29 სექტემბერი, 2022 წელი
საქმე№ა-6384-შ-178-2021 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
თეა ძიმისტარაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ბელარუსის რესპუბლიკის შემოსავლების სამინისტროს მოგილევის ოლქის შკლოვსკის რაიონის საგადასახადო ინსპექცია
მოწინააღმდეგე მხარე – რ.ა.შ. ოგლი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მოგილევის 2015 წლის 02 სექტემბრის გადაწყვეტილება (საქმე № 139-1/2015)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2015 წლის 02 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე № 139-1/2015) ინდივიდუალურ მეწარმე რ.ა.შ. ოგლის (ბელინიჩის რაიონი, ....) (დაბადებული 06.08.1986წ. საქართველოში ქ. მარნეულში, ბელარუსის მოქალაქე, პასპორტის ნომერი: ....., პირადი ნომერი: ....., საცხოვრებელი ადგილი: საქართველო, ქ. მარნეული, ......) ბელინიჩის რაიონის შრომის დასაქმებისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აღმასრულებელი კომიტეტის (ქალაქი ბელინიჩი, ......) სასარგებლოდ 22 501 868 რუბლი დაეკისრა, საიდანაც 18 440 300 რუბლი არის დაუბრუნებელი სუბსიდიები, 4 061 568 რუბლი _ პროცენტი სხვისი ფულადი სახსრების გამოყენებისთვის, ხოლო 2 700 000 რუბლი _ სახელმწიფო ბაჟი.
2. ბელარუსის რესპუბლიკის შემოსავლების სამინისტროს მოგილევის ოლქის შკლოვსკის რაიონის საგადასახადო ინსპექციამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2015 წლის 02 სექტემბრის გადაწყვეტილების, რ.ა.შ. ოგლისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 270,00 ბელარუსული რუბლის დაკისრების ნაწილში, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილებისა და ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს მიერ გაცემული ცნობების შესწავლით ირკვევა შემდეგი:
3.1. ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2015 წლის 02 სექტემბრის გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 24 სექტემბერს და ექვემდებარება აღსრულებას.
3.2. ინდივიდუალური მეწარმე რ.ა.შ. ოგლის არ მიუღია პროცესში მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ კანონით გათვალისწინებული ფორმითა და ვადის დაცვით ეცნობა სასამართლოს სხდომის ფორმის, დროისა და ადგილის შესახებ. წარმოდგენილი დოკუმენტების ასლებით დასტურდება, რომ ინდ.მეწარმე რ.ა.შ. ოგლისათვის უწყების ჩაბარების დასტურები განადგურებულია შენახვის ვადის გასვლის გამო. ამასთან, ბელარუსის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს 21.07.2014 წლის №60 ბრძანებით დადგენილია, რომ საქმის მასალების ასლები შეიძლება განადგურდეს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანიდან სამი წლის შემდეგ.
3.3. ბელინიჩის რაიონის აღმასრულებლის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2015 წლის 02 სექტემბრის გადაწყვეტილებით რ.ა.შ. ოგლის სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 270,00 რუბლის გადახდა დაეკისრა. სააღსრულებო დოკუმენტის თანახმად, აღსრულება არ მომხდარა. დარჩენილი აღსასრულებელი ვალდებულება 2021 წლის 10 ნოემბრის მდგომარეობით 270,00 რუბლს შეადგენს.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 იანვრის განჩინებით ბელარუსის რესპუბლიკის შემოსავლების სამინისტროს მოგილევის ოლქის შკლოვსკის რაიონის საგადასახადო ინსპექციის შუამდგომლობა, ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მოგილევის 2015 წლის 02 სექტემბრის გადაწყვეტილების (რომლითაც რ.ა.შ. ოგლის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 270.00 რუბლის გადახდა დაეკისრა) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 იანვრის განჩინება და ბელარუსის რესპუბლიკის შემოსავლების სამინისტროს მოგილევის ოლქის შკლოვსკის რაიონის საგადასახადო ინსპექციის შუამდგომლობა თანდართული მასალებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, გაეგზავნა მოწინააღმდგე მხარეს - რ.ა.შ. ოგლის საქმეში მითითებულ მისამართზე: ქ. მარნეული, ......., თუმცა გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა. საფოსტო უკუგზავნილის თანახმად, "ასეთი მისამართი მარნეულში არ არის"; "ამ სახელწოდების ქუჩა არ არის".
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველეყო რ.ა.შ. ოგლისათვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 იანვრის განჩინებისა და ბელარუსის რესპუბლიკის შემოსავლების სამინისტროს მოგილევის ოლქის შკლოვსკის რაიონის საგადასახადო ინსპექციის შუამდგომლობის თანდართული მასალებით ჩაბარება. მასვე დაევალა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისათვის ეცნობებინა დასახელებული კორესპონდენციის ჩაბარების, ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზების ან ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ.
7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს 2022 წლის 06 მაისის წერილით ირკვევა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს საქართველოს რესპუბლიკის საზღვრები დატოვებული აქვს 15.08.2019 წელს, შესაბამისად მისთვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მაისის განჩინებით დადგინდა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი საჯარო შეტყობინების გზით ეცნობებოდა. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 1.3. პუნქტით მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა საკუთარი საპროცესო უფლებები, ხოლო მე-2 პუნქტით დადგინდა, რომ საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 10 იანვრის განჩინება ჩაბარებულად მიიჩნეოდა მისი საჯაროდ გავრცელებიდან მე-7 დღეს.
9. საქმის მასალებში განთავსებული საჯარო შეტყობინების განხორციელების შესახებ აქტიდან ირკვევა, რომ საჯარო შეტყობინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ.გვერდზე გასაჯაროვდა 2022 წლის 23 ივნისს (გასაჯაროების პერიოდი - 15 დღე).
10. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეს შუამდგომლობასთან დაკავშირებით რაიმე მოსაზრება არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო რა საქმის მასალებს, მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მოგილევის 2015 წლის 02 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
12. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ძალაში შესულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციასა და კონსტიტუციურ კანონს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო ხელმძღვანელობს "სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციით. კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები.
13. კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს, მათ შორის, სასამართლოს მიერ ასეთ საქმეებზე დამტკიცებულ შეთანხმებებს მორიგების შესახებ და ნოტარიულ აქტებს ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებით.
14. კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვისა და აღიარების თაობაზე, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.
15. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.
16. განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2015 წლის 02 სექტემბრის გადაწყვეტილების, რ.ა.შ. ოგლისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 270.00 ბელარუსული რუბლის დაკისრების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსასრულებლად მიქცევას. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარეს შუამდგომლობასთან დაკავშირებით არც რაიმე მოსაზრება წარმოუდგენია.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს რა კონვენციით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მიიჩნევს, რომ დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისა და იძულებითი აღსრულების შესახებ. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, ამასთან, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები ვლინდება.
18. ამრიგად, ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2015 წლის 02 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც რ.ა.შ. ოგლის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 270.00 რუბლის გადახდა დაეკისრა, ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და დაექვემდებაროს აღსრულებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა "სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ" 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე მუხლით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 71-ე მუხლის მე-3 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბელარუსის რესპუბლიკის შემოსავლების სამინისტროს მოგილევის ოლქის შკლოვსკის რაიონის საგადასახადო ინსპექციის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მოგილევის 2015 წლის 02 სექტემბრის გადაწყვეტილება (საქმე № 139-1/2015), რომლითაც რ.ა.შ. ოგლის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 270.00 რუბლის გადახდა დაეკისრა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ლაშა ქოჩიაშვილი
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი
ამირან ძაბუნიძე