Facebook Twitter

საქმე №ას-795-2020 30 ივნისი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები - გ.გ–ძე, თ.შ–ძე, ხ.კ–ძე, გ.გ–ძე, შ.ქ–ნი, დ.ა–ი, ლ.ბ–ძე (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმი (მოპასუხე)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გ.გ–ძემ, თ.შ–ძემ, ხ.კ–ძემ, გ.გ–ძემ, შ.ქ–ნმა, დ.ა–მა და ლ.ბ–ძემ (შემდგომ - მოსარჩელეები, აპელანტები, კასატორები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის (შემდგომ - მუზეუმი, მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვისა და მესაკუთრეთათვის გადაცემის მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები

2. მოსარჩელეთა განმარტებით, 2015 წელს მათ შეიძინეს სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მრავალწლიანი ნარგავების (თხილი, ჯონჯოლი და ა.შ.) გაშენების მიზნით. ვინაიდან შერჩეული მიწის ნაკვეთი გასული საუკუნის 24-37 წლებში ბოლშევიკების მიერ რეპრესირებულთა ნამოსახლარები იყო და ადგილობრივები დროდადრო პოულობდნენ ანტიკვარულ ნივთებს, მოსარჩელეებმა დააფუძნეს შპს „ს–ა“ განძის მოპოვებისა და ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობის საქმიანობის უფლებით, რომლის წესდებაც კანონით დადგენილი წესით დაარეგისტრირეს. შპს-ს დაფუძნება განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ მიწის ფართის დამუშავების დროს ნამოსახლარებზე ანტიკვარული ნივთების აღმოჩენის შემთხვევაში მათი საქმიანობა არ ყოფილიყო უკანონო. ზემოაღნიშნული სამეწარმეო საქმიანობის მიზნით მოსარჩელეებმა საჩხერის რაიონის სოფელ ჭ–ში (ლ–ი) შეიძინეს სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (დაზუსტებული ფართობით 1754.00 კვ.მეტრი, ს/კ .......), რაც დარეგისტრირდა შპს-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის საკუთრებად. მოსარჩელეებმა დაიწყეს მიწის ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, თუმცა ნიადაგის ღრმა დამუშავებამდე, რაიმე ფასეული ნივთების შესაძლო აღმოჩენისა და მძიმე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისგან დაზიანება-განადგურების თავიდან აცილების მიზნით, ნაკეთობა ზედაპირულად (დაახლოებით 20 სმ), ხოლო რამდენიმე ადგილას შედარებით ღრმა (დაახლოებით 50 სმ) ფენა დაამუშავეს. შედეგად მათ იპოვეს ქვევრი და მასში გადანახული ძვირფასეულობა (განძი) ვერცხლის ჯამით - ოქროს საკიდები (9 ერთეული), ვარდულები, ოქრო, ალმადინი (15 ერთეული), მძივები (4 ერთეული), საყურე (12 ერთეული), ფირფიტა (1 ერთეული), ბეჭედი (11 ერთეული), მონეტები (7 ერთეული), თასები (ორი ერთეული), ფიბულები (6 ერთეული), ვერცხლის საკიდები (7 ერთეული). ამის შესახებ აცნობეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, ხოლო ნაპოვარი საექსპერტოდ და შესასწავლად წარუდგინეს ს.ჯ–ას სახელობის საქართველოს მუზეუმს. ამ უკანასკნელმა გასცა საექსპერტო დასკვნა იმის თაობაზე, რომ აღმოჩენილი განძი ანტიკვარულია, რაც სხვა მოპოვებულ ნივთებთან ერთად წარმოაჩენს კულტურულ მემკვიდრეობას.

3. მოსარჩელეთა მტკიცებით, ისინი სადავო ნივთების თანამესაკუთრეები არიან თანაბარი წილის უფლებით, როგორც განძის აღმომჩენნი, რამდენადაც ნივთები მოიპოვეს შემთხვევით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართის ამავე (სასოფლო-სამეურნეო) დანიშნულებით დამუშავების პროცესში და არა - მიზნობრივი არქეოლოგიური გათხრების შედეგად. მიუხედავად აღნიშნულისა, ნაპოვნის დაბრუნებაზე ან გამოსყიდვაზე მოპასუხემ განაცხადა უარი.

მოპასუხის შესაგებელი

4. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა, უარი ეთქვათ მოსარჩელეებს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

მესამე პირის პოზიცია

5. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ - მესამე პირი) განმარტებით, მოსარჩელეები არ არიან სადავო ნივთების კეთილსინდისიერი მფლობელები, შესაბამისად, მათ არ აქვთ ნივთების უკან გამოთხოვის უფლება. მოსარჩელეები თავადვე განმარტავდნენ, რომ მათ არქეოლოგიური სამუშაოები შეასრულეს, მიწა გაათავისუფლეს არტეფაქტებისაგან არქეოლოგიური მეთვალყურეობის გარეშე, რაც უკანონოა. სადავო მოძრავი ნივთების მესაკუთრეა სახელმწიფო. შესაბამისად, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს არ უნდა დაევალოს ნივთების დაბრუნება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, სადავო ნივთებს - არტეფაქტებს ეძებნება ანალოგები საქართველოს ტერიტორიაზე ბევრ სხვადასხვა ძეგლზე, მათ შორის, ისეთ მნიშვნელოვან ობიექტებზე როგორიცაა: არმაზის ხევის, ზღუდრის, ახალი ჟინვალის, ბორის, მოდინახეს, სამთავროს სამაროვნები, მიუხედავად ამისა, განსახილველ კოლექციაში შემადგენელი არტეფაკებიდან ზოგიერთი მაინც იშვიათობაა, მაგალითად: გავარსით შედგენილი, მტევნებით შემკული საყურეების (4.3. და 4.4.) მსგავსი აქამდე მხოლოდ ერთადერთი წყვილი იყო ცნობილი საქართველოში (მოდინახეს სამაროვნიდან), კიდევ უფრო იშვიათი ნივთების კატეგორიას ეკუთვნის ახ.წ. II საუკუნის ოქროს ბეჭედში (№6.2.) ჩასმული სარდიონის კამეო - ხელოვნების მაღალმხატვრული ნიმუში, რომელიც ახ.წ. I საუკუნით თარიღდება.

10. ამ დასკვნის გათვალისწინებით, პალატამ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარისა და მესამე პირის განმარტება, რომ სადავო მოძრავი ნივთები არქეოლოგიური არტეფაქტებია და მათზე ვერ გავრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 192-ე მუხლით გათვალისწინებული განძის სტატუსი.

11. აპელანტთა განმარტებით, სადავო მოძრავი ნივთები იპოვეს მოსარჩელის კუთვნილ ნაკვეთში მიწის გათხრების შედეგად და, ამასთან, ისინი თარიღდება ახ.წ. III საუკუნის მეორე ნახევრით, IV საუკუნით და XIX საუკუნით, გამოდის, რომ ნივთები იყო სრულად განმარხებული. პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ სადავო მოძრავი ნივთები მოსარჩელეებს შემთხვევით არ უპოვიათ რაიმე სხვა სახის სამუშაოების (მაგ: სანერგე მიწის გათხრა და ა.შ.) დროს. ამასთან, თავად აპელანტები ადასტურებენ, რომ ნიადაგი ღრმად დაამუშავეს, სწორედ, ფასეული ნივთების შესაძლო აღმოჩენისა და მძიმე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისგან დაზიანება-განადგურების თავიდან აცილების მიზნით (მათ განზრახვაზე ნაპოვნი ყოფილიყო მოძრავი არქეოლოგიური ობიექტები მიუთითებს კომპანიის დაარსებაც, რომლის მიზანი იყო განძის ძებნა) და, შესაბამისად, პალატის შეფასებით, მიუხედავად აპელანტთა მხრიდან აღმოჩენილი ნივთების განძად აღქმისა, ისინი არქეოლოგიურ ობიექტად უნდა ყოფილიყო მიჩნეული.

12. პალატამ დამატებით განმარტა, რომ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სადავო მოძრავი ნივთები არქეოლოგიური ობიექტებია. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია აპელანტთა მტკიცება აღმოჩენილ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით, მით უფრო, რომ, ერთი მხრივ, აპელანტთა განმარტებით, მათ შპს სწორედ განძის მოპოვებისა და ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობის საქმიანობის უფლებით დაარეგისტრირეს, ხოლო, მეორე მხრივ, მათ გათხრები აწარმოეს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევით, რაც არქეოლოგიური სამუშაოებისთვის ნებართვის არსებობას გულისხმობს, რომელიც აპელანტებს არ ჰქონდათ. ეს კი სადავო მოძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების გავრცელების კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს.

13. პალატამ დაასკვნა, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის დადგენილი კრიტერიუმების პირველივე ელემენტი - მოსარჩელის მესაკუთრეობა არ ვლინდებოდა, შესაბამისად, ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების სხვა აუცილებელი პირობის კვლევა აუცილებლობას აღარ წარმოადგენდა.

კასატორების მოთხოვნა და საფუძვლები:

14. ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

15. კასატორთა საკასაციო პრეტენზიის თანახმად, სადავო ნივთების კანონიერი მესაკუთრეები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ-ის) 150-ე, 151-ე, 158-ე, 170-ე და 192-ე მუხლების საფუძველზე არიან მოსარჩელეები და სასამართლომ მათ არ დაუბრუნა ნივთები. ამ უკანონო გადაწყვეტილების დასასაბუთებლად მოიხმო ევროკონვენციის ნორმები, ევროსასამართლოს პრაქტიკა და სხვა საერთაშორისო აქტები, რომლებიც მოცემულ საქმეს არაფრით უკავშირდებოდა.

16. მიწის ნაკვეთი, სადაც აღმოჩენილ იქნა სადავო ნივთები, არ წარმოადგენდა არქეოლოგიურ ობიექტს. ნივთების აღმოჩენას წინ უძღოდა მოპასუხის წარმომადგენლობით დაზვერვითი სამუშაოები და გაიცა დასკვნა, რომ სოფელი ჭალოვანი არ იყო არტეფაქტების აღმოჩენის პერსპექტივის არქეოლოგიური ადგილი. ეს ფაქტი სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა. რაც შეეხება ანტიკვარული ნივთების მოძიების ლიცენზიას, მას არაფერი აქვს საერთო ამ საქმესთან, რადგან არც ფიზიკური და არც იურიდიული პირები შეზღუდული არ არიან, ეწეოდნენ კანონით ნებადართულ სამეწარმეო საქმიანობას. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა საკუთარ უძრავ ქონებაში იპოვეს ნივთები, აცნობეს კომპეტენტურ უწყებებს და ნებაყოფლობით წარედგინა საექსპერტო შემოწმებისთვის მოპასუხეს, რომელმაც უკანონოდ მიისაკუთრა.

17. სასამართლომ სადავო ნივთები ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე მიიჩნია 100 წელზე მეტი ხნის წინათ გამარხებულ არქეოლოგიურ ობიექტად, მაშინ, როდესაც მათ შორისაა მე-19 საუკუნის ნივთები, რაც სამკაულებია და არ შეიძლებოდა დამზადებულიყო საუკუნის პირველ წლისავე დასაწყისში, ისიც განმარხების მიზნით. ამასთან დაკავშირებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა მოსარჩელის მტკიცება, რომ განძის აღმოჩენის ადგილი იყო 1924 წლის ბოლშევიკური რეპრესიის მსხვერპლთა ნამოსახლარების ნაწილი და სრულიად სარწმუნოა, ნივთები მათ მიერ გადანახული ძვირფასეულობა იყოს.

18. როგორც მოპასუხე, ისე მესამე პირის ხელმძღვანელობა სისტემატურად ცდილობდა დაშინებას, რათა მათ ხელი აეღოთ განძის დაბრუნების მოთხოვნაზე. ამ მიზნით მხარემ არაერთხელ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, ყოველ ჯერზე გამოძიების შემდგომ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

19. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

21. მოსარჩელეთა მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვის შესახებ სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილს (მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება) ეფუძნება. სხვისი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება მესაკუთრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და მისი უზრუნველყოფა ხდება სავინდიკაციო სარჩელის შეტანის გზით. ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ნივთის ფლობის უფლება. ამასთან, ამ წინაპირობებს სასამართლო ზემომითითებული თანმიმდევრობით ამოწმებს და სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით გადაწყვეტს დავას. მოთხოვნის უფლების მფლობელია ნივთის მესაკუთრე, რომელსაც ეკისრება სადავო ნივთებზე საკუთრების უფლებისა და მოპასუხის მიერ ამ ნივთების ფლობის ფაქტის მტკიცების ტვირთი, ხოლო მოთხოვნის უფლების მოვალე ნივთის მფლობელია, რომელმაც, თავის მხრივ, მართლზომიერი მფლობელობა უნდა ადასტუროს.

22. მოსარჩელეთა მტკიცებით, სადავო ნივთებზე მათი საკუთრების უფლება სსკ-ის 192-ე მუხლის (თუ აღმოჩენილია საგანი, რომელიც ისე დიდხანს იყო დაფლული, რომ შეუძლებელია მისი მესაკუთრის დადგენა (განძი), მაშინ საკუთრება სანახევროდ გადადის აღმომჩენზე და იმ მესაკუთრეზე, რომლის ნივთშიც იქნა განძი ნაპოვნი.) საფუძველზე წარმოიშვა.

23. მოწინააღმდეგე მხარის შედავების თანახმად, მოსარჩელეებს სადავო ნივთებზე საკუთრების უფლება არ წარმოშობიათ, რადგან მათ სადავო ნივთები, რომლებსაც კულტურული ღირებულება გააჩნიათ, იპოვეს უკანონო არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად, რაც გამორიცხავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 192-ე მუხლის გამოყენებას.

24. საკსაციო პალატა მიუთითებს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ (შემდგომ - სპეციალური კანონი) საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, კანონის მიზანია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ სფეროში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება. ამავე კანონის 33-ე მუხლის მიხედვით, 1. არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის საფუძველზე არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებისას, ასევე უნებართვოდ ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოებისას აღმოჩენილი მოძრავი არქეოლოგიური ობიექტი სახელმწიფოს საკუთრებაა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სხვა სახის საქმიანობის შედეგად აღმოჩენილ არქეოლოგიურ ობიექტებზე (შემთხვევით აღმოჩენა) საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით. 3. შემთხვევით აღმოჩენის შემთხვევაში აღმომჩენი ვალდებულია, დაუყოვნებლივ, ამ კანონის III თავით დადგენილი წესით აცნობოს სამინისტროს. 4. სახელმწიფოს აქვს არქეოლოგიური ობიექტის უპირატესი შესყიდვის უფლება.

25. სპეციალური კანონის მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, არქეოლოგიური სამუშაოების საფუძველზე, იქნება ის ნებართვით თუ ნებართვის გარეშე წარმოებული, მოძრავ არქეოლოგიურ ობიექტებზე საკუთრების უფლება წარმოეშვება სახელმწიფოს. ნორმიდან გამომდინარეობს ისიც, რომ თუკი არქეოლოგიური ობიექტები აღმოჩენილი იქნება არა არქეოლოგიური სამუშაოებისა და გამიზნული ძებნის შედეგად, არამედ შემთხვევით, ასეთ შემთხვევაში მესაკუთრეობის საკითხი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით გადაწყდება. თავის მხრივ, სსკ-ის 192-ე მუხლი (თუ აღმოჩენილია საგანი, რომელიც ისე დიდხანს იყო დაფლული, რომ შეუძლებელია მისი მესაკუთრის დადგენა (განძი), მაშინ საკუთრება სანახევროდ გადადის აღმომჩენზე და იმ მესაკუთრეზე, რომლის ნივთშიც იქნა განძი ნაპოვნი) შემთხვევით აღმოჩენილ განძზე საკუთრების უფლებას წარმოუშობს აღმომჩენსა და იმ მესაკუთრეს, რომლის ნივთშიც იქნა განძი ნაპოვნი. ნორმის მიზანია, ერთი მხრივ, სანივთოსამართლებრივი მდგომარეობა სამოქალაქო ბრუნვის წესებს დაუქვემდებაროს და, მეორე მხრივ, განძის მპოვნელს გაუჩინოს მოტივაცია, რომ საზოგადოების, როგორც კულტურული ერთობის, ცოდნა გამდიდრებულ იქნეს განძის აღმოჩენის ფაქტით (შდრ. ლ. თოთლაძე, „სამოქალაქო კოდექსის კომენტარი“, წიგნი II, ჭანტურია (რედ), 2018, მუხლი 192), რადგან განძის შემთხვევითი აღმოჩენის შემთხვევაშიც კი, სპეციალური კანონონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და 33.3 მუხლის თანახმად, პირი ვალდებულია აცნობოს შესაბამის სახელმწიფო უწყებას. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს წარმოეშვება არქეოლოგიური ობიექტის უპირატესი შესყიდვის უფლება.

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (შდრ., სუსგ №ას-1338-2018, 25 იანვარი, 2019 წელი, პ-17; №ას-1470-2018, 15 თებერვალი, 2019 წელი, პ-41).

27. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა (გარდა რამდენიმე გამონაკლისისა - იხ. 33 პ.), რომ მოსარჩელეების მიერ აღმოჩენილი ნივთები სპეციალური კანონის მე-3 მუხლის „ბ“ პუნქტით გათვალიწინებული არქეოლოგიური ობიექტებია (100 ან მეტი წლის წინ ნაწილობრივ ან სრულად განამარხებული ან წყალქვეშ მოქცეული ნაშთი, კულტურული ფენა, რომელიც შექმნილია ადამიანის მიერ ან ადამიანის ბუნებაზე ზემოქმედების შედეგად ან რომელსაც ატყვია ადამიანის ზემოქმედების კვალი). უდავოა ისიც, რომ მოსარჩელეებმა სადავო ნივთები არა შემთხვევით, არამედ გამიზნული ძებნის მიზნით ჩატარებული არქეოლოგიურ სამუშაოთა შედეგად აღმოაჩინეს. სარჩელის მიხედვით - „ვინაიდან შერჩეული მიწის ნაკვეთი იყო ბოლშევიკების მიერ გასული საუკუნის 24-37 წლების რეპრესირებულთა ნამოსახლარები და ადგილობრივები დროდადრო პოულობდნენ ანტიკვარულ ნივთებს, მოსარჩელეებმა დააფუძნეს შპს განძის მოპოვებისა და ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობის საქმიანობის უფლებით. შპს-ს დაფუძნება განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ მიწის ფართის დამუშავების დროს ნამოსახლარებზე ანტიკვარული ნივთების აღმოჩენის შემთხვევაში მათი საქმიანობა არ ყოფილიყო უკანონო... ზემოაღნიშნული სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით, მოსარჩელეებმა საჩხერის რაიონის სოფელ ჭ–ში (ლ–ი) შეიძინეს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (დაზუსტებული ფართობით 1754 კვ.მ.), რაც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა შპს-ს ერთ-ერთ დამფუძნებლის გ.გ–ძის საკუთრებად. ამის შემდეგ მოსარჩელეებმა დაიწყეს მიწის ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, თუმცა ნიადაგის ღრმა დამუშავებამდე, რაიმე ფასეული ნივთების შესაძლო აღმოჩენისა და მძიმე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისგან დაზიანება-განადგურების თავიდან აცილების მიზნით, ნაკვეთი ზედაპირულად (დაახლოებით 20 სმ-ით), ხოლო რამდენიმე ადგილას შედარებით ღრმა (დაახლოებით 50 სმ) ფენად დაამუშავეს. შედეგად ქვევრი და მასში გადანახული ვერცხლის ჯამით ძვირფასეულობა იპოვეს (განძი)“ (იხ. სარჩელი - ტ. 1. ს.ფ. 3, 6). ამდენად, სარჩელიდან გამომდინარე, კასატორებმა არქეოლოგიური ობიექტების გამოვლენის მიზნით ჩაატარეს მიწისქვეშა სამუშაოები.

27. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, მოსარჩელეთა მიერვე მითითებული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, სადავო ნივთები შემთხვევით არ აღმოუჩენიათ, რის გამოც სპეციალური კანონის 33.2 მუხლი (ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სხვა სახის საქმიანობის შედეგად აღმოჩენილ არქეოლოგიურ ობიექტებზე (შემთხვევით აღმოჩენა) საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით) ვერ გამოიყენება.

28. პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით (სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები) მხარეები თავად იღებენ გადაწყვეტილებას, რომელ ფაქტებს დააფუძნონ სასარჩელო მოთხოვნები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან მოსარჩელეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს მათ სასარჩელო მოთხოვნას. კასატორებს კი არ წარმოუდგენიათ რაიმე დასაბუთებული პრეტენზია, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა მათი მოთხოვნის საფუძვლიანობაში.

29. პალატა დამატებით ყურადღებას გაამახვილებს კანონმდებლობით აღიარებულ არქეოლოგიური მემკვიდრეობის ფუნდამენტური მნიშვნელობაზე კაცობრიობისათვის, სახელმწიფოს მიერ მისი დაცვის ვალდებულებაზე, რომელიც განმტკიცებულია არა მხოლოდ კონსტიტუციით, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით, არამედ საერთაშორისო ხელშეკრულებითა და შეთანხმებებით. არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის ევროპული კონვენცია (ლა,ვალეტა 16.01.1992), რომელიც სახელმწიფოებს არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვას ავალდებულებს, მიუთითებს, რომ „განახლებული კონვენციის მიზანია არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვა, როგორც კოლექტიური ევროპული მეხსიერებისა და როგორც ისტორიული და მეცნიერული კვლევის ინსტრუმენტისა. ამ მიზნით, არქეოლოგიური მემკვიდრეობის, საგანი თუ კვალი ელემენტებად მიჩნეულია ყველა ისტორიული ნაშთი კაცობრიობის წარსულის ყოფისა, რომელთა: i) დაცვა და შესწავლა საშუალებას იძლევა ჩამოყალიბდეს კაცობრიობის განვითარების და მისი ბუნებრივ გარემოსთან ურთიერთობის ისტორია. ii) ინფორმაციის ძირითად წყაროს წარმოადგენს გათხრები და აღმოჩენები, აგრეთვე კაცობრიობისა და მისი გარემოს ურთიერთობის ისტორია. iii) ადგილმდებარეობა ექვემდებარება მონაწილე მხარეთა იურისდიქციას. არქეოლოგიურ მემკვიდერობაში იგულისხმება სტრუქტურები, შენობები, არქიტექტურული ანსამბლები, მოწყობილი ნაკვეთები, ნივთები, სხვა სახის ძეგლები, აგერთვე მათი გარემო, მიწაზე თუ წყალში“ (კონვენციის პირველი მუხლი).

30. გარდა სახელმწოფოსი, ფიზიკური და იურიდიული პირებიც ვალდებული არიან დაიცვან და მოუფრთხილდნენ კულტურულ მემკვიდრეობას; ისინი ვალდებულნი არიან სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სხვა სახელმწიფო ორგანოებს, მუნიციპალიტეტებს დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენის, გამოვლენის ან კულტურული მემკვიდრეობისთვის საფრთხის შემცველი გარემოების არსებობის შესახებ (სპეციალური კანონის 9.1 მუხლი). მოხმობილი კანონმდებლობა ემყარება კონცეფციას, რომ არქეოლოგიური მემკვიდრეობა მთლიანად კაცობრიობისა და ხალხის კუთვნილებაა და არა - ცალკეული პიროვნებების.

31. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე Giuseppe TORNO and others against Italy (საჩივარი no. 61781/08, 23.09.2012) კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 (ა) და მე-4 პუნქტის შესაბამისად დაუშვებლად ცნო საჩივარი, რომლითაც მომჩივნები დავობდნენ არქეოლოგიური ნივთების საკუთრებაზე კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის საფუძველზე და განმარტა, რომ „სახელმწიფოები სარგებლობენ თავისუფალი შეფასების ფარგლებით საკუთრებით სარგებლობის მარეგულირებელი ზომების მიღებისას, აგრეთვე იმის დადგენისას, არის თუ არა მათი შედეგები გამართლებული - ზოგადი ინტერესების გათვალისწინებით - განსახილველი კანონის მიზნის მიღწევისათვის. თავისუფალი შეფასების ფარგლები კიდევ უფრო ფართოა, როდესაც საქმე ეხება კულტურულ და ისტორიულ ფასეულობებს (იხ. Ruspoli Morenes v. Spain, no. 28979/07, §§ 39-40, 28 June 2011) ან როდესაც, როგორც მოცემულ შემთხვევაში, მიზანს წარმოადგენს ქვეყნის არქეოლოგიური მემკვიდრეობის შენარჩუნება და ეს არის არსებითი ღირებულება, რომლის დაცვა და ხელშეწყობა ევალება საჯარო ხელისუფლებას (იხ. Kozacıoğlu v. Turkey [GC], no. 2334/03, § 54, 19 February 2009; Beyeler v. Italy [GC], cited above § 112)“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მითითებით, არქეოლოგიური მასალის საჯარო საკუთრების პრეზუმფციის პრინციპი დადგენილი იყო ამ საკითხზე დამკვიდრებული შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო პრაქტიკითაც (იხ. Domestic Law and Practice above, paragraph 20). ამდენად, სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ საკასაციო სასამართლომ გონივრულად დაადგინა არქეოლოგიური მასალის საჯარო საკუთრების პრეზუმფცია.

32. კასატორთა პრეტენზია ისიც არის, რომ სადავო ნივთებიდან ნაწილი არქეოლოგიურ ობიექტებს საერთოდ არ განეკუთვნება. პალატა მიუთითებს, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, არქეოლოგიური ობიექტი არის 100 ან მეტი წლის წინ ნაწილობრივ ან სრულად განამარხებული ან წყალქვეშ მოქცეული ნაშთი, კულტურული ფენა, რომელიც შექმნილია ადამიანის მიერ ან ადამიანის ბუნებაზე ზემოქმედების შედეგად ან, რომელსაც ატყვია ადამიანის ზემოქმედების კვალი. თავად მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, „ოქროს და ვერცხლის ნივთების აბსოლუტური უმეტესობა ახ.წ. III საუკუნის მეორე ნახევრითა და IV საუკუნით თარიღდება (გამონაკლისია ვერცხლის ჯვრის ფორმის თვლებიანი ნივთი №11.1. და საკიდები №10.2-10.7, რომელიც XIX საუკუნის უნდა იყოს)“. ამ დასკვნიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ნივთები არქეოლოგიური ობიექტებია. ამის საწინააღმდეგო მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც პალატა შეძლებდა დასკვნას, რომ, თუნდაც XIX საუკუნის ნივთი 100 წელზე ნაკლები ხნით იყო განამარხებული, მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ, მაშინ, როდესაც სწორედ მათ ევალებოდათ სასამართლოს დარწმუნება იმაში, რომ აღმოჩენილ ნივთებზე სწორედ მათ წარმოეშვათ საკუთრების უფლება.

33. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ მოსარჩელეები არ არიან სადავო ნივთების მესაკუთრეები, შესაბამისად, არ არსებობს ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა.

34. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 410-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.გ–ძის, თ.შ–ძის, ხ.კ–ძის, გ.გ–ძის, შ.ქ–ნის, დ.ა–ისა და ლ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე