Facebook Twitter
საქმე №ას-1369-2022 27 იანვარი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ა(ა)იპ „ი.ა–ია“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - გ.მ–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

აღწერილობითი ნაწილი:

მ.ს–ძემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - გ.მ–ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის 9070 აშშ დოლარის და 11732 ლარის, 2016 წლის 18 აპრილიდან ყოველთვიურად 500 ლარის 7%-ისა და 2016 წლის 14 მაისიდან ყოველთვიურად 2600 ლარის 7%-ის გადახდის დაკისრება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით მ.ს–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გ.მ–ს მ.ს–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 7931,13 ლარის და 600 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მხოლოდ მ.ს–ძემ გაასაჩივრა. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინებით მ.ს–ძის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ა(ა)იპ „ი.ა–ია“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინებით ა(ა)იპ „ი.ა–იის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ „ი.ა–იამ“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი, გ.მ–ის ხელწერილებით დასტურდება სარჩელით მოთხოვნილი თანხების სესხება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ „ი.ა–ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს სესხის ხელშეკრულებით თანხის გადაცემა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. იმავე კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით კი, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება და ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობები ხელშეკრულების საგნის მოვალისათვის რეალურად გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა. თავის მხრივ, იგი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, თუმცა ფორმის არჩევა მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 დეკემბრის №ას-361-343-2015 განჩინება). „სადავოობის შემთხვევაში, მხარემ უნდა ამტკიცოს არა მხოლოდ სესხზე შეთანხმების არსებობა, არამედ სესხის საგნის რეალურად გადაცემის შესახებ ფაქტობრივი გარემოებაც“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივნისის №ას-398-371-2017 გადაწყვეტილება).

სადავო სასესხო ვალდებულების არსებობის ფაქტის დადასტურების შეფასების კუთხით, საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას გაამახვილებს უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვის თავისებურებებზე, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). „დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ოქტომბრის №ას-735-2021 და 2018 წლის 28 დეკემბრის №ას-1687-2018 განჩინებები).

სადავო შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის მოთხოვნილი თანხების მხოლოდ ნაწილის სესხება. სააპელაციო პალატის განმარტებით, არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის 2016 წლის 5 ოქტომბერს სესხის სახით 1300 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა ხსენებული თანხის გასესხების დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარდგენილი ხელნაწერი დოკუმენტი, რომელიც სათანადო მტკიცებულებად არ მიიჩნია. საკასაციო სასამართლო ხსენებული მტკიცებულების შინაარსის გაცნობის შედეგად, მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სრულყოფილად შეისწავლა დოკუმენტი და მართებულად შეაფასა ის, რადგან მისი შინაარსი არ არის გარკვევით ჩამოყალიბებული და არ წარმოადგენს სესხის აღების დადასტურებას. აქედან გამომდინარე, გამსესხებელმა ვერ დაძლია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი, რის გამოც მართებულად ეთქვა უარი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებაზე. ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთის შემცირებასთან დაკავშირებით კი კასატორს კონკრეტული, დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა(ა)იპ „ი.ა–იის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე