Facebook Twitter

საქმე №ას-1421-2022 13 თებერვალი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ.დ–ნა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.კ–ი“ (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - თ.მ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ა.კ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.მ–ისა (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“) და მ.დ–ნას (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) (შემდგომში ერთად - „მოპასუხეები“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

2. პირველ მოპასუხეს არც შესაგებელი წარუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

3. მეორე მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მეორე მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი. მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ (სამოტივაციო ნაწილის) გაუქმება და ფაქტობრივი გარემოებების დადგენა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლი არ შეიცავს პირდაპირ მითითებას გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის გასაჩივრების თაობაზე, თუმცა ასეთი შეზღუდვის პირდაპირ მიუთითებლობა ნორმის ზემოაღნიშნულისაგან განსხვავებული განმარტების წინაპირობას არ იძლევა. შესაბამისად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების დამოუკიდებლად გასაჩივრება დაუშვებელია.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მეორე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.

9. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ ძირითად საფუძვლებზე:

9.1. მხარე სადავოდ ხდის სასამართლო გადაწყვეტილების მხოლოდ სამოტივაციო ნაწილს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლით დადგენილია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება და კანონმდებელი არ გამოყოფს გადაწყვეტილების რომელიმე ნაწილს, თუმცა შეზღუდვის პირდაპირი მიუთითებლობა საწინააღმდეგო დასკვნის საფუძველს არ იძლევა;

9.2. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ფუნდამენტს წარმოადგენს აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილები, რომლებშიც უნდა აისახოს სასამართლოს შემეცნებითი მსჯელობა ფაქტების არსებობა-არარსებობის შესახებ, ასევე, შეფასება ამ ფაქტების იურიდიული ძალისა და მნიშვნელობის შესახებ. კანონის იმპერატიული დათქმა გადაწყვეტილების დასაბუთების შესახებ განპირობებულია მართლმსაჯულების ერთ-ერთი ძირითადი მიზნით, დაარწმუნოს მხარეები დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტაში, ამავდროულად ამით რეალიზდება საზოგადოების უფლება იცოდეს, თუ რა გადაწყვეტილება და რის საფუძველზე გამოაქვთ მათი სახელით. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გასაჩივრების აკრძალვამ შესაძლოა მხარის უფლებების დარღვევა გამოიწვიოს სამომავლო დავაში, რამდენადაც სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტი შესაძლოა მის წინააღმდეგ მოქმედებდეს და ფაქტის პრეიუდიციულობიდან გამომდინარე, მას წაერთვას მტკიცების საშუალება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

12. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება წარმოადგენს.

13. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის წინამდებარე განჩინების 9.1 პუნქტში აღნიშნულ პრეტენზიას, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გასაჩივრების შესაძლებლობას.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლი განსაზღვრავს სააპელაციო საჩივრის წარდგენის უფლების მქონე პირთა წრეს, ესენი არიან: ა) დავის მხარეები და ბ) დამოუკიდებელი მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირები. აღნიშნული ნორმა არ შეიძლება გაგებულ იქნას იმგვარად, რომ მათ შორის მხარეს უფლება აქვს, ნებისმიერ შემთხვევაში გაასაჩივროს გადაწყვეტილება. კანონმდებლის მიზანს წარმოადგენს მხოლოდ იმ მხარის უფლების დაცვა, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია გადაწყვეტილება. შესაბამისად, დაინტერესებულ პირს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია, თუ იგი მის წინააღმდეგ არის მიღებული ან რაიმე ფორმით მის კანონიერ ინტერესს შეეხება. კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ პირს შეუძლია სასამართლო წესით დაიცვას მხოლოდ საკუთარი კანონიერი ინტერესები და იდავოს თავისი უფლებების დარღვევის ფაქტზე.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარე უფლებამოსილია სააპელაციო წესით გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც უარი ეთქვა ამა თუ იმ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და მას არ შეუძლია სადავოდ გახადოს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება (იხ. სუსგ საქმე №ას-388-365-2014, 5 ივნისის , 2014 წელი; საქმე №ას-74-68-2015, 27 თებერვალი 2015 წელი; საქმე №ას-591-566-2016, 5 ოქტომბერი, 2016 წელი; საქმე №ას-1495-2020, 12 აპრილი, 2021 წელი).

17. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.

18. სსსკ-ის მე-2 მუხლის შესაბამისად კი, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. მითითებული ნორმის დანაწესის მიხედვით, რაც პროცესის დისპოზიციურობის პრინციპის გამოხატულებაა, პირი სასამართლოს მეშვეობით იცავს დარღვეულ უფლებას ან იკმაყოფილებს კანონიერ ინტერსს. იმ პირობებში, როცა პირის სამართლებრივი ინტერესი, მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებით კმაყოფილდება, ბუნებრივია, მას აღარ რჩება დავის კანონიერი საფუძველი.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლი წარმოადგენს იმ საკანონმდებლო შეზღუდვათა მაგალითს, როდესაც დაშვებულია მხარისათვის გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრებაზე უარის თქმა, თუ მხარის სააპელაციო პრეტენზია მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნას ემყარება.

20. იმის გათვალისწინებით, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და მიღებული გადაწყვეტილება მოპასუხის უფლება-მოვალეობებზე ნეგატიურ გავლენას არ ახდენს, არ არსებობს გადაწყვეტილების გასაჩივრების სამართლებრივი ინტერესი.

21. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი ასაჩივრებდა მის სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

22. სააპელაციო საჩივრის აღნიშნული საფუძვლით განუხილველად დატოვების მართლზომიერება განმტკიცებულია წინამდებარე განჩინების მე-16 პუნქტში მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკითაც.

23. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმ გარემოებაზე, რომ არასწორად დადგენილ ფაქტებს გააჩნია პრეიუდიციული ძალა და სასამართლო განმარტებიდან გამომდინარე, ის შეიძლება მოგებული მხარის საწინააღმდეგოდ იქნას სხვა სასამართლო პროცესში გამოყენებული, ასევე ვერ იქნება გაზიარებული.

24. საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტის ცნება.

25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.

26. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შედის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც, კანონის თანახმად, ასაბუთებენ, ამართლებენ სარეზოლუციო ნაწილს.

27. ფაქტების პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები (სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), გამოტანილი იმავე მხარეების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვაში), არამედ მატერიალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებსაც (გადაწყვეტილებით დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოებების შინაარსს, რომელი გარემოებების საფუძველზეც იქნა მიღებული გადაწყვეტილება).

28. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავაში მონაწილე მხარეების მიმართ სხვა სამოქალაქო საქმეზე მიღებულ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტისათვის პრეიუდიციული ძალის მინიჭების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ეფუძნება იმ ფაქტს, რომელიც იურიდიულად ამართლებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ფაქტი არ შეიძლება მიჩნეულ იქნას პრეიუდიციულად და ის უნდა იქნას შეყვანილი მტკიცების საგანში (იხ. სუსგ საქმე №ას-455-769-09, 3 დეკემბერი, 2009 წელი, სუსგ №ას-146-140-2012, 12 ივლისი, 2012 წელი).

29. ამასთანავე, საყურადღებოა, ის გარემოებაც, რომ წინამდებარე დავა არ არის დასრულებული (სააპელაციო სასამართლოს წარმოებაშია ასევე შპს „ა.კ–ის“ სააპელაციო საჩვარი) და მეორე მოპასუხეს, სააპელაციო შესაგებლის ფარგლებში სრული შესაძლებლობა აქვს, სადავოდ გახადოს ზემოაღნიშნული გარემოება, რასაც საქმის განხილვის დროს შესაბამისი შედეგი მოჰყვება, გარდა აღნიშნულისა, პალატა განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა უშვებს რა არასრულყოფილი გადაწყვეტილების ნაკლის გამოსწორების შესაძლებლობასაც გადაწყვეტილების განმარტების, უსწორობათა, აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორებისა თუ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის გზით, ამავე დანაწესებით იმპერატიულად ადგენს გადაწყვეტილების ნაკლის გასწორებას სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი შედეგის შეუცვლელად (სსსკ 260-262-ე მუხლები).

30. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობდა მეორე მოპასუხის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ. დ–ნას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 აგვისტოს განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ა. ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

თ. ძიმისტარაშვილი