თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - გ.დ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „ს.შ.უ–ი“
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:სს „ს.შ.უ–მა“ სარჩელით მიმართა მარნეულის მაგისტრატ სასამართლოს, მოპასუხის - გ.დ–ძის მიმართ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „ს.შ.უ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; გ.დ–ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ 3889,75 ლარის ანაზღაურება დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება გ.დ–ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივნისის განჩინებით გ.დ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ.დ–ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მის მიმართ ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს (დამზღვევს) პრეტენზია არ გააჩნდა, რაც პოლიციელისთვის მიცემულ განმარტებაშიც დაადასტურა. აქედან გამომდინარე, მოპასუხეს სადაზღვევო კომპანიის სასარგებლოდ თანხის გადახდა არ უნდა დაეკისროს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ გ.დ–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ.დ–ძე ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას შეეჯახა სს „ს.შ.უ–ში“ დაზღვეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას. ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულ იქნა გ.დ–ძის მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედებით.
დადგენილია, რომ დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის მიყენებულმა ზიანმა 3889,75 ლარი შეადგინა, რომელიც სს „ს.შ.უ–მა“ დამზღვევს სრულად აუნაზღაურა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილია კასატორის მიერ სხვა პირისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 999-ე მუხლიდან გამომდინარე, მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობას ქმნიდა. ამასთან, ვინაიდან დაზიანებული მანქანა დაზღვეული იყო მოსარჩელესთან, რომელმაც დამზღვევს სრულად აუნაზღაურა ზიანი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მზღვეველზე გადავიდა.
რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ დამზღვევმა ზიანის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა, საქმეში წარმოდგენილია მეორე სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ პოლიციისადმი მიცემული განმარტება, რომლის თანახმადაც, მას პრეტენზია არ გააჩნია, რაც უკავშირდება უშუალოდ ავტოსაგზაო შემთხვევის თაობაზე მიმდინარე მოკვლევას, თუმცა ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნაზე უარის თქმას ადგილი არ ჰქონია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. იმავე კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის გამო, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.დ–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივნისის განჩინება;
3. კასატორს - გ.დ–ძეს (პ/ნ .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დ.ნ–ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის (საგადახდო დავალება №14847044850, გადახდის თარიღი 20.10.2022 წ.) 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე