საქმე № ას-462-2021 8 ივნისი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სს „თ.ლ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ა–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ ხელშეკრულებისა და სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „თ.ლ–მა“ (შემდეგში: „მოპასუხე“, „ლიზინგის გამცემი“, „მყიდველი“, „აპელანტი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) 2016 წლის 30 აგვისტოს, აიღო ვალდებულება შპს „ჰ.ჯ–სათვის“ (შემდეგში: „ლიზინგის მიმღები“, „თავდები“, „მესამე პირი“) გადაეცა ქონება (1 ერთეული მუხლუხა ექსკავატორი). ლიზინგის მთლიანი ღირებულება განისაზღვრა 68 569,82 აშშ დოლარით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 36 თვით. ლიზინგის ხელშეკრულებით გამყიდველი (მიმწოდებელი) იყო შპს „ს–ა“ (შემდეგში: „გამყიდველი“).
2. ხელშეკრულების შესრულების მიზნით, 2016 წლის 30 აგვისტოს, ლიზინგის გამცემსა და გამყიდველს შორის გაფორმდა N1828-01 ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც გამყიდველმა აიღო ვალდებულება ხელშეკრულების პირობების სრული დაცვით მიეწოდებინა და საკუთრებაში გადაეცა მყიდველისთვის სახელშეკრულებო ქონება (მუხლუხა ექსკავატორი). ქონების ღირებულება განისაზღვრა - 54 000 აშშ დოლარით. ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 საბანკო დღის ვადაში მყიდველს ავანსის სახით უნდა გადაეხადა - 37 800 აშშ დოლარი, თავის მხრივ ქონების მიწოდებაც გამყიდველს უნდა განეხორციელებინა ავანსის გადარიცხვიდან 25 საბანკო დღის ვადაში. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა პირგასამტეხლო - 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ლიზინგის მიმღებს წარმოადგენდა მესამე პირი. ხელშეკრულების 14.2.3. პუნქტის მიხედვით, სახელშეკრულებო ქონების მიწოდებამდე, ხელშეკრულების 2.2. პუნქტის გათვალისწინებით ლიზინგის ხელშეკრულების შეწყვეტა გამოიწვევდა ნასყიდობის ხელსეკრულების ავტომატურ შეწყვეტას, რის შესახებაც მყიდველი შეტყობინებას გაუგზავნიდა გამყიდველს.
3. ნასყიდობის N1828-01 ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 20 სექტემბერს, ლიზინგის გამცემს, ა.ა–ძესა (შემდეგში: „მოსარჩელე“, „დირექტორი“, „ლიზინგის მიმღები კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი და ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი“) და მესამე პირს შორის დაიდო გირავნობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, გირავნობით უზრუნველყოფილია: ძირითადი (ნასყიდობის) ხელშეკრულების რომელიმე ან/და რამდენიმე მათგანის ფარგლებში გაფორმებული ნებისმიერი დოკუმენტის (მათ შორის დამატებითი ხელშეკრულებების) და ან გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებები. მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც უნდა დაკმაყოფილდეს უზრუნველყოფის მოთხოვნა არის 6 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.
4. ნასყიდობის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 11 მაისს დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, შპს ,,ჰ.ჯ–“ (თავდები) შპს ,,ს–ასთან'' ერთად კისრულობს სოლიდარულ პასუხისმგებლობას შეასრულოს ნასყიდობის ხელშეკრულებით შპს „ს–ის“ მიერ სს „თ.ლ–ის“ წინაშე ნაკისრი ვალდებულებები. ხელშეკრულების 2.3 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თავდები სოლიდარულად კისრულობდა ვალდებულებას ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად უკვე წარმოშობილი დავალიანების 51 207.70 აშშ დოლარის დაფარვაზე.
5. 2017 წლის 11 მაისს სს „თ.ლ–სა“ და ფიზიკურ პირ ა.ა–ძეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც ა.ა–ძემ შპს „ჰ.ჯ–სთან“ ერთად სოლიდარულად იკისრა ვალდებულება.
6. შპს „ჰ.ჯ–სა“ და სს „თ.ლ–ს“ შორის, 2017 წლის 11 მაისს გაფორმდა ხელშეკრულება - ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ. ხელშეკრულების საგანს სს „თ.ლ–სა“ და შპს „ჰ.ჯ–ს“ შორის 2017 წლის 11 მაისს გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების შესრულება წარმოადგენდა. ხელშეკრულება განისაზღვრა შემდეგი პირობებით:
6.1. ვინაიდან, 2016 წლის 30 აგვისტოს N3663-1828-14300 ლიზინგის ხელშეკრულების მიზნებისთვის გამყიდველთან გაფორმდა N1828-01 ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც გამყიდველს ლიზინგის მიმღებისთვის უნდა გადაეცა 54 000 აშშ დოლარის ღირებულების მუხლუხა ექსკავატორი;
6.2. ვინაიდან, N1828-01 ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, ლიზინგის მიმღებმა გამყიდველს გადაუხადა 37 800 აშშ დოლარი;
6.3. ვინაიდან, 2017 წლის 11 მაისს ლიზინგის მიმღებსა და მესამე პირს შორის N1828-01 ნასყიდობის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება;
6.4. ვინაიდან, N1828-01 ნასყიდობის ხელშეკრულება „კრედიტორმა“ ცალმხრივად შეწყვიტა გამყიდველის მიერ სახელშეკრულებო ქონების მოუწოდებლობის გამო, ხოლო გამყიდველს ლიზინგის გამცემის მიმართ წარმოეშვა - 51 207.70 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება, საიდანაც 37 800 აშშ დოლარი - ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი თანხა, 10 530 აშშ დოლარი - სახელშეკრულებო ქონების მიწოდების ვადის დარღვევის გამო ყოველ ვალდაგადაცილებულ დღეზე დარიცხული პირგასამტეხლო, ხოლო 2 877.70 აშშ დოლარი - მიუღებელი შემოსავლის სახით არსებული ზიანი იყო;
6.5. ვინაიდან, N3663-1828-14300 ლიზინგის ხელშეკრულების ფარგლებში „მოვალეს“, როგორც ლიზინგის მიმღებს გადახდილი აქვს 17 714.52 აშშ დოლარი;
6.6. მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2016 წლის 11 მაისის თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, ლიზინგის მიმღებს უნდა გადაეხადა „კრედიტორისთვის“ N 1828-01 ნასყიდობის საფუძველზე წარმოშობილი დავალიანება 40 677.70 დოლარი, ხოლო, უკვე გადახდილი 17 714.52 აშშ დოლარის გაქვითვით გადასახდელი თანხა შეადგენდა - 22 962.48 აშშ დოლარს, რომელიც უნდა გადაეხადა გრაფიკის მიხედვით და მითითებულ თანხაზე წლიური 8% სარგებლის გათვალისწინებით, ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გადასახდელ თანხას დაერიცხებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1%;
6.7. მხარეები დამატებით შეთანხმდნენ, რომ სულ მცირე 12 000 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ, მოვალე უფლებამოსილი იქნებოდა მოეთხოვა N3663-1828-03 გირავნობის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა;
6.8. ამავე ხელშეკრულებით, მხარეთა შეთანხმებით გაუქმდა 2016 წლის 30 აგვისტოს ლიზინგის ხელშეკრულება N3663-1828-14300;
7. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ლიზინგის გამცემმა გამყიდველს გადაურიცხა ავანსის თანხა. კერძოდ, 2016 წლის 6 სექტემბერს - 16 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი - 37 206.54 ლარი; 2016 წლის 21 სექტემბერს - 21 600 აშშ დოლარის ეკვივალენტი - 50 092.56 ლარი.
8. სადავო არაა, რომ გამყიდველს ნასყიდობის საგანი ლიზინგის გამცემისთვის არ გადაუცია და შესაბამისად არც ლიზინგის მიმღებს მიუღია.
9. ლიზინგის გამცემის სააღრიცხვო პროგრამის 2019 წლის 10 იანვრის ამონაწერით დასტურდება, რომ ლიზინგის მიმღებმა ლიზინგის გამცემს 2017 წლის 11 მაისის ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ შეთანხმების საფუძველზე, ჯამში 12 579.77 აშშ დოლარი გადაურიცხა.
10. 2016 წლის 20 სექტემბერს, ლიზინგის გამცემს, ა.ა–ძესა და მესამე პირს შორის დადებულ გირავნობის ხელშეკრულებაში, 2017 წლის 16 მაისს შევიდა ცვლილება, მოსარჩელის სატრანსპორტო საშუალება გახდა ასევე ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ 20017 წლის 11 მაისს დადებული ხელშეკრულების უზრუნველყოფის საშუალება.
11. ნოტარიუსმა, 2018 წლის 12 ივნისს გასცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორს წარმოადგენდა ლიზინგის გამცემი, მოვალეს - ლიზინგის მიმღები, ხოლო დამგირავებელს - კომპანიის დირექტორი. სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძველს წარმოადგენდა 2017 წლის 11 მაისის ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ შეთანხმება, 2016 წლის 20 სექტემბრის გირავნობის ხელშეკრულება (N3663-1828-01) და მასში 2017 წლის 16 მაისს განხორციელებული ცვლილება/დამატების შესახებ შეთანხმება.
12. 2018 წლის 12 ივნისის N180679191 სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, დავალიანება განისაზღვრა - 12 579.71 აშშ დოლარით, აქედან ვადაგადაცილებული დავალიანება - 10 592,75 აშშ დოლარი, სამომავლო გადახდების ჯამი სარგებლის გარეშე - 1 986, 96 შშ დოლარი იყო. სააღსრულებო ფურცლის თანახმად, კომპანიის დირექტორის საკუთრებაში არსებული დაგირავებული ავტოსატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარა რეალიზაციას (იხ. 12.06.2018 წლის სააღსრულებო ფურცელი N180679191).
13. სარჩელის მოთხოვნა
13.1. კომპანიის დირექტორმა, 2018 წლის 10 აგვისტოს წარადგინა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოითხოვა:
13.1.1. ლიზინგის გამცემსა და ლიზინგის მიმღებს შორის, 2017 წლის 11 მაისს გაფორმებული ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
13.1.2. ნოტარიუს მედეა გვაზავას მიერ, 2018 წლის 12 ივნისს გაცემული #180679191 სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა;
14. მოპასუხის (ლიზინგის გამცემის) შესაგებელი
14.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
15. დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირის (ლიზინგის მიმღები) შესაგებელი
15.1. მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე და მის მხარეზე ჩაბმულმა მესამე პირმა სასარჩელო მოთხოვნები სრულად ცნო.
16. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
16.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სადავო ხელშეკრულება და ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი.
17. ლიზინგის გამცემის სააპელაციო მოთხოვნა
17.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
18. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
18.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
18.2. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (სსსკ-ის 390.3.-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი).
18.3. სააპელაციო სასამართლომ, არ გაიზიარა აპელანტის შუამდგომლობა, არც მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არარსებობასთან და არც გარიგების ბათილად ცნობისას შეცილების ერთ წლიან ვადასთან დაკავშირებით.
18.3.1. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ასევე მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე 2018 წლის 12 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება, რომლითაც შესასრულებელი ფულადი ვალდებულება განსაზღვრული იყო 12 579.71 აშშ დოლარით. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საფუძველი გამოეცლებოდა მოპასუხის (კრედიტორის) მოთხოვნას, ამასთან მოსარჩელეს წარმოეშობოდა უფლება უკვე გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ (დადგენილია, რომ შპს „ჰ.ჯ–ს“ მიერ სს „თ.ლ–ის“ სასარგებლოდ, 2017 წლის 11 მაისის ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ შეთანხმების საფუძველზე ჯამში გადარიცხულია 12, 579.77 აშშ დოლარი).
18.3.2. რაც შეეხება, აპელანტის მოსაზრებას შეცილების ერთწლიანი ვადის დაუცველობის შესახებ, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია, ვინაიდან, მოსარჩელე სადავო გარიგების ბათილობის საფუძვლად მიუთითებდა სსკ-ის 54-ე მუხლზე, რომელიც თავისი სამართლებრივი ბუნებით მიეკუთვნება უცილოდ ბათილ გარიგებათა რიცხვს, შესაბამისად, სამართლებრივად ვარგისი აღარც შეცილების ვადების დადგენა იყო.
18.4. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა სარჩელის საფუძვლიანობის შესახებ და განმარტა, რომ 2017 წლის 11 მაისის სადავო ხელშეკრულების გაფორმებას წინ უძღოდა ლიზინგის ხელშეკრულება, კერძოდ, 2016 წლის 30 აგვისტოს ლიზინგის ხელშეკრულებით (N3663-1828-14300), ლიზინგის გამცემმა, აიღო ვალდებულება ლიზინგის მიმღებისათვის გადაეცა ქონება - 1 ერთეული მუხლუხა ექსკავატორი. ლიზინგის ხელშეკრულებით გამყიდველს, ანუ ლიზინგის საგნის მიმწოდებელს წარმოადგენდა - შპს „ს–ა“. მითითებული ხელშეკრულების შესრულების მიზნით, 2016 წლის 30 აგვისტოს, ლიზინგის გამცემსა (მყიდველი) და გამყიდველს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, გამყიდველს უნდა მიეწოდებინა და საკუთრებაში გადაეცა ლიზინგის მიმღებისთვის (მესამე პირისთვის) სახელშეკრულებო ქონება (მუხლუხა ექსკავატორი). სადავო არაა, რომ ლიზინგის საგანი ლიზინგის მიმღებს არ გადასცემია, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულება მოპასუხემ ცალმხრივად შეწყვიტა გამყიდველის მიერ სახელშეკრულებო ქონების მიუწოდებლობის გამო, რის გამოც, ამ უკანასკნელს მოპასუხის მიმართ წარმოეშვა - 51 207.70 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.
18.5. როგორც ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ 11.05.2017წ. ხელშეკრულების შინაარსიდან ირკვევა, მისი გაფორმების მიზანს სწორედ ლიზინგის ხელშეკრულების ფარგლებში გამყიდველის მიერ, ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონების მიუწოდებლობის (ლიზინგის საგნის გადაცემა) გამო წარმოშობილი ფულადი ვალდებულების შესრულება წარმოადგენდა. კერძოდ, სადავო ხელშეკრულებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2016 წლის 11 მაისის თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, მესამე პირს უნდა გადაეხადა „კრედიტორისთვის“ N1828-01 ნასყიდობის საფუძველზე წარმოშობილი დავალიანება. შესაბამისად, დგინდება, რომ სადავო ხელშეკრულებით, მესამე პირს ლიზინგის გამცემის მიმართ წარმოეშვა იმ ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად წარმოშობილი ფულადი ვალდებულების შესრულების პასუხისმგებლობა, რომლის საფუძველზე, უნდა მომხდარიყო ლიზინგის გადაცემა, თუმცა ლიზინგის საგანი არ გადასცემია.
18.6. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა განხორციელდა ფიზიკურ პირთან გაფორმებული თავდებობისა და გირავნობის ხელშეკრულებით, რომელიც ამავდროულად წარმოადგენს ლიზინგის საგნის მიმღების შპს „ჰ.ჯ–ს“ 100%-იანი წილის მფლობელს.
18.7. სასამართლომ განმარტა, რომ დასაბუთებული იყო მოსარჩელის მითითება, რომ სსკ-ის 577-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დათქმის გათვალისწინებით, მოპასუხეს არ ჰქონდა უფლება, მესამე პირთან შეთანხმების გარეშე, ცალმხრივად შეეწყვიტა ნასყიდობის ხელშეკრულება, ასეთი შეთანხმების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენის ვალდებულება კი, სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, სწორედ მოპასუხეს ეკისრებოდა, თუმცა, ასეთი მტკიცებულებები ლიზინგის გამცემს სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
18.8. რაც შეეხება იმ სამართლებრივ შედეგებს, რომლის დადგომაც განაპირობა 2017 წლის 11 მაისის სადავო ხელშეკრულების გაფორმებამ, პალატის შეფასებით ეწინააღმდეგებოდა ლიზინგის ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებას, მის მიზნებს. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ ვერც აპელანტის ის არგუმენტი გამოდგება, რომ პასუხისმგებლობა მესამე პირმა არა ლიზინგის, არამედ ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში იკისრა, ვინაიდან უდავოა, რომ მხარეები სადავო ხელშეკრულების გაფორმებისას სწორედ ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობის ფარგლებში მოქმედებდნენ, საბოლოოდ კი ლიზინგის მიმღები ლიზინგის გამცემის წინაშე პასუხისმგებელი გახდა იმ ვალდებულების შესრულებაზე, რომელიც წარმოეშვა გამყიდველის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო და რომლითაც მესამე პირს უნდა გადასცემოდა ლიზინგის საგანი.
18.9. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება და მიიჩნია, რომ სადავო 11.05.2017წ. გარიგება ეწინააღმდეგება, როგორც კეთილსინდისიერების პრინციპს, ასევე ლიზინგის მიზანს, ვინაიდან, ამ ხელშეკრულებით, ლიზინგის მიმღებმა - იკისრა იმ ფულადი ვალდებულების შესრულება, რომელიც გამომდინარეობდა ლიზინგის ხელშეკრულების შესრულების მიზნით ლიზინგის გამცემსა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ლიზინგის საგანი არ გადაცემულა.
18.10. ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე, კრედიტორს მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ მოვალის მიმართ სსკ-ის 203-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით ვალი შეიძლება თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც (ვალის გადაკისრება). ასეთ შემთხვევაში, მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 203-ე მუხლი აწესრიგებს ისეთ შემთხვევას, როდესაც ვალის გადაკისრებას ადგილი აქვს კრედიტორსა და მესამე პირს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, სადაც ცალსახაა კრედიტორის ნება მესამე პირის მიერ ვალდებულების საკუთარ თავზე აღების თაობაზე. აღნიშნული გარიგების სამართლებრივი შედეგია ის, რომ მესამე პირი იკავებს მოვალის ადგილს, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული გარიგებით თავდაპირველი მოვალის მიმართ ვალდებულება წყდება და შესაბამისად, კრედიტორს თავდაპირველი მოვალის მიმართ მოთხოვნის უფლება აღარ გააჩნია.
19. ლიზინგის გამცემის საკასაციო მოთხოვნა
19.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 თებერვლის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ლიზინგის გამცემმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
19.2. კასატორის მტკიცებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის გარეშეა მიღებული და ეყრდნობა სსსკ-ის 54-ე მუხლს და მასთან ერთად 115-ე და 316.2 მუხლებს. ამასთან, გასაჩივრებულ განჩინებაში სსსკ-ის 54-ე მუხლის რომელ ნაწილს ეყრდნობოდა სასამართლო, არ მიუთითებია.
19.3. კასატორის განმარტებით, ლიზინგის ხელშეკრულება ვერ მიიჩნეოდა მასსა და მესამე პირს შორის დადებული ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ შეთანხმების გაფორმების საფუძვლად, ვინაიდან თავდებობისა და გირავნობის ხელშეკრულებები ნასყიდობის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იყო გამოყენებული.
19.4. კასატორის განმარტებით, ნასყიდობის საგანი თავად ლიზინგის მიმღებმა შეარჩია, მისი თანხმობითა და მონაწილეობით დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულებაც, რომლის საფუძველზეც, ლიზინგის გამცემმა ანგარიშსწორება განახორციელა გამყიდველთან. აღნიშნულ შემთხვევაში მესამე პირს კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, თუ რა ურთიერთობაში შედიოდა, რის გამოც გამყიდველთან შეთანხმებული მოქმედებების პირობებში შესაძლო იყო ლიზინგის გამცემისთვის მატერიალური ზიანის მიყენება.
19.5. კასატორის მტკიცებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა ვალის გადაკისრების შესახებ, ვინაიდან ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ შეთანხმება ლიზინგის მიმღების მხრიდან თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიზნით გაფორმდა, ხოლო სასამართლოს მხრიდან აღნიშნული ხელშეკრულების ცალკე განხილვის მიზნით, ის არ აკმაყოფილებდა ვალის გადაკისრების შესახებ ხელშეკრულების პირობებს, თუმცა შესაძლოა ვალის აღიარებად იყოს განხილული.
19.6. სასამართლომ დავა არასწორად მიიჩნია სალიზინგო ურთიერთობიდან წარმოშობილად, აღნიშნულის საპირისპიროდ კი, სახეზეა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულება, რომელსაც მესამე პირი იმ მიზეზით, რომ ლიზინგის მიმღებია, ვერ აარიდებდა თავს.
19.7. კასატორმა აგრეთვე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი ვერ მოხდებოდა მატერიალური შედეგის დადგომა, ვინაიდან კრედიტორს სხვა - გირავნობის ურთიერთობის ფარგლებში ექნებოდა მოთხოვნის უფლება, რაც განსახილველ დავაში მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არარსებობას გულისხმობს.
20. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 14 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
23. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
24. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები. კერძოდ, დადგენილია, რომ 2017 წლის 11 მაისის სადავო ხელშეკრულების გაფორმებას წინ უძღვოდა 2016 წლის 30 აგვისტოს ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, სს „თ.ლ–მა“, როგორც ლიზინგის გამცემმა, აიღო ვალდებულება შპს „ჰ.ჯ–სათვის“, როგორც ლიზინგის მიმღებისათვის გადაეცა ქონება - 1 ერთეული მუხლუხა ექსკავატორი. ლიზინგის ხელშეკრულებით გამყიდველს, ანუ ლიზინგის საგნის მიმწოდებელს წარმოადგენდა შპს „ს–ა“. მითითებული ხელშეკრულების შესრულების მიზნით, 2016 წლის 30 აგვისტოს, სს „თ.ლ–სა“ (მყიდველი) და შპს „ს–ას“ (გამყიდველი) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, გამყიდველს უნდა მიეწოდებინა და საკუთრებაში გადაეცა შპს „ჰ.ჯ–სათვის“ სახელშეკრულებო ქონება (მუხლუხა ექსკავატორი). დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არაა, რომ ლიზინგის საგანი შპს „ჰ.ჯ–ს“ არ გადასცემია, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულება მოპასუხემ ცალმხრივად შეწყვიტა შპს „ს–ის“ მიერ სახელშეკრულებო ქონების მიუწოდებლობის გამო, რის გამოც, ამ უკანასკნელს მოპასუხის მიმართ წარმოეშვა - 51 207,70 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება. როგორც ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ 2017 წლის 11 მაისის ხელშეკრულების შინაარსიდან ირკვევა, მისი გაფორმების მიზანს სწორედ ლიზინგის ხელშეკრულების ფარგლებში შპს „ს–ის“ მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონების მიუწოდებლობის (ლიზინგის საგნის გადაცემა) გამო წარმოშობილი ფულადი ვალდებულების შესრულება წარმოადგენდა. კერძოდ, სადავო ხელშეკრულებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2016 წლის 11 მაისის თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, „მოვალემ“ - შპს „ჰ.ჯ–მ“ უნდა გადაუხადის „კრედიტორს“ N1828-01 ნასყიდობის საფუძველზე წარმოშობილი დავალიანება. შესაბამისად, სადავო ხელშეკრულებით, შპს „ჰ.ჯ–ს“ სს „თ.ლ–ის“ მიმართ წარმოეშვა იმ ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად წარმოშობილი ფულადი ვალდებულების შესრულების პასუხისმგებლობა, რომლის საფუძველზე უნდა მომხდარიყო ლიზინგის გადაცემა, თუმცა ლიზინგის საგანი შპს „ჰ.ჯ–ს“ არ გადასცემია. ამასთან, ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა განხორციელდა ფიზიკურ პირ ა.ა–ძესთან (მოსარჩელესთან) (რომელიც ამავდროულად წარმოადგენს ლიზინგის საგნის მიმღების შპს „ჰ.ჯ–ს“ 100%-იანი წილის მფლობელს) გაფორმებული თავდებობისა და გირავნობის ხელშეკრულებით.
25. პირველ რიგში, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლს, რომელიც ლიზინგის ინსტიტუტის მომწესრიგებელი ცენტრალური ნორმაა და ამ სახის ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის მიხედვით, ლიზინგის გამცემის ვალდებულებაა ლიზინგის მიმღებისთვის ქონების სარგებლობაში გადაცემა, ხოლო ლიზინგის მიმღების ვალდებულება ლიზინგის საზღაურის გადახდით გამოიხატება. ამასთან, ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება. თუმცა აღნიშნული ისე არ უნდა იქნას გაგებული, რომ მიმწოდებლის მიერ ვალდებულების დარღვევაზე პასუხისმგებლობა ლიზინგის მიმღებს ეკისრება.
26. სამოქალაქო კოდექსის 577-ე მუხლი განსაზღვრავს ლიზინგის მიმღების უფლებებს მიმწოდებლის მიმართ და იმპერატიულად ადგენს, რომ მიმწოდებელთან დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა, რომლებიც გავლენას ახდენს ლიზინგის მიმღების უფლებებზე, დასაშვებია მხოლოდ ლიზინგის მიმღების თანხმობით (სსკ 577-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამრიგად, კანონმდებელი მიუთითებს არა ყოველგვარი სახის, არამედ იმ ცვლილებებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ლიზინგის მიმღების უფლებებზე. ამავე დროს, კანონმდებელი ლიზინგის მიმღებს უკრძალავს მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების შეცვლას, შეწყვეტასა და მოშლას ლიზინგის გამცემის თანხმობის გარეშე.
27. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შპს „ჰ.ჯ–სთან“ რაიმე სახის შეთანხმების არსებობას დაადასტურებდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გაიზიარა მოსარჩელის პრეტენზია მოპასუხის მხრიდან სსკ 577.3-ე მუხლის დარღვევის შესახებ.
28. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ წინამდებარე დავა გამომდინარეობს ნასყიდობის და არა სალიზინგოსამართლებრივი ურთიერთობიდან და სასამართლოს მოსარჩელის მოთხოვნა სწორედ ამ ურთიერთობის ფარგლებში უნდა შეეფასებინა.
29. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, შპს „ჰ.ჯ–“ სს „თ.ლ–ის“ წინაშე პასუხისმგებელი გახდა იმ ვალდებულების შესრულებაზე, რომელიც წარმოეშვა შპს „ს–ას“ ნასყიდობის ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო და რომლითაც შპს „ჰ.ჯ–ს“ უნდა გადასცემოდა ლიზინგის საგანი. ამდენად, უდავოა, რომ შპს „ჰ.ჯ–მ“ პასუხისმგებლობა ლიზინგის ხელშეკრულების ფარგლებში იკისრა. შესაბამისად, მხარეები სადავო ხელშეკრულების გაფორმებისას სწორედ ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობის ფარგლებში მოქმედებდნენ, რაც გამორიცხავს კასატორის ზემოაღნიშნული პრეტენზიის გაზიარების შესაძლებლობას.
30. რაც შეეხება თავად სადავო ხელშეკრულებას, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მის შინაარსს და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას აღნიშნული შეთანხმების ბათილობის თაობაზე. უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაშია განმარტებული, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს როგორც კანონი, ასევე მორალური ქცევის სტანდარტი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და ბათილობის სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ იმგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს (იხ. სუსგ: №ას-212-201-2017, 15.05.2017; №ას-15-15-2016, 1.03.2016). სსკ-ის 54-ე მუხლი გამოყოფს „სამი სახის ფასეულობას“, რომელთა დარღვევა იწვევს გარიგების ბათილობას: კანონით დადგენილი წესი და აკრძალვა; საჯარო წესრიგი; ზნეობის ნორმები... ამ მუხლის მიზანია, ზოგადად მართლწესრიგსა და სამოქალაქო სამართალს შორის კავშირის უზრუნველყოფა და იმის დაფიქსირება, რომ გარიგების ნამდვილობა არ არის მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის ნორმებზე დამოკიდებული... დამკვიდრებული შეხედულების თანახმად, გარიგება ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს, როდესაც იგი არსებითად არღვევს ერთ-ერთი მხარის ინტერესებს და არათანაბარ პირობებში აყენებს მას... ზნეობის შესაბამისი გარიგება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს არ უნდა აყენებდეს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. ამ საკითხის კვლევისას, შემოწმების საგანია არა გარიგების მონაწილეთა ქცევა ზნეობასთან მიმართებაში, არამედ გარიგების შინაარსის მიმართება ზნეობასთან (იხ. სუსგ: №ას-10-2020, 24.06.2020).
31. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ სადავო შეთანხმების დადებას წინ უსწრებდა შპს „ჰ.ჯ–სა“ და სს „თ.ლ–ს“ შორის ლიზინგის ხელშეკრულების, ხოლო სს „თ.ლ–სა“ და შპს „ს–ას“ შორის ლიზინგის ხელშეკრულების შესრულების მიზნით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები. ბოლო ორ ხელშეკრულებაში შპს „ჰ.ჯ.“ წარმოადგენდა ლიზინგის მიმღებს, რომლის ინტერესიც ლიზინგის საგნის მიღება იყო. სწორედ ლიზინგის ხელშეკრულების შესრულების მიზნით დაიდო სს „თ.ლ–ს“ (მყიდველი) და შპს „ს–ას“ (გამყიდველი) შორის ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც გამყიდველი კისრულობდა ნასყიდობის საგნის მყიდველისთვის საკუთრებაში გადაცემას, თუმცა ლიზინგის საგანი შპს „ჰ.ჯ–ს“ არ გადასცემია. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ 2017 წლის 11 მაისის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა განხორციელდა ფიზიკურ პირ ა.ა–ძესთან (რომელიც იმავდროულად შპს „ჰ.ჯ–ს“ 100%-იანი წილის მფლობელი იყო) გაფორმებული თავდებობისა და გირავნობის ხელშეკრულებებით. გამომდინარე იქიდან, რომ საწარმოს არ გადასცემია ლიზინგის საგანი, ხოლო მოსარჩელე იხდიდა თანხას იმ გარიგების საფუძველზე, საიდანაც მას სარგებელი არ მიუღია, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ხელშეკრულების გაფორმება ეწინააღმდეგება ლიზინგის ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებას და იგი, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს ამორალურ გარიგებად.
32. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
33. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
35. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2 065.8 ლარის 70% - 5 600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „თ.ლ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. სს „თ.ლ–ს“ (.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №1620372127, გადახდის თარიღი 07.05.2021), 2 065.8 ლარის 70% - 5 600 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
ლ. მიქაბერიძე