით დამტკიცებული ცენტრის დებულების (2015 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით მოქმედი რედაქცია) მე-2 მუხლისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.03.2019წ. №485-ე ბრძანებით დამტკიცებული სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის (დეტალურად იხ. წინამდებარე განჩინების მე-17 მუხლი) ანალიზით ირკვევა, რომ როგორც ცენტრის, ისე სააგენტოს ძირითად მიზანს - დანაშაულის პრევენცია და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია და ამით საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს.
36. ამასთან, სადავო არ არის, რომ ცენტრში არსებობდა კვლევისა და სერვისების განვითარების სამმართველო, ხოლო სააგენტოში არსებობს კვლევისა და სერვისების დეპარტამენტი (იხ. ტ. I, ს.ფ. 134-152, ასევე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.03.2019წ. №485 ბრძანებით დამტკიცებული სააგენტოს დებულების მე-13 მუხლი). ცენტრის შინაგანაწესის დანართის - "სამუშაო აღწერილობები" 39-ე მუხლით განსაზღვრული იყო კვლევისა და სერვისების განვითარების სამმართველოს უფროსის სამუშაოს აღწერილობა (დეტალურად იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი), ხოლო სააგენტოს დებულების მე-13 მუხლით რეგლამენტირებულია სააგენტოს კვლევისა და სერვისების დეპარტამენტის ფუნქციები (იხ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.03.2019წ. №485 ბრძანებით დამტკიცებული სააგენტოს დებულების მე-13 მუხლი). აღნიშნული მუხლების ანალიზით, ასევე, შეიძლება ითქვას, რომ სააგენტოს კვლევისა და სერვისების დეპარტამენტის ფუნქციები სრულად მოიცავს ცენტრის კვლევისა და სერვისების განვითარების სამმართველოს უფროსის ფუნქცია-მოვალეობებს, კერძოდ: ქვეყანაში არსებული ცენტრის/სააგენტოს საქმიანობისთვის მნიშვნელოვანი სერვისების მოკვლევა და ანალიზი; სერვისების ერთიანი ელექტრონული ბაზის შემუშავება და მისი მუდმივი განახლება; ახალი სერვისების განხორციელების უზრუნველყოფა; სერვისების ერთიანი სტანდარტის შემუშავება, მისი დანერგვა და მონიტორინგი; პარტნიორთა ქსელის შექმნა და მის მუდმივ გაფართოებაზე მუშაობა; სამინისტროს მიერ დაფინასებული და მათი საქმიანობის სფეროს მიკუთვნებული საგრანტო პროექტების მენეჯმენტი; ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ალტერნატიული დაფინანსების წყაროს მოძიება.
37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სააგენტოს კვლევისა და სერვისების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა განსხვავებულია მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობისგან, ვინაიდან ეს გარემოება სააპელაციო სასამართლოს სათანადოდ და საკმარისად არ გამოუკვლევია. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობიდან ასეთი დასკვნის გამოტანა შეუძლებელია. კერძოდ, როგორც ზემოთ აღინიშნა, სააგენტოს კვლევისა და სერვისების დეპარტამენტის ფუნქციები სრულად მოიცავს ცენტრის კვლევისა და სერვისების განვითარების სამმართველოს უფროსის ფუნქცია-მოვალეობებს, თუმცა უნდა ითქვას, რომ სააგენტოს აღნიშნულ დეპარტამენტს დამატებით დაკისრებული აქვს იმგვარი ფუნქციები, რომლებიც ცენტრის კვლევისა და სერვისების განვითარების სამმართველოს უფროსის ფუნქცია-მოვალეობებში არ შედიოდა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული და დადგენილი აქვს ზოგადად სააგენტოს კვლევისა და სერვისების დეპარტამენტის ფუნქციები, თუმცა მას არ გამოუკვლევია კონკრეტულად რა უფლება-მოვალეობები აკისრია აღნიშნული დეპარტამენტის უფროსს და გააჩნია თუ არა რაიმე სახის ფუნქციური მსგავსება პირვანდელ თანამდებობასთან. ამ გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია იმ დასკვნის გაკეთება, წარმოადგენს თუ არა სააგენტოს კვლევისა და სერვისების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფასს.
38. ამასთან, თუკი სასამართლო დაადგენს ზემოაღნიშნული თანამდებობების ტოლფასოვნებას, ასევე, გამოკვლეულ უნდა იქნას - არის თუ არა ტოლფასი თანამდებობა ვაკანტური და შესაბამისობაშია თუ არა მოსარჩელის კომპეტენციასა და გამოცდილებასთან.
39. კასატორი აგრეთვე სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობას. მისი განმარტებით, სასამართლომ კომპენსაციის განსაზღვრისას ისე მიიღო მხედველობაში გათავისუფლების შემდგომ მოსარჩელის დასაქმებასთან დაკავშირებული ფაქტები, რომ დამატებითი გარემოებები არ გამოუკვლევია. ამასთან, მისი მტკიცებით, მოსარჩელის აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაშიც, შესაძლებელია მოპასუხისათვის კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის ერთდროულად დაკისრება.
40. საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტით (დავის წარმოშობის დროს მოქმედი რედაქცია) განსაზღვრულია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის უფლებებში აღდგენის ალტერნატიული გზები - პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა, ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფა, ან კომპენსაციის გადახდა, რომელთა ერთდროულად გამოყენება დაუშვებელია. უფლებებში აღდგენის ყოველი მომდევნო საშუალების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ წინა ღონისძიების გამოყენების გამორიცხვის შემთხვევაში. არც შრომის კოდექსი და არც კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი სხვა ნორმატიული აქტი განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას და/ან მისი გამოანგარიშების წესს. სხვადასხვა ქვეყნების სასამართლო პრაქტიკის განზოგადება კი იძლევა კომპენსაციის გამოთვლის შესაძლებლობას შემდეგი კრიტერიუმებით: კომპანიის ლიკვიდურობა; პირის შანსები შრომის ბაზარზე; პირის სოციალური მდგომარეობა; დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა; პირი სხვაგან დასაქმდა თუ არა დავის პერიოდში; სამუშაო სტაჟი; დამსაქმებლის საწარმოუნარიანობა; პირის მუშაობის ხანგრძლივობა დამსაქმებელთან (იხ. სუსგ საქმე №ას-1339-1259-2017, 30 ივლისი, 2018 წელი).
41. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებების შესაბამისად, შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად უნდა ფარავდეს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი, საშუალოდ, შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა. შ. ნიშანდობლივია, რომ სასამართლო გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს კომპენსაციის დადგენის მიზანშეწონილობისა და ოდენობის დასაბუთებას.
42. ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია, რომ კომპენსაცია შესაძლოა გაცილებით მეტიც იყოს, ვიდრე იძულებითი განაცდური, რომელიც დასაქმებულის პირვანდელ ან ტოლფას სამუშაოზე აღდგენის თანმდევი შედეგია. აღნიშნული იმით არის განპირობებული, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებით ხდება არა დასაქმებულის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა, არამედ მისი ნაწილობრივი უფლებრივი რესტიტუცია. ამასთან, დამსაქმებლისათვის დაკისრებული კომპენსაცია ერთგვარი „სანქციის“ სახესაც უნდა ატარებდეს არა მხოლოდ კონკრეტული დამსაქმებლისათვის, არამედ ზოგადად შრომით ბაზარზე, იმ კონტექსტში, რომ მომავალში არიდებულ იქნეს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერად შეწყვეტის შემთხვევები (იხ. სუსგ საქმე №ას-1263-2018, 14 დეკემბერი, 2018 წელი; №ას-1329-2018, 22 თებერვალი, 2019 წელი; №ას-1189-2020, 04 თებერვალი, 2021 წელი).
43. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ მოსარჩელე ცენტრის დირექტორის 13.02.2015წ. ბრძანებით 2015 წლის 16 თებერვლიდან გათავისუფლდა ცენტრის კვლევისა და სერვისების განვითარების სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან; დადგენილია, ასევე, რომ გათავისუფლების შემდგომ, 2016 წლის 25 იანვრიდან მოსარჩელე დასაქმდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრად (ექსპერტად). საქმეში არსებული საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 06.12.2017წ. ცნობის თანახმად, მოსარჩელე სახალხო დამცველის აპარატს უწევდა საექსპერტო-საკონსულტაციო მომსახურებას, რაც გულისხმობს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებთან ერთად მონიტორიგნის განხორციელებას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. იმავე ცნობის მიხედვით, მოსარჩელის შრომის ანაზღაურება განისაზღვრებოდა მონიტორინგის დღეების ხანგრძლივობით (იხ. ტ. I, ს.ფ. 236). ამდენად, მითითებული ცნობიდან ირკვევა, რომ სახალხო დამცველის აპარატში მოსარჩელეს სტაბილური სამსახური არ გააჩნდა და ის დამოკიდებული იყო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მონიტორინგის განხორციელებაზე და მის ხანგრძლივობაზე. კასატორის განმარტებით, მან მხოლოდ რამდენიმე დღე იმუშავა სახალხო დამცველის აპარატში; მოსარჩელე, ასევე, დასაქმებული იყო World Vision International-ის ფილიალში საქართველოში კონტრაქტორის თანამდებობაზე. საქმეში არსებული World Vision Georgia-ს 06.12.2017წ. ცნობიდან ირკვევა, რომ მოსარჩელესა და World Vision International-ის საქართველოს ფილიალს შორის გაფორმებული იყო ხელშეკრულება 2016 წლის 14 დეკემბრიდან 2018 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედების ვადით, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელე პერიოდულად ასრულებდა ტრენინგ მომსახურებას (იხ. ტ. I, ს.ფ. 238). ამდენად, ცხადია, რომ არც აღნიშნული წარმოადგენდა სტაბილურ საქმიანობას. აქედან გამომდინარე, არსებობს საფუძველი ვარაუდისთვის, რომ სახალხო დამცველის აპარატში საექსპერტო-საკონსულტაციო და World Vision International-ის საქართველოს ფილიალისათვის ტრენინგ მომსახურების გაწევა არ გამორიცხავდა იმავდროულად მოსარჩელის მიერ ცენტრის კვლევისა და სერვისების განვითარების სამმართველოს უფროსის უფლება-მოვალეობის განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, კომპენსაციის განსაზღვრისას ეს გარემოებები მხედველობაში უნდა ყოფილიყო მიღებული.
44. დადგენილია, ასევე, რომ მოსარჩელე 2017 წლის 01 ნოემბრიდან დასაქმებულია სს „ს.ბ–ის“ ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში ტრენერის თანამდებობაზე და მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს თვეში 2500 ლარს (იხ. ტ. I, ს.ფ. 271). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, ვინაიდან ამ შემთხვევაში მოსარჩელის შრომის ანაზღაურება განსაზღვრულია ყოველთვიურად, ეს გარემოება მის სტაბილურობაზე მიანიშნებს. შესაბამისად, სს "ს.ბ–ში" დაკავებული პოზიცია შესაძლოა მიჩნეულ იქნას მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის შესატყვისად და გათვალისწინებულ იქნას სასამართლოს მიერ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას.
45. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ასევე, კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სააგენტოში ტოლფასი თანამდებობის არარსებობის ფაქტის დადგენის შემთხვევაში, მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი კომპენსაცია მოიცავდეს მინიმუმ სს „ს.ბ–ში“ მოსარჩელის დასაქმებამდე პერიოდს, რაც ჯამში 2 წელსა და რვა თვეს შეადგენს.
46. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. იმავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
47. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას თავად მიიღოს გადაწყვეტილება დავაზე, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების საფუძველია. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, წინამდებარე განჩინების 37-38-ე პუნქტებში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოიკვლიოს სააგენტოში ტოლფასი, ვაკანტური სამუშაო ადგილის არსებობის ფაქტი, ხოლო, ამგვარი თანამდებობის არარსებობის დადგენის შემთხვევაში, კომპენსაციის ოდენობა უნდა განსაზღვროს წინამდებარე განჩინების 43-45-ე პუნქტებში მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით.
48. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.
49. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.მ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი