Facebook Twitter

საქმე №ას-1217-2022 28 დეკემბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს ,,პ.ს–ის“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ნ.თ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ნ.თ–ის“ (შემდგომ - მოსარჩელე, მენარდე, მოწინააღმდეგე მხარე) და შპს „პ.ს–ისს“ (შემდგომ - მოპასუხე, შემკვეთი, აპელანტი, კასატორი) შორის, 2018 წლის 15 ოქტომბერს დაიდო საბუღალტრო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება, რაც გულისხმობდა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე საკონსულტაციო მომსახურებას ზეპირი ან წერილობითი ფორმით, კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად, კლიენტის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის საბუღალტრო მომსახურებას, მოქმედი კანონმდებლობისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, მისი შედეგების, მოზიდული ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების სრულ აღრიცხვასა და საბუღალტრო ანგრიშგებებში მათი მოძრაობის ასახვას, კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში - გადარიცხვის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას.

2. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ანაზღაურების ოდენობა, ვადა და წესი, კერძოდ, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.2. და 4.3. პუნქტების შესაბამისად, დადგინდა, რომ 15 ოქტომბრიდან 15 თებერვლის ჩათვლით, გაწეული მომსახურების საფასური ყოველთვიურად შეადგენდა - 600 ლარს დღგ-ს გარეშე. 15 თებერვლიდან კონსულტანტის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება ყოველთვიურად იქნებოდა - 833 ლარი დღგ-ს გარეშე. საზღაური უნდა გადახდილიყო ყოველი საანგარიშო თვის 25 რიცხვამდე.

3. ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება დაიდო 1 წლის ვადით. ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად კი, ხელშეკრულება გაგრძელდება დამატებით ერთი წლით, ყოველ მომდევნო ჯერზე, გაგრძელების მომენტისათვის არსებული პირობებით, თუ ხელშეკრულების 6.1. პუნქტით გათალისწინებული ვადის გასვლამდე 10 დღით ადრე მხარეები არ გამოხატავენ ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილს.

4. ხელშეკრულების 7.5. პუნქტით განისაზღვრა, რომ კლიენტის მიერ საზღაურის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, კონსულტანტს (მენარდეს) უფლება აქვს, მოსთხოვოს კლიენტს (შემკევთს) პირგასამტეხლოს სახით, არსებული დავალიანების (გადაუხდელი თანხის) 0.01%-ის გადახდა ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

5. 2019 წლის 7 ივნისის შეთანხმებით, 2018 წლის 15 ოქტომბრის ხელშეკრულებაში მხარეთა მიერ შეტანილი იქნა ცვლილება და მომსახურების გაწევისთვის კონსულტანტის სასარგებლოდ გადასახდელი ყოველთვიური საზღაურის ოდენობა განისაზღვრა - 2 333 ლარით დღგ-ს გარეშე.

6. 2020 წლის 27 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც, 2018 წლის 15 ოქტომბერს დადებული ბუღალტრული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანება შეადგენს დღგ-ს ჩათვლით - 26 216.75 ლარს, რომელიც განაწილდება 10 თვეზე - 2020 წლის მარტიდან 2020 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით, რისი გათვალისწინებითაც, კლიენტი ვალდებულია, დავალიანების დასაფარად ყოველ თვეში გადაიხადოს 2 621.67 ლარი დღგ-ს ჩათვლით (მე-2 პუნქტი); მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2018 წლის 15 ოქტომბერს გაფორმებული ბუღალტრული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე კონსულტანტი კლიენტს უწევს ბუღალტრულ მომსახურებას, რისთვისაც კლიენტის მიერ გადასახდელი ყოველთვიური საზღაურის ოდენობა შეადგენს 2 752.94 ლარს დღგ-ს ჩათვლით, რომელიც არ მოიცავს მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ თანხას. ამასთან, 2020 წლის 1 მარტიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით კლიენტის მიერ გადასახდელი ყოველთვიური საზღაურის ოდენობა (დავალიანების დასაფარად გათვალისწინებული თანხისა და მიმდინარე ბუღალტრული მომსახურების ანაზღაურებისა) ჯამურად შეადგენს - 5 374.61 ლარს დღგ-ს ჩათლით, აღნიშნული თანხა კლიენტმა უნდა გადაიხადოს ყოველი საანგარიშო თვის 25 რიცხვამდე.

სარჩელის საფუძვლები:

7. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა ამ უკანასკნელისათვის მის სასარგებლოდ 30301.69 ლარის გადახდის დაკისრება, ასევე - 2021 წლის 25 მაისის მდგომარეობით არსებული პირგასამტეხლოს - 806 ლარის დაკისრება და პირგასამტეხლოს, დავალიანების ძირითადი თანხის, 30301.69 ლარის, 0.01%-ის გადახდა 2021 წლის 25 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

8. მოსარჩელის მითითებით, ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა, რაც დასტურდება ანგარიშფაქტურებით. მოპასუხე გარკვეული პერიოდულობით ახორციელებდა სხვადასხვა ოდენობის თანხის გადახდას, მაგრამ საბოლოოდ არ ახდენდა ყოველთვიურად გადასახდელი მომსახურების ღირებულების სრულად გადახდას, რის გამოც მისი დავალიანება შეადგინს 30 301.69 ლარს.

მოპასუხის პოზიცია:

9. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეს არ გაუწევია მომსახურება. მან სადავო გახადა ვალის აღიარების შეთანხმებაც და განაცხადა, რომ მოპასუხის მხრიდან უფლებამოსილ პირს დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 30 301.69 ლარის, პირგასამტეხლოს, 2021 წლის 25 მაისის ვითარებით - 806 ლარისა და 2021 წლის 25 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე დავალიანების ძირითადი თანხის - 30 301.69 ლარის 0.01%-ის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.

11. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განჩინებით, აპელანტის (მოპასუხის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

13. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, როდესაც მხარეთა შორის არსებობდა საბუღალტრო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება, ასეთი მომსახურების მიღებაზე უარის ან ამ მომსახურების შეჩერების შესახებ მხარეთა შორის რაიმე შეთანხმების არსებობა მოპასუხეს უნდა ედასტურებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ კომპანია ქვეყანაში მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო არ საქმიანობდა, ვერ გახდება იმ დასკვნის საფუძველი, რომ არ იყო აუცილებელი შეთანხმებული მომსახურების გაწევა და მოსარჩელეც არ მომსახურებია.

14. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე ნამდვილად უწევდა მოპასუხეს 2018 წლის 15 ოქტომბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებას, ადასტურებს 2019 წლის 7 ივნისის შეთანხმებაც, რომლითაც ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა ცვლილება და მომსახურების გაწევისთვის კონსულტანტის სასარგებლოდ გადასახდელი ყოველთვიური საზღაურის ოდენობა განისაზღვრა 2333 ლარით. სასამართლოს მითითებით, თუკი არ არსებობდა მომსახურების გაწევის აუცილებლობა და მოსარჩელე არ ემსახურებოდა, შესაბამისად, არც იარსებებდა ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანისა და მოსარჩელის ანაზღაურების ახლებურად განსაზღვრის აუცილებლობა. მომსახურების გაწევის ფაქტზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ მოსარჩელეს ხელი მიუწვდებოდა მოპასუხე კომპანიის ელექტრონულ საგადასახადო პორტალზე rs.ge-ზე, შესაბამისად, თუკი მოპასუხე სადავოდ ხდის ვალდებულების შეუსრულებლობას (მომსახურების გაწევის შესახებ) მხოლოდ სახელშეკრულებო ურთიერთობის კონკრეტულ პერიოდთან დაკავშირებით, მას უნდა წარმოედგინა მტკიცებულებები კონკრეტულ პერიოდში მომსახურების გაუწევლობასთან დაკავშირებით, თუმცა უშედეგოდ. მოსარჩელემ ამის საწინააღმდეგოდ წარადგინა დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურები და „ბრუნვის უწყისი“, რომლითაც გაწეული მომსახურების ღირებულება დგინდება.

15. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 341-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 629-ე და 648-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია 2020 წლის 27 თებერვლის შეთანხმებით ფულადი ვალდებულების - 26 216.75 ლარის არსებობაც, რაც მოვალეს კრედიტორისათვის არ დაუბრუნებია. გამომდინარე იქიდან, რომ აპელანტმა ვერ უზრუნველყო სასამართლოსათვის მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებების დამადასტურებული მტკიცებულების წარმოდგენა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დააკისრა დავალიანების გადახდა.

16. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 417-ე და 418-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ 2018 წლის 15 ოქტომბრის ხელშეკრულების 7.5. პუნქტის თანახმად, კლიენტის მიერ საზღაურის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, კონსულტანტს უფლება აქვს, მოსთხოვოს კლიენტს პირგასამტეხლოს სახით, არსებული დავალიანების (გადაუხდელი თანხის) 0.01%-ის გადახდა ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის, რისი გათვალისწინებითაც, ვლინდება მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს, 2021 წლის 25 მაისის ვითარებით - 806 ლარისა და 2021 წლის 25 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე დავალიანების ძირითადი თანხის - 30 301.69 ლარის 0.01%-ის დაკისრების საფუძველი, რის გამოც მოთხოვნა ამ ნაწილშიც მართებულად დაკმაყოფილდა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორი მოითხოვს 2021 წლის 21 დეკემბრის საოქმო განჩინების გაუქმებასაც, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მტკიცებულებათა გამოთხოვნის შესახებ მისი შუამდგომლობა და მიუთითებს, რომ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ გამომდინარეობდა მოქმედი კანონმდებლობიდან.

18. კასატორის მითითებით, მოწინააღმდეგე მხარეს არანაირი მომსახურება არ გაუწევია, ამასთან, ეს უკანასკნელი მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით მიუთითებს იმ პერიოდს, როდესაც მოპასუხე საერთოდ არ საქმიანობდა, კერძოდ, მოპასუხე ეწევა სამუზეუმო საქმიანობას და სადავო პერიოდში, მთავრობის დადგენილების საფუძველზე მუზეუმებს საერთოდ აკრძალული ჰქონდათ საქმიანობა.

19. კასატორის განმარტებით, მტკიცებულება, რაც მოსარჩელის მიერ მომსახურების გაწევას დაადასტურებდა, ამ უკანასკნელს არ წარმოუდგენია. რაც შეეხება ანგარიშფაქტურებს, აღსანიშნავია, რომ კასატორი კომპანიის ელექტრონულ საგადასახადო პორტალზე rs.g-ზე მოწინააღმდეგე მხარეს მიუწვდებოდა ხელი, ეს უკანასკნელი უწერდა მოპასუხე კომპანიას საგადასახადო ანგარიშფაქტურას და შემდეგ მოპასუხის სახელით თვითონვე ადასტურებდა, რითაც ხელოვნურად ქმნიდა მტკიცებულებებს, რომ შემდგომში აღძრული ყოფილიყო სარჩელი თანხის გამორჩენის მიზნით. კასატორის მითითებით, მომსახურება გაწეულია თუ არა რეალურად, კონკრეტული შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია მოსარჩელისგან უნდა გამოითხოვონ. სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია ამ საკითხზე და არც გადაწყვეტილებაში არ მიუთითებია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

20. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

23. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

24. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა საბუღალტრო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ნაწილში სსკ-ის 629.1 მუხლიდან (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), ხოლო პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლების შინაარსიდან გამომდინარეობს.

25. საკასაციო საჩივარი აგებულია იმ მსჯელობაზე, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მომსახურების გაწევას დაადასტურებდა.

26. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად სააპელაციო სასამართლოს მსჯელობებსა და დასკვნას და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ მხარეებს შორის საგადასახადო ანგარიშფაქტურების დადასტურებით, ასევე, საქმეში წარმოდგენილი ბრუნვის უწყისებით, მოსარჩელის მიერ მომსახურების გაწევის ფაქტი დგინდებოდა. ამ მტკიცებულებების და ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგოდ მოპასუხეს რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება და არგუმენტი არ წარმოუდგენია.

27. საკასაციო პალატის შეფასებით, 2018 წლის 15 ოქტომბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურების გაწევის ფაქტს, ადასტურებს ის გარემოებაც, რომ 2019 წლის 7 ივნისის შეთანხმებით შეიცვალა ყოველთვიური საზღაურის ოდენობა და გახდა 2333 ლარი, შესაბამისად, თუკი არ არსებობდა მომსახურების გაწევის აუცილებლობა და ასეთ მომსახურებას მოსარჩელე არ ახორციელებდა, არ იარსებებდა ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანისა და ანაზღაურების ახლებურად განსაზღვრის აუცილებლობაც, რაზეც კანონიერად მიუთითა სააპელაციო სასამართლომ. გარდა ზემოაღნიშნულისა, საქმეში წარმოდგენილია 2020 წლის 27 თებერვლის შეთანხმებაც, რომლითაც მხარეები 2018 წლის 15 ოქტომბერს დადებული ბუღალტრული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების ოდენობაზე შეთანხმდნენ (26 216.75 ლარი), ისევე როგორც, ყოველთვიური საზღაურის ოდენობაზე, რაც ასევე მოსარჩელის მიერ საბუღალტრო მომსახურების გაწევაზე მიუთითებს.

28. საკასაციო პალატის შეფასებით, ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით და გამომდინარე იქიდან, რომ საქმეში მოიპოვება საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლის მიღება დადასტურებულია მოპასუხის მიერ, ხოლო მასში ასახული მონაცემები დავალიანების არსებობის შესახებ სარწმუნო და მნიშვნელოვანი (არსებითი) მტკიცებულებების წარდგენის გზით არ გაბათილებულა, ამასთან, არცერთი მტკიცებულებითა და რელევანტური შედავებით არ არის დადასტურებული, რომ აღნიშნულ ანგარიშფაქტურებს თავად მოსარჩელე ადასტურებდა, სააპელაციო სასამართლომ, მართებულად დაადგინა მოპასუხისათვის ვალდებულების ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობის ფაქტი. გარდა ზემოაღნიშნულისა, ნიშანდობლივია, რომ მოპასუხე წარმოდგენილი შესაგებლით, სარჩელში მითითებულ გარემოებებს კვალიფიციურად არ შესდავებია. წარმოდგენილი შესაგებელი არ შეიცავს სარჩელში მითითებული ძირითადი ფაქტობრივი გარემოებების უარყოფის შესაბამის მიზეზებსა და არგუმენტებს, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული და მოპასუხის მიერ არაკვალიფიციურად შედავებული გარემოებები, მათ შორის, მომსახურების გაწევისა და დავალიანების ოდენობით შესახებ, ასევე დასაბუთებულად ქმნის მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარისს საფუძველს.

29. საკასაციო პალატის განმარტებით, კასატორს არც საკასაციო სასამართლოში წარმოუდგენია სამართლებრივად წონადი არგუმენტები, რომლებიც გააქარწყლებდა მოცემულ საკითხზე გასაჩივრებული განჩინების მსჯელობასა და დასკვნებს. მხოლოდ მითითება კი, რომ სადავო პერიოდში მუზეუმის საქმიანობა შეჩერებული იყო (2020 წლის მარტიდან 2021 წლის სექტემბრის ჩათვლით) ვერ მიიჩნევა დასაბუთებულ შედავებად, მაშინ როდესაც, სადავო პერიდის ანგარიშფაქტურები დადასტურებულია მოპასუხის მიერ (2020 წლის ივლისის თვის ანგარიშფაქტურა დადასტურებულია 17.08.2020წ. ასევე, 2020 წლის აგვისტოს თვის ანგარიშფაქტურა დადასტურებულია 15.09.2020წ.). ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს თავად ხელშეკრულების სპეციფიკურობაზე და განმარტავს, რომ მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობის საგანი იმგვარი მომსახურების გაწევა იყო, რომლისთვისაც არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მთავრობის დადგენილებით მუზეუმის მუშაობის შეჩერებას.

30. რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 დეკემბრის საოქმო განჩინების გაუქმებას, რომლითაც მოპასუხეს უარი ეთქვა მტკიცებულებების გამოთხოვაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ან დაკმაყოფილება) გავლენას ვერ მოახდენს საქმის შედეგზე, ვინაიდან საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულებით დადასტურებულია მოსარჩელის მიერ მომსახურების გაწევა, რისი გათვალისწინებითაც არ არსებობს საოქმო განჩინების გაუქმების წინაპირობები.

31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ საქმეზე სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და, შესაბამისად, სამართლებრივად სწორად შეაფასა და არ არსებობს საკასაციო საჩივრის ფარგლებში წარდგენილი საკასაციო პრეტენზიის გაზიარების წინაპირობები, რის გამოც დაუსაბუთებელ შედავებად უნდა იქნეს მიჩნეული.

32. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.

33. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

34. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

35. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

36. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-514-514-2018, 2019 წლის 3 ივნისის განჩინება; №ას-748-2022, 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინება; №ას-822-788-2016, 2016 წლის 29 დეკემბრის განჩინება).

37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

38. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,პ.ს–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. შპს ,,პ.ს–ის“ (ს/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ.ჟ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1617 ლარის (საგადასახადო დავალება №0 / გადახდის თარიღი 01.11.2022), 70% - 1131.9 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე