Facebook Twitter

29 სექტემბერი, 2022 წელი

საქმე №ა-4687-შ-141-2021 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

შუამდგომლობის ავტორი – შ.პ.ს. „ს.ა.ს.კ–ა“

მოწინააღმდეგე მხარე – შ.პ.ს. „ო.უ.ფ.ს–ში“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს კომერციული სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (საქმე №ე-2-2(113)-1407/2020)

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს კომერციული სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, (საქმე №ე-2-2(113)-1407/2020) შ.პ.ს. „ს.ა.ს.კ–ა“-ს სარჩელი მოპასუხის _ შ.პ.ს. „ო.უ.ფ.ს–ში“-ს მიმართ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს _ შ.პ.ს. „ო.უ.ფ.ს–ში“-ს მოსარჩელის _ შ.პ.ს. „ს.ა.ს.კ–ა“-ს სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი თანხა _ 339 275 აშშ დოლარი, ფულის დაბრუნების დაგვიანებისთვის პროცენტი (პირგასამტეხლო) _ 16 963.75 აშშ დოლარი, ჯამში _ 356 238.75 აშშ დოლარი და სახელმწიფო გადასახადი _ 30 AZN აზნ/მანეთი.

მოსარჩელემ _ შ.პ.ს. „ს.ა.ს.კ–ა“-მ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს კომერციული სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილებისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს კომერციული სასამართლოს მოსამართლის 2021 წლის 12 მარტს გაცემული ცნობების შესწავლით ირკვევა შემდეგი:

- აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს კომერციული სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე (საქმე № ე-2-2(113)-1407/2020) სააღსრულებო ფურცელი დღეის მდგომარეობით არ აღსრულებულა.

- აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს კომერციული სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის - შ.პ.ს. „ო.უ.ფ.ს–ში“-სთვის გაგზავნილ იქნა შეტყობინება სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე (მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, .........), თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის უფლებამოსილი წარმომადგენელი სხდომას არ ესწრებოდა და სასამართლოსათვის არც მისი გამოუცხადებლობის მიზეზები უცნობებია, მოსარჩელის სარჩელი განხილულ იქნა მოპასუხის დაუსწრებლად. 2020 წლის 25 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაგზავნილ იქნა მოპასუხის იურიდიულ მისამართზე.

- აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს კომერციული სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2021 წლის 4 იანვარს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს კომერციული სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების (საქმე №ე-2-2(113)-1407/2020) თანახმად, შ.პ.ს. „ო.უ.ფ.ს–ში“-სთვის თანხის დაკისრების საფუძველია შ.პ.ს. „ს.ა.ს.კ–ა“-სთან 2019 წლის 25 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების დადება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა გამყიდველის (შ.პ.ს. „ო.უ.ფ.ს–ში“) მიერ მყიდველისთვის (შ.პ.ს. „ს.ა.ს.კ–ა“) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იდენტიფიცირებული საკლავი ცოცხალი ცხვრების მიწოდება, რის სანაცვლოდაც მყიდველს უნდა გადაეხადა ცოცხალი ცხვრის საფასური. 1 სული ცხვრის საფასურად განისაზღვრა 76.50 აშშ დოლარი, მისაწოდებელი ცხვრების საორიენტაციო ღირებულებად _ 20 000 ცხვარი. მყიდველს ნასყიდობის საფასური უნდა გადაეხადა ავანსად, სასაქონლო ინვოისის შესაბამისად. 2019 წლის 30 ივლისს შ.პ.ს. „ს.ა.ს.კ–ა“-მ შ.პ.ს. „ო.უ.ფ.ს–ში“-ს ჩაურიცხა 153 000 აშშ დოლარი, 2019 წლის 02 აგვისტოს _ 153 000 აშშ დოლარი, 2019 წლის 07 აგვისტოს _ 109 012.5 აშშ დოლარი, 2019 წლის 08 აგვისტოს _ 300 262.5 აშშ დოლარი.

შ.პ.ს. „ო.უ.ფ.ს–ში“-მ შ.პ.ს. „ს.ა.ს.კ–ა“-ს ჯამში რვა ეტაპად მიაწოდა 4000 სული ცხვარი, ჯამური ღირებულებით _ 306 000 აშშ დოლარი. გამყიდველმა მყიდველს ავანსად მიღებული თანხიდან დაუბრუნა 70 000 აშშ დოლარი, ამრიგად, მან დაარღვია 339 275 აშშ დოლარის ღირებულების ცოცხალი ცხვრის მიწოდების ვალდებულება, რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა გადახდილი თანხის უკან დაბრუნება.

აზერბაიჯანის სამოქალაქო კოდექსის 445.7 მუხლის თანახმად, თუ მოვალე არღვევს გადახდის ვალდებულების ვადას და კრედიტორს სხვა საფუძვლით უფრო მეტის მოთხოვნის უფლება არ გააჩნია, მოვალე ვალდებულია, ვადაგადაცილებისათვის კრედიტორს გადაუხადოს დავალიანების 5%. პროცენტიდან პროცენტის მოთხოვნა დაუშვებელია. აღნიშნულის გათვალისწინებით, შ.პ.ს. „ო.უ.ფ.ს–ში“-ს პროცენტის (პირგასამტეხლო) სახით დაეკისრა დავალიანების 5%-ის გადახდაც, რაც შეადგენს 16 963.75 აშშ დოლარს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით, შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს კომერციული სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების (საქმე №ე-2-2(113)-1407/2020) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებული იქნა განსახილველად.

საქმის მასალებით დგინდება, რომ შუამდგომლობა თანდართულ მასალებთან და 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინების ასლთან ერთად გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარე შ.პ.ს. „ო.უ.ფ.ს–ში“-ს და განემარტა, რომ გააჩნდა შუამდგომლობაზე აზრის გამოთქმისა და საქმის ზეპირი განხილვის მოთხოვნის უფლება ამავე გზავნილის ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში. გზავნილი განხორციელდა მისამართზე: ქ. თბილისი, ........., ბინა 11 და ორგანიზაციის წარმომადგენელ ჯ.ნ–ს ჩაბარდა 2021 წლის 12 ნოემბერს.

2021 წლის 19 ნოემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას წარედგინა შ.პ.ს. „ო.უ.ფ.ს–ში“-ს დირექტორის _ ჯ.ნ–ის წერილობითი განმარტება, რომელმაც უარყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს კომერციული სასამართლოს მხრიდან სხდომის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ შეტყობინების მიღების ფაქტი, შეედავა დავალიანების მოცულობას და განმარტა, რომ შ.პ.ს. „ო.უ.ფ.ს–ში“-ს დავალიანება შუამდგომლობის ავტორის წინაშე შეადგენს 201 206 აშშ დოლარს, რომლის შესაბამისი ოდენობის ცოცხალი ცხვრის მიწოდებასაც კრედიტორისთვის აპირებს. მოწინააღმდეგე მხარეს საქმის ზეპირი განხილვა არ მოუთხოვია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, მოწინააღმდეგე მხარის წერილობით მოსაზრებას, მათზე თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს კომერციული სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების (საქმე №ე-2-2(113)-1407/2020) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს, თუ რომელი სამართლებრივი წესრიგი გამოიყენება უცხო ქვეყნის სამართალთან დაკავშირებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას, აგრეთვე საპროცესო სამართლის იმ ნორმებს, რომლებიც გამოიყენება ასეთი საქმის წარმოებისას.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით წარმოდგენილი გადაწყვეტილების ერთ-ერთი მხარე (მოსარჩელე შ.პ.ს. „ს.ა.ს.კ–ა“) უცხო ქვეყანაში დაფუძნებული საწარმოა, ამავდროულად, მხარეთა შორის არსებული ნასყიდობის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი ვალდებულება _ საქონლის მიწოდება ხორციელდება აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. ამრიგად, სადავო სამართალურთიერთობის ფაქტობრივი გარემოებები მჭიდროდ დაკავშირებულია უცხო ქვეყნის სამართალთან, რაც საქართველოს სასამართლოებს ასეთი საქმის წარმოებისას გამოსაყენებელი საპროცესო ნორმების განსაზღვრისას წარმოუშობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონით ხელმძღვანელობის ვალდებულებას.

ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.

დადგენილია, რომ როგორც საქართველო, ისე აზერბაიჯანი, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები არიან. ამავდროულად, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის 1996 წლის 08 მარტს დადებულია ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულება „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“. ამრიგად, ორმხრივ ხელშეკრულებას უნდა მიენიჭოს უპირატესობა მრავალმხრივ ხელშეკრულებასთან მიმართებით.

ორმხრივი ხელშეკრულების 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის, სახელმწიფო ნოტარიატისა და მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის ორგანოების გადაწყვეტილებების ცნობა, ხოლო ქონებრივი ხასიათის საქმეებზე, ცნობა და აღსრულება ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე ხორციელდება ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით. 42-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად კი ამ მუხლის პირველ პუნქტში დასახლებული გადაწყვეტილებების ქვეშ იგულისხმება: 1) გადაწყვეტილებები სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე; 2) სასამართლო წესით დამტკიცებული მხარეთა მორიგება: 3)განაჩენები იმ ნაწილში, რომელიც ეხება დანაშაულით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას; 4)საალიმენტო ვალდებულებებისა და მამობის დადგენის შესახებ დოკუმენტები; 5) სააღსრულებო წარწერის მქონე დოკუმენტები; 6) გადაწყვეტილებები სასამართლო ხარჯების გადახდევინების შესახებ.

ამავე ხელშეკრულების 43-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების 42–ე მუხლში მითითებული გადაწყვეტილებების ცნობა და აღსრულება ხორციელდება შემდეგი პირობების დაცვით: 1) გადაწყვეტილება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც იგი იქნა გამოტანილი, კანონიერ ძალაში შევიდა და ექვემდებარება აღსრულებას; 2) მხარე, რომლის წინააღმდეგაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, სათანადო წესით იქნა შეტყობინებული იმ მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ხოლო პროცესუალური არაქმედუნარიანობის შემთხვევაში, ჰქონდა წარმომადგენლობის შესაძლებლობა. 3) ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის ტერიტორიაზე, სადაც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, ადრე არ იყო გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იმავე დავის საფუძველზე და იმავე მხარეებს შორის ან ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის სასამართლოს მიერ ადრე არ იყო აღძრული წარმოება ამ საქმეზე; 4) ამ ხელშეკრულების დებულებების თანახმად, ხოლო ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა კანონმდებლობის შესაბამისად, საქმე არ განეკუთვნება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება.

ხსენებული ორმხრივი ხელშეკრულების 44-ე მუხლის მე-2-მე-4 პუნქტების თანახმად, ამ ხელშეკრულების 42–ე მუხლში მითითებული ქონებრივი ხასიათის საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების მიმართ ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის სასამართლოებს, რომლის ტერიტორიაზეც უნდა აღსრულდეს აღნიშნული გადაწყვეტილება, გამოაქვთ ნებართვა აღსრულებაზე. ამის შესახებ უნდა ეცნობოს შემკითხველ დაწესებულებას. აღსრულებაზე ნებართვის გაცემისას, სასამართლო შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ხელშეკრულების 43–ე მუხლით გათვალისწინებული პირობები დაცულია. აღსრულებაზე ნებართვის გაცემის და აღსრულების წესი რეგულირდება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს აღსრულება.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ. შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, საქართველოს სასამართლოებს განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ მხოლოდ იმ სარჩელებზე, რომლებიც ეხება: ა) უძრავ ქონებას, თუ ეს ქონება საქართველოშია; ბ) იურიდიული პირის ან მისი ორგანოს გადაწყვეტილებათა ნამდვილობას ან შეწყვეტას, როცა ამ იურიდიული პირის ან მისი ორგანოს რეზიდენცია საქართველოშია; გ) საქართველოს სასამართლოების ან სხვა ორგანოების მიერ იურიდიული პირების რეგისტრაციას; დ) პატენტის, სავაჭრო ნიშნის ან სხვა უფლების რეგისტრაციას (გარდა „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულებიდან წარმოშობილი რეგისტრირებული უფლებისა), როდესაც ამ უფლების რეგისტრაცია ან მისი რეგისტრაციის მოთხოვნა საქართველოში განხორციელდა; ე) იძულებითი აღსრულების ღონისძიებებს, როცა მათი მოთხოვნა ან განხორციელება საქართველოში მოხდა.

ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საქართველოს სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციაზე იმ შემთხვევაშიც, როცა ამ კანონის მე-8, მე-9 და მე-10 მუხლების მიხედვით იგი კომპეტენტური არ არის. ასეთი შეთანხმება უნდა დაიდოს: ა) წერილობით ან სიტყვიერად, წერილობითი დადასტურებით; ბ) საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებისას იმ ფორმით, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სავაჭრო ჩვეულებებს და რაც მხარეებისათვის ცნობილია ან ცნობილი უნდა ყოფილიყო.

მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-10 მუხლის თანახმად, თუ დავა მოლაპარაკების გზით ვერ გადაწყდება, მხარეები მიმართავენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესაბამის სასამართლოს. ამასთან, ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი, რომელიც ვერ გადაიჭრება მოლაპარაკების გზით, რეგულირდება აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობით. ამრიგად, მხარეთა შორის შეთანხმებულია განსჯადი სასამართლო და ასეთია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სასამართლო, აგრეთვე შეთანხმებულია დავის გადასაწყვეტად გამოსაყენებელი მატერიალური სამართალი _ აზერბაიჯანის კანონმდებლობა. ამდენად, მოცემულ დავაზე საქართველოს სასამართლოებს განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია არ გააჩნიათ.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს კომერციული სასამართლოს საქმის განმხილველი მოსამართლის 2021 წლის 12 მარტის ცნობით დადასტურებულია, რომ სასამართლო უწყება სხდომის გამართვის დროსა და ადგილზე მითითებით, მხარეს ჩაბარებული ჰქონდა, თუმცა მისი წარმომადგენელი სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი უცნობებია სასამართლოსათვის, ამრიგად, იგი სხდომაზე მიწვეულად ჩაითვალა აზერბაიჯანის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის განმარტება მასზედ, რომ მისთვის საქმის განხილვის დრო და ადგილი არ უცნობებიათ, გაზიარებული ვერ იქნება. რაც შეეხება შედავებას დავალიანების მოცულობაზე, პალატა განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხზე მსჯელობისას შუამდგომლობის განმხილველი სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, არსებითად განიხილოს მოთხოვნის საფუძვლიანობა და მისი ოდენობა, რამეთუ აღნიშნული უკვე შეფასებულია უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით. შუამდგომლობის განმხილველი სასამართლო დავას არ იხილავს არსებითად, არამედ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ორმხრივი ხელშეკრულების თანახმად, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ხელშეკრულების 43–ე მუხლით გათვალისწინებული პირობები დაცულია.

ვინაიდან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს კომერციული სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (საქმე №ე-2-2(113)-1407/2020) კანონიერ ძალაში შევიდა და ექვემდებარება აღსრულებას, შ.პ.ს. „ო.უ.ფ.ს–ში“ სათანადო წესით იქნა შეტყობინებული საქმის განხილვის თაობაზე აზერბაიჯანის კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ადრე არ იყო გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იმავე დავის საფუძველზე და იმავე მხარეებს შორის ან ადრე არ იყო აღძრული წარმოება ამ საქმეზე და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქმე არ განეკუთვნება საქართველოს სასამართლოთა განსაკუთრებულ კომპეტენციას, საკასაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმეზე არ იკვეთება აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს კომერციული სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების (საქმე №ე-2-2(113)-1407/2020) ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის წინაპირობები, შესაბამისად, გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობა ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

საგულისხმოა, რომ წარმოდგენილი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გადაწყვეტილია რა მიკუთვნებითი სარჩელი, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე სამართლებრივი შედეგების დადგომისთვის არ კმარა საქართველოს ტერიტორიაზე მისი მარტოოდენ ცნობა, არამედ აუცილებელია მისი აღსასრულებლად გადაცემაც.

"საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-10, მე-18, 69-ე, 71-ე მუხლებით, „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ 1996 წლის 08 მარტის ორმხრივი ხელშეკრულების 42-ე, 43-ე, 44-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ.პ.ს. „ს.ა.ს.კ–ა“-ს შუამდგომლობა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს კომერციული სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების (საქმე №ე-2-2(113)-1407/2020) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს კომერციული სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (საქმე №ე-2-2(113)-1407/2020), რომლითაც შ.პ.ს. „ო.უ.ფ.ს–ში“-ს შ.პ.ს. „ს.ა.ს.კ–ა“-ს სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი თანხა _ 339 275 აშშ დოლარი, ფულის დაბრუნების დაგვიანებისთვის პროცენტი (პირგასამტეხლო) _ 16 963.75 აშშ დოლარი, ჯამში _ 356 238.75 აშშ დოლარი და სახელმწიფო გადასახადი _ 30 AZN აზნ/მანეთი.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი