Facebook Twitter

საქმე № ას-873-2022 27 სექტემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „ს.ლ–ს“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ.ს.დ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2020 წლის 01 აპრილს შპს ,,ს.ლ–სსა’’ (შემდეგში - მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე, შემსრულებელი, კასატორი), და შპს ,,ნ.ს.დ–ს’’ (შემდეგში - მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, დამკვეთი, მოწინააღმდეგე მხარე) შორის დაიდო ხელშეკრულება სატრანსპორტო გადაზიდვის თაობაზე, რომლის თანახმადაც შემკვეთმა იკისრა ვალდებულება დამკვეთის დავალების შესაბამისად, გაეწია ტვირთის გადაზიდვის მომსახურება საჰაერო გზით ჩინეთი-თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით, ხოლო დამკვეთმა აიღო ვალდებულება გადაეხადა შემსრულებლისთვის გაწეული მომსახურების საფასური და აენაზღაურებინა მომსახურების ფარგლებში გაწეული ხარჯი.

2. ხელშეკრულების 2.2.2 პუნქტის თანახმად, დამკვეთი ვალდებული იყო გადაზიდვის უშუალო დაწყებამდე, გადაზიდვის ოპტიმალური მარშრუტისა და ღირებულების დასადგენად წინასწარ მიეწოდებინა შემსრულებელისათვის წერილობით შემდეგი საჭირო მონაცემები: გადაზიდვის საწყისი და დანიშნულების პუნქტი/პუნქტები; ტვირთის ზუსტი აღწერილობა, შეფუთვის ტიპი, რაოდენობა და გაბარიტები, წონები (ბრუნო/ნეტო); სხვა ნებისმიერი ინფორმაცია ტვირთის შესახებ, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ტვირთის გადაზიდვაზე.

3. ხელშეკრულების 2.3.1 პუნქტის შესაბამისად, შემსრულებელი ვალდებული იყო შეესრულებინა ტვირთის ტრანსპორტირება ჩინეთიდან დამკვეთის წარმომადგენლის მიერ ტვირთის მიწოდებიდან 16 დღის ვადაში. ამავე ხელშეკრულების 3.4 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო დამკვეთის მიერ მომსახურების თანხის სრული ოდენობით გადახდით, ტვირთის დანიშნულების ადგილზე ჩასვლიდან 2 დღის ვადაში.

4. ხელშეკრულების 4.1.2 პუნქტის თანახმად, დამკვეთი პასუხისმგებელი იყო ტვირთის თანმხლები დოკუმენტების (ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, კომერციული ინვოისი, დეკლარაცია, წარმოშობის სერტიფიკატი და სხვა) სრული პაკეტის ტვირთის დანიშნულების პუნქტში დროულ წარდგენაზე. 4.2.1-4.2.3 პუნქტების თანახმად კი, შემსრულებელი ვალდებული იყო ტვირთის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებული მომსახურეობის კეთილსინდისიერად განხორციელებაზე. ,,შემსრულებელი’’ პასუხს არ აგებდა, თუ გადაზიდვის შესრულების პროცესში სამთავრობო ორგანოების მიერ მიღებული იქნებოდა დადგენილება, ბრძანება ან სხვა ნორმატიული დოკუმენტი, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ შეცვლიდა გადაზიდვის პირობებს. მიეწოდებინა ინფორმაცია დამკვეთისათვის წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შესახებ.

5. ხელშეკრულების 4.2 პუნქტით, დამკვეთს ეკისრებოდა პასუხისმგებლობა შეკვეთის ფორმით გათვალისწინებული მომსახურების საზღაურის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, კერძოდ პირგასამტეხლო მომსახურების საზღაურის 1.5%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 4.3 პუნქტის თანახმად კი განისაზღვრა, რომ შემსრულებელს ეკისრებოდა პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლო მომსახურების საზღაურის 1.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

6. მხარეთა შეთანხმებით, 2020 წლის 01 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელეს უნდა უზრუნველეყო საჰაერო გადაზიდვის გზით მოპასუხისთვის პირბადეებისა და უკონტაქტო თერმომეტრების ტრანსპორტირება. მოპასუხე ჩინეთიდან გამოსაგზავნი ტვირთის შესყიდვას ახორციელებდა ჩინეთშივე მდებარე სამი სხვადასხვა ქარხნიდან.

7. მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მიზნით, ორივე მხარე მოქმედებდა ჩინეთში მყოფი მათი აგენტების დახმარებით. მხარეთა შორის ძირითადი კომუნიკაცია მიმდინარეობდა წერილობით, მათივე ჩინელი აგენტების მონაწილეობით. აღნიშნული კომუნიკაციის ფარგლებში ზუსტდებოდა ტვირთის გადაზიდვისთვის არსებითი დეტალები.

8. ტვირთის ჩინეთიდან საქართველოში გამოგზავნა უნდა განხორციელებულიყო 2020 წლის 20 აპრილს დანიშნული საჰაერო რეისით. ამასთან, დამკვეთს ტვირთი აეროპორტში უნდა მიეტანა 2 დღით ადრე. აღნიშნული ვალდებულება შესრულდა ჯეროვნად - გამოსაგზავნი ტვირთი 2020 წლის 18 აპრილს მიტანილ იქნა გამომგზავნ აეროპორტში.

9. გამოგზავნის დღეს, 2020 წლის 20 აპრილს, გამშვებმა საბაჟომ ტვირთი არ გამოატარა, რის გამოც ვერ მოხერხდა ტვირთის შეთანხმებული რეისით გამოგზავნა. აღნიშნულის თაობაზე შემსრულებელმა 2020 წლის 20 აპრილსვე აცნობა დამკვეთს. ტვირთის საბაჟოზე გაჩერების მიზეზად შემსრულებელმა დაასახელა ტვირთის ხარისხის სერტიფიკატის შეუსაბამობა ეროვნულ სტანდარტთან და საქონლის დასახელების შეუსაბამობა საქონლის აღწერასთან.

10. საბაჟო ტერმინალის მიერ ტვირთის „გაწითლების“ შემდეგ, დამკვეთის აგენტმა მოახდინა ტვირთის აეროპორტიდან გატანა და მისი ხელახალი გადაფუთვა. საბოლოოდ ტვირთის საქართველოში ჩამოტანა განხორციელდა 2020 წლის 12 მაისს (3 ეტაპად) და 2020 წლის 19 მაისს.

11. 2020 წლის 01 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული ტვირთის გადაზიდვის ღირებულებამ შეადგინა ჯამში 31 343.8 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა მოპასუხეს მოსარჩელისთვის არ აუნაზღაურებია. ტვირთის გატანა საქართველოს აეროპორტიდან დამკვეთმა უზრუნველყო 2020 წლის 14 მაისს (სამ ეტაპად) და 2020 წლის 04 ივნისს.

12. მოსარჩელის მოთხოვნა

გაწეული მომსახურებითვის მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ფულადი დავალიანების ანაზრაურება 31343,8 აშშ დოლარის ოდენობით და აგრეთვე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, მომსახურების საზღაურის 1,5%-ის ოდენობით ვადა გადაცილებული ერთი თვის გამო, რაც შეადგენს 14, 104,57 აშშ დოლარს.

13. მოსარჩელის პოზიცია

13.1. 2020 წლის 01 აპრილს მოსარჩელესა და შპს ,,ნ.ს.დ–ს’’ შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, მოსარჩელემ განახორციელა მოპასუხის ტვირთის ტრანსპორტირება ჩინეთიდან თბილისის მიმართულებით. გამოწერილი ინვოისების თანახმად, მომსახურების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 31 343.8 აშშ დოლარი. ტვირთების ტრანსპორტირება განხორციელდა 2020 წლის 12 მაისს და 19 მაისს. მოპასუხემ კი აეროპორტიდან ტვირთების გატანა განახორციელა 2020 წლის 12 მაისსა და 04 ივნისს. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს ანგარიშსწორება უნდა განეხორციელებინა ტვირთის დანიშნულების ადგილზე ჩასვლიდან 2 დღის ვადაში, თუმცა მას აღნიშნული ვალდებულება არ შეუსრულებია, შედეგად, გაწეული მომსახურებისათვიის დავალიანება შეადგენს 31 343.8 აშშ დოლარს.

13.2. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, დამკვეთს (შპს ,,ნ.დ–ს’’) ეკისრება პასუხისმგებლობა შეკვეთის ფორმით გათვალისწინებული მომსახურების საზღაურის გადახდის ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლო მომსახურების საზღაურის 1.5%-ის ოდეობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოსარჩელის განმარტებით, პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა შეადგენს 14 104.57 აშშ დოლარს.

14. მოპასუხის შესაგებელი

14.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებელი არ ცნო, მისი განმარტებით, 2020 წლის 01 აპრილის ხელშეკრულების შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებული იყო საკუთარი რესურსების და გამოცდილების გამოყენებით დადგენილ ვადაში განეხორციელებინა ტვირთის მიწოდება, რაც ვერ იქნა უზრუნველყოფილი შეთანხმებული პირობებით.

14.2. წარმოდგენილ წერილობით პოზიციაში (ტომი 2, ს.ფ. 367-378) მოპასუხემ მიუთითა მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ გარემოებაზე - სარჩელის ხანდაზმულობის ფაქტზე, სამოქალაქო კოდექსის 699-ე მუხლზე დაყრდნობით.

15. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა

შპს ,,ნ.დ–მა’’ წარადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა მის სასარგებლოდ შპს ,,ს.ლ–სს’’-ს დაეკისროს 777 876 ლარის, ასევე პირგასამტეხლოს - 25 268.75 ლარის გადახდა;

16. შეგებებული სარჩელით მოსარჩელის პოზიცია

16.1. 2020 წლის მარტის თვეში შეგებებული სარჩელის ავტორმა გადაწყვიტა ჩინეთიდან საჰაერო გზით შემოეტანა საქართველოში პირბადეები და უკონტაქტო თერმომეტრები. ჩინეთში მყოფი კომპანიის წარმომადგენლისგან მიღებული გარანტიების შემდეგ, მოიძია პოტენციური მყიდველები საქართველოში და მათთან გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულებები - 2020 წლის 16, 25, 26 და 27 მარტს. იმავდროულად, მოიძია საჰაერო გადამზიდავი მოპასუხე კომპანიის სახით და 2020 წლის 01 აპრილს მასთან დადო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოპასუხემ იკისრა ჩინეთიდან საჰაერო ტვირთის ჩამოტანის ვალდებულება. მოპასუხისთვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ ტვირთის მიწოდება საქართველოში უნდა მომხდარიყო აპრილის ბოლომდე, ვინაიდან შემსყიდველებთან დადებული ხელშეკრულებები ძალაში იყო 2020 წლის 30 აპრილამდე. სწორედ აღნიშნულის გამო მიენიჭა უპირატესობა სახმელეთო გადაზიდვის ნაცვლად საჰაერო გადაზიდვას.

16.2. შეგებებული სარჩელის ავტორმა 2020 წლის 31 მარტიდან დაიწყო პროდუქციის შესყიდვა ჩინეთში მყოფი აგენტის მეშვეობით, რისთვისაც მან 2020 წლის 31 მარტს გადარიცხა 23 000 აშშ დოლარი, 6 აპრილს - 23 000 აშშ დოლარი, 10 აპრილს - 3 000 აშშ დოლარი და 27 000 აშშ დოლარი, 13 აპრილს - 34 950 აშშ დოლარი, 15 აპრილს - 17 650 აშშ დოლარი და ასევე 15 აპრილს - 18 300 აშშ დოლარი. 2020 წლის 02 აპრილიდან მოპასუხემ სადაზღვევო კომპანიასთან დაიწყო მოლაპარაკებები, რა დროსაც გადმოზიდვის სავარაუდო დროდ განისაზღვრა 2 კვირა. 9 აპრილიდან განხორციელებული ელექტრონული, თუ სატელეფონო შეტყობინებების შესაბამისად, მოპასუხის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ტვირთი საქართველოში გადმოიგზავნებოდა 2020 წლის 20 ან 24 აპრილის ჩარტერული რეისით. ამ დროისთვის მხარეთა შორის შეთანხმებული იყო ტვირთის სრული მოცულობა, შეფუთვის სახეობა, ტვირთის ჩინეთში მიწოდების დანიშნულების ადგილი. ელექტრონული მიმოწერით დასტურდება, რომ 13 აპრილს მოპასუხის წარმომადგენლებმა გარანტირებულად მიუთითეს, რომ საკმარისი დრო იქნებოდა ტვირთის გასამზადებლად. თუმცა, შეთანხმებულ ვადაში და პირობებით ტვირთის საქართველოში ჩამოტანა ვერ მოხერხდა, რის გამოც შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს მიადგა ზიანი 777 876 ლარის ოდენობით. გარდა მითითებული ზიანისა, მოპასუხეს ასევე ეკისრება ტვირთის დაგვიანებით ჩამოსვლის გამო ხელშეკრულების 4.3 პუნქტით განსაზღვრული პირგასამტეხლო, რაც შეადგენს 8 125 აშშ დოლარს - სარჩელის წარმოდგენის დროისთვის 25 268.75 ლარს.

17. შესაგებელი შეგებებულ სარჩელზე

შეგებებული სარჩელით მოპასუხემ წარდგენილი შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს მართლაც ჰქონდა ტვირთის განსაზღვრულ ვადაში ჩამოტანის ვალდებულება, თუმცა შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მიერ არასწორი მარკირებით/ეტიკეტირებით მოწოდებული საქონლის გამო, გამომგზავნმა საბაჟომ გააჩერა ტვირთი და ტრანსპორტირება ვეღარ მოხერხდა დანიშნულ ვადაში.

18. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

18.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს ,,ს.ლ–სის’’ სარჩელი მოპასუხე შპს ,,ნ.ს.დ–ის’’ მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე შპს ,,ნ.ს.დ–ს’’ მოსარჩელე შპს ,,ს.ლ–სის’’ სასარგებლოდ დაეკისრა 31 343.8 აშშ დოლარის გადახდა. მოპასუხე შპს ,,ნ.ს.დ–ს’’ მოსარჩელე შპს ,,ს.ლ–სის’’ სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 5 000 აშშ დოლარის გადახდა. შპს ,,ნ.ს.დ–ის’’ შეგებებული სარჩელი მოპასუხე შპს ,,ს.ლ–სის’’ მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შეგებებული სარჩელით მოპასუხე შპს ,,ს.ლ–სს’’ მოსარჩელე შპს ,,ნ.ს.დ–ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა 259 292 ლარის გადახდა. შეგებებული სარჩელით მოპასუხე შპს ,,ს.ლ–სს’’ მოსარჩელე შპს ,,ნ.ს.დ–ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 7 314.07 ლარის გადახდა.

18.2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

19. შპს ,,ს.ლ–სის“ სააპელაციო მოთხოვნა

ძირითადი სარჩელით მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება და მოითხოვა შპს ,,ნ.დ–ის’’ შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

20. ,,ნ.ს.დ–ის’’ სააპელაციო მოთხოვნა

ძირითადი სარჩელით მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება, ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

21. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

21.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,ს.ლ–სის’’ სააპელაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდა, შპს ,,ნ.ს.დ–ის’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება შპს ,,ნ.ს.დ–ის’’ შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-5, 5.1 და 5.2 პუნქტები) და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტიელბა: 1. შპს ,,ნ.ს.დ–ის’’ შეგებებული სარჩელი შპს ,,ს.ლ–ის’’ მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 2. შპს ,,ს.ლ–სს’’ შპს ,,ნ.ს.დ–ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა 518 584 ლარის გადახდა და ამასთან ერთად პირგასამტეხლო 14 628.14 ლარის ოდენობით;

21.2. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენდა გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საქონლის ვადის დარღვევით მიწოდებასთან მიმართებით ხელშეკრულების მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობის განსაზღვრა. სარჩელითა და შეგებებული სარჩელით ერთმანეთს უპირისპირდება შემკვეთისა და გადამზიდავის ურთიერთმოთხოვნები გადაზიდვიდან გამომდინარე, ხელშეკრულებით შეთანხებული საზღაურის ანაზღაურებასა და ვადის დარღვევიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურებასთან მიმართებით.

21.3. სააპელაციო პალატამ, პირველ რიგში, იმსჯელა შპს ,,ს.ლ–ის“ სააპელაციო საჩივარზე და მიუთითა, რომ სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის მიზნებისათვის კი, მნიშვნელოვანია იმ პირობების დაცვა, რაც ვალდებულების შესრულებას უზრუნველყოფს და შესაბამისად, ვალდებულების შეუსრულებლობას გამორიცხავს. სკ-ს 361.2 მუხლი განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა შესრულდეს ვალდებულება, ისე, რომ არ მოხდეს ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის რღვევა და აწესებს ვალდებულების შესრულების ისეთ სტანდარტს, რომლითაც დაცულია არა მხოლოდ ვალდებულების შესრულება, არამედ მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერი მოპყრობა. პალატამ განმარტა სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის დისპოზიცია, რომლის მიხედვითაც, ვალდებულების შესრულებად ითვლება მხოლოდ ის შესრულება, რომლის მოთხოვნის უფლებაც კრედიტორს აქვს.პალატის მითითებით ვალდებულების ჯეროვანი შესრულება თავისთავად გულისხმობს მის დათქმულ ვადაში შესრულებას, აღნიშნული კი წარმოადგენს მხარეთა შორის გარიგებით განსაზღვრულ სახელშეკრულებო არსებით პირობას, რომელზეც აუცილებელია ურთიერთთანმხვედრი ნების გამოვლენა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით.

21.4. სააპელაციო პალატამ განსახილველი საკითხისა და სსკ-ის მე-400 და 401-ე მუხლების სუბსუმირებისას აღნიშნა, რომ მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. 401-ე მუხლის თანახმად. ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. კონკრეტულ შემთხვევაში, შპს ,,ნ.ს.დ–ის’’ შეგებებული სარჩელი ეფუძნება გადამზიდველის მხრიდან ვალდებულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობის საფუძვლით ზიანის ანაზღაურებასა და ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრებას, რასაც თავის მხრივ უპირისპირდება გადამზიდველის შედავება შემკვეთის ბრალეულობასთან მიმართებით, ასევე სასარჩელო მოთხოვნა გადაზიდვის საზღაურის ანაზღაურებასა და ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრებასთან მიმართებით. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 2.3.1 პუნქტის შესაბამისად, შემსრულებელი ვალდებული იყო შეესრულებინა ტვირთის ტრანსპორტირება აპრილის ბოლოსთვის, რაც დადგენილია, რომ შესრულდა დაგვიანებით. ასევე დადგენილია მომსახურების საფასურის ოდენობა - 31 343.8 აშშ დოლარი, რაც დადგენილად არ არის გადახდილი შემკვეთის მიერ ამ უკანასკნელის მოსაზრების - ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების საფუძვლით.

21.5. აღნიშნულ საკითხზე სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოპასუხეს მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული აქვს ტვირთი, მეტიც, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მან განახორციელა კიდევაც ტვირთის რეალიზაცია. იმ პირობებში, როდესაც მხარეები წერილობით არ შეთანხმებულან ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის ფაქტზე, მოპასუხის მითითება მოსარჩელის საპასუხო ზიანის ანაზღაურების ფაქტზე ვერ იქნება მასზე არსებული სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ჩამანაცვლებელი. ზიანის ანაზღაურება, როგორც მეორადი მოთხოვნის უფლება გარკვეულ შემთხვევებში გულისხმობს კიდევაც საპასუხო ვალდებულების შეუსრულებლობას, თუმცა იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე ვადაგადაცილებით შესრულების მიღებას დასთანხმდა და მიიღო იგი, მითითება ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაზე არ წარმოადგენს ტვირთის ტრანსპორტირების საფასურის ანაზღაურებისგან მისი გათავისუფლების საფუძველს.

21.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საზღაურის ანაზღაურების ნაწილში გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტა, კერძოდ სსკ-ს 668-ე მუხლის შესაბამისად, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ შემკვეთის მიერ შესრულება მიღებულია, აღნიშნული წარმოშობს მის საპასუხო ვალდებულებას საზღაურის ანაზღაურებასთან მიმართებით, რასაც ვერ გამორიცხავს მოპასუხის აპელირება არაჯეროვან შესრულებასთან მიმართებით [რომელიც თავის მხრივ წარმოშობს დამოუკიდებელი მოთხოვნის უფლებას ზიანთან დაკავშირებით]. დადგენილია, რომ ტვირთის გადაზიდვის ღირებულებამ შეადგინა ჯამში 31 343.8 აშშ დოლარი, რისი ანაზღაურების ვალდებულებაც ეკისრება დამკვეთს - შპს ,,ნ.ს.დ–ს’’.

21.7. შპს ,,ს.ლ–ის“ სააპელაციო საჩივრის საკითხის გადაწყვეტის შემდგომ სააპელაციო პალატამ განიხილა შპს ,,ნ.ს.დ–ის“ სააპელაციო საჩივარი, რომლის საფუძველზეც აღნიშნა, რომ ვალდებულების არადროული შესრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებასთან მიმართებით, პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს ვადის გადაცილებისათვის ბრალეული პირი.

21.8. სააპელაციო პალატა სსკ-ის 688-ე მუხლზე დაყრდნობით განმარტავს, რომ ვადის გადაცილება სახეზეა, როდესაც ვალდებულება შესრულდება შეთანხმებული ვადის დაგვიანებით. მოცემულ შემთხვევაში ცალსახაა, რომ დაგვიანებას ადგილი ჰქონდა, შესაბამისად, შემკვეთის პირველად მოთხოვნას წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების საკითხი, კერძოდ, 2020 წლის 01 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე, გადამზიდველს უნდა უზრუნველეყო საჰაერო გადაზიდვის გზით პირბადეებისა და უკონტაქტო თერმომეტრების ტრანსპორტირება, შემკვეთისათვის მნიშვნელოვანი იყო ვალდებულების ჯეროვანი და დროული შესრულება, რადგანაც სწორედ მითითებულ პერიოდში იყო ეს საქონელი მოთხოვნადი და პროდუქციის ხელსაყრელ ფასად რეალიზების მიზნით შემკვეთს ხელშეკრულებები ჰქონდა გაფორმებული კონტრაჰენტებთან. საქონლის ვადის დარღვევით ჩამოტანის გამო კი, კონტრაჰენტებმა უარი განაცხადეს საქონლის შესყიდვაზე, რადგან მნიშვნელოვნად შეამცირა მისი სარეალიზაციო ღირებულება.

21.9. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა 404-ე მუხლზე, რომლის თანახმად კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი აღნიშნული შემთხვევისას ზიანის ანაზღაურების წესი არ მოქმედებს თუ ვალდებულების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება მოვალეს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა, მაშინ, როდესაც პირველადი მოთხოვნის შესრულებისას ჩნდება პრობლემა, რაც შეიძლება მდგომარეობდეს ვალდებულების შეუსრულებლობაში, არაჯეროვნად შესრულებაში ან ხელშეკრულებიდან გამომდინარე სხვა ვალდებულების დარღვევაში. ზიანის ანაზღაურების მეორადი მოთხოვნის უფლება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი სახის ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის არსებობისას. ასევე, სსკ-ის 408-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება ემსახურება უფლებრივ რესტიტუციას, რაც გულისხმობს იმ ვითარების აღდგენას, რაც იარსებებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობისა და ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში.

21.10. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. ამავდროულად, სსკ-ის 396-ე მუხლის თანახმად, მოვალემ თავისი კანონიერი წარმომადგენლის და იმ პირთა მოქმედებისათვის, რომელთაც იგი იყენებს საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად, ისეთივე მოცულობით უნდა აგოს პასუხი, როგორც საკუთარი ბრალეული მოქმედების დროს.

21.11. სააპელაციო პალატა მსჯელობას ავითარებს ბრალეულობის საკითხის განხილვის მიმართულებით და აღნიშნავს, რომ ორივე მხარეს აქვს ერთმანეთის ბრალეულობის მიმართ პრეტენზიები, კერძოდ, გადამზიდველი მიუთითებს შემკვეთის ვალდებულებაზე ტვირთის სათანადო შეფუთვასთან და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისრულესთან მიმართებით, ხოლო შემკვეთის მტკიცებით გადამზიდველი იყო ვალდებული შეემოწმებინა საქონლის შესაბამისობა გადაზიდვის პირობებთან და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, დროულად ეცნობებინა აღნიშნულის თაობაზე შემკვეთისათვის, რათა ვალდებულება ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში შესრულებულიყო.

21.12. ზემოაღნიშნული ბრალის დადგენასთან დაკავშირებით პალატამ განმარტა, რომ მხარეთა დაპირისპირებული პოზიციებიდან გამომდინარე, საქმის მასალებში არ მოიპოვება ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა გამომშვებ საბაჟოზე ტვირთის გაჩერების მიზეზს, რაც გადამზიდველის მტკიცების ტვირთში შემავალი გარემოებაა. შესაბამისად, ტვირთის გაჩერების მიზეზი ცნობილია მხოლოდ გადამზიდველის ინფორმაციით. შესაბამისად, შესაფასებელია მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში - ტვირთის ხარისხის სერტიფიკატის შესაბამისობა ეროვნულ სტანდარტთან და საქონლის დასახელების შესაბამისობა საქონლისა აღწერასთან რომელი მხარის შესასრულებელ სახელშეკრულებო ვალდებულებას წარმოადგენდა.

21.13. სააპელაციო პალატამ საკუთარი პოზიცია დააფუძნა სსკ-ის 686-ე და 687-ე მუხლებს, რომელთა მიხედვით, გადამზიდველი პასუხს აგებს ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისთვის, თუ ტვირთი დაზიანდა ან დაიკარგა მისი მიღებიდან ჩაბარებამდე დროის შუალედში, ასევე - მიტანის ვადის გადაცილებისათვის. გადამზიდველი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, თუ ტვირთის დაკარგვა, დაზიანება ან მიტანის ვადის გადაცილება უფლებამოსილი პირის ბრალით ანდა ამავე პირის ისეთი მითითებით მოხდა, რომელზედაც გადამზიდველი პასუხს არ აგებს. აგრეთვე, თუ ტვირთის ნაკლი ისეთი გარემოებითაა გამოწვეული, რომელთა თავიდან აცილებაც გადამზიდველს არ შეეძლო და არც მათი შედეგები შეეძლო თავიდან აეცილებინა. იმის მტკიცება, რომ ტვირთის დაკარგვა, დაზიანება ან მიტანის ვადის დარღვევა გამოიწვია 686-ე მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულმა გარემოებებმა, ეკისრება გადამზიდველს. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა სსკ-ის 676-ე მუხლზეც, რომლის თანახმად, გადამზიდველი ვალდებულია ტვირთის მიღებისას შეამოწმოს: ა) ტვირთის ცალობრივი რაოდენობა, მათი ნიშნებისა და ნომრების შესახებ ზედნადებში აღნიშნულ მონაცემთა სისწორე; ბ) ტვირთისა და მისი შეფუთვის გარეგნული მდგომარეობა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ გადამზიდველს არა აქვს სათანადო საშუალება იმისათვის, რომ შეამოწმოს ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული მონაცემები, მაშინ მას ზედნადებში შეაქვს პირობები, რომლებიც უნდა შესრულდეს. ხსენებული ნორმის მესამე ნაწილის თანახმად, გამგზავნს შეუძლია გადამზიდველს მოსთხოვოს, რომ გადამზიდველმა გადაამოწმოს ტვირთის წონა ან მისი სხვაგვარად მოცემული რაოდენობა. მას შეუძლია ასევე მოითხოვოს, რომ გადამზიდველმა შეამოწმოს გადასაზიდი ტვირთის შემცველობა.

21.14. ამასთანავე, სსკ-ს 679-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გამგზავნი ვალდებულია ზედნადებს დაურთოს ყველა საბუთი, რომლებიც აუცილებელია ტვირთის მიტანამდე საბაჟო ფორმალობების განსახორციელებლად და სხვა, მსგავსი მოქმედებების შესასრულებლად, ან ეს საბუთები გადამზიდველს გადასცეს და მას მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია. ხსენებული ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, გადამზიდველი არ არის ვალდებული შეამოწმოს, არის თუ არა ეს საბუთები და ინფორმაცია სწორი და საკმარისი. გამგზავნი პასუხს აგებს გადამზიდველის წინაშე საბუთებისა და მონაცემების არასრულყოფილებითა და უზუსტობით გამოწვეული ზიანისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს გადამზიდველის ბრალით მოხდა.

21.15. სააპელაციო პალატა საქმეში წარდგენილი მიმოწერების საფუძველზე ასკვნის, რომ 2020 წლის 09 აპრილს გადამზიდველი შემკვეთისგან ითხოვს ინვოისებს, ამანათების სიას, საექსპორტო ლიცენზიას და სხვა არსებულ დოკუმენტებს (ტომი 3, ს.ფ. 40), ამასთანავე 2020 წლის 11 აპრილს გადამზიდველი აფრთხილებს შემკვეთს ჩინეთის მთავრობის მიერ მიღებული ახალი რეგულაციების შესახებ (ტომი 2, ს.ფ. 57). მხარეთა მიმოწერებით ასევე დგინდება, რომ ტვირთის აეროპორტში მიტანასთან ერთად გადამზიდველის აგენტს გადაეცა ტვირთთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (ტომი 2, ს.ფ. 62-64), რომელსაც დოკუმენტაციის სისწორე, ისევე როგორც მისი აღწერის შესაბამისობა საქონელთან არ შეუმოწმებია და მიუხედავად აეროპორტში ორი დღით ადრე ტვირთის მიტანისა, გამოგზავნის დღემდე შესაძლო და მოსალოდნელი პრობლემის აღმოფხვრის მიზნით არც ერთ მხარეს დამატებითი ზომები არ მიუღია. ამასთან უდავოა, რომ 2020 წლის 20 აპრილამდე, არსებული რეგულაცია არ შეცვლილა.

21.16. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ 2020 წლის 20 აპრილის რეისზე ტვირთის დაკავება არა მხოლოდ რომელიმე მხარის ბრალეული ქმედებითაა გამოწვეული, არამედ მხარეთა აგენტებს შორის გამოკვეთილი დისკომუნიკაციის შედეგია, რომლის ფარგლებშიც მათ მხოლოდ ფორმალურად შეასრულეს ვალდებულებები - ერთმა ტვირთის მიტანის, ხოლო მეორემ აეროპორტიდან გამოგზავნის უზრუნველყოფის შესახებ. სწორედ აღნიშნულის გამოხატულებაა ის ფაქტი, რომ საქონლის ხელახალი გარეგანი გადაფუთვის შემდეგ, ერთობლივი და სწორი კომუნიკაციის ფარგლებში საბოლოოდ მოხერხდა ტვირთის გამოგზავნა. შესაბამისად, 2020 წლის 20 აპრილის რეისზე ტვირთის გამოგზავნის შეფერხება მხარეთა (მათი აგენტების) მოვალეობების ერთობლივი დარღვევის შედეგია, რაც გამოიწვია ერთი მხრივ, დამკვეთის წარმომადგენლის მიერ ტვირთის არასათანადო შეფუთვამ, მეორეს მხრივ, კი გადამზიდველის წარმომადგენლის მიერ გამოგზავნის დღემდე აღნიშნულის შეუმოწმებლობამ, მით უფრო, რომ მას გადაცემული ჰქონდა ყველა საჭირო დოკუმენტი და აღნიშნულის უქონლობა სადავო არ გამხდარა. შესაბამისად, დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, მითითება მხოლოდ დამკვეთის ბრალზე და აქცენტი პირბადეების არასწორ შეფუთვაზე (ტომი 2, ს.ფ. 353-359) ვერ იქნება მხოლოდ გამგზავნის პასუხისმგებლობად განხილული, ვინაიდან, გადაზიდვის დაწყებამდე გადამზიდველი ასევე უფლებამოსილი და ვალდებული იყო შეემოწმებინა გადაცემული ტვირთის შეფუთვა და დოკუმენტებისა და ტვირთის ერთმანეთთან შესაბამისობა. ამასთან, პალატამ ყურადღება გაამახვილა, 2020 წლის 13 აპრილს ელ.წერილზე, სადაც გადამზიდველი კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ დოკუმენტები სრულყოფილია (ტ.2, ს.ფ. 57).

21.17. სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექის 415-ე მუხლზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, შერეული ბრალის არსებობისას სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრა გულისხმობს არა ზიანის ანაზღაურებას დაზარალებულის მიერ, არამედ ზიანის მიმყენებლის პასუხისმგებლობის შემცირებას და ზიანის შესაბამისი ნაწილის დაზარალებულზე (კრედიტორი) დაკისრებას. ამ ვითარებაში არსებული ზიანი მოვალისა და დაზარალებულის ერთობლივი მოქმედების განუყოფელი შედეგია. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ანაზღაურების მოცულობა განისაზღვრება მხარეთა ბრალეულობის ხარისხით – უფრო მეტად თუ რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული, ამასთან, ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 8:101-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანი ნაწილობრივ კრედიტორის ქმედების შედეგიცაა, მაშინ კრედიტორი სამართლებრივი დაცვის საშუალებებს სრულად ვერ გამოიყენებს, იმ შემთხვევისაგან განსხვავებით, როდესაც შეუსრულებლობისათვის მხოლოდ მოვალეა პასუხისმგებელი (იხ: Lando/ Beale, Principles of European Contract Law, Part I and II. Kluwer Law International, The Hague/London/Boston, 2000, 360). „შერეული ბრალის არსებობისას დამდგარი ზიანის სრული ოდენობით ანაზღაურება არ დაეკისრება ზიანის მიმყენებელს, პირიქით, მისი პასუხისმგებლობა მცირდება იმ ნაწილში, რითაც დაზარალებულმა ხელი შეუწყო ზიანის წარმოშობას. ამდენად, თუ დამდგარი ზიანი ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა ერთობლივი ბრალეული ქმედების შედეგია, მაშინ პასუხისმგებლობა ორივე მხარეზე გადანაწილდება თითოეულის ბრალეულობის ხარისხის გათვალისწინებით (იხ: ლადო ჭანტურია (რედ,), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი, 2001, 482.).

21.18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიუთითა სკ-ის 415-ე მუხლზე, რომლიდანაც გამომდინარეობს არა მხოლოდ ის გადაწყვეტა, რომ დამზიანებელი და დაზარალებული თანაბარ მდგომარეობაში უნდა ჩავაყენოთ - ორივეს მხოლოდ ბრალეული ქმედებით მიყენებული ზიანი შეერაცხება, - არამედ ისიც, რომ მათი ბრალი ზიანის დადგომაში თანაბრად უნდა იქნეს გათვალისწინებული. რეალური ზიანიდან მისი ანაზღაურებადი ნაწილის გამოყოფა ბრალთა თანაფარდობის მიხედვით ხდება... (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, 2019, წიგნი 3, გვ. 767). თანაფარდობის საკითხის განსაზღვრისას წინა პლანზე წამოწეულია თითოეული მათგანის მიერ ზიანის დადგომაში შეტანილი ობიექტური ,,წვლილი’’, ხოლო თუ ბრალზე დამოკიდებულ პასუხისმგებლობას ეხება საქმე - მათი ბრალის ხარისხი. თითოეული მხარის პასუხისმგებლობის ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების შეპირისპირების შედეგს წარმოადგენს მათ შორის ზიანის წილობრივი განაწილება. ამ ფაქტორების აწონ-დაწონისას შეიძლება ერთი მხარის ,,წვლილმა’’ ზიანის დადგომაში სრულებით გადაწონოს მეორის ,,წვლილი’’ (იხ, იქვე, გვ. 776), შესაბამისად, პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებაა შერეული ბრალის არსებობასთან მიმართებით, ხოლო მეორეს მხრივ მიიჩნია, რომ არსებულ ზიანთან (777 876 ლარი) მიმართებით მეტწილად პასუხისმგებლობა სწორედ გადამზიდველ კომპანიას ეკისრება. სახელდობრ, პალატის შეფასებით, გადამზიდველი კომპანიის პასუხისმგებლობა ზიანის ნაწილში განისაზღვრა 2/3 ოდენობით (518 584 ლარი), ხოლო შემკვეთის მხრიდან სათანადო წინდახედულობის გამოუჩენლობის გამო, მისი ბრალის ხარისხიდან გამომდინარე, მას ეკისრება პასუხისმგებლობა წარმოშობილ ზიანთან მიმართებით 1/3 ნაწილში (259 292 ლარი).

21.19. პასუხისმგებლობის წილთა ასეთი სახით გადანაწილება პალატამ მათ შორის დაასაბუთა იმით, რომ ბრალეულობის საკითხის შეფასებისას, პალატამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტზე გადასაზიდი საქონლის ,,გაწითლების’’ დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულება (ასევე მიზეზი) შპს ,,ს.ლ–ს’’ არ წარმოუდგენია. ხოლო, 20.04.2020წ. (ტ.2, ს.ფ. 341) წერილში მითითებული მიზეზებიდან, რომ 1) ხარისხის სერთიფიკატი არ შეესაბამებოდა ეროვნულ სტანდარტს და 2) საქონლის აღწერა არ შეესაბამებოდა საქონელს, ვერ განიხილება შემკვეთის ბრალეულობისათვის განსაზღვრელ სათანადო მტკიცებულებად, რამეთუ შემკვეთი მის მიერ განსახორციელებელ ქმედებებს ათანხმებდა გადამზიდავ კომპანიასთან (მის უფლებამოსილ წარმომადგენელთან) და მოქმედებდა შესაბამისი მითითებების საფუძველზე. ასევე 20.04.2020 წლის წერილში დასახელებულ პირველ მიზეზთან (ხარისხის სერთიფიკატის შეუსაბამობა ეროვნულ სტანდარტთან) მიმართებით უნდა აღინიშნოს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ახალი სერთიფიკატის (ახალი სტანდარტისათვის შესაბამისი) გაცემის ფაქტი, ანუ ტვირთი გამოიგზავნა იმავე სერთიფიკატით. ხოლო, წერილში დასახელებულ მეორე მიზეზთან მიმართებით (საქონლის აღწერის შესაბამისობა საქონელთან) ცალსახად პასუხისმგებელი იყო გადამზიდავი კომპანია, რომლისთვისაც ცნობილი იყო გადასაგზავნი საქონლის სახეობისა და მისი აღწერის შესახებ და რაიმე შეუსაბამობის შესახებ ტვირთის მიღებისას არ მიუთითები. ამასთან, ვინაიდან 26.04.2020წ. ძალაში შევიდა გამკაცრებული რეგულაცია, გადაფუთვის შემდგომ ტვირთი დაუბრკოლებლად გამოიგზავნა საქართველოში. მართალია, გადამზიდავი აფრთხილებდა დამკვეთს ჩინეთის სახელმწიფო რესპუბლიკის მიერ ახალი გამკაცრებული რეგულაციების შემოღების შესახებ, თუმცა შეცვლილი რეგულაციები ამოქმედდა 26.04.2020წ-დან და არ ვრცელდებოდა 20.04.2020წ. გამოსაგზავნ ტვირთზე. დამატებით, პალატამ მიუთითა, რომ გადამზიდველმა დამკვეთს აცნობა, შემდეგი: ,,ჩემი კოლეგებისგან მივიღე სასწრაფო ამბავი’’, (20.04.2020წ. წერილი, ტ.2, ს.ფ. 341) ანუ, ზეპირი ინფორმაცია მიეწოდა და რაიმე მტკიცებულებას მიწოდებული ინფორმაცია არ ეყრდნობოდა. შესაბამისად, სათანადო მტკიცებულებებით არ დგინდება კონკრეტული მიზეზი, თუ რამ განაპირობა საქონლის საბაჟოზე „გაწითლება“. მითითებული გარემოება, მხოლოდ ზეპირი განმარტებით ვერ იქნება დადასტურებული და საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, სავალდებულოა სათანადო წერილობითი დოკუმენტის არსებობა (სსსკ-ს 102.3 მუხლი: საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით), რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

21.20. მხარეთა პასუხისმგებლობის განსაზღვრის ნაწილში პალატამ ყურადღება გაამახვილა მოდავე სუბიექტთა საქმიანობის სფეროზე. კერძოდ, მოსარჩელე კომპანია შპს ,,ს.ლ–სის’’ სამეწარმეო საქმიანობა დაკავშირებულია სწორედ გადაზიდვებთან, შესაბამისად მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო ის სტანდარტები, რომელთა დაცვაც იყო საჭირო გადაზიდვის დაუბრკოლებლად განხორციელებისათვის. გადამზიდავ კომპანიას სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე, ევალებოდა სათანადო წინდახედულობის გამოჩენა, რათა დროულად შეემოწმებინა მიწოდებული გადასაზიდი საქონლის შესაბამისობა და უზრუნველეყო საქონლის ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში შემკვეთისათვის მიწოდება. მართალია, თავად შემკვეთსაც ევალებოდა ტვირთის დადგენილი წესით შეფუთვა და მიწოდება, თუმცა იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოსარჩელე კომპანია ახორციელებს გადაზიდვასთან დაკავშირებულ სამეწარმეო საქმიანობას, მას ევალებოდა დროულად შეეფასებინა ტვირთის შესაბამისობა და ხარვეზის არსებობის პირობებში დროულად ეცნობებინა მოწინააღმდეგე მხარისათვის აღნიშნულის თაობაზე.

21.21. რაც შეეხება პირგასამტეხლოს მოთხოვნას, სააპელაციო პალატამ განმარტა მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმები - სსკ-ის 417-ე და 418-ე მუხლები და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადამზიდველი მოითხოვს განხორციელებული გადაზიდვის საზღაურის აუნაზღაურებლობის გამო, პირგასამტეხლოს დაკისრებას მოპასუხისათვის. თავის მხრივ, დამკვეთი მოითხოვს შესრულების ვადის გადაცილებით გამოწვეული პირგასამტეხლოს დაკისრებას გადამზიდველისათვის.

21.22. დადგენილია, რომ ხელშეკრულების 4.2 პუნქტით საზღაურის გადახდის ვადის გადაცილებისათვის, მხარეთა მიერ შეთანხმებული იყო პირგასამტეხლო მომსახურების საზღაურის 1.5%-ის ოდეობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ასევე დადგენილია, რომ შემკვეთის მიერ არაა ანაზღაურებული შესრულებული გადაზიდვის ღირებულება, რაც წარმოშობს პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის სათანადო წინაპირობებს.

21.23. მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობიდან გამომდინარე, პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია სსკ-ს 420-ე მუხლით სასამართლოსათვის მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირებას. სააპელაციო პალატა აღნიშნულ ნაწილში, იზიარებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტას და ვადაგადაცილების პერიოდის შესაბამისად, გამართლებულად მიიჩნევს შემკვეთისათვის პირგასამტეხლოს სახით - 5 000 აშშ დოლარის დაკისრებას. რაც შეეხება შემკვეთის მიერ მოთხოვნილ პირგასამტეხლოს, აღნიშნულ ნაწილში პალატამ მოიხმო 01.04.2020წ. ხელშეკრულების 4.3 პუნქტი, რომლითაც შეთანხმდა პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების ვადის დარღვევისათვის, მომსახურების საზღაურის 1.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სწორედ აღნიშნულ პუნქტზე დაყრდნობით მოითხოვს შემკვეთი გადამზიდველისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას. ამასთან, შემკვეთის განმარტებით ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა შეადგენს 26 დღეს, ვადაგადაცილების გამო დასაკისრებელი პირგასამტეხლო კი 8 125 აშშ დოლარს, რაც სარჩელის წარმოდგენის დროისათვის შეადგენს 25 268.78 ლარს.

21.24. პალატამ დაადგინა, რომ წარმოდგენილი შეგებებული სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებში არაა მითითებული დეტალური გაანგარიშება პირგასამტეხლოს ოდენობის თაობაზე, აღნიშნულზე არ გვხვდება მითითება არც წარმოდგენილ დაზუსტებულ განცხადებაში (ტომი 2, ს.ფ. 297). დადგენილია, რომ ხელშეკრულების 2.3.1 პუნქტის თანახმად, შემსრულებელი ვალდებულია შეასრულოს ტვირთის ტრანსპორტირება ჩინეთიდან დამკვეთის წარმომადგენლის მიერ ტვირთის მიწოდებიდან 16 დღის ვადაში. ასევე დადგენილია, რომ ტვირთი მოსარჩელისთვის მიწოდებულ იქნა 2020 წლის 18 აპრილს. შესაბამისად, 2020 წლის 04 მაისამდე ვალდებულების შეუსრულებლობა ვერ განიხილება მოსარჩელის მიერ ვალდებულების დარღვევად. ტვირთის საბოლოო ჩამოსვლა კი განხორციელდა 2020 წლის 19 მაისს. შესაბამისად, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა უნდა განისაზღვროს 15 დღით, ხოლო ვადაგადაცილების პირგასამტეხლო კი შესაბამისად 7 052.25 აშშ დოლარით. ამასთან, ვინაიდან სააპელაციო პალატის მიერ შეიცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურების ნაწილში გადამზიდველის პასუხისმგებლობასთან მიმართებით, შესაბამისად უნდა შეიცვალოს გადამზიდველისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა. კერძოდ, მოსარჩელისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლო ასევე უნდა განისაზღვროს სრული ოდენობის 2/3 ნაწილით, რაც შეადგენს 4 701.32 აშშ დოლარს, შეგებებული სარჩელის წარმოდგენის დროისათვის არსებული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით კი - 14 628.14 ლარს. სწორედ აღნიშნული თანხა ექვემდებარება შპს ,,ს.ლ–თვის’’ პირგასამტეხლოს სახით დაკისრებას.

21.25. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ს.ლ–მა“, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება.

22. შპს ,,ს.ლ–სის“ (გადამზიდავის) საკასაციო საჩივარი

22.1. კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ ბრალეულობის ხარისხის დადგენიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების გადანაწილების თანაფარდობას. მისი მოსაზრებით, შერეული ბრალის არსებობისას პალატამ პასუხისმგებლობის მეტი წილი გადამზიდავ კომპანიაზე გადაიტანა, ხოლო შემკვეთის მხრიდან სათანადო წინდახედულობის გამოუჩენლობის გამო მისი ბრალის ხარისხი წარმოშობილ ზიანთან 1/3 წილობრივობით განსაზღვრა, რაც ბუნდოვანია. პალატამ საკუთარი მოტივაციის ერთ-ერთ არგუმენტად მიუთითა შპს ,,ს.ლ–სის“ მიერ საქონლის ,,გაწითლების“ დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებისა და მიზეზის წარუდგენლობა, ასევე, ტვირთის საბაჟოზე დაყოვნებაში ბრალეულად ცნო გადამზიდავი კომპანია, დამატებით, პალატამ მიუთითა გულისხმიერების ვალდებულების დარღვევაზე, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია გადამზიდავი კომპანიის 2/3 წილობრივობით ზიანის ანაზღაურების საფუძვლის წარმოშობა.

22.2. კასატორის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული მსჯელობა და არგუმენტები არასაკმარისია გადამზიდავი კომანიისთვის ასეთი ოდენობით პასუხისმგებლობის განსაზღვრისა და დაკისრებისთვის, ასევე არასწორად განიმარტა სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც შერეულ ბრალსა და გადაზიდვის შესახებ თავშია მოცემული. სამოქალაქო კოდექსის 676-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განსაზღვრულია გადამზიდველის ვალდებულებები, რაც უნდა განახორციელოს გადამზიდველმა ტვითის მიღებისას, ამასთან, სასამართლოს არ უმსჯელია სსკ-ის 679-ე მუხლზე, რომელიც ადგენს გადამგზავნის პასუხისმგებლობის ფარგლებს, უფრო კონკრეტულად, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გადამზიდველი არ არის ვალდებული შეამოწმოს არის თუ არა საბუთები და ინფორმაცია სწორი და საკმარისი. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ შესაბამისად არ განმარტა გადამზიდველის ბრალეულობის დამდგენი სამართლებრივი საფუძვლები და მხოლოდ გულისხმიერების პრინციპზე დაყრდნობით დაადგინა ბრალეულობის ხარისხი, რაც განსხვავდება ერთგვაროვანი პრაქტიკისგან.

22.3. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა შემკვეთის პასუხისმგებლობის ფარგლებზე, რომლითაც განსაზღვრა ბრალის 2/3 წილი. გადაწყვეტილებაში არ არის განმარტებული თუ რა იყო ,,სათანადო წინდახედულობის გამოუჩენლობა“ შემკვეთისთვის, რომლითაც სასამართლომ დაადგინა ბრალთა ამგვარი თანაფარდობა, დამატებით, სასამართლომ გადამზიდავ კომპანიას დააკისრა ტვირთის ,,გაწითლების“ შესახებ დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება და აღნიშნულის წარუდგენლობა, რაც სადავოდ არ გამხდარა მოწინააღდეგე მხარის მიერ, სასამართლომ გამოიყენა გადამზიდავი კომპანიის ბრალეულობის წილის გაზრდისთვის, რაც კასატორის მოსაზრებით შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევას წარმოადგენს.

22.4. კასატორი ასევე მიუთითებს მტკიცების ტვირთის არასწორ გადანაწილებაზე, კერძოდ სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალეულობის საკითხის შეფასებისას პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტზე გადასაზიდი საქონლის ,,გაწითლების“ დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულება გადამზიდველის მიერ არ წარმოდგენილა, თუმცა, სასამართლოს უნდა ემსჯელა საქმეში წარდგენილი შესაბამისი მტკიცებულებებით, რომლების საკმარისი იყო შესაბამისი ფაქტობრივი გარემოების დადგენისთვის. თავის მხრივ, გადამზიდავ კომპანიას თავიდანვე ჰქონდა მითითებული, რომ ,,ვინაიდან საქონლის აღწერა არ შეესაბამებოდა საქონელს, აღნიშნული წარმოადგენდა დამკვეთის პასუხისმგებლობას, რაც დასტურდება იმით, რომ ტვირთის გაჩერების შემდგომ დამკვეთმა გადაფუთა საქონელი“; აგრეთვე, ,,ს.ლ–ის“ ვალდებულებას არ წარმოადგენდა დამკვეთის მიერ მოწოდებული შეფუთული ტვირთის გახსნა და დათვალიერება, იმ მიზნით, რომ შეემოწმებინა ტვირთის შიგთავსის შესაბამისობა დამკვეთის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან.

22.5. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეში დავის საგანს წარმოადგენდა არა ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულება, არამედ ვადაგადაცილებაზე პასუხისმგებლობა, კერძოდ, რომელი მხარის ვალდებულებას შეადგენდა და რომელი მხარის სწორ ქმედებას უნდა აერიდებინა თავიდან მითითებული დარღვევა. საქმეში არაა წარდმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც აშკარად მიუთითებდა ტვირთის გაჩერების რეალურ მიზეზზე, რადგან ასეთი სახის ინფორმაციას ჩინეთის საბაჟო არ გასცემს, შესაბამისად, სასამართლოს მიერ პასუხისმგებლობის ხარისხი მხარეთა მიმოწერითაა დადგენილი.

22.6. კასატორი აღნიშნავს, რომ გადამზიდავ კომპანიას არ ევალებოდა რაიმე სახის მოქმედების განხორციელება ტვირთის აეროპორტში მიტანიდან საბაჟო გამშვებ პუნქტზე შემოწმების პერიოდში და ასეთი ვალდებულების შემთხვევაშიც კი ვერ მოხდებოდა დამდგარი შედეგის თავიდან აცილება, რადგან ტვითის ხარისხის შესაბამისობა საქონლის აღწერასთან წარმოადგენდა დამკვეთის შესასრულებელ ვალდებულებას.

22.7. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატას უნდა დაედგინა შედიოდა თუ არა ტვირთის გახსნა და საქონლის შემოწმება გადაზიდვის სახელშეკრულებო და კანონისმიერი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ასევე შეძლებდა თუ არა შემოწმების შემდგომ ტვირთის საბაჟოზე გაჩერების თავიდან აცილებას. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატა აღნიშნულ საკითხს ვერ სცემს პასუხს, რადგან არ არის განსაზღვრული პასუხისმგებლობის წილის თანაფარდობა. ბრალეულობის დამდგენი მთავარი არგუმენტი სასამართლოსთვის მხოლოდ გაწითლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა გახდა, რითაც თითქოს მხარემ ვერ დაასაბუთა საბაჟოზე ტვირთის გაჩერების რეალური მიზეზი.

22.8. კასატორის მოსაზრებით, მტკიცების ასეთი სახით გადანაწილება ეწინააღმდეგება მტკიცების ტვირთის გადანაწილებისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს, რასაც მხარე თავისი მითითებით ადასტურებს სასამართლო პრაქტის საფუძველზე(ას-584-5463-2017 06.06.2017წ.), რომლის მიხედვითაც, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსკ-ის 102-ე მუხლი).

22.9. კასატორის განმარტებით, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს ყველა გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას. თუ აღნიშნული მტკიცება ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას, სარჩელი ვერ დაკმაყოფილდება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საბაჟო გამშვებმა პუნქტმა გადმომგზავნისას, 2020 წლის 20 აპრილს ტვირთი არ გამოატარა, რის გამოც ვერ მოხდა მისი საქართველოში ჩამოტანა დათქმულ დროს. აღნიშნული ხარვეზის შესახებ შპს ,,ს.ლ–მა“ 2020 წლის 20 აპრილსვე შეატყობინა მოპასუხე მხარეს, რაზეც მოპასუხისგან ეცნო, რომ თავად უზრუნველყოფდნენ აღნიშნული პრობლების მოგვარებას. ტვირთის დაბლოკვის მიზეზი გახდა ,,ტვირთის ხარისხის სერტიფიკატის შეუსაბამობა ეროვნულ სტანდარტთან, საქონლის სახელების შეუსაბამობა სერტიფიკატის აღწერასთან“. ასევე დადგენილია, რომ შემკვეთმა თავად გაიტანა ტვირთი საბაჟოდან და გადაფუთა. რაც შეეხება ტვირთის გაჩერების მიზეზის შესახებ ოფიციალურ დოკუმენტს ჩინეთი არ გასცემს, შესაბამისად, ასეთი სახის მტკიცებულება ვერ იარსებებს, ასევე, მოწინააღმდეგე მხარეს სადავოდ არ გაუხდია საბაჟოზე ტვირთის გაჩერების მიზეზი, შესაბამისად, არ გამხდარა კვლევის საკითხი, აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს დასაბუთება ცხადყოფს, რომ სააპელაციო პალატის მიერ არ მომხდარა საქმის სრულყოფილი გამოკვლევა და სააპელაციო საჩივარზე შესაბამისი დასაბუთებული პასუხის გაცემა გადაწყვეტილებით, ასევე, სასამართლო ვერ მოსთხოვს მხარეს წარმოადგინოს ისეთ მტკიცებულება, რომლის წარდგენაც შეუძლებელია. დამატებით, სასამართლომ არ იმსჯელა შემკვეთის მოქმედებასა თუ უმოქმედობაზე. ის ფაქტი, რომ შემკვეთს არ დაუმზადებია ახალი სერტიფიკატი შეფასებულ იქნა მის სასარგებლოდ, თუმცა მსჯელობა არ ჩანს იმის შესახებ, თუ რა მოიმოქმედა შემკვეთმა საბაჟოდან ნივთის გატანისას, ასევე არ დასტურტება რომ შემკვეთის მიერ საქონლის ხელახალი გადაფუთვით მოხდა ,,საქონლის შესაბამისობაში მოყვანა საქონლის აღწერასთან“.

22.10. საბოლოოდ, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დარღვია რა შეჯიბრებითბის პრინციპი, არასწორად გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები, არასწორად განსაზღვრა მტკიცების ტვირთის გადანაწილების საკითხი, ასევე სადავოდ გადახა ის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც მოპასუხეც არ ხდიდად სადავოდ, შესაბამისად, არსებობს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.

22.11. პალატას შერეულ ბრალზე მსჯელობისას უნდა შეეფასებინა ჰქონდა თუ არა გადამზიდავს გადაცემული დოკუმენტაციის შემოწმების ვალდებულება, შესაბამისად, სასამართლოს უნდა განემარტა სსკ-ის 676-ე და 679-ე მუხლები, სასამართლოს უნდა ემსჯელა იმ მოქმედებების შეასხებ, რომლებიც დამდგარი შედეგის (ტვირთის გაჩერების) აცილების საფუძველი გახდებოდა.

22.12. რაც შეეხება გულისხმიერებისა და კეთილსინდისიერების ვალდებულებას, სასამართლომ აღნიშნულის დაცვის დარღვევაზე მიუთითა შემსრულების საწინააღმდეგოდ, თუმცა კერძოდ რაში გამოიხატა აღნიშნული, სასამართლოს არ მიუთითებია, პალატა გადამზიდავს აკისრებს ისეთ ვალდებულებებს, რაც სსკ-ის 676-ე მუხლის მესამე ნაწილის რეგულირებას ცდება, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც აღნიშუნლ პრინციპზე ცალმხრივად ხდება მითითება მხოლოდ გადამზიდავის პასუხისმგებლობის დადგენის კონტექსტში. კასატორის მითითებით, საბაჟოზე ტვირთის გაჩერების მიზეზს არ წარმოადგენდა კანონით გამდამზიდავზე მავალდებულებელი არც ერთი გარემოება (ტვირთის რაოდენობა, წონა, ნომრებისა და ნიშნების შესახებ ზედნადებში არსებული ინფორმაციის სისწორე, ტვირთის გარეგნული მდგომარეობა). აღნიშნულ მიზეზთაგან ერთ-ერთის დარღვევა ცალსახად გულისხმობს სსკ-ის 676-ე მუხლის დარღვევას და არა ზოგადად კეთილსინდისიერების პრინციპის უგულებელყოფას,

22.13. კასატორის მოსაზრებით, ასევე დაუსაბუთებელია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საკითხი. მისი მითითებით, დადგენილი სასამართლო პრაქტიკით, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა გამართლებულია, როდესაც არსებობს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით დამდგარი შედეგი, შესაბამისად, ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იყო გამოწვეული. ასევე უნდა დაგინდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. (ას-1365-2019 08.11.2021) აღნიშნული ზიანის დადგომის მტკიცების რისკი აწევს დაზარალებულს, ზიანის ოდენობა კი არ უნდა აღემატებოდეს რეალურად განცდილი დანაკარგების ჯამს, ის ასევე არ უნდა ატარებდეს მოვალესთვის სადამსჯელო ხასიათს, რადგან ზიანის ანაზღაურების მიზანი დაზარალებულის უფლებრივი აღდგენაა. ზიანის ანაზრაურებისას სასამართლომ არ უნდა დაუშვას მხარის უსაფუძვლო გამდიდრება, შესაბამისად, ასანაზღაურებელი ოდენობა უნდა იყოს შესაბამისი და ადეკვატური. აღნიშნულ საკითხზე კი სააპელაციო პალატა საერთოდ არ სცემს პასუხს სააპელაციო საჩივარს. საქმის მასალების მიხედვით, შემკვეთმა წარმოადგინა მტკიცებულებები, წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომელთა თანახმადაც გადმოსაზიდი ქონების რეალიზებით შემკვეთს უნდა მოეხდინა 960 000 ლარის აკუმულირება. ხელშეკრულების თანახმად, შემკვეთს (წინარე ხელშეკრულებით გამყიდველს) უნდა უზრუნველეყო 2020 წლის 20 აპრილამდე შემსყიდველ კომპანიათა სამედიცინო პირბადეებითა და უკონტაქტო თერმომეტრებით მომარაგება. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებები სასამართლომ მიუთითა ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთ მტკიცებულებად. გადამზიდავი კომპანიის მიერ არაერთხელ გახდა სადავო აღნიშნულ ხელშეკრულებათა ნამდვილობის საკითხი, რაც არ იქნა გაზიარებული სასამართლოს მიერ. კასატორის მოსაზრებით, ხელშეკრულებები არაავთენტურია, შესაბამისად, მათი გამოყენება რელევანტურ მტკიცებულებად დაუშვებელია. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნულ მტკიცებულებათა სანდოობის უტყუარად მიჩნევა მტკიცებულებათა დამოკვლევას ფორმალურ ხასიათს ანიჭებს, რაც თავის მხრივ, არასწორად ადგენს ფაქტობრივ გარემოებებს და შედეგად დაუსაბუთებელ სამართლებრივ შედეგებამდე მიდის სასამართლო. კასატორის მითითებით, მათ მიერ აღნიშნული საკითხი უშედეგოდ იქნა ორივე ინსტანციაში დაყენებული, თუმცა სასამართლოებმა მაინც სარწმუნო მტკიცებულებად ჩათვალეს ხელშეკრულებები, რაც მოხდა უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად.

23. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ივლისის განჩინებით სს ,,ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

24. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ ისინი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

25. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხ-ზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

27. საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევებში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

30. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერაა მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში, და რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

31. განსახილველ შემთხვევაში, მოცემული საქმის მთავარ სამართლებრივ საკითხს წარმოადგენს გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე მისაწოდებელი პროდუქციის ვადაგადაცილებით მიწოდების შემთხვევაში ხელშეკრულების მხარეთა ბრალეულობის დადგენა, შერეული ბრალის არსებობის შემთხვევაში პასუხისმგებლობის, შესაბამისად, ზიანის ოდენობის გადანაწილება, ასევე პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლიანობა ვალდებულების დარღვევისას.

32. სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.

33. სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

34. სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

35. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

36. სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ამავე კოდექსის 396-ე მუხლის თანახმად, მოვალემ თავისი კანონიერი წარმომადგენლის და იმ პირთა მოქმედებისათვის, რომელთაც იგი იყენებს საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად, ისეთივე მოცულობით უნდა აგოს პასუხი, როგორც საკუთარი ბრალეული მოქმედების დროს.

37. სსკ-ის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება, ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

38. სსკ-ის 402-ე მუხლის თანახმად, მოვალე ვადის გადაცილების დროს პასუხს აგებს ყოველგვარი გაუფრთხილებლობისათვის. იგი პასუხს აგებს შემთხვევითობისთვისაც, თუ არ დაამტკიცებს, რომ ზიანი შეიძლებოდა დამდგარიყო ვალდებულების დროული შესრულების დროსაც.

39. სსკ-ის 404-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

40. სსკ-ის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ამავე კოდექსის 414-ე მუხლის მიხედვით, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.

41. სსკ-ის 415-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული.

42. სსკ-ის 668-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე.

43. ამავე კოდექსის 676-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადამზიდველი ვალდებულია ტვირთის მიღებისას შეამოწმოს: ტვირთის ცალობრივი რაოდენობა, მათი ნიშნებისა და ნომრების შესახებ ზედნადებში აღნიშნულ მონაცემთა სისწორე; ტვირთისა და მისი შეფუთვის გარეგნული მდგომარეობა. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გამგზავნს შეუძლია გადამზიდველს მოსთხოვოს, რომ გადამზიდველმა გადაამოწმოს ტვირთის წონა ან მისი სხვაგვარად მოცემული რაოდენობა. მას შეუძლია ასევე მოითხოვოს, რომ გადამზიდველმა შეამოწმოს გადასაზიდი ტვირთის შემცველობა. გადამზიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ამ შემოწმებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება. გადამოწმების შედეგები უნდა აღინიშნოს ზედნადებში.

44. სსკ-ის 686-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადამზიდველი პასუხს აგებს ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისათვის, თუ ტვირთი დაზიანდა ან დაიკარგა მისი მიღებიდან ჩაბარებამდე დროის შუალედში, ასევე – მიტანის ვადის გადაცილებისათვის. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გადამზიდველი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ ტვირთის დაკარგვა, დაზიანება ან მიტანის ვადის გადაცილება უფლებამოსილი პირის ბრალით ანდა ამავე პირის ისეთი მითითებით მოხდა, რომელზედაც გადამზიდველი პასუხს არ აგებს; აგრეთვე, თუ ტვირთის ნაკლი ისეთი გარემოებებითაა გამოწვეული, რომელთა თავიდან აცილებაც გადამზიდველს არ შეეძლო და არც მათი შედეგები შეიძლებოდა თავიდან აეცილებინა.

45. სსკ-ის 687-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმის მტკიცება, რომ ტვირთის დაკარგვა, დაზიანება ან მიტანის ვადის დარღვევა გამოიწვია 686-ე მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულმა გარემოებებმა, ეკისრება გადამზიდველს.

46. სსკ-ის 688-ე მუხლის თანახმად, ტვირთის მიტანის ვადის გადაცილებად ითვლება, როცა ტვირთი არ არის მიტანილი შეთანხმებულ ვადაში, ან, თუ ვადა არ იყო დათქმული, – გადასაზიდად საჭირო ჩვეულებრივ დროში – იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომლებიც დაკავშირებულია ნაწილ-ნაწილ დატვირთვისას ამ ნაწილების შესაკრებად აუცილებელი დროის განსაზღვრასთან, თუ დარღვეულია ვადა, რომელიც წინდახედულ გადამზიდველს უნდა დაეცვა ჩვეულებრივ შემთხვევებში.

47. სსკ-ის 696-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დანაკარგმა, დაზიანებამ ან ვადის გადაცილებამ, რომლებიც ამ თავით მოწესრიგებული გადაზიდვების დროს წარმოიშვა, შეიძლება მოქმედი წესების მიხედვით არასახელშეკრულებო მოთხოვნები გამოიწვიოს, მაშინ ამის საპასუხოდ გადამზიდველს შეუძლია მიუთითოს ამ თავის იმ წესებზე, რომლებიც მის პასუხისმგებლობას გამორიცხავენ, ან ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავენ, ანდა ზღუდავენ.

48. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ გადაზიდვა-გადაყვანის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის რეგულირებაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლით. გადაზიდვა- გადაყვანის ხელშეკრულება, როგორც ორმხრივ მავალდებულებელი გარიგება, ერთი მხრივ, გამოიხატება გადამზიდველის ვალდებულებაში ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე, ხოლო, მეორე მხრივ, გამგზავნი/შემკვეთის ვალდებულებაში - გადაუხადოს გადამზიდველს შეთანხმებული საზღაური. სწორედ ეს ორი ვალდებულებაა გადაზიდვა-გადაყვანის ხელშემკვრელ მხარეთათვის პირველადი ინტერესის საგანი, რომელიც უნდა შესრულდეს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად - ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სკ-ის 361.2 მუხლი).

49. მოცემული საქმის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2020 წლის 01 აპრილს შპს ,,ს.ლ–სსა’’ და შპს ,,ნ.ს.დ–ს’’ შორის დაიდო ხელშეკრულება სატრანსპორტო გადაზიდვის თაობაზე, რომლის თანახმადაც შემკვეთმა იკისრა ვალდებულება დამკვეთის დავალების შესაბამისად, გაეწია ტვირთის გადაზიდვის მომსახურება საჰაერო გზით ჩინეთი-თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით, ხოლო დამკვეთმა აიღო ვალდებულება გადაეხადა შემსრულებლისთვის გაწეული მომსახურების საფასური და აენაზღაურებინა მომსახურების ფარგლებში გაწეული ხარჯი. აღსანიშნავია, რომ მხარეები ტვირთის გამოგზავნის ეტაპზე მოქმედებდნენ ოფიციალური წარმომადგენლების - ,,აგენტების’’ მეშვეობით, რომლებიც ჩინეთში უზრუნველყოფდნენ ტვირთის შეთანხებული პირობებით შეფუთვა/გადაცემასა და გამოგზავნისათვის საჭირო მოქმედებების განხორციელებას.

50. როგორც აღინიშნა, საქმის ერთ-ერთ მთავარ სამართლებრივ საკითხს წარმოადგენს იმის კვლევა თუ რომელი მხარის მიერ მოხდა ვალდებულების დარღვევა - ვადის გადაცილება. გადაზიდვის ხელშეკრულების მიზნებისთვის, ვადის გადაცილების დეფინიცია მოცემულია სსკ-ის 688-ე მუხლში, რომლის მიხედვითაც ვადაგადაცილება სახეზეა, როდესაც ტვირთი არ არის ადგილზე მიტანილი შეთანხმებულ ვადაში. მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებების განხილვისა და ნორმებთან სუბსუმირებისას აუცილებელია აღინიშნოს, რომ სატრანსპორტო გადაზიდვის ხელშეკრულება მართალია, არ შეიჩავს საქონლის მიწოდების კონკრეტული თარიღის შესახებ ინფორმაციას, მაგრამ სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ შესრულება უნდა მომხდარიყო 2020 წლის აპრილის ბოლოსთვის, თუმცა ვალდებულება შესრულდა დაგვიანებით - 2020 წლის 12 და 19 მაისს, დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულების 2.3.1. პუნქტის თანახმად, ვალდებულების შესრულების ვადად განისაზღვრა 16 დღე.

51. შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მითითებით ხელშეკრულებით განსაზღვრული შესრულების თარიღი და ვადა გადამზიდავი კომპანიის მიერ იქნა დარღვეული, შესაბამისად, მოითხოვა ვადაგადაცილებით მიღებული ქონებისთვის ზიანის ანაზღაურება, რადგან შემკვეთის ძირითად ინტერესს წარმოადგენდა ვალდებულების დროული შესრულება, რადგან სწორედ მითითებული დროის პერიოდში უნდა განეხორციელებინა გადმოსაგზავნი პროდუქციის რეალიზაცია, რომლის ღირებულება შექმნილი ზოგადი პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე იმ პერიოდისთვის იყო მოთხოვნადი და ძვირი, რის გამოც შემკვეთი უკვე შესული იყო სხვა ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობებში სხვა პირებთან აღნიშნული პროდუქციის რეალიზაციის მიზნით, თუმცა სწორედ ვადაგადაცილებით ჩამოტანილი ტვირთის გამო მესამე პირებმა უარი თქვეს აღნიშნული ქონების შესყიდვაზე.

52. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის ზიანის ანაზღაურების ნაწილში განვითარებულ მოტივაციას და დამატებით აღნიშნავს, რომ განსახილველი შემთხვევის მიზნებისთვის ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს სსკ-404-ე და 394.1-ე მუხლების შესაბამისად დაკმაყოფილებად შერეულ მოთხოვნას, მაშინ, როდესაც პირველადი მოთხოვნა არ სრულდება ან სრულდება არაჯეროვნად. სსკ-ის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო, ხოლო სსკ-ის 408-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შორის უნდა მოხდეს იმ ვითარების აღდგენა, რომელიც იარსებებდა ვალდებულების ჯეროვანი და დროული შესრულების შემთხვევაში. აღნიშნულ ნორმათა სისტემური ანალიზის საფუძველზე შესაძლოა ითქვას, რომ კრედიტორს შეუძლია მოვალეს მოსთხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელსაც ის მიიღებდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, აღნიშნულში ასევე შესაძლოა იგულისხმებოდეს ის მიუღებელი შემოსავლები, რაც შეეძლო კრედიტორს ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემდეგ საქმიანობის ჩვეულებრივი განხორციელების შემთხვევაში მიეღო. ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის აუცილებელია დადასტურდეს მოვალის მიერ კანონის დანაწესებისა ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა, რაც კრედიტორისთვის ზიანის მიყენების პირდაპირი და უშუალო საფუძველი უნდა გახდეს. თავის მხრივ, ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით, ისე, რომ ,,ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიმრება“ (სუსგ: 2016 წლის 14 მარტის №ას-945-895-2015 გადაწყვეტილება). ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ „ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 აპრილის №ას-1322-2018 განჩინება). ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). ასევე, ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (შდრ. სუსგ №ას-459-438-2015, 07.10.15). უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. აღნიშნული პირობების დადასტურების მტკიცების ტვირთი მოსარჩელე მხარეს აკისრია, თუმცა შესაძლოა კონკრეტული საქმის საფუძველზე გამოვლინდეს შემთხვევა, როდესაც დამდგარ ზიანში ერთდროულად შესაძლოა მიუძღვოდეთ ბრალი როგორც კრედიტორს ასევე მოვალეს. ასეთ შემთხვევაში სახეზე გვექნება შერეული ბრალი, რის საფუძველზეც ზიანის ანაზრაურება მოხდება ბრალის ხარისხის შესაბამისად.

53. აღნიშნული საქმის ფარგლებში, ბრალეულობის არსებობა-არარსებობის, ასევე მისი ხარისხის დადგენის მიზნით, მხარეებმა წარადგინეს ურთიერთდაპირისპირებული პოზიციები, რათა სასამართლოს შეძლებოდა ბრალეულობის საკითხის სწორი შეფასება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა ის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა საბაჟოზე ტვირთის დაყოვნების მიზეზებს, რაც გადამზიდველის მტკიცების ტვირთში შემავალი გარემოებაა. კასატორი სწორედ აღნიშნულ საკითზე აპელირებს და აცხადებს, რომ პირველ რიგში, აღნიშნული მტკიცების ტვირთი მასზე არ უნდა ყოფილიყო გადაკისრებული და ასევე, ასეც რომ იყოს, აღნიშნული მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობა არ არსებობს, რადგან ჩინეთის სახელმწიფო არ გასცემს ასეთი სახის დოკუმენტს. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სწორად განსაზღვრა მტკიცების საკითხი, რადგან სსკ-ის 686-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადამზიდველი პასუხს აგებს ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისათვის, თუ ტვირთი დაზიანდა ან დაიკარგა მისი მიღებიდან ჩაბარებამდე დროის შუალედში, ასევე – მიტანის ვადის გადაცილებისათვის, ხოლო აღნიშნული პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებად ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს შემდეგი სახის წესს: გადამზიდველი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ ტვირთის დაკარგვა, დაზიანება ან მიტანის ვადის გადაცილება უფლებამოსილი პირის ბრალით ანდა ამავე პირის ისეთი მითითებით მოხდა, რომელზედაც გადამზიდველი პასუხს არ აგებს; აგრეთვე, თუ ტვირთის ნაკლი ისეთი გარემოებებითაა გამოწვეული, რომელთა თავიდან აცილებაც გადამზიდველს არ შეეძლო და არც მათი შედეგები შეიძლებოდა თავიდან აეცილებინა. აღნიშნული ნორმის მიზნობრივი განმარტების საფუძველზე აშკარაა, რომ ზოგადი პასუხისმგებლობის მტკიცების ტვირთი შემკვეთს აკისრია, ხოლო პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება უნდა ამტკიცოს იმ მხარემ, რომლის ინტერესშიც შედის აღნიშნული, შესაბამისად, თავად გადამზიდველი წარმოადგენს იმ პირს, რომელმაც უნდა დაასაბუთოს, რომ მისი ბრალით არ მომხდარა მიტანის ვადის გადაცილება. ხოლო რაც შეეხება შემკვეთის მტკიცების ტვირთს, ამავე ნორმის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ის ვალდებულია დაასაბუთოს, რომ ვალდებულების შესრულება მოხდა ვადის გადაცილებით, ასევე, სსკ-ის 687-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმის მტკიცება, რომ ტვირთის დაკარგვა, დაზიანება ან მიტანის ვადის დარღვევა გამოიწვია 686-ე მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულმა გარემოებებმა, ეკისრება გადამზიდველს. აღნიშნული მუხლის უკუდასკვნიდან გამომდინარეობს, რომ შემკვეთი არ არის ვალდებული წარადგინოს ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც გადამზიდავის მტკიცების ტვირთში შემავალ ვალდებულებას წარმოადგენს. განსახივლელ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ შემკვეთის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებდა შესრულების ვადაგადაცილებას გადამზიდავის მიერ, ვადაგადაცილების მიმართ წარმოშობილი პასუხისმგებლობის გამამართლებელი მტკიცებულების წარდგენის ტვირთი აწევდა მოწინააღმდეგე მხარეს - გადამზიდავს, შესაბამისად, კასატორის მოსაზრება, რომ სააპელაციო პალატამ ამ ნაწილში არასწორად განსაზღვრა მტკიცების ტვირთი, ვერ იქნება გაზიარებული. რაც შეეხება გადამზიდავის მტკიცებას, რომ ჩინეთის სახელმწიფო უარს აცხადებს შესაბამისი სახის ოფიციალური დოკუმენტის გაცემის შესახებ, საქმეში არ ყოფილა წარდგენილი ამ გარემოების დამადასტურებელი რამე სახის მტკიცებულება, ამიტომ გადამზიდავის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, თუმცა დასადგენია, თუ რამდენად სწორად განისაზღვრა ზიანის ანაზღაურების ოდენობა.

54. ზიანის ანაზღაურების მიმართ პასუხისმგებლობის წილობრივ გადანაწილებაზე კასატორის პრეტენზია, რომ ქვედა ინსტანციის მიერ არ მომხდარა წილების თანაბარი განსაზღვრება, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ თანაბრალეულობის ხარისხი სწორად იქნა დადგენილი და შესაბამისად ზიანის ანაზღაურების ოდენობა პროპორციულად დაეკისრა ორივე მხარეს.

55. სსკ-ის 415-ე მუხლი თანახმად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ამდენად, დასახელებული მუხლი ზიანის მიყენებისას ითვალისწინებს არა რომელიმე მხარის ბრალის გამორიცხვას, არამედ შერეული ბრალის არსებობას, რა შემთხვევაშიც დაზარალებული ინარჩუნებს ზიანის ანაზღაურების უფლებას, თუმცა იმ ფარგლებში, რაც შეესაბამება ზიანის მიმყენებლის ბრალს (სუსგ. №ას-85-2021, 14.12.2021);

56. სამოქალაქო კოდექსის 676-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოწერს იმ ვალდებულებებს, რომლებიც იმპერატიულად ეკისრება გადამზიდველს ტვირთის მიღებისას, კერძოდ, გადამზიდველი ვალდებულია ტვირთის მიღებისას შეამოწმოს: ტვირთის ცალობრივი რაოდენობა, მათი ნიშნებისა და ნომრების შესახებ ზედნადებში აღნიშნულ მონაცემთა სისწორე, ტვირთისა და მისი შეფუთვის გარეგნული მდგომარეობა. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გამგზავნს შეუძლია გადამზიდველს მოსთხოვოს, რომ გადამზიდველმა გადაამოწმოს ტვირთის წონა ან მისი სხვაგვარად მოცემული რაოდენობა. მას შეუძლია ასევე მოითხოვოს, რომ გადამზიდველმა შეამოწმოს გადასაზიდი ტვირთის შემცველობა. გადამზიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ამ შემოწმებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება. გადამოწმების შედეგები უნდა აღინიშნოს ზედნადებში.

57. ამავე კოდექსის 679-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამგზავნი ვალდებულია ზედნადებს დაურთოს ყველა საბუთი, რომლებიც აუცილებელია ტვირთის მიტანამდე საბაჟო ფორმალობების განსახორციელებლად და სხვა, მსგავსი მოქმედებების შესასრულებლად, ან ეს საბუთები გადამზიდველს გადასცეს და მას მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გადამზიდველი არ არის ვალდებული შეამოწმოს, არის თუ არა ეს საბუთები და ინფორმაცია სწორი და საკმარისი. გამგზავნი პასუხს აგებს გადამზიდველის წინაშე საბუთებისა და მონაცემების არასრულყოფილებითა და უზუსტობით გამოწვეული ზიანისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს გადამზიდველის ბრალით მოხდა.

58. აღნიშნულ ნორმათა სისტემური ანალიზი ცხადყოფს, რომ გადაზიდვის ხელშეკრულების დადებისას ორივე მხარეს ეკისრებათ კონკრეტული მოვალეობები, რომელთა დარღვევა პირდაპირ კავშირშია მათი ბრალეულობის ხარისხთან და, შესაბამისად, პასუხისმგებლობის პროპორციულობასთან. განსახილველი საქმის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მიმოწერების თანახმად, 2020 წლის 09 აპრილს გადამზიდველი შემკვეთისგან ითხოვდა ინვოისებს, ამანათების სიას, საექსპორტო ლიცენზიას და სხვა არსებულ დოკუმენტებს (ტომი 3, ს.ფ. 40), ამასთანავე 2020 წლის 11 აპრილს გადამზიდველი აფრთხილებს შემკვეთს ჩინეთის მთავრობის მიერ მიღებული ახალი რეგულაციების შესახებ (ტომი 2, ს.ფ. 57). მხარეთა მიმოწერებით ასევე დგინდება, რომ ტვირთის აეროპორტში მიტანასთან ერთად გადამზიდველის აგენტს გადაეცა ტვირთთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (ტომი 2, ს.ფ. 62-64), რომელსაც დოკუმენტაციის სისწორე, ისევე როგორც მისი აღწერის შესაბამისობა საქონელთან არ შეუმოწმებია და მიუხედავად აეროპორტში ორი დღით ადრე ტვირთის მიტანისა, გამოგზავნის დღემდე შესაძლო და მოსალოდნელი პრობლემის აღმოფხვრის მიზნით არც ერთ მხარეს დამატებითი ზომები არ მიუღია. ამასთან უდავოა, რომ 2020 წლის 20 აპრილამდე, არსებული რეგულაცია არ შეცვლილა.

59. საკასაციო პალატა, ამ ნაწილში სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ 2020 წლის 20 აპრილის რეისზე ტვირთის დაკავება არა მხოლოდ რომელიმე მხარის ბრალეული ქმედებითაა გამოწვეული, არამედ მხარეთა აგენტებს შორის გამოკვეთილი დისკომუნიკაციის შედეგია, რომლის ფარგლებშიც მათ მხოლოდ ფორმალურად შეასრულეს ვალდებულებები - ერთმა ტვირთის მიტანის, ხოლო მეორემ აეროპორტიდან გამოგზავნის უზრუნველყოფის შესახებ. სწორედ აღნიშნულის გამოხატულებაა ის ფაქტი, რომ საქონლის ხელახალი გარეგანი გადაფუთვის შემდეგ, ერთობლივი და სწორი კომუნიკაციის ფარგლებში საბოლოოდ მოხერხდა ტვირთის გამოგზავნა. შესაბამისად, 2020 წლის 20 აპრილის რეისზე ტვირთის გამოგზავნის შეფერხება მხარეთა (მათი აგენტების) მოვალეობების ერთობლივი დარღვევის შედეგია, რაც გამოიწვია ერთი მხრივ, დამკვეთის წარმომადგენლის მიერ ტვირთის არასათანადო შეფუთვამ, მეორეს მხრივ კი გადამზიდველის წარმომადგენლის მიერ გამოგზავნის დღემდე აღნიშნულის შეუმოწმებლობამ, მით უფრო, რომ მას გადაცემული ჰქონდა ყველა საჭირო დოკუმენტი და აღნიშნულის უქონლობა სადავო არ გამხდარა. შესაბამისად, დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, მითითება მხოლოდ დამკვეთის ბრალზე და აქცენტი პირბადეების არასწორ შეფუთვაზე (ტომი 2, ს.ფ. 353-359) ვერ იქნება მხოლოდ გამგზავნის პასუხისმგებლობად განხილული, ვინაიდან, გადაზიდვის დაწყებამდე გადამზიდველი ასევე უფლებამოსილი და ვალდებული იყო შეემოწმებინა გადაცემული ტვირთის შეფუთვა და დოკუმენტებისა და ტვირთის ერთმანეთთან შესაბამისობა. ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს, 2020 წლის 13 აპრილს ელ.წერილზე, სადაც გადამზიდველი კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ დოკუმენტები სრულყოფილია (ტ.2, ს.ფ. 57).

60. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ცხადი ხდება, რომ ორივე მხარეს მიუძღვის ბრალი ზიანის მაპროვოცირებელი გარემოებების წარმოშობაში, შესაბამისად, სახეზეა შერეული ბრალის ნიშნები, რა დროსაც ზიანის ანაზღაურება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ ვის უფრო მეტი ბრალის ხარისხი მიუძღვის ზიანის დადგომაში (სსკ 415-ე მუხლი). თავის მხრივ, თანაბრალეულობა დაზარალებულის მიმართ გულისხმობს არა ზიანის ანაზღაურებას საკუთარი თავის მიმართ, არამედ ზიანის მიმყენებლის პასუხისმგებლობის შემცირებას სწორედ იმ ნაწილში, რა ოდენობითაც ზიანიც თავად დაზარალებულმა მიაყენა საკუთარ თავს. აღნიშნული კასაციის ფარგლებში მათ შორის სწორედ თანაბრალეულობის გადანაწილების საკითხიც გახდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების საფუძველი. ამ ნაწილში საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის მიხედვითაც, ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 8:101-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანი ნაწილობრივ კრედიტორის ქმედების შედეგიცაა, მაშინ კრედიტორი სამართლებრივი დაცვის საშუალებებს სრულად ვერ გამოიყენებს, იმ შემთხვევისაგან განსხვავებით, როდესაც შეუსრულებლობისათვის მხოლოდ მოვალეა პასუხისმგებელი (იხ: Lando/ Beale, Principles of European Contract Law, Part I and II. Kluwer Law International, The Hague/London/Boston, 2000, 360). „შერეული ბრალის არსებობისას დამდგარი ზიანის სრული ოდენობით ანაზღაურება არ დაეკისრება ზიანის მიმყენებელს, პირიქით, მისი პასუხისმგებლობა მცირდება იმ ნაწილში, რითაც დაზარალებულმა ხელი შეუწყო ზიანის წარმოშობას. ამდენად, თუ დამდგარი ზიანი ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა ერთობლივი ბრალეული ქმედების შედეგია, მაშინ პასუხისმგებლობა ორივე მხარეზე გადანაწილდება თითოეულის ბრალეულობის ხარისხის გათვალისწინებით (იხ: ლადო ჭანტურია (რედ,), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი, 2001, 482.).

61. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას, რომ სსკ-ის 415-ე მუხლიდან გამომდინარეობს არა მხოლოდ ის გადაწყვეტა, რომ დამზიანებელი და დაზარალებული თანაბარ მდგომარეობაში უნდა ჩავაყენოთ - ორივეს მხოლოდ ბრალეული ქმედებით მიყენებული ზიანი შეერაცხება, - არამედ ისიც, რომ მათი ბრალი ზიანის დადგომაში თანაბრად უნდა იქნეს გათვალისწინებული. რეალური ზიანიდან მისი ანაზღაურებადი ნაწილის გამოყოფა ბრალთა თანაფარდობის მიხედვით ხდება. (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, 2019, წიგნი 3, გვ. 767). თანაფარდობის საკითხის განსაზღვრისას წინა პლანზე წამოწეულია თითოეული მათგანის მიერ ზიანის დადგომაში შეტანილი ობიექტური ,,წვლილი’’, ხოლო თუ ბრალზე დამოკიდებულ პასუხისმგებლობას ეხება საქმე - მათი ბრალის ხარისხი. თითოეული მხარის პასუხისმგებლობის ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების შეპირისპირების შედეგს წარმოადგენს მათ შორის ზიანის წილობრივი განაწილება. ამ ფაქტორების აწონ-დაწონისას შეიძლება ერთი მხარის ,,წვლილმა’’ ზიანის დადგომაში სრულებით გადაწონოს მეორის ,,წვლილი’’ (იხ, იქვე, გვ. 776).

62. რაც შეეხება ბრალეულობის ხარისხობრივ გადანაწილებას, მისი განსაზღვრა 2/3 შემსრულებელზე, 1/3 - შემკვეთზე შეფარდებით მოხდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების არსებობის საფუძველზე: გადამზიდავის მიერ არ წარდგენილა საბაჟოზე ტვირთის გაჩერების რეალური მიზეზის შესახებ მტკიცებულება (მტკიცების ტვირთზე უკვე ზემოთ იქნა ნამსჯელი), რომელიც დაასაბუთებდა მისი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას; 20.04.2020წ. (ტ.2, ს.ფ. 341) წერილში მითითებული მიზეზებიდან, რომ 1) ხარისხის სერთიფიკატი არ შეესაბამებოდა ეროვნულ სტანდარტს და 2) საქონლის აღწერა არ შეესაბამებოდა საქონელს, ვერ განიხილება შემკვეთის ბრალეულობისათვის განსაზღვრელ სათანადო მტკიცებულებად, რადგან შემკვეთი მის მიერ განსახორციელებელ ქმედებებს ათანხმებდა გადამზიდავ კომპანიასთან (მის უფლებამოსილ წარმომადგენელთან) და მოქმედებდა შესაბამისი მითითებების საფუძველზე. ასევე, 20.04.2020 წლის წერილში დასახელებულ პირველ მიზეზთან (ხარისხის სერთიფიკატის შეუსაბამობა ეროვნულ სტანდარტთან) მიმართებით უნდა აღინიშნოს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ახალი სერთიფიკატის (ახალი სტანდარტისათვის შესაბამისი) გაცემის ფაქტი, ანუ ტვირთი გამოიგზავნა იმავე სერთიფიკატით. ხოლო, წერილში დასახელებულ მეორე მიზეზთან მიმართებით (საქონლის აღწერის შესაბამისობა საქონელთან) ცალსახად პასუხისმგებელი იყო გადამზიდავი კომპანია, რომლისთვისაც ცნობილი იყო გადასაგზავნი საქონლის სახეობისა და მისი აღწერის შესახებ და რაიმე შეუსაბამობის შესახებ ტვირთის მიღებისას არ მიუთითებია.

63. ვინაიდან 26.04.2020წ. ძალაში შევიდა გამკაცრებული რეგულაცია, გადაფუთვის შემდგომ ტვირთი დაუბრკოლებლად გამოიგზავნა საქართველოში, მართალია, გადამზიდავი აფრთხილებდა დამკვეთს ჩინეთის სახელმწიფო რესპუბლიკის მიერ ახალი გამკაცრებული რეგულაციების შემოღების შესახებ, თუმცა შეცვლილი რეგულაციები ამოქმედდა 26.04.2020წ-დან და არ ვრცელდებოდა 20.04.2020წ. გამოსაგზავნ ტვირთზე. ასევე, თუ რა გახდა მიზეზი საბაჟოზე ტვირთის ,,გაწითლების’’ დაუდასტურებელია, კერძოდ გადამზიდველმა დამკვეთს აცნობა, რომ ,,ჩემი კოლეგებისგან მივიღე სასწრაფო ამბავი’’, (20.04.2020წ. წერილი, ტ.2, ს.ფ. 341) ანუ, ზეპირი ინფორმაცია მიეწოდა, რაც შესაბამისი სახის მტკიცებულებას არ ეყრდნობოდა. აქედან გამომდინარე, სათანადო მტკიცებულებებით არ დგინდება კონკრეტული მიზეზი, თუ რამ განაპირობა საქონლის საბაჟოზე „გაწითლება“. მითითებული გარემოება, მხოლოდ ზეპირი განმარტებით ვერ იქნება დადასტურებული და, საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, სავალდებულოა სათანადო წერილობითი დოკუმენტის არსებობა (სსსკ-ს 102.3 მუხლი: საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით), რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

64. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას, იმის შესახებ, რომ მოსარჩელე კომპანია შპს ,,ს.ლ–სის’’ სამეწარმეო საქმიანობა დაკავშირებულია სწორედ გადაზიდვებთან, შესაბამისად მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო ის სტანდარტები, რომელთა დაცვაც იყო საჭირო გადაზიდვის დაუბრკოლებლად განხორციელებისათვის. გადამზიდავ კომპანიას სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე ევალებოდა სათანადო წინდახედულობის გამოჩენა, რათა დროულად შეემოწმებინა მიწოდებული გადასაზიდი საქონლის შესაბამისობა და უზრუნველეყო საქონლის ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში შემკვეთისათვის მიწოდება. მართალია, თავად შემკვეთსაც ევალებოდა ტვირთის დადგენილი წესით შეფუთვა და მიწოდება, თუმცა იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოსარჩელე კომპანია ახორციელებს გადაზიდვასთან დაკავშირებულ სამეწარმეო საქმიანობას, მას ევალებოდა დროულად შეეფასებინა ტვირთის შესაბამისობა და ხარვეზის არსებობის პირობებში დროულად ეცნობებინა მოწინააღმდეგე მხარისათვის აღნიშნულის თაობაზე.

65. რაც შეეხება კეთილსინდისიერების შესახებ კასატორის შედავებას, აღნიშნული გარემოების მიმართ სააპელაციო პალატამ სწორად აღნიშნა, რომ შემკვეთის კეთილსინდისიერება დაფუძნებული იყო მის ინტერესზე სწრაფად ჩამოსულიყო პროდუქცია და სწაფადვე მომხდარიყო მისი რეალიზაცია, ხოლო რაც შეეხება გადამზიდავის კეთილსინდისიერების ვალდებულებას, რაც, თავის მხრივ, სახელშეკრულებო ვალდებულების ნაწილია და არა მხოლოდ კეთილსინდისიერების, წარმოადგენდა ვალდებულების ჯეროვნად და დროულად შესრულებას, რაც ვერ იქნა მიღწეული, ხოლო შემკვეთის მიერ ვალდებულების თანხის გადაუხდელობა განპირობებული იყო სწორედ შესრულების დაგვიანებით, რომელიც შემდგომ სასამართლო წესით დაეკისრა შემკვეთს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დამკვეთის მიერ გადაფუთვა მოხდა გონივრულ დროს, მიუხედავად ამისა, მის მიერ პროდუქციის არასწორი შეფუთვა, რამაც გამოიწვია საბაჟოზე ტვირთის დაკავება არ ათავისუფლებს მას ზიანის გამომწვევი მიზეზების მიმართ ბრალეული პასუხისმგებლობისგან, თუმცა აღნიშნული ვერ ჩაითვლება იმდენად დიდ ბრალეულ ქმედებად, რომ გადამზიდავი კომპანიის ბრალეულობის ხარისხს გაუთანაბრდეს ან მეტი იყოს, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ სწორად იქნა განსაზღვრული პასუხისმგებლობისა და ბრალეულობის ხარისხების პროპორციული გადანაწილება, რომლის საფუძველზეც გადამზიდავს დაევალა - 518 584 ლარის (777 876 ლარის 2/3) ანაზღაურება.

66. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ხელშეკრულების 4.3. პუნქტის შესაბამისად, მიწოდების ვადის დარღვევისთვის გადამზიდავს დაეკისრება მომსახურების საზღაურის გადახდა 1.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

67. დადგენილია, რომ ხელშეკრულების 2.3.1 პუნქტის თანახმად, შემსრულებელი ვალდებულია შეასრულოს ტვირთის ტრანსპორტირება ჩინეთიდან დამკვეთის წარმომადგენლის მიერ ტვირთის მიწოდებიდან 16 დღის ვადაში. ასევე დადგენილია, რომ ტვირთი მოსარჩელისთვის მიწოდებულ იქნა 2020 წლის 18 აპრილს. შესაბამისად, 2020 წლის 04 მაისამდე ვალდებულების შეუსრულებლობა ვერ განიხილება მოსარჩელის მიერ ვალდებულების დარღვევად. ტვირთის საბოლოო ჩამოსვლა კი განხორციელდა 2020 წლის 19 მაისს. შესაბამისად, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა უნდა განისაზღვროს 15 დღით, ხოლო ვადაგადაცილების პირგასამტეხლო კი შესაბამისად 7 052.25 აშშ დოლარით. ამასთან, ვინაიდან სააპელაციო პალატის მიერ შეიცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურების ნაწილში გადამზიდველის პასუხისმგებლობასთან მიმართებით, ასევე უნდა შეიცვალოს გადამზიდველისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა. კერძოდ, მოსარჩელისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს სრული ოდენობის 2/3 ნაწილით, რაც შეადგენს 4 701.32 აშშ დოლარს, შეგებებული სარჩელის წარმოდგენის დროისათვის არსებული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით კი - 14 628.14 ლარს. სწორედ აღნიშნული თანხა ექვემდებარება შპს ,,ს.ლ–თვის’’ პირგასამტეხლოს სახით დაკისრებას.

68. საბოლოო ჯამში, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 აპრილის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულ მსჯელობებსა და სამართლებრივ პოზიციას, ასევე აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში კასატორმა ვერ შეძლო შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენა თუ რატომ უნდა გაუქმდეს აღნიშნული გადაწყვეტილება, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დაადგინეს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივად მართებულად გადაწყვიტეს საქმეში არსებული ყველა სადავო საკითხი, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა, ამდენად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი და საკასაციო საჩივრები როგორც დაუშვებლები, უნდა დარჩეს განხილველი.

69. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. განსახილველ შემთხვევაში, შპს ,,ს.ლ–სის“ მიერ საკასაციო საჩივრაზე გადახდილი ჰქონდა 8000 ლარი, შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს 8000 ლარის 70% - 5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ს.ლ–სის“ (......) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. შპს „ს.ლ–სს“ (.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №1656677108, გადახდის თარიღი 2022 წლის 1 ივლისი), 8 000 ლარის 70% - 5 600 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ვ. კაკაბაძე