Facebook Twitter
საქმე №ას-1222-2022 27 იანვარი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - შპს „ტ.ე–ი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ფ.გ.“

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „ფ.გ–მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „ტ.ე–ის“ მიმართ, მოპასუხისთვის ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასურის გადაუხდელი ნაწილის და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით, შპს „ფ.გ–ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს „ტ.ე–ის“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა - 2570 ლარის ანაზღაურება. შპს „ტ.ე–ის“ შპს „ფ.გ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით - 2570 ლარის 0,01%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2019 წლის 21 მარტიდან, - გადაწყვეტილების აღსრულებამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განჩინებით შპს „ტ.ე–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება შპს „ტ.ე–იმ“ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ არასათანადოდ შეასრულა ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო (იატაკზე დასხმული ბეტონის დონეებს შორის სხვაობა), რის შემდეგაც დამკვეთის შეუტყობინებლად მიატოვა სამუშაო. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ შპს „ტ.ე–ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს ნარდობის საფასურის გადახდის წინაპირობების არსებობა და პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლიანობა წარმოადგენს.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამდენად, ნარდობის ხელშეკრულების დადებისას, დამკვეთის ძირითადი ვალდებულება ნარდობის საფასურის გადახდაა. ვალდებულება კი, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2019 წლის 14 მარტს დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შპს „ფ.გ–ს“ დამკვეთის სასარგებლოდ ევალებოდა საორიენტაციოდ 450 კვ.მ. ბეტონის იატაკის მოწყობა. ხელშეკრულების თანახმად, შეთანხმებული სამუშაოს მთლიანი სავარაუდო ღირებულება შეადგენდა - 5850 ლარს (დღგ-ის ჩათვლით), ხოლო საბოლოო ხელშეკრულების ღირებულება სრულად უნდა ანაზღაურებულიყო მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. ხელშეკრულების 6.1. პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით.

2019 წლის 16 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2019 წლის 14 მარტს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მომსახურების მიმღებმა (მოპასუხემ) ჩაიბარა ბეტონის იატაკის მოწყობის შესრულებული სამუშაო, დაზუსტებული ფართით - 390 კვ.მ, მომსახურების ღირებულებამ კი, შეადგინა - 5070 ლარი. ამავე აქტის თანახმად, სამუშაო მომსახურების მიმღებმა მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში, შეთანხმებული ხარისხით და მოცულობით და მხარეებს ერთმანეთის მიმართ შესრულებული სამუშაოს კუთხით, არანაირი პრეტენზია არ გააჩნდათ. ამასთან, მოპასუხემ მოსარჩელეს აუნაზღაურა - 2500 ლარი, ხოლო - 2570 ლარი არ გადაუხდია.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს კასატორის არგუმენტაციას მოსარჩელის (მენარდე) მხრიდან შეთანხმებული სამუშაოს არაჯეროვნად შესრულებასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ვერ წარმოადგინა ისეთი სახის მტკიცებულებები, რაც გააბათილებდა მხარეთა შორის 2019 წლის 16 მარტს გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტის შინაარსს, ამდენად ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების სათანადო მტკიცებულებით დადასტურება. ზემოაღნიშნული გარემოება კი, თავის მხრივ გამორიცხავს დამკვეთის მხრიდან ნაკლიანი შესრულების გამო ხელშეკრულებიდან გასვლის ან ნარდობის საფასურის შემცირების მოთხოვნის უფლებას.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და მოცემული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ დასტურდება შპს „ფ.გ–ის“ მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება. ამასთან, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შპს „ტ.ე–ის“ მოსარჩელის მიმართ გააჩნია ვადამოსული ფულადი ვალდებულება, რომელიც მოვალემ უნდა შეასრულოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის და 629-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ პირგასამტეხლოს დაკისრებასთან დაკავშირებით კი კასატორს კონკრეტული, დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მართებულად დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ნასყიდობის გადაუხდელი საფასურის ანაზღაურება და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ტ.ე–ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის წლის 27 ივნისის განჩინება;

3. შპს „ტ.ე–ის“ (ს/ნ ……) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ.ჯ–ას (პ/ნ ......) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის (საგადასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი 17.10.2022წ.) 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე