საქმე № ას-548-2022 13 ივლისი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ლ.ხ–ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.გ.წ.კ–ია“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ლ.ხ–ია არის ზუგდიდის რაიონის სოფ. ....... მდებარე ქონების ს/კ ...... თანამესაკუთრე. მოსარჩელის მისამართია ზუგდიდი, სოფ. ......., ქ. 20. ზუგდიდის სასმელი წყლის სისტემების მშენებლობის (ZUG-01, P43405-ICB-ZUG-01) ფარგლებში შპს ,,ს.გ.წ.კ–იის; კონტრაქტორმა შპს ,,ა–მა“ განახორციელა 10 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობის სამუშაოები, რაც განხორციელდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაცემული სამშენებლო ნებართვით შეთანხმებული საპროექტო გეგმის შესაბამისად.
2. მოსარჩელემ სარჩელის აღძვრამდე მიმართა, სხვადასხვა უწყებას, მათ შორის მოპასუხეს აღნიშნული მაღალი ძაბვის საჰაერო და მიწისქვეშა სადენების გაყვანისა და სატრანსფორმატორო სადგურის მოწყობის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით და 28.09.2019 წელს მიიღო წერილობითი პასუხი, სადაც მითითებულია, რომ სამუშაოები მიმდინარეობს ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 09.12.2015 წ #2368 სამშენებლო ნებართვით შეთანხმებული საპროექტო გეგმის შესაბამისად, დაცულია უსაფრთხოების ნორმები და არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისა თუ არსებული გარემოსთვის.
3. სასარჩელო მოთხოვნა
შპს ,,ს.გ.წ.კ–იამ’’ უზრუნველყოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ......., ს ქუჩაზე განთავსებული ელექტროსადენების და ტრანსფორმატორების გადატანა.
4. მოპასუხის შესაგებელი
შპს ,,ს.გ.წ.კ–იამ’’ ლ.ხ–ას სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო.
5. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით
სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ს.გ.წ.კ–იას დაევალა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფელ ......., ქ. #20-ის (ს/კ .....) მიმდებარედ განთავსებული 10 კვ. ელექტროგადამცემი ხაზების გადატანა იმგვარად, რომ მოსარჩელის საკუთრებასთან დაცული იყოს ,,ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობის დაცვის წესის და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ" საქართველოს მთავრობის #366-ე დადგენილებით და ПУЭ (ელექტროდანადგართა მოწყობის წესები)
6. სააპელაციო მოთხოვნა
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შპს ,,ს.გ.წ.კ–იამ’’ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რომლითაც მოითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
7.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 01 მარტის გადაწყვეტილებით გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ,,ს.გ.წ.კ–იის’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7.2. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ელ.დანადგარების მოწყობის წესები და საქართელოს მთავრობის დადგენილება, რასაც ძირითადად აყრდნობს თავის სარჩელს მოსარჩელე მხარე, ვერ გამოდგება ნეგატორული სარჩელის დაკმაყოფილების ვერც ფაქტობრივ და ვერც სამართლებრივ საფუძვლად, რადგან ასეთი სარჩელის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელია მოსარჩელემ დაასაბუთოს მიზეზობრივი კავშირისა და კონკრეტული ზიანის არსებობა, რასაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ვერ ასაბუთებს, რადგან მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ დარღვეულია მოპასუხის მიერ კონკრეტული წესი ვერ გახდება ნეგატორული სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა.
7.3. პალატის განმარტებით, მოსარჩელეს არა თუ მტკიცებულება წარმოუდგენია მოპასუხის მიერ გარკვეული წესების დარღვევის გამო რა სახის ზიანი მიიღო, არამედ მითითებულიც კი არა აქვს მსგავს გარემოებაზე, ამგვარი რეალობის პირობებში პალატამ სრულიად გამორიცხა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი შესაძლებლობა.
7.4. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, რადგან სახეზეა სანივთოსამართლებრივი მოთხოვნიდან გამომდინარე დაუშვებელ ხელყოფასთან; სასამართლოს უნდა შეეფასებინა არსებობს თუ არა მესაკუთრის ინტერესის უპირატესობის გათვალისწინებით მოპასუხისათვის სარჩელით მოთხოვნილი ქმედების განხორციელების დავალდებულების წინაპირობა.
7.5. პალატის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლს, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
7.6. პალატის განმარტებით, ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა თავის მხრივ, ფაქტის არსებობა დადასტურებული უნდა იყოს სათანადო მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ზოგადად მიუთითებდა, რომ საკაბელო ქსელის დაცვითი ზონის გათვალისწინებით და წესების დარღვევით განხორციელებული მშენებლობა საფრთხეს უქმნის ადგილზე მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობას. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ადგება ზიანი, თუმცა კონკრეტულიად რა ზიანი, და ამ ზიანის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსთვის არ არის წარმოდგენილი.
7.7. პალატა ვერ გაიზიარებს მოწინააღმდეგე მხარის ამ მოსაზრებებს და განმარტავს, რომ ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია ფაქტი იმის შესახებ, რომ დარღვეულია ელექტროდანადგარების მოწყობის წესები და არა მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ფაქტი, რისთვისაც იგი ხელშეშლის აღკვეთას ითხოვს, რაც ვერ აკმაყოფილებს სსკ-ის 172-ე მუხლით გათვალისწინებულ მტკიცების ტვირთს, რის გამოც სარჩელი ვერ დაკმაყოფილდება.
7.8. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლთაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
8. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 01 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
12. საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევებში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
14. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერაა მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში, და რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
15. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო შედავებას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის არსებობის დადასტურების შემთხვევაში ხელშეშლის აღკვეთა.
16. საკასაციო პალატა ხაზს უსვამს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომაში სსკ-ს 172-ე მუხლი მნიშვნელობას, რომლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ.
17. ნეგატორული სარჩელი დაკმაყოფილდება მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (№ას-674-2019, 30 სექტემბერი, 2019 წელი).
18. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში მიუთითებს, რომ სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნეგატორული სარჩელი წარმატებულია, თუკი მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მას ხელი ეშლება საკუთრებით/თანასაკუთრებით თავისუფალ სარგებლობაში და ეს ხელშეშლა არ გამომდინარეობს ლეგიტიმური საფუძვლიდან. საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის უფლება წარმოიშობა მაშინ, როცა არსებობს შემდეგი საფუძვლები: ა) მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე; ბ) ნივთი მესაკუთრის მფლობელობაშია; გ) მოპასუხე ხელყოფს ან სხვაგვარად ხელს უშლის მოსარჩელეს თავისი საკუთრებით სარგებლობაში. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა წარმოადგენს. ფაქტის არსებობა კი, როგორც წესი, დადასტურებული უნდა იქნას სათანადო მტკიცებულებებით (სხვა მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები: Nას-1250-2018, 21.12.2018 წ; N -826-2021, 17.11.2021)
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების დაცვის ორი საშუალება არსებობს – ვინდიკაციური სარჩელი და ნეგატორული სარჩელი. ნეგატორულ სარჩელს მხარე აღძრავს მაშინ, როცა სხვისი უკანონო მოქმედების გამო, ხელი ეშლება საკუთრების გამოყენებაში. ამ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მესაკუთრეს უფლებას აძლევს, მოსთხოვოს დამრღვევს ხელშეშლის აღკვეთა. თუ მის მოთხოვნას ეს უკანასკნელი არ დაეთანხმება და ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს. ზემოაღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. ნეგატორული სარჩელი მიმართულია უფლების ისეთი დარღვევის წინააღმდეგ, რაც არ არის დაკავშირებული ნივთის მფლობელობის დაკარგვასთან, მაგრამ ხელშემშლელია ნივთის სარგებლობისა და განკარგვისათვის, ე.ი. პირი მოკლებულია ამ უფლებამოსილებათა განხორციელების შესაძლებლობას, რადგან სხვა პირი თავისი მოქმედებით ხელს უშლის მათ რეალიზებას. ამ სარჩელის საფუძველია გარემოებები, რომლებიც აფუძნებენ მოსარჩელის მიერ ნივთის სარგებლობისა და განკარგვის უფლებამოსილებას, ასევე ამტკიცებენ, რომ მესამე პირთა მოქმედება აბრკოლებს მათ განხორციელებას. (იხ. სუსგ Nას-25-2021, 27.04.2021წ).
20. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია ნეგატორული სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი მტკიცებულებები, კერძოდ, რომ მოსარჩელე, როგორც სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, მოპასუხის მხრიდან ხელშეშლის გამო, ვერ სარგებლობს უძრავი ნივთით, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრები არ არსებობდა.
21. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა ისეთი სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებდა მოპასუხის მიერ ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტს. მოცემულ შემთხვევაში, კასატორმა სასამართლოს არცერთ ინსტანციაში წარადგინა აღნიშნული მტკიცებულებები, მისი საჩივარი კი კვლავ იმ გარემოებების შეფასებაზეა დამოკიდებული, რაც სააპელაციო ინსტანციაში სათანადოდ იქნა გამოკვლეული და შეფასებული.
20. როგორც ზემოთ აღინიშნა, ნეგატორული სარჩელის წარმატებულობის საფუძველი მისი თითოეული წინაპირობის არსებობის დაკმაყოფილებაა. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მოსარჩელემ წარადგინა საექსპერტო დასკვნა, თუმცა დასკვნა მხოლოდ ელექტროდანადგარების მოწყობის წესის დარღვევის ფაქტს ადგენს და არა ნეგატორული სარჩელის წინაპირობებს, კერძოდ, აღნიშნული დასკვნით ვერ მტკიცდება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, ზიანი, ასევე, მიზეზობრივი კავშირი, შესაბამისად, მხოლოდ მოცემულ დაკსვნაზე მითითება სარჩელის დაკმაყოფილებისთვის ვერ ჩაითვლება საკმარის დასაბუთებად.
21. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედი მტკიცების სტანდარტის საფუძველზე, იმ გარემოებების სარწმუნოდ და სათანადო მტკიცებულებებით დადასტურებაა საჭირო, რომლებზეც მხარეები თავის პოზიციას აფუძნებენ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები, ამდენად, დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია. ამ ფაქტების მითითება კი მისი მოვალეობაა, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი მიმთითებელ მხარეს ეკისრება. აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორებს ეკისრებოდათ შესაბამისი მტკიცებულებებით მათ მიერ მითითებულ ფატების დადასტურება, რაც მათ არ შეასრულეს.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობაში სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა მხარეთა შორის არსებული ფაქტობრივი მოცემულობა და სამართლებრივად სწორად შეაფასა დადგენილი გარემოებანი, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
23. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
24.საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
25. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
27. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მიერ გადახდილ იქნა 300 ლარი, შესაბამისად, მას უნდა დაუბრუნდეს 300 ლარის 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.ხ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. ლ.ხ–იას (....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალებები №197521037, გადახდის თარიღი 21.04.2022, და 205792695, გადახდის თარიღი 30.05.2022), 300 (100+200) ლარის 70% - 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე