თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - შპს „ზ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - დ.გ–ი
დავის საგანი - ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:შპს „ზ–მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - დ.გ–ის მიმართ, უძრავი ნივთების ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და ქონების მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით შპს „ზ–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე იშუამდგომლა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა: ა) წარედგინა ან მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, ან მიეთითებინა სადავო უძრავი ნივთების (ს/კ ..... და ს/კ ......) საბაზრო ღირებულება (წარედგინა აუდიტის დასკვნა) და გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი აღნიშნული თანხის 4%-ის ოდენობით; ბ) წარედგინა სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია.
ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დაცვით, აპელანტმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 160 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. აპელანტმა აღნიშნა, რომ არ არსებობდა სადავო უძრავი ქონება - კორპუსის მშენებლობა შეჩერებული იყო 2010 წლიდან, რის გამოც, მისი მოსაზრებით, დავის საგნის ღირებულება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, 4000 ლარით უნდა განსაზღვრულიყო.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დავის საგნის ღირებულების თაობაზე აპელანტის განმარტებები და მიუთითა, რომ უძრავი ქონების ღირებულება მხარეებმა სადავო ხელშეკრულებებით თავადვე განსაზღვრეს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 1 აგვისტოს განჩინებით ხარვეზის შევსების მიზნით კომპანიას დაევალა: ა) სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში მის მიერ წინასწარ გადახდილი 160 ლარის გარდა, დამატებით 1791,27 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენა; ბ) სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარდგენა.
ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დაცვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა, რომელმაც კვლავ აღნიშნა, რომ დავის საგნის ღირებულება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, 4000 ლარით უნდა განსაზღვრულიყო. გარდა ამისა, კომპანიამ მიუთითა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერზე, რომლის მიხედვითაც, შპს „ზ–ის“ ქონებაზე რეგისტრირებულია ყადაღა/აკრძალვა.
სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 სექტემბრის განჩინებით აპელანტს კვლავ მიეცა 10 (ათი) დღის ვადა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად. ამავე განჩინებით აპელანტს კანონით დადგენილი წესით განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის შედეგი (სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება).
ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს - მ.ნ–ას გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2022 წლის 6 ოქტომბერს პირადად ჩაბარდა, თუმცა აპელანტს შუამდგომლობით აღარ მიუმართავს სასამართლოსთვის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით შპს „ზ–ის“ სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო. ამასთანავე, აპელანტს დაუბრუნდა მის მიერ გადახდილი 160 ლარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინება შპს „ზ–მა“კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა დავის საგნის ღირებულება; არ გაითვალისწინა კომპანიის მძიმე ფინანსური მდგომარეობა და დაარღვია სამართლიანი სასამართლოს უფლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მოცემულ შემთხვევაში, საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის განსაზღვრულ ვადაში შეუვსებლობის გამო.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა კი სააპელაციო საჩივარზე, იმავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა. დავის საგნის ღირებულების გამოთვლის წესს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნივთის (ქონების) გადაცემის ან მიწოდების შესახებ სარჩელის შემთხვევაში დავის საგნის ფასი განისაზღვრება ამ ნივთის (ქონების) საბაზრო ღირებულებით; ხოლო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა – უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს უძრავი ნივთების ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობასა და ქონების მესაკუთრედ აღიარებას, ამრიგად, დავის საგანი ატარებს ქონებრივ ხასიათს და უნდა განისაზღვროს უძრავი ქონების ღირებულებით. უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი დავის საგნის ღირებულების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრის თაობაზე, რადგან ხსენებული ნორმა ეხება შემთხვევებს, როდესაც ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა. სადავო შემთხვევაში, დავის საგნის ფასის დადგენა შესაძლებელია, უფრო მეტიც, ის უშუალოდ მხარეთა მიერაც კი არის განსაზღვრული გასაჩივრებული ხელშეკრულებებით. ამდენად, ვინაიდან შპს „ზ–ს“ სახელმწიფო ბაჟი არ ჰქონდა გადახდილი, სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა საჩივარზე ხარვეზი და გადასახდელი ბაჟის ოდენობაც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად - უძრავი ქონების ღირებულების მიხედვით სწორად განსაზღვრა. აპელანტს კი მითითებული ოდენობით სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდია.
ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დავალება არ წარმოადგენს სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევას, ვინაიდან უფლება სამართლიან სასამართლოზე არ არის აბსოლუტური ხასიათის და სახელმწიფო ბაჟის დაწესება ამ უფლებაში ერთ-ერთ ლეგიტიმურ ჩარევას წარმოადგენს. სახელმწიფო ბაჟის გადახდის დავალება მხოლოდ მაშინ შეიძლება პირის უფლებების დარღვევად იქნეს განხილული, თუკი სასამართლო მხარეს უკანონოდ ეტყვის უარს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების/გადავადების/შემცირების შესაძლებლობაზე ან არაგონივრულად მცირე ვადას დაუწესებს ხარვეზის შესავსებად.
ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის განსაზღვრასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლზე, რომლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის გამოსასწორებლად ვადის განსაზღვრა სწორედ სასამართლო პრეროგატივას წარმოადგენს, რა დროსაც სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ხარვეზის შინაარსი, მისი გამოსწორებისთვის აუცილებელი, გონივრული დრო და დაიცვას ბალანსი აპელანტისა და მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს შორის. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით. თუმცა, „სასამართლო უფლებამოსილია, მხარეს გაუგრძელოს მის მიერ დადგენილი ვადა მხოლოდ ობიექტური გარემოებების არსებობისას. დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება და პროცესუალური ეკონომიის პრინციპის უგულებელყოფა. ამასთან, ობიექტური გარემოებების არსებობის დადასტურება თავად მხარის ვალდებულებას წარმოადგენს. აღნიშნული ვალდებულება გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლებიდან, რომელთა თანახმად, თითოეულმა მხარემ, მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ივნისის №ას-265-2022 განჩინება).
განსახილველ შემთხვევაში, აპელანტს ორჯერ გაუგრძელდა ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი საპროცესო ვადა, ამასთან, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის პირველად დადგენიდან სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებამდე გავიდა სამი თვე. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა იძლეოდა ხარვეზის გამოსწორების რეალურ შესაძლებლობას, თუმცა აპელანტს ხარვეზი მაინც არ გამოუსწორებია.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. განსახილველ შემთხვევაში კი, კერძო საჩივრის ავტორმა ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის/გართულების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები. კომპანიას წარმოდგენილი აქვს მხოლოდ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც 2015 წლით არის დათარიღებული და ამრიგად, არ ასახავს კომპანიის არსებულ მდგომარეობას. ამდენად, აპელანტისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების წინაპირობებიც არ იკვეთებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარემ საპროცესო ვადაში არ შეავსო ხარვეზი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 368-ე მუხლების მიხედვით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა წარმოიშვა. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები არ იკვეთება.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ზ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე