Facebook Twitter

საქმე №ას-863-2022 3 ოქტომბერი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - გ.გ–ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "მ.ლ–ი" (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „მ.ლ–ის“ სარჩელი გ.გ–ას მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხის წარმომადგენელმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განჩინებით გ.გ–ას საკასაციო საჩივარზე ხარვეზი დაუდგინდა და განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა დაევალა.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ასლი 2022 წლის 15 ივლისს ჩაჰბარდა კასატორის წარმომადგენლის მეუღლეს.

2022 წლის 21 ივლისს, საკასაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა კასატორის წარმომადგენელმა და ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი ვადის 2022 წლის 15 აგვისტომდე გაგრძელება ითხოვა, რადგან სახელმწიფო პენსია ყოველი თვის 14 რიცხვში გაიცემა.

2022 წლის 28 ივლისის განჩინებით, კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადა და დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

აღნიშნული განჩინების ასლი, კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2022 წლის 10 აგვისტოს.

2022 წლის 16 აგვისტოს კასატორის წარმომადგენელმა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელება 30 სექტემბრამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ.გ–ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ, 150 ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორის წარმომადგენელს ა.გ–ას ჩაბარდა 2022 წლის 10 აგვისტოს.

2022 წლის 16 აგვისტოს, უზენაეს სასამართლოს მომართა კასატორის წარმომადგენელმა და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელება 30 სექტემბრამდე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

განსახილველ შემთხვევაში სასამრთლომ მხარეს, სამჯერ განუსაზღვრა ხარვეზის გამოსწორებისთვის დამატებითი ვადა, თუმცა მხარემ მითითებული ხარვეზი არ გამოასწორა და კვლავ ითხოვს ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელებას.

სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლომ კასატორს არაერთხელ გაუგრძელა ხარვეზის გამოსწორებისთვის (სახელმწიფო ბაჟის თანხის - 150 ლარის გადახდისთვის) განსაზღვრული საპროცესო ვადა და მიიჩნევს, რომ კასატორის შუამდგომლობა საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელების თაობაზე, საქმის განხილვის გაჭიანურებას ემსახურება, ეჭვქვეშ აყენებს მხარეთა თანასწორობას და საფრთხეს უქმნის მოწინააღმდეგე მხარის ინტერესების დაცვას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ.გ–ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 408.3-ე და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.გ–ას შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. გ.გ–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი