თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (განმცხადებელი; მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ.გ–ძე
მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
დავის საგანი - საკუთრების უფლების გაუქმება, საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა, ქონების მესაკუთრისათვის დაბრუნება
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
აღწერილობითი ნაწილი:მ.გ–ძემ სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ, საკუთრების უფლების გაუქმების, საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობისა და ქონების მესაკუთრისათვის დაბრუნების მოთხოვნით.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მ.გ–ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით მ.გ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ.გ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2010 წლის 14 სექტემბერს მესაკუთრის მიერ სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მიტოვება და სამინისტროს მიმართვის საფუძველზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია; დადგინდა სადავო უძრავი ქონების მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხვა. აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციულმა ორგანოებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 24 აგვისტოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ამავე სასამართლოს 2018 წლის 2 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
განმცხადებელმა წარადგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ბათილად იქნა ცნობილი მ.გ–ძის უფლების დამდგენი დოკუმენტი - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის №147 საკუთრების უფლების მოწმობა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 სექტემბრის განჩინებით განცხადებაზე დადგინდა ხარვეზი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარედგინა მტკიცებულება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. აღნიშნული განჩინება გაეგზავნა და ჩაბარდა ადრესატს 2022 წლის 20 სექტემბერს.
სააგენტომ 2022 წლის 23 სექტემბერს განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას და აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მ.გ–ძის მიერ და საქმე საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაშია. განმცხადებელმა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, საქმის წარმოების შეჩერება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 2 მაისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, ასევე, შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებელმა ვერ უზრუნველყო დადგენილი ხარვეზის გამოსწორება, რაც განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა. ასეთ პირობებში კი, ვერ განიხილებოდა წარმოებაში არარსებული საქმის შეჩერების თაობაზე შუამდგომლობაც.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის განჩინება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების წარდგენა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საქმის წარმოების განახლების საფუძველს ქმნიდა. ამასთან, იმავე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე სამოქალაქო პალატას უნდა დაეკმაყოფილებინა სააგენტოს შუამდგომლობა და შეეჩერებინა საქმის განხილვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მოცემულ შემთხვევაში საკვლევ საკითხს წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების წინაპირობების არსებობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამასთან, კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, განმცხადებელმა უნდა მიუთითოს იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც მოითხოვს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ან საქმის განახლებას. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველი კი, კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, შეიძლება გახდეს შემთხვევა, როდესაც სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ან თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. შესაბამისად, განმცხადებელმა არა მხოლოდ უნდა დაასახელოს საქმის წარმოების განახლების კონკრეტული საფუძვლები, არამედ უნდა წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მისი მოთხოვნის მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სასამართლო ავალებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვება.
განსახილველ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საქმის წარმოების განახლება მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ხსენებული გადაწყვეტილებით დამდგარი სამართლებრივი შედეგი სამოქალაქო საქმის განსხვავებულ გადაწყვეტას გამოიწვევს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 და 266-ე მუხლებიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილებებს სავალდებულო ძალა ენიჭება და გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი სადავო ვეღარ გახდება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, საქმის წარმოების განახლების მიზნებისთვის სასამართლოს სხვა გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნეს გათვალისწინებული და შეფასებული, თუკი ასეთი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. სწორედ ამიტომ დაადგინა სააპელაციო პალატამ განცხადებაზე ხარვეზი და განმცხადებელს ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოსთხოვა. აღნიშნული ხარვეზი კი განმცხადებელმა ვერ აღმოფხვრა, რადგან დასტურდება (მათ შორის განმცხადებლის განმარტებითაც), რომ ადმინისტრაციული საქმის განხილვა დასრულებული არ არის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების კანონიერება სადავოდ არის გამხდარი საკასაციო სასამართლოში. ამდენად, ვინაიდან სააგენტომ ხარვეზი ვერ აღმოფხვრა და ამ ეტაპზე ვერ წარადგინა საქმის წარმოების განახლებისთვის საჭირო სათანადო დოკუმენტი, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განცხადება განუხილველად. ასეთ პირობებში კი - განცხადების საფუძველზე დაწყებული წარმოების დასრულების გამო, იმავე განცხადების განხილვის შეჩერების თაობაზე შუამდგომლობაც ვერ იქნებოდა არსებითად გადაწყვეტილი და სწორად იქნა განუხილველად დატოვებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინება გამოსცა კანონმდებლობის სრული დაცვით და არ იკვეთება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე