Facebook Twitter

№ას-957-2021

28 აპრილი, 2022 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ზ.რ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ. „პ.ს.კ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რ. „პ.ს.კ–მა“ (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში გ.კ–ისა და ზ.რ–ის მიმართ (შემდეგში - მოპასუხეები) შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:

1.1.მოპასუხეებს: გ.კ–სა და ზ.რ–ს რ. „პ.ს.კ–ის“ სასარგებლოდ, 2012 წლის 15 ივნისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ 57 181.37 ლარის (საიდანაც ძირითადი თანხაა - 28 000 ლარი, მიუღებელი შემოსავალი - 29 181.37 ლარი) გადახდა;

1.2.მოპასუხეებს: გ.კ–სა და ზ.რ–ს რკ „პ.ს.კ–ის“ სასარგებლოდ, 2012 წლის 15 ივნისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის სახით, 2018 წლის 17 ოქტომბრიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე, დავალიანების ძირითადი თანხის - 28 000 ლარის წლიური 24%-ის, ყოველთვიურად 552.33 ლარის გადახდა;

1.3.მოპასუხეებს: გ.კ–სა და ზ.რ–ს, რ. „პ.ს.კ–ის“ სასარგებლოდ, 2012 წლის 15 ივნისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლო - სესხის ძირითადი თანხის, 28 000 ლარის 0.35%-ის (98 ლარის) გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2018 წლის 17 ოქტომბრიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

2. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს, თუმცა, სარჩელში დასახელებული ფაქტები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სათანადო გარემოებების დასახელებითა და მტკიცებულებებით არ უარყვიათ. მოპასუხეებმა მხოლოდ ფორმალურად წარადგინეს არაკვალიფიციური შესაგებლები, რომლებშიც შემოიფარგლნენ ზოგადი ხასიათის მითითებებით მასზედ, რომ არ ეთანხმებოდნენ სარჩელში აღწერილ გარემოებებს. ამასთან, სასამართლო სხდომაზე, ახსნა-განმარტების ეტაპზე, მოპასუხე ზ.რ–მა მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით, რ. „პ.ს.კ–ის“ სარჩელი მოპასუხეების - ზ.რ–ისა და გ.კ–ის მიმართ, თანხის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ზ.რ–ს რ. „პ.ს.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2012 წლის 15 ივნისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე: დავალიანების - 28 000 ლარისა და მიუღებელი შემოსავლისათვის, ზიანის ანაზღაურების სახით - 29 181.37 ლარის გადახდა; ასევე, სესხის თანხის დავალიანების - 28 000 ლარის წლიური 24%-ის (ყოველთვიურად 552.33 ლარის) გადახდა 2018 წლის 17 ოქტომბრიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე და პირგასამტეხლოს სახით - სესხის თანხის დავალიანების 28 000 ლარის 0,05%-ს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2018 წლის 17 ოქტომბრიდან - სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; მოსარჩელეს უარი ეთქვა ზ.რ–თან ერთად გ.კ–ისათვის, 2012 წლის 15 ივნისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის თანხის დავალიანების, მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს გადახდის სოლიდარულად დაკისრებაზე.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მხოლოდ ზ.რ–მა გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინებით, ზ.რ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1.1. 15.06.2012 წელს, რ. „პ.ს.კ–სა“ და ზ.რ–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხეზე ერთი წლის ვადით, წლიური 24%-ის დარიცხვის პირობით გაიცა სესხი - 28 000 ლარი;

- ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, თუ მსესხებელი ყოველი თვისათვის არ გადაიხდის წინამდებარე ხელშეკრულების 2.4 მუხლით გათვალისწინებულ სესხის თანხაზე დარიცხულ პროცენტს, გამსესხებელი უფლებამოსილია დააკისროს, ხოლო მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.35%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

- ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, თუ მსესხებელი გადააცილებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხის დაბრუნების ვადას, გამსესხებელი უფლებამოსილია დააკისროს, ხოლო, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო შესაბამისი გადასახდელის თანხის 0.35%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

- ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, პროცენტის დარიცხვა გრძელდება და იგი გადახდას ექვემდებარება არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით იძულებითი, ან მსესხებლის მიერ ნებაყოფლობითი აღსრულების მომენტისათვის გაანგარიშებული თანხით, იმ შემთხვევაშიც, თუ გამსესხებელი ცალმხრივად ვადამდე შეწყვეტს ამ ხელშეკრულებას.

6.1.2. 2013 წლის 15 ივნისს, მოდავე მხარეთა შეთანხმებით, 2012 წლის 15 ივნისის №20 სესხის ხელშეკრულება 12 თვის ვადით - 2014 წლის 15 ივნისამდე გაგრძელდა.

6.1.3. მოპასუხე ზ.რ–ის მიერ დარღვეულია 2012 წლის 15 ივნისის სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის ყოველთვიურად, დადგენილი გრაფიკით გადახდის შესახებ.

6.1.4. 2012 წლის 15 ივნისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით, ბოლო გადახდა განხორციელებულია 2015 წლის 28 დეკემბერს. სესხის ხელშეკრულების ამონაწერის თანახმად, 2015 წლის 28 დეკემბერს თანხის შემომტანად დაფიქსირებულია ზ.რ–ი.

6.1.5. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 21 მაისის №217 განკარგულების თანახმად, რ. „პ.ს.კ–ს“ გაუუქმდა არასაბანკო სადეპოზიტო - საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია და დაიწყო მისი ლიკვიდაცია.

6.2.სააპელაციო პალატის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებლით, მართალია, არ ცნო სარჩელი, არ დაეთანხმა სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულ გარემოებებს, თუმცა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნის დარღვევით, არ აღუნიშნავს ამის მიზეზი და არ დაუსაბუთებია სათანადო არგუმენტაციით. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ზ.რ–ი არ შედავებია მოსარჩელის მიერ მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებას. მოპასუხის შედავება შემოიფარგლა იმაზე მითითებით, რომ არ ეთანხმებოდა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე კი, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო პალატამ მიიჩნია შეუდავებლად და დამტკიცებულად.

6.3.ამდენად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული შეუდავებელი ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ ზ.რ–ს რ. „პ.ს.კ–ის“ წინაშე, 2018 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით, 2012 წლის 15 ივნისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება (სესხის ძირითადი თანხა) – 28 000 ლარი, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, დავალიანების შესახებ ცნობით. ამასთან, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ ბოლო გადახდა განახორციელა 2015 წლის 28 დეკემბერს, მაშინ როცა, ხელშეკრულებაზე დანართი გრაფიკის შესაბამისად, სესხი სრულად უნდა დაფარულიყო 2018 წლის 30 აპრილს. რაც შეეხება მის ოდენობას, აღნიშნულთან დაკავშირებით, მოპასუხეს არ ჰქონდა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა დავალიანების ცნობაში მითითებული თანხის გადახდის ფაქტზე ან დაანგარიშებული თანხის შეუსაბამობაზე. შესაბამისად, სასამართლომ გაიზიარა ლიკვიდატორის მიერ გაცემული ცნობა დავალიანების შესახებ, რომლის მიხედვით, ზ.რ–ს რ.„პ.ს.კ–ის“ წინაშე, 2018 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით, ერიცხება დავალიანება სესხის ძირითადი თანხა 28 000 ლარის ოდენობით.

6.4.ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ როგორც საქმის მასალებით დასტურდებოდა, მოპასუხემ ბოლო გადახდა განახორციელა 2015 წლის 28 დეკემბერს, შესაბამისად, სსსკ-ის 129-ე მუხლის 1-ელი და მე-2 მუხლების (სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს. 2. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია) საფუძველზე, ხანდაზმულობის ვადის დენა უნდა დაწყებულიყო ბოლო გადახდიდან - 2015 წლის 28 დეკემბრიდან. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ სარჩელით სასამართლოს 2018 წლის 30 აგვისტოს, ანუ ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის ამოწურვამდე მიმართა, რის გამოც სასამართლოს მოსაზრებით სარჩელი ხანდაზმული არ იყო.

6.5.განსახილველი სარჩელით, მოსარჩელე 2012 წლის 15 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოითხოვდა როგორც კონკრეტულად განსაზღვრული მიუღებელი შემოსავლის - 29 181.37 ლარის, ისე, 2018 წლის 17 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დავალიანების ძირი თანხის 28 000 ლარის წლიური 24%-ის, ყოველთვიურად 552.33 ლარის დაკისრებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მსესხებელზე გაიცა სარგებლიანი სესხი, შესაბამისად, მოსარჩელის, როგორც საკრედიტო დაწესებულების ინტერესს წარმოადგენდა სარგებლის მიღება. ამასთან, სასამართლომ უდავოდ მიიჩნია პრეზუმფციის არსებობა, რომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოსარჩელე მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, რაც ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით მოსარჩელემ განიცადა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით. ამასთან, პალატის მოსაზრებით, საკრედიტო დაწესებულების შემთხვევაში, განსაკუთრებულ მტკიცებას არ საჭიროებდა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს შეეძლო ამ ოდენობით საპროცენტო სარგებელი მიეღო კრედიტის კვლავ გაცემით და რომ ვერ მიიღო, ამით განიცადა ზიანი - ეკონომიკური დანაკარგი.

6.6.გარდა ზემოაღნიშნულისა, წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხისთვის როგორც სარჩელის შემოტანამდე დარიცხული პირგასამტეხლოს, ასევე გადაწყვეტილების აღსრულებამდე დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდას. აღნიშნულ მოთხოვნასთან მიმართებით, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა 2012 წლის 15 ივნისის სესხის ხელშეკრულების 4.1 (თუ მსესხებელი ყოველი თვისათვის არ გადაიხდის წინამდებარე ხელშეკრულების 2.4 მუხლით გათვალისწინებულ სესხის თანხაზე დარიცხულ პროცენტს, გამსესხებელი უფლებამოსილია დააკისროს, ხოლო მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.35%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) და 4.2 პუნქტებზე (თუ მსესხებელი გადააცილებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხის დაბრუნების ვადას, გამსესხებელი უფლებამოსილია დააკისროს, ხოლო მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო შესაბამისი გადასახდელის თანხის 0.35%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) და განმარტა, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს განაკვეთი - 0,35% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რადგან თვეში იგი შეადგენს 10,5%-ს, ხოლო წელიწადში 126%-ს, რაც ყოველმხრივ ეწინააღმდეგებოდა სესხის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს.

6.7. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელირება მასზედ, რომ ლიკვიდაციის დაწყებით შეწყდა სესხებზე პროცენტის დარიცხვა. აღნიშნულთან მიმართებით, პალატამ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის განმარტება, რომ ლიკვიდაციის დაწყებით, არ შეწყვეტილა სესხებზე პროცენტის დარიცხვა და დღემდე გრძელდება. პალატის განმარტებით, საქართველოს ეროვნული ბანკის ბრძანება N226, 16.10.2002 „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების თაობაზე“, არ ითვალისწინებდა სესხებზე პროცენტის დარიცხვის შეწყვეტას ლიკვიდაციის დაწყების შემდეგ, ხოლო, რაც შეეხება აპელირებას მასზედ, რომ 2015 წლიდან მოსარჩელეს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აკრძალული ჰქონდა სესხების გაცემა, რის გამოც ზ.რ–ის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაშიც, მოსარჩელე კრედიტს ვეღარ გასცემდა და საპროცენტო სარგებელსაც ვეღარ მიიღებდა, პალატამ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კავშირის შემოწმების აქტის საფუძველზე განმარტა, რომ „კავშირს“ აეკრძალა მხოლოდ ინსაიდერული სესხების და არა ზოგადად სესხების გაცემა.

7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ.რ–მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება მოითხოვა.

7.1. კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

7.1.1. კასატორის განმარტებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლების მიერ არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ ზ.რ–ის სახელზე, 2012 წლის 15 ივნისს გაცემული სარგებლიანი სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევით, მოსარჩელემ განიცადა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით. კერძოდ, კასატორის მითითებით, მოსარჩელე განსახილველი სარჩელით ითხოვდა ზ.რ–ის სახელზე გაცემული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურებას, როგორც სარჩელის აღძვრამდე, ისე სარჩელის აღძვრის შემდგომ პერიოდზე. 2015 წლის 15 ივნისიდან 2018 წლის 17 ოქტომბრამდე პერიოდში მოსარჩელე ითხოვდა 29 181.3 ლარის დაკისრებას, ხოლო 2018 წლის 17 ოქტომრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - სესხის თანხის, 28 000 ლარის წლიური 24 %-ის გადახდას, რაც თვეში შეადგენს 552.33 ლარს. აღნიშნული მოთხოვნა კასატორის მოსაზრებით დაუსაბუთებელი იყო, ვინაიდან როგორც თავად მოსარჩელის მიერ სარჩელზე დართული დოკუმენტებით დგინდებოდა, რ. „პ.ს.კ–ს“ 2015 წლიდან აკრძალული ჰქონდა სესხების გაცემა, ხოლო 2018 წლის 21 მაისის N217 განკარგულების საფუძველზე კი, მოსარჩელე მხარის ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სასამართლოს მხრიდან დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებად იქნა მიჩნეული, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მაინც ჩათვალეს, რომ მოსარჩელეს ზ.რ–ის მიერ დასაბრუნებელი სესხის თანხის გასესხება და მისგან წლიური 24 %-ის მიღება შეეძლო. აღნიშნული მსჯელობა კასატორის მოსაზრებით ალოგიკურია.

7.1.2. გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორი სადავოდ ხდის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობასაც. კერძოდ, მართალია პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეამცირა 0.05 %-მდე, თუმცა, კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული მაინც ძალიან მაღალია, რადგან შეადგენს ყოვედღიურად 14 ლარს, რაც სცდება გონივრულობის პრინციპს.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 01 ნოემბრის განჩინებით, ზ.რ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ უპირველესყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი (მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა). მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს, ხოლო, ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).

14. საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება.

15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო სსკ-ის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას, მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლი დისპოზიციურია და მხარეებს აძლევს შესაძლებლობას თავად განსაზღვრონ სესხის პირობები, მათ შორის, თავად დაადგინონ სესხის ხელშეკრულების პირობა სარგებლის თაობაზე. აღნიშნული ნორმის თანახმად, მხარეთა სპეციალურ შეთანხმებაზეა დამოკიდებული სარგებლის გათვალისწინება სესხის ხელშეკრულებაში. სხვა შემთხვევაში სესხი არის სარგებლის გარეშე.

16. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულების თანახმად, დადგენილია, რომ 2012 წლის 15 ივნისს, რ. „პ.ს.კ–სა“ და ზ.რ–ს შორის გაფორმდა №20 სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხეზე ერთი წლის ვადით, წლიური 24%-ის დარიცხვის პირობით გაიცა სესხი - 28 000 ლარი. ხელშეკრულების 2.3 პუნქტის (პროცენტის დარიცხვა გრძელდება და იგი გადახდას ექვემდებარება არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით იძულებითი, ან მსესხებლის მიერ ნებაყოფლობითი აღსრულების მომენტისათვის გაანგარიშებული თანხით იმ შემთხვევაშიც, თუ გამსესხებელი ცალმხრივად ვადამდე შეწყვეტს ამ ხელშეკრულებას) მიხედვით, დადგინდა პროცენტის დარიცხვის მეთოდი; ხელშეკრულების 4.1 (თუ მსესხებელი ყოველი თვისათვის არ გადაიხდის წინამდებარე ხელშეკრულების 2.4 მუხლით გათვალისწინებულ სესხის თანხაზე დარიცხულ პროცენტს, გამსესხებელი უფლებამოსილია დააკისროს, ხოლო მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.35%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) და 4.2 (თუ მსესხებელი გადააცილებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხის დაბრუნების ვადას, გამსესხებელი უფლებამოსილია დააკისროს, ხოლო, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო შესაბამისი გადასახდელის თანხის 0.35%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) პუნქტების თანახმად კი, - პირგასამტეხლოს ოდენობა და დარიცხვის მეთოდები. აღნიშნული ხელშეკრულება მოდავე მხარეთა შეთანხმებით გაგრძელდა 12 თვის ვადით - 2014 წლის 15 ივნისამდე.

17. მოსარჩელე სწორედ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, ითხოვდა მოვალისათვის სესხის ძირითადი თანხის, მიუღებელი შემოსავლისა და პირგასამტეხლოს დაკისრებას. შესაბამისად, მოვალის მიმართ, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძლები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 625.1 (მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი), 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაციგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო) მუხლებიდან გამომდინარეობს.

18. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ არ ხდის იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მხარეთა შორის არსებობდა სესხის ხელშეკრულება, რომლისთვისაც გათვალისწინებულ იქნა საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება და რომლის უზრუნველყოფის მიზნით (ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის დაბრუნების ან/და სარგებლის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში), მოვალემ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება იკისრა. კასატორი არც იმ ფაქტობრივ გარემოებას ხდის სადავოდ, რომ მისი მხრიდან სასესხო ვალდებულება ჯეროვნად არ შესრულებულა და საკასაციო საჩივრით არც დავალიანების ოდენობას შედავებია. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი სადავოდ ხდის მხოლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების დაკისრებასა და პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული თანხის ოდენობას. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის შეფასების საგანია კასატორის შედავების საფუძვლიანობა იმ ნაწილში, რომლითაც მას დაეკისრა: ა) მიუღებელი შემოსავლისათვის, ზიანის ანაზღაურების სახით - 29 181.37 ლარის გადახდა; ბ) სესხის თანხის დავალიანების - 28 000 ლარის წლიური 24%-ის (ყოველთვიურად 552.33 ლარის) გადახდა 2018 წლის 17 ოქტომბრიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე და გ) პირგასამტეხლოს სახით - სესხის თანხის დავალიანების 28 000 ლარის 0,05%-ს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2018 წლის 17 ოქტომბრიდან - სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

19. პალატა აღნიშნავს, რომ ვალდებულების დარღვევისას, კანონმდებელმა, კრედიტორს მიანიჭა უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ზოგად წესს განამტკიცებს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურება შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მაგალითად: პროცენტის გადახდა (403-ე მუხლი), პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა (408.1 მუხლი), მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება (411-ე მუხლი) და ა.შ.

20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

21. საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკით დადგენილია, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო. ამასთან, 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული; ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე (იხ.სუსგ-ები საქმეებზე: №ას-1701-1685-2011, 22.10.2012 წ. და №ას-408-381-2017, 30.06.2017 წ.).

22. რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლს, დასახელებული ნორმა არეგულირებს ვალდებულების დარღვევით გამოწვეული მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების წესს და ადგენს, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

23. განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულების არსებობა და ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება სადავო არ არის; რაც შეეხება ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის პროცენტის თაობაზე მხარეთა შეთანხმების არსებობას, საყურადღებოა სესხის ხელშეკრულების 2.3. (პროცენტის დარიცხვა გრძელდება და იგი გადახდას ექვემდებარება არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით იძულებითი, ან მსესხებლის მიერ ნებაყოფლობითი აღსრულების მომენტისათვის გაანგარიშებული თანხით იმ შემთხვევაშიც, თუ გამსესხებელი ცალმხრივად ვადამდე შეწყვეტს ამ ხელშეკრულებას) და 5.2. (ხელშეკრულება ძლაში შედის ხელშეკრულების მუხლის 1-ით გათვალისწინებული თანხის მსესხებლისათვის მიცემის დღიდან და მოქმედებს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულ შესრულებამდე) პუნქტები. აღნიშნული საკასაციო პალატის შეფასებით, წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებას ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო, კრედიტის დაფარვამდე პროცენტის გადახდევინების თაობაზე, რაც განხილულ უნდა იქნეს როგორც მხარეთა შეთანხმება მინიმალურ ზიანზე (ანალოგიურ განმარტებას შეიცავს სუსგ საქმეზე №ას-725-693-2014, 03/07/2015 წ.).

24. იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მხარეები შეთანხმდნენ მინიმალური ზიანის ოდენობაზე, ამასთან, ფულის თვისობრივი ფუნქციიდან გამომდინარე, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოპასუხემ ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობით მოსარჩელეს სავარაუდო შემოსავალი დააკარგვინა, პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში, მოპასუხის პასუხისმგებლობის დადგენის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი წინაპირობა, რაც ამ ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს წარმოადგენდა.

25. კასატორის პრეტენზია მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში იმ გარემოებას შეეხება, რომ მას შემდეგ, რაც კავშირს ლიცენზია გაუუქმდა და ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო, მას გარიგების დადება და გარიგებიდან მოგების მიღება აღარ შეეძლო. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი გარემოებების საწინააღმდეგოდ, კასატორს კვალიფიციური საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2-ე მუხლის თანახმად კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.

26. საკასაციო პალატა ასევე, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს საქმეზე წარმოდგენილი არ აქვს კვალიფიციური შესაგებელი. ამ მიმართებით საყურადღებოა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201.2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი (მოპასუხის წერილობით პასუხში (შესაგებელში) მითითებული უნდა იყოს: დ) თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, რა კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს ემყარება მისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელის წინააღმდეგ), ამავე მუხლის მე-4 ნაწილი (პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს) და ამავე კოდექსის 219-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული). დასახელებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების დაკისრების უსაფუძვლობაზე მოპასუხეს უნდა მიეთითებინა მის ძირითად საპროცესო დოკუმენტში ან უკიდურეს შემთხვევაში მოსამზადებელ სხდომაზე, საქმის მთავარ სხდომაზე განხილვის დაწყებამდე.

27. პალატა განმარტავს, რომ მხარეები საპროცესო სამართალურთიერთობაში მოქმედებენ რა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის ფუნდამენტური პრინციპების ფარგლებში, თავად განსაზღვრავენ, თუ რა სამართლებრივი ხერხითა და მეთოდით, რომელ სამართლებრივ ბერკეტებზე მითითებით დაუპირისპირდნენ სარჩელს და როგორ გააქარწყლონ ან შეარბილონ/შეამცირონ მათთვის დასაკისრებელი პასუხისმგებლობის ფარგლები. სასამართლო სამართალწარმოების განხორცილების პროცესში შეზღუდულია პროცესის მონაწილე სუბიექტთა ნების გამოვლენის ფარგლებით. სასამართლო სამართალწარმოებას ახორციელებს ერთი მხრივ, სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის, ხოლო, მეორე მხრივ, სარჩელის წინააღმდეგ წარმოდგენილი მოთხოვნის გამომრიცხველი, დამაბრკოლებელი თუ შემწყვეტი შესაგებლების ურთიერთშეპირისპირების ფარგლებში (იხ. სუსგ საქმეზე №ას-827-2021, 03.12.2021 წ.).

28. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხემ მხოლოდ ფორმალურად წარადგინა არაკვალიფიციური შესაგებელი, რომელშიც შემოიფარგლა ზოგადი ხასიათის მითითებით მასზედ, რომ არ ეთანხმებოდა სარჩელში აღწერილ გარემოებებს. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე კი, მხოლოდ იმის აღნიშვნით შემოიფარგლა, რომ სესხის ხელშეკრულება ზ.რ–ის სახელზე ფორმალურად გაფორმდა. შესაბამისად, იმ სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს ზემოაღნიშნული არგუმენტები არც შესაგებელში და არც მოსამზადებელ სხდომაზე არ მიუთითებია, მოპასუხემ დაკარგა მათზე დაყრდნობით სარჩელისაგან თავდაცვის საპროცესო უფლება.

29. რაც შეეხება კასატორის არგუმენტს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს კიდევ უფრო მეტად შემცირების თაობაზე, საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, აღნიშნული მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელოს და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად (იხ. სუსგ №ას-905-2021, 12/01/2022 წ.).

30. კანონით დადგენილი გამონაკლისი - სასამართლო ჩაერიოს კერძო სამართლის სუბიექტებს შორის თავისუფალი ნების ავტონომიის პირობებში, ანუ, პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონომიკურ შედეგებს.

31. პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს. მაშასადამე, მხარეს, რომელიც პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას ითხოვს, ევალება მისი შეუსაბამობის დადასტურებაც.

32. როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამოობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი) არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია, ნათია ჩიტაშვილი, გვ.17).

33. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების ვადის დარღვევის, ხელშეკრულების შესრულებისადმი მხარეთა ინტერესის, მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით და ამასთანავე, იმ გარემოებაზე ყურადღების გამახვილებით, რომ საკრედიტო კავშირი რეალურად მის მიერ სესხად გაცემული თანხის გარდა იღებდა მასზე დარიცხულ სარგებელსაც, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებასთან მიმართებით მოთხოვნილი პირგასამტეხლო 0,35% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც თვეში 10,5%-ს, ხოლო, წლიწადში 126%-ს შეადგენს, შეუსაბამოდ მაღალ და არაგონივრულ ოდენობას წარმოადგენდა და სახეზე იყო მისი 0.05 %-მდე შემცირების საფუძველი.

34. ამდენად, დადგენილია, რომ მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული და განსაზღვრული პირგასამტეხლო უკვე შემცირებულია სასამართლოს მიერ, რაც მოვალის ინტერესების დაცვას ემსახურებოდა. პირგასამტეხლოს შემცირებული ოდენობა კი, წარმოადგენს გონივრულ ოდენობას. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კასატორს არ წარმოუდგენია არგუმენტირებული ახსნა-განმარტება ან/და სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს კიდევ უფრო მეტად შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი გახდებოდა და საკასაციო პალატას შეუქმნიდა მტკიცებულებით გამყარებულ შინაგან რწმენას მასზედ, რომ სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების პირობებშიც კი, იგი კვლავ შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენდა, რომელიც შეუსაბამო იყო, როგორც მოვალის ფინანსურ მდგომარეობასთან, ასევე ვალდებულების დარღვევის ხასიათთან და იგი მოვალის ინტერესებს გაუმართლებლად ლახავდა. მსგავსი მტკიცების არარსებობის პირობებში კი, მხოლოდ კასატორის მითითება შემცირებული პირგასამტეხლოს არაგონივრულობაზე, არარელევანტურია.

35. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

36. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

37. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

38. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

40. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, ზ.რ–ს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ.კ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3121.86 ლარის 70% – 2185.30 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ.რ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. ზ.რ–ს (....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ.კ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3121.86 ლარის (საგადახდო დავალება N11781037680, გადახდის თარიღი 15.10.2021) 70% – 2185.30 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე რევაზ ნადარაია

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე