საქმე №ას-883-2022 03 ოქტომბერი 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ჯ.ფ.კ. - ჯ–სი“
მოწინააღმდეგე მხარეები – ზ.ბ–ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააღსრულებო წარმოების შეჩერება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ზ.ბ–მა განცხადებით (საჩივარი) მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს შპს „თ.ს.ი–ის“ 2019 წლის 15 იანვრის, N001581-2018 გადაწყვეტილების გაუქმებისა და მის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების (A21036857-023/001) შეჩერების შესახებ.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მაისის განჩინებით, ზ.ბ–ის განცხადება (საჩივარი) აღსრულების შეჩერების ნაწილში დაკმაყოფილდა, შეჩერდა შპს „თ.ს.ი–ის“ 2019 წლის 15 იანვრის №001581-2018 საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საფუძველზე, დაწყებული № A21036857-023/001 სააღსრულებო წარმოება.
3. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „ჯ.ფ.კ. - ჯ–იმ“ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
4. კერძო საჩივრის ავტორი არ იზიარებს საჩივარში განვითარებულ მსჯელობას საარბიტრაჟო პროცესის მხარის დასწრების გარეშე ჩატარებისა და მისთვის საარბიტრაჟო წარმოების შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობის შესახებ. კერძოდ, მხარის აზრით, პროცესუალური თვალსაზრისით, ზ.ბ–ის პრეტენზიები საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებული კორესპონდენციის ჩაუბარებლობის შესახებ, უსაფუძვლოა. საკორესპონდენციო მისამართი გათვალისწინებული იყო თავად მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში, ამიტომ, მასში მითითებული მისამართი იყო ჯეროვანი და ამ მისამართზე გაგზავნილი კორესპონდენციაც სათანადო წესით გაგზავნილად უნდა ჩაითვალოს.
5. მისი მტკიცებით, არ არსებობდა დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეჩერების კანონისმიერი საფუძვლები, ვინაიდან აღსრულების შეჩერება კიდევ უფრო დააზარალებს კომპანიის ინტერესებს. კერძო საჩივრის ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შპს „თ.ს.ი–ის“ 2019 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით, არბიტრაჟმა სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში შეამცირა 60%-ით და საარბიტრაჟო მოპასუხეს დააკისრა ყოველდღიურად 96 აშშ დოლარის გადახდა. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლო სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის განჩინებით (საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ), კიდევ შემცირდა და საბოლოოდ ზ.ბ–ს პირგასამტეხლოს სახით, დაეკისრა 40 აშშ დოლარის გადახდა (2018 წლის 20 აგვისტოდან, გადაწყვეტილების ნებაყოფლობით ან იძულებით შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2019 წლის 20 აგვისტოსი). შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, ზ.ბ–ის არგუმენტი მასზედ, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალი, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
6. კერძო საჩივრის ავტორი ასევე, მიუთითებს, რომ 2022 წლის 25 იანვარს, ზ.ბ–მა ნებაყოფლობით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოთხოვა ხელფასის ნაწილის დაკავება, ამ განცხადების საფუძველზე აღსრულებაზე უფლებამოსილების მქონე ორგანომ, ზ.ბ–ის დამსაქმებელთან გაგზავნა მოთხოვნა, ხელფასის ნაწილის დაქვითვის შესახებ. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, აღნიშნული ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ზ.ბ–ისთვის ცნობილი იყო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით მისთვის დაკისრებული თანხის ოდენობის შესახებ და ეთანხმებოდა კიდეც მას, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი სააღსრულებო ბიუროს ნებაყოფლობით არ მიმართავდა.
7. გარდა ზემოაღნიშნულისა, კერძო საჩივარში მხარე განმარტავს, რომ სააღსრულებო ფურცლით ზ.ბ–ზე დაკისრებული და ჯერ კიდევ აღუსრულებელი, არაუზრუნველყოფილი, მოთხოვნაა 60 209,08 აშშ დოლარი. საჩივრის წარმდგენი პირის მიერ მითითებული ხელფასი კი, ვერ უზრუნველყოფს იმ ზიანსა და აღსრულების შეჩერებით გამოწვეულ შესაძლო გართულებებს, რომლებიც ამ საპროცესო ინსტიტუტს თან სდევს პრაქიკული და თეორიული თვალსაზრისით. კერძოდ, გამსესხებელმა იძულებითი აუქციონით შეძლო მხოლოდ მოთხოვნის ნაწილის დაკმაყოფილება და ის ფაქტი, რომ 2022 წელს მსესხებელმა ნებაყოფლობით მოითხოვა ხელფასის „დაკავება“ არ წარმოადგენს გარანტიას, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლის დანაწესი იქნება.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ჯ.ფ.კ. - ჯ–ის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
10. მოცემულ შემთხვევაში, ირკვევა, რომ შპს „თ.ს.ი–ის“ 2019 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით, შპს „ჯ.ფ.კ. - ჯ–ის“ საარბიტრაჟო სარჩელი ზ.ბ–ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მსესხებელს დაეკისრა გადაუხდელი ძირი თანხის - 80 000 აშშ დოლარის გადახდა; სესხზე დასარიცხი ყოველდღიური სარგებლის - 65,75 აშშ დოლარის გადახდა (2018 წლის 20 ივლისიდან გადაწყვეტილების ნებაყოფლობით ან იძულებით აღსრულებამდე); სესხზე დასარიცხი ყოველდღიური პირგასამტეხლოს სახით 96 აშშ დოლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოსაკრებლის 5 288,47 ლარის, იურიდიული მომსახურების ხარჯის 1180 ლარის და მტკიცებულებათა მოპოვების ხარჯის - 12,30 ლარის გადახდა; ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის განჩინებით, (საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ), შპს „ჯ.ფ.კ. - ჯ–ის“ განცხადება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა -აღსრულების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. განჩინებით შემცირდა მსესხებლისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო და საბოლოოდ ზ.ბ–ს პირგასამტეხლოს სახით, დაეკისრა 40 აშშ დოლარის გადახდა (2018 წლის 20 აგვისტოდან, გადაწყვეტილების ნებაყოფლობით ან იძულებით შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2019 წლის 20 აგვისტოსი).
12. წარმოდგენილი კერძო საჩივრით მოთხოვნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მაისის, აღსრულების შეჩერების თაობაზე მიღებული განჩინების გაუქმება. კერძო საჩივრის პრეტენზია ძირითიდად იმ მოსაზრებითაა გამყარებული, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ წარდგენილი განცხადება არ შეიცავს დასაბუთებულ და არგუმენტირებულ მითითებას მასზე, თუ რატომ უნდა გაუქმდეს კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მაისის განჩინება, რადგან საარბიტრაჟო კორესპონდენცია, სესხის ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე, არაერთგზის ჩაბარდა მსესხებელს. გარდა ამისა, კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლით გათვალისწინებული გარანტია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად უმართებულოა (იხ., წინამდებარე განჩინების მე-4-მე-7 პუნქტები).
13. განსახილველი კერძო საჩივრის შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მისი მოტივები წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე მხარის შეპასუხებას, რომლის განხილვა და დასაბუთებულობის შემოწმება, აღსრულების შეჩერების ეტაპზე არ ხდება. ამასთან, საქმის განხილვის ამ ეტაპზე არც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების პერსპექტიულობის შეფასება ხდება, რის გამოც საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მხარის მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე იმსჯელოს (შდრ. იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 17 თებერვლის განჩინება, საქმეზე Nას-21-19-2017).
14. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის იმ არგუმენტს, რომ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლით გათვალისწინებული გარანტია, რაც მის კანონიერ ინტერესს აზიანებს, დასაბუთებულია. კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, საქმის განახლების შესახებ განცხადება ვერ შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას. სასამართლოს შეუძლია თავისი განჩინებით დროებით შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება. გადაწყვეტილების იძულებით სისრულეში მოყვანა იმაზე იქნება დამოკიდებული, იძლევა თუ არა საქმის წარმოების მომთხოვნი პირი შესაბამის გარანტიებს.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მხარეს დაეკისრა იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება, განიცადოს მოწინააღმდეგე მხარემ შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულებით, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, მან ასეთი უზრუნველყოფა უნდა განახორციელოს ფულადი თანხის ან ფასიანი ქაღალდების საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის გზით, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით მისაღებია გარანტიის უზრუნველსაყოფად. ხსენებული ნორმის პირველი ნაწილი ცალსახად მიუთითებს, რომ მხარე, რომელიც შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე ისეთი საპროცესო მოქმედების შესრულების თაობაზე, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარეს შეიძლება მიადგეს ზიანი, არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ ასეთი მოთხოვნით. მან იმავდროულად უნდა შესთავაზოს სასამართლოს გარანტია, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს იმ ზარალის ანაზღაურებას, რაც მოწინააღმდეგე მხარემ შეიძლება განიცადოს ამ საპროცესო მოქმედების შესრულებით (შდრ. იხ. სუსგ. 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინება საქმეზე №ას-ა-5075-ბ-10-2017).
16. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ ზ.ბ–ს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნასთან ერთად, შეთავაზებული აქვს რაიმე სახის გარანტია, რომელიც უზრუნველყოფს გამსესხებლისთვის აღსრულების შეჩერებით გამოწვეული შესაძლო ზიანის კომპენსირებას. აქვე საგულისხმოა, რომ უზრუნველყოფის გარანტია (იპოთეკა), რომელიც მხარეთა შორის შეთანხმებული ხელშეკრულებით იყო გამოყენებული, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, უკვე გამოყენებულია და მსესხებლის დარჩენილი მოთხოვნა შესაბამისი უზრუნველყოფის გარეშეა დარჩენილი. ამდენად, საკასაციო პალატა ადგენს, რომ ზ.ბ–ის მოთხოვნა არ აკმაყოფილებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების საკანონმდებლო სტანდარტს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლი), რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველია.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 412-ე, 432-ე, 57-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ჯ.ფ.კ. - ჯ–ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მაისის განჩინება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე.
3. ზ.ბ–ის განცხადება აღსრულების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე