09 სექტემბერი, 2022 წელი
საქმე №ა-1479-შ-43-2022 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ.ღ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ს–ო
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – შტაიგეს გაისლინგენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2021 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილება (გადაწყვეტილება №7F 175/21)
დავის საგანი – მამობის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შტაიგეს გაისლინგინის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2021 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილებით (გადაწყვეტილება №7F 175/21) დადგინდა, რომ მონაწილე პირი ვ.ს–ო (დაბადებული 30.01.1952წ., იანშტრასე 107, 73037 გიოპინგენი) განმცხადებელ ლ.ღ–ძის (დაბადებული 11.07.2011წ.) მამაა.
გადაწყვეტილებით დგინდება, რომ საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ ლ.ღ–ძე წარმოდგენილი ფედ. მხარის საბჭოს ინსტანციის გიოპინგენის ოლქის ახალგაზრდათა ინსტანციის მხარდაჭერით, ქალბატონი გ–ის მიერ, როგორც მოსარჩელე, დედა _მ.ღ–ძე და დასადგენი მამა _ ვ.ს–ო.
საქმის მასალების მიხედვით, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია 2022 წლის 05 თებერვლიდან.
საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმობის შესწავლით ირკვევა, რომ ლ.ღ–ძე (პ/ნ .....) და მ.ღ–ძე (......) არიან საქართველოს მოქალაქეები, ბავშვის დედად ამავე დოკუმენტში მითითებულია მ.ღ–ძე, ხოლო მამის გრაფა ცარიელია.
2022 წლის 29 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დარეგისტრირდა მ.ღ–ძის წარმომადგენლის - ე.გ–ას შუამდგომლობა, შტაიგეს გაისლინგენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2021 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილების (გადაწყვეტილება №7F 175/21) იმ ნაწილის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მოთხოვნით, რომლითაც დადგინდა ვ.ს–ოს მამობა ლ.ღ–ძის მიმართ.
2022 წლის 08 აპრილს შუამდგომლობის ავტორმა სასამართლოს წარმოუდგინა დაზუსტებული შუამდგომლობა, რომლითაც განმარტა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აღნიშნული გადაწყვეტილების ცნობა აუცილებელია, რათა საქართველოს სამოქალაქო რეესტრმა ლ.ღ–ძის დაბადების მონაცემებში განახორციელოს რეგისტრირებული მონაცემების იმგვარად ცვლილება, რომ შტაიგეს გაისლინგენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2021 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილების (გადაწყვეტილება №7F 175/21) საფუძველზე, ბავშვის მამად მიეთითოს ვ.ს–ო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინებით, შუამდგომლობა შტაიგეს გაისლინგენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2021 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილების (გადაწყვეტილება №7F 175/21) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, მიღებული იქნა განსახილველად.
შუამდგომლობა თანდართულ მასალებთან და 14.04.2022 წლის განჩინების ასლთან ერთად გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარე ვ.ს–ოს და განემარტა, რომ გააჩნდა შუამდგომლობაზე აზრის გამოთქმისა და საქმის ზეპირი განხილვის მოთხოვნის უფლება ამავე გზავნილის ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში. გზავნილი განხორციელდა მისამართზე: ი–სე 107, 73 037 გ–ნი და როგორც ფოსტის თანამშრომლის შეტყობინებით დასტურდება, ჩაბარდა მიმღებს 2022 წლის 24 ივნისს. მოწინააღმდეგე მხარეს მოსაზრების გამოთქმის ან/და საქმის ზეპირი განხილვის მოთხოვნის უფლებით არ უსარგებლია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მიაჩნია, რომ მ.ღ–ძის შუამდგომლობა შტაიგეს გაისლინგენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2021 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილების (გადაწყვეტილება №7F 175/21) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ შტაიგეს გაისლინგენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2021 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილებით (გადაწყვეტილება №7F 175/21), საქართველოს მოქალაქის, არასრულწლოვან ლ.ღ–ძის (პ/ნ ...., დაბადებული 11.07.2011წ.) მიმართ დადგინდა ვ.ს–ოს (დაბადებული 30.01.1952წ., ი–სე 107, 73037 გ–ნი) მამობა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს, თუ რომელი სამართლებრივი წესრიგი გამოიყენება უცხო ქვეყნის სამართალთან დაკავშირებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას, აგრეთვე საპროცესო სამართლის იმ ნორმებს, რომლებიც გამოიყენება ასეთი საქმის წარმოებისას.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მოთხოვნით წარმოდგენილი გადაწყვეტილების ერთ-ერთი მხარე (მამად აღიარებული მოპასუხე ვ.ს–ო) უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ამავდროულად, არასრულწლოვანი ლ.ღ–ძე დედასთან, მ.ღ–ძესთან ერთად ცხოვრობს გერმანიის რესპუბლიკაში. ამრიგად, სადავო სამართალურთიერთობის ფაქტობრივი გარემოებები მჭიდროდ დაკავშირებულია უცხო ქვეყნის სამართალთან, რაც საქართველოს სასამართლოებს ასეთი საქმის წარმოებისას გამოსაყენებელი საპროცესო ნორმების განსაზღვრისას წარმოუშობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონით ხელმძღვანელობის ვალდებულებას.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ იმ შემთხვევაში, თუ: ა) მოპასუხე რამდენიმე პირია და ერთ-ერთ მათგანს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს; ბ) ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ადგილი საქართველოა; გ) სარჩელი ეხება მართლსაწინააღმდეგო ან მასთან გათანაბრებული ქმედებით მიყენებულ ზიანს და ასეთი ქმედების ჩადენა ან ზიანის მიყენება საქართველოში მოხდა; დ) დავა ეხება იმ საწარმოს ფილიალს, რომლის რეზიდენციაც საქართველოშია; ე) მამობის დადგენის ან ალიმენტის გადახდის საქმეებზე ბავშვის ან ალიმენტის მიმღების საცხოვრებელი ადგილი ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოშია; ვ) სარჩელის საგანია სამემკვიდრეო უფლების დადგენა, სამკვიდრო ქონების გაყოფა და მამკვიდრებელს გარდაცვალებისას საცხოვრებელი ადგილი, ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ან სამკვიდრო ქონება საქართველოში ჰქონდა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, მშობლებსა და შვილებს შორის პირადი ურთიერთობების, შვილების წარმოშობის, მამობის დადგენის და მათთან დაკავშირებული დავების საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ პროცესის ერთ-ერთი მხარე საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონისს მე-10 მუხლის თანახმად, საქართველოს სასამართლოებს განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ მხოლოდ იმ სარჩელებზე, რომლებიც ეხება: ა) უძრავ ქონებას, თუ ეს ქონება საქართველოშია; ბ) იურიდიული პირის ან მისი ორგანოს გადაწყვეტილებათა ნამდვილობას ან შეწყვეტას, როცა ამ იურიდიული პირის ან მისი ორგანოს რეზიდენცია საქართველოშია; გ) საქართველოს სასამართლოების ან სხვა ორგანოების მიერ იურიდიული პირების რეგისტრაციას; დ) პატენტის, სავაჭრო ნიშნის ან სხვა უფლების რეგისტრაციას (გარდა „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულებიდან წარმოშობილი რეგისტრირებული უფლებისა), როდესაც ამ უფლების რეგისტრაცია ან მისი რეგისტრაციის მოთხოვნა საქართველოში განხორციელდა; ე) იძულებითი აღსრულების ღონისძიებებს, როცა მათი მოთხოვნა ან განხორციელება საქართველოში მოხდა.
ამრიგად, მამობის დადგენის საქმეზე, რამდენადაც როგორც დედა, ისე ბავშვი, საქართველოს მოქალაქეები არიან, საქართველოს სასამართლოებს გააჩნდათ საერთაშორისო კომპეტენცია, თუმცა არა განსაკუთრებული (გამომრიცხავი). მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს შტაიგეს გაისლინგენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2021 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილების (გადაწყვეტილება №7F 175/21) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები, რომლებიც აღწერილია „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში. შესაბამისად, გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობა ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ღ–ძის შუამდგომლობა, შტაიგეს გაისლინგენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2021 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილების (გადაწყვეტილება №7F 175/21) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილი იქნას საქართველოს ტერიტორიაზე შტაიგეს გაისლინგენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2021 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილება (გადაწყვეტილება №7F 175/21), რომლითაც დადგინდა, რომ ვ.ს–ო (დაბადებული 30.01.1952წ., ი–სე 107, 73037 გ–ნი) არის განმცხადებელ ლ.ღ–ძის (დაბადებული 11.07.2011წ.) მამა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი