საქმე №ას-1596-2022 27 იანვარი, 2023 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს "კ–ი ..." (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "C. C. G." (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „C. C. G.”-ს (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი შპს „კ–ი ...“-ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ, ფულადი ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ შემდეგი თანხების გადახდა დაეკისრა: 787 500 აშშ დოლარის შესაბამისი ლარი; 2015 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 6 ნოემბრამდე 900 000 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის წლიური 10 %; 2018 წლის 6 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 787 500 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის წლიური 10 %.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განჩინებით: 1. მოპასუხის წარმომადგენლის ა.ს–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა; 2. მოპასუხეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, რომლის შევსების მიზნით დაევალა: ა) წარედგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, რომელიც შეიცავდა მითითებას, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვდა სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი; მითითებას გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს, და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს; ბ) განესაზღვრა სააპელაციო საჩივრის ღირებულება და უზრუნველეყო სახელმწიფო ბაჟის (სააპელაციო საჩივრის 4 % ოდენობით) გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების (დედანი) წარდგენა; გ) სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარდგენა; 2. აპელანტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ვადა - 10 (ათი) დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან;
2.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, 2022 წლის 1 ივლისს, ხარვეზის ნაწილობრივ შევსების შესახებ განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა ა.ს–მა, რომელმაც წარადგინა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 5 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (საგადასახადო დავალება 0, თარიღი 29.06.2022 წ.). ა.ს–მა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 48-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის 2 000 ლარის გადახდის გადავადება, ასევე დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარმოდგენის ნაწილში საპროცესო ვადის 10 დღით გაგრძელება;
2.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ივლისის განჩინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე აპელანტს ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 10 დღით გაუგრძელდა;
2.4. ხარვეზის შევსების მიზნით, სააპელაციო სასამართლოს, 2022 წლის 29 ივლისს, განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა ა.ს–მა და წარადგინა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის 2 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი, საგადასახადო დავალება 0, თარიღი - 25.07.2022 წ.) და ითხოვა დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარმოსადგენად საპროცესო ვადის 10 დღით გაგრძელება, ვინაიდან ვერ შეძლო ამ ნაწილში დადგენილი ხარვეზის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შევსება;
2.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის, 2022 წლის 2 სექტემბრის განჩინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე აპელანტს ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 10 დღით გაუგრძელდა;
2.6. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 სექტემბრის განჩინება გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს ა.ს–ს საქმის მასალებში მითითებულ მისამართზე და ადრესატს, 2022 წლის 30 სექტემბერს, პირადად ჩაჰბარდა;
2.7. ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, აპელანტის წარმომადგენელმა, ა.ს–მა, 2022 წლის 10 ოქტომბერს, მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და იშუამდგომლა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 10 დღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ობიექტური მიზეზების გამო ვერ შეძლეს მტკიცებულებების, მათ შორის, იმ მოწმეების მონაცემების (საცხოვრებელი ადგილი და სრული სახელი, გვარი) მოძიება, რომელთა დაკითხვაც უნდა მოითხოვონ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებების დასადასტურებლად;
2.8. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 372-ე, 59-ე, მე-60, 61-ე მუხლები მოიხმო, სსსკ-ის 64-ე მუხლზე მიუთითა და განმარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით; მხარე შეზღუდული არ არის საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობის დაყენების ჯერადობით, თუმცა თითოეულ შემთხვევაში მხარეს მართებს, სასამართლოს წარუდგინოს რელევანტური მტკიცებულებები იმ გარემოების არსებობის შესახებ, რომელზეც თავად უთითებს შუამდგომლობის დასასაბუთებლად;
2.9. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აპელანტის წარმომადგენელმა სასამართლოს ზედიზედ სამჯერ მიმართა იდენტური შინაარსის განცხადებებით ისე, რომ არცერთ მათგანს არ ერთვოდა მტკიცებულებები ამავე განცხადებებში მითითებული იმ გარემოებების დასადასტურებლად. აპელანტს არ შეუძლია დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა. დაუსაბუთებელი შუამდგომლობების წარმოდგენის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ არაერთხელ გაითვალისწინა აპელანტის ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა დავისადმი, მის მიერ ხარვეზის ნაწილობრივ - სახელმწიფო ბაჟის ნაწილში - შევსების ფაქტი და დააკმაყოფილა შუამდგომლობები საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ. იმის მიუხედავად, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარზე პირველად 15.06.2022 წელს ხარვეზის დადგენიდან წინამდებარე განჩინების გამოტანამდე გასულია 4 თვეზე მეტი პერიოდი, აპელანტმა არ იზრუნა 10.10.2022 წლის განცხადებაში ნახსენები მტკიცებულებების შესაკრებად და არ წარმოადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 15.06.2022 წელს მიღებულ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებიდან გასული 4 თვეზე მეტი დრო სავსებით საკმარისი იყო, აპელანტს წარმოედგინა დაზუსტებული, არგუმენტირებული სააპელაციო საჩივარი. აღნიშნულმა გარემოებამ კი სასამართლოს გაუმყარა შინაგანი რწმენა, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობის წარმოდგენის შესაძლებლობას მხარე იყენებს იმ მიზნით, რომ გააჭიანუროს საქმისწარმოების ვადა და ხელი შეუშალოს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას;
2.10. სსსკ-ის 215.3-ე, 368.5-ე, 374-ე მუხლებზე მითითებით და იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა 10.10.2022 წლის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ და წინამდებარე განჩინების გამოტანის მომენტისთვის მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02.09.2022 წლის განჩინებით გახანგრძლივებული 10 დღიანი საპროცესო ვადა ამოიწურა 10.10.2022 წელს ხარვეზის შეუვსებლად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო;
2.11. იმავე განჩინებით აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილ სახელმწიფო ბაჟი - 7 000 ლარი აპელანტს სრული მოცულობით უნდა დაუბრუნდეს.
3. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა და სააპელაციო საჩივრის განხილვა მოითხოვა.
3.1. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ის საქმის გაჭიანურებას არ ცდილობდა, მისი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ სრულყოფილი და დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა იყო;
3.2. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, იგი ესაუბრა მოსამართლის თანაშემწეს და დეტალურად აუხსნა ვითარება, რაც ნათლად მიუთითებს სასამართლოსადმი პატივისცემასა და ყურადღებაზე;
3.3. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობაზე უარი ეთქვა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
5. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.
6. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის ნაწილობრივ შეუვსებლობა, კერძოდ, დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარუდგენლობა.
7. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების დაწყებისათვის ხარჯების გადახდის მოთხოვნა არ შეიძლება, მიჩნეულ იქნეს სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვად და კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ პარაგრაფთან შეუსაბამოდ (Weissman and Others v. Romania, no. 63945/00, §§ 34 and 35, ECHR 2006-... (extracts)), თუმცა ასეთი ხარჯების გონივრულობა უნდა შეფასდეს მოცემული საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, მათ შორის, მომჩივნის უნარი, გადაიხადოს ის და სასამართლო პროცესის ეტაპი, რომელზედაც ვრცელდება ასეთი შეზღუდვა (იხ. Kreuz მითითებული ზემოთ, §§58 და 60). უფრო მეტიც, შეზღუდვა სასამართლო მიმართვაზე შეესაბამება მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ემსახურება კანონიერ მიზანს და გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზანს შორის არსებობს გონივრული ურთიერთდამოკიდებულება პროპორციულობისა, (Weissman and Others, ციტირებული ზემოთ, §36). თუ მხარის განცხადება გადახდისუუნარობის შესახებ საეჭვო ან არასაკმარისია, სასამართლომ უნდა მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია წარსადგენი დოკუმენტაციის მითითებით და/ან უბრძანონ წარდგენილი ინფორმაციის გადამოწმება (იხ. „mutatis mutandis, Jedamski and Jedamska, cited above, § 64; Kreuz“, ციტირებული ზემოთ, §64), (იხ. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - საფეხბურთო კლუბი „მრეტები“ საქართველოს წინააღმდეგ; საქმე #ას-998-942-2015, 17.11.2015 წ.).
8. ამასთან, ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლთან შესაბამისი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ „არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ. Golder v. The United Kingdom, № 4451/70. §32. 21 თებერვალი, 1975 წელი). თუმცა, აღსანიშნავია, რომ შეზღუდვამ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება არ უნდა შეამციროს იმდენად ან იმ ფარგლებით, რომ დაირღვეს ძირითადი უფლების არსი (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №8225/78, 28 მაისი, 1985 წელი).
9. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც სასამართლო მხარეს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელებით მისი შევსების შესაძლებლობას აძლევდა, ხოლო აპელანტმა სრულად გადაიხადა დაკისრებული ბაჟი - 7 000 ლარი, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული ზომა - ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება არ იყო მიზანშეწონილი. სააპელაციო სასამართლოს შეეძლო ემსჯელა უფრო ნაკლებ რადიკალური ზომის გამოყენებაზე (შეადრ. სუსგ Nას-1316-2020, 17.02.2021 წ.).
10. საქმის მასალებით დადგენილია, რომ გასაჩივრებული განჩინების ჩაბარებამდე, აპელანტის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და წარადგინა დაკისრებული ბაჟის სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რითაც საქმისადმი მისი ინტერესი დაადასტურა, ამასთან, დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის მიზნით დამატებითი დროის განსაზღვრა იშუამდგომლა. ცხადია, საკასაციო სასამართლოს ყურადღების მიღმა არ დარჩენილა სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ ხარვეზის დადგენის არაერთი განჩინებაა გამოტანილი სააპელაციო სასამართლოს მიერ და ამ ფარგლებში დაახლოებით 4 თვეა გასული, თუმცა, ამ შემთხვევაში საგულისხმოა ისიც, რომ ამ ოთხთვიან ვადაში შედის ის პერიოდიც, რა დროც, ერთი მხრივ, სასამართლოს სჭირდება მხარისათვის განჩინების ჩაბარებისათვის და, მეორე მხრივ, ის პერიოდიც, რაც მხარის მიერ ხარვეზით დადგენილი განჩინების შევსების (მათ შორის -ნაწილობრივ) შემდეგ სასამართლოსათვის გაგზავნილ განცხადებისა და თანდართული მასალების წარდგენას (სასამართლოში უშუალოდ თუ საფოსტო განყოფილების გამოყენებით). მოცემულ შემთხვევაში, მხარის მიერ გასაჩივრების უფლების გამოყენების მნიშვნელობისა და მის მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე სახელმწიფო ბაჟის სრულად გადახდის ფაქტის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განმცხადებლის მოთხოვნის თუნდაც ნაწილობრივ დაკმაყოფილების გზით, უნდა მიეცა მხარისათვის დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობა. ცხადია, მნიშვნელოვანია სამართალწარმოების გაჭიანურების მიზნით მხარის შესაძლო არაკეთილსინდისიერი ქმედებების არიდება, თუმცა, ამ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა მისცეს მხარეს საპროცესო უფლების გამოყენების შესაძლებლობა (შეადრ. სუსგ N ას-972-2019, 25.07.2019 წ.).
11. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "კ–ი .."-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ოქტომბრის განჩინებაზე, დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ოქტომბრის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
მ. ერემაძე