Facebook Twitter
საქმე №ას-1340-2022 27 იანვარი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - შპს „ს.ც.ს–ი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - კ.თ–ი

დავის საგანი - დოკუმენტაციის გადაცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

კ.თ–მა სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს, შპს „ს.ც.ს–ის“ მიმართ და მოითხოვა კომპანიის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გამოთხოვა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით, კ.თ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს „ს.ც.ს–ს“ დაევალა კ.თ–ს გადასცეს: საზოგადოების სახელზე დაფუძნების დღიდან არსებული ყველა საბანკო ანგარიშის ნუსხა და აღნიშნული საბანკო ანგარიშებიდან ყველა ამონაწერის დამოწმებული ასლი; ყველა საკრედიტო ბარათის ანგარიშის ნუსხა, რომელიც არსებობს ან არსებობდა საზოგადოების დაფუძნების მომენტიდან მის სახელზე ან მისი ხარჯით და აღნიშნული ანგარიშის ყველა ამონაწერის დამოწმებული ასლი; ყველა გაფორმებული კონტრაქტი და სხვა დოკუმენტაცია, რომლის თანახმადაც საზოგადოების რომელიმე ქონება გაიყიდა, გაიცა იჯარით, დაიტვირთა იპოთეკით ან უფლებით ან სხვაგვარად გასხვისდა; საზოგადოების დაფუძნების მომენტიდან პარტნიორთა კრების ყველა ოქმი, მათ შორის პარტნიორთა რიგგარეშე კრების ოქმები; საზოგადოების დაფუძნების დღიდან ყოველი წლის საბუღალტრო წიგნები და არსებული ყველა საგადასახადო დოკუმენტაცია; ყველა აუდიტორული დასკვნა, როგორც სავალდებულო, ისე შპს საზოგადოების ინიციატივით ჩატარებული აუდიტორული დასკვნა; შპს „ს.ც.ს–ის“ შვილობილი საწარმოების ნუსხა, მასთან ფინანსურად დაკავშირებული კომპანიების ნუსხა, საერთო სარგებლობაში არსებული ქონების ნუსხა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2022 წლის 14 ივლისის განჩინებით შპს ,,ს.ც.ს–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ს.ც.ს–მა“ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს, კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურის დაცვით არ მიუმართავს კომპანიისთვის და არ დაუკონკრეტებია რა ტიპის ინფორმაციის მიღების სურვილი ჰქონდა, ამდენად არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ შპს „ს.ც.ს–ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საწარმოს პარტნიორის მიერ კომპანიის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გამოთხოვის საფუძვლიანობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს, შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით. კანონის ამავე რედაქციის 46-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად დირექტორებმა პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართონ, გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საწარმოს პარტნიორი, საზოგადოების წილის შეძენასთან ერთად შეიძენს მის წილთან დაკავშირებულ ქონებრივ და არაქონებრივ უფლებებს, მათ შორის ერთ-ერთ არაქონებრივ უფლებას წარმოადგენს საზოგადოების კონტროლისა და შემოწმების, საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე საზოგადოების პარტნიორებს უპირობოდ უფლება აქვთ, კონტროლი გაუწიონ საზოგადოების ხელმძღვანელობას. მეთვალყურეობა შესაძლებელია თითოეული პარტნიორის მიერ როგორც ინდივიდუალურად, ისე პარტნიორთა კრების მეშვეობით. სწორედ პარტნიორის მიერ ინდივიდუალური კონტროლის ფორმას წარმოადგენს საზოგადოების პარტნიორის უფლება, თავისუფლად მიუწვდებოდეს ხელი საზოგადოების საქმიანობის ამსახველ დოკუმენტაციაზე. თავის მხრივ, კანონით დადგენილია დირექტორის, როგორც ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მოვალეობა, ხელი შეუწყოს პარტნიორს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლების განხორციელებაში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აგვისტოს №ას-1571-2018 და 2021 წლის 28 სექტემბრის №ას-54-2022 განჩინებები).

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კ.თ–ი არის შპს „ს.ც.ს–ის“ 15%-იანი წილის მფლობელი, რომელმაც გამოხატა საწარმოში არსებული გარკვეული სახის ინფორმაციის და დოკუმენტაციის მიღების ინტერესი. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, მოპასუხეს სამართალწარმოების ფარგლებში არ გამოუვლენია მოსარჩელისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის გადაცემის ნება.

საკასაციო პალატა მითითებული ნორმების და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად დადასტურებულად მიიჩნევს, რომ კ.თ–ს, როგორც შპს „ს.ც.ს–ის“ პარტნიორს დაუსაბუთებლად შეეზღუდა საწარმოში დაცული დოკუმენტაციის გაცნობის უფლება, აღნიშნული გარემოება კი, მართებულად გახდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კასატორს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნასთან დაკავშირებით, საკასაციო საჩივრის ფარგლებში არ წარმოუდგენია სათანადოდ დასაბუთებული პრეტენზია/შედავება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ს.ც.ს–ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის განჩინება;

3. შპს „ს.ც.ს–ს“ (ს/ნ ……) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ.კ–ძის (პ/ნ ….) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის (საგადასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი 27.10.2022წ.) 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე