Facebook Twitter
საქმე №ას-1418-2022 27 იანვარი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ქარელის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „მ–სა“

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

აღწერილობითი ნაწილი:

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - შპს „მ–სას“ მიმართ, ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს - 7748 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს „მ–სას“ ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ 7748 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ–სამ“, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „მ–სას“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს „მ–სას“ ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა 2094.4 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციულმა ორგანომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორი აღნიშნავს, რომ შპს „მ–სამ“ დროულად არ შეასრულა მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც კომპანიას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ხელშეკრულების შეუსრულებლობისთვის მხარეთა მიერ შეთანხმებული წესით პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობების არსებობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელმაც ამავე კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, წარმოადგენს ფულად თანხას და მოვალემ ის უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. „პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება; პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივლისის №ას-428-428-2018 განჩინება). ამრიგად, „პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. დაუშვებელია პირგასამტეხლოს მოთხოვნის განხორციელება ძირითადი უფლების გარეშე, ასევე, პირგასამტეხლო უსაგნო იქნება, როცა მოვალის ბრალის გარეშე ვალდებულება ვერ შესრულდება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 სექტემბრის №ას-639-2021 და 2021 წლის 9 სექტემბრის №ას-574-2021 განჩინებები).

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „მ–სას“ შორის 2020 წლის 6 იანვარს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს „მ–სას“ ხელშეკრულების დადებიდან 45 კალენდარულ დღეში, 2020 წლის 20 თებერვლის ჩათვლით, ქარელის მუნიციპალიტეტის მერიისათვის უნდა მიეწოდებინა 130000 ლარის ღირებულების 130 ცალი ნაგვის შემკრები კონტეინერი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.02%.

დადგენილია, რომ შპს „მ–სამ“ დამკვეთს ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონტეინერების ნაწილი - 85 კონტეინერი მიაწოდა 2020 წლის 4 თებერვალს, ხოლო 1 ცალი - 13 თებერვალს. რაც შეეხება დანარჩენ ნაწილს, 1 ცალი კონტეინერი მოპასუხემ ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას 4 დღის დაგვიანებით მიაწოდა, ხოლო 44 ცალი კონტეინერი - 298 დღის დაგვიანებით. საგულისხმოა, რომ შპს “მ–სამ" 2020 წლის 15 დეკემბრის წერილით ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას აცნობა, რომ დაასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - 130 ცალი ნაგავშემკრები კონტეინერის მიწოდება, რაც იმავე დღეს დაადასტურა შემსყიდველმა ინსპექტირების აქტით და 2020 წლის 16 დეკემბერს შედგა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი.

ქარელის მუნიციპალიტეტის მერია სასარჩელო მოთხოვნას აფუძნებს მოვალის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დაგვიანებით შესრულების გარემოებას. საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მიმწოდებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ნაწილი, კერძოდ 85 კონტეინერი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში მიაწოდა დამკვეთს, რასაც საკასაციო პალატის მოსაზრებით არსებითი მნიშვნელობა აქვს ვალდებულების დარღვევის შინაარსის და შესაბამისად პირგასამტეხლოს გამოთვლის წესის განსაზღვრისთვის. ზემოაღნიშნულ საკითხთან მიმართებით საკასაციო პალატა ითვალისწინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას და განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა განხორციელებულიყო არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების, არამედ ვადაგადაცილებული ვალდებულების მოცულობის გათვალისწინებით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივლისის №ას-164-160-2016 გადაწყვეტილება; 2019 წლის 31 ივლისის №ას-581-2019 და 2022 წლის 25 ნოემბრის №ას-1157-2022 განჩინებები). ამიტომ, მოპასუხეს, ვადაგადაცილებული შესრულების მოცულობის შესაბამისად, მართებულად დაეკისრა 2623.2 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე