Facebook Twitter

საქმე № ას-629-2022 24 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - მ. ი–ლი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ი–ლი, ს. ი–ლი (მოსარჩელეები)

მესამე პირი - შ.გ–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, სამკვიდროდან წილის გამოყოფა, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ. ი–ლის (შემდეგში: „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა მ. ი–ლისა და ს. ი–ლის (შემდგომში „მოსარჩელეები“) სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ (ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი (სამკვიდრო მოწმობის ½ წილის 2/3 ნაწილში) ნოტარიუს შ.გ–ის მიერ 2015 წლის 10 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა; ნაწილობრივ (სადავო ქონების ½ წილის 2/3 ნაწილში) ბათილად იქნა ცნობილი 2016 წლის 24 აგვისტოს შ.რ–სა და ლ.პ–ვას შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და დადგინდა ქ. გორში, ..........ქუჩა #32-ში მდებარე უძრავი ქონების (შემდგომში „სადავო უძრავი ქონება“, „სადავო ქონება“ ან „სამკვიდრო „ქონება“) მოპასუხის სახელზე დარეგისტრირება; დადგინდა სამკვიდრო ქონების ½ წილის 2/3 ნაწილის მოსარჩელეთათვის გამოყოფა, რაც შენობის საერთო ფართის 53.26 კვ.მ-ს შეადგენს).

2. კასატორის პრეტენზიით, სააპელაციო სასამართლოში გამართული დისტანციური სასამართლო სხდომა მიმდინარეობდა ხარვეზებით, რის გამოც საქმის განმხილველმა მოსამართლემ არასწორად გაიგო მისი პოზიცია და ახსნა-განმარტებანი, რაც უსაფუძვლოდ დაუდო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას.

3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

7.1. მოსარჩელეები, მ. ი–ლი და ს. ი–ლი არიან აწ გარდაცვლილი თ. ი–ლის მეუღლე და შვილი, - მისი პირველი რიგის მემკვიდრეები; თ. ი–ლი გარდაიცვალა 2015 წლის 10 იანვარს;

7.2. თ. ი–ლი და მოპასუხე მ. ი–ლი არიან აწ გარდაცვლილი ს. ი–ლის შვილები, მისი პირველი რიგის მემკვიდრეები;

7.3. ს. ი–ლი გარდაიცვალა 2003 წლის 25 ივნისს და იგი გარდაცვალების დროისთვის ცხოვრობდა მისამართზე: ქ. გორი, ..........ქ. №32 (ყოფ. ..... №32). ს. ი–ლის გარდაცვალების დროიდან მის დანაშთ ქონებაზე, მათ შორის სადავო უძრავ ქონებაზე გაიხსნა სამკვიდრო,; აღნიშნული დროისთვის ს. ი–ლის პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ თ. ი–ლი, მ. ი–ლი და ზ.ი–ლი;

7.4. 2015 წლის 10 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, მ. ი–ლმა, როგორც მამკვიდრებლის კანონიერმა მემკვიდრემ, მიიღო მამის - ს. ი–ლის დანაშთი ქონება;

7.5. მ. ი–ლმა 2016 წლის 20 ივლისს სადავო ქონება მიჰყიდა შ.რ–ს; თავის მხრივ, შ.რ–მა 2016 წლის 24 აგვისტოს აღნიშნული ქონება მიჰყიდა ლ.პ–ვას;

7.6. ლ.პ–ვა გარდაიცვალა 2018 წლის 30 ივლისს და მის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო.

7.7. სადავო უძრავი ქონება თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო შ.რ–ის სახელზე, ხოლო რეგისტრაციის უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენდა 2016 წლის 20 ივლისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება.

7.8. 2016 წლის 29 აგვისტოს ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ირკვევა, რომ 2016 წლის 24 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სადავო ქონება საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ლ.პ–ვას სახელზე, ხოლო ამჟამად რეგისტრირებულია სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს სახელზე.

7.9. თ. ი–ლს მამის, ს. ი–ლის გარდაცვალებიდან, კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში სამკვიდრო ქონების მიღების მიზნით ნოტარიუსისათვის არ მიუმართავს, თუმცა იგი ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამის დანაშთ ქონებას (რაც დასტურდება სადავო საცხოვრებელ ბინაში მისი ცხოვრებით და სარგებლობით, საცხოვრებელი სახლიდან ნივთების წაღებით);

7.10. მოსარჩელეები, როგორც თ. ი–ლის პირველი რიგის მემკვიდრეები მიჩნეულ იქნენ სამკვიდროს შესაბამისი წილის (1/2 ნაწილის 2/3 წილის) მემკვიდრედ და მესაკუთრედ;

7.11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ დაადასტურა, რომ 2016 წლის 20 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მას სადავო ბინის საფასური არ მიუღია და ხელშეკრულება გაფორმდა იმ მიზნით, რომ სამკვიდრო ქონება ისევ მას დარჩენოდა საკუთრებაში. კერძოდ კი, ქონება დარჩებოდა მის ძმისშვილს, პ–ვას, ხოლო სანაცვლოდ თავად ექნებოდა აღნიშნულ ბინაში ცხოვრების უფლება. მანვე განმარტა, რომ ამჟამადაც ცხოვრობს და სარგებლობს სადავო უძრავი ქონებით.

8. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს შესაფასებელი იყო, ერთი მხრივ, სადავო სამკვიდრო უძრავი ქონების შესაბამის წილზე მოსარჩელეთა მემკვიდრედ ცნობის, ხოლო მეორე მხრივ, ამ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ნამდვილობის ფაქტი, სასამართლოს მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებისა და საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით უნდა ემსჯელა მათ საფუძვლიანობაზე.

9. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეები სადავო უძრავი ქონების შესაბამისი წილის - ½ ნაწილის 2/3 წილის მემკვიდრეებად ცნო, რაც კასატორს საკასაციო საჩივრით სადავოდ არ გაუხდია. კასატორის ძირითადი საკასაციო პრეტენზია სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენას ეხება. საჩივრის ავტორი აცხადებს, რომ 2022 წლის 25 იანვარს დისტანციურად ჩატარებულ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, რომელიც მიმდინარეობდა ტექნიკური ხარვეზით, მოსამართლემ არასწორად გაიგო მის მიერ დაფიქსირებული პოზიცია სადავო ქონების გასხვისებასთან მიმართებით, რაც არასწორად დაუდო საფუძვლად სარჩელის დაკმაყოფილებას.

10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებულ პრეტენზიას და აღნიშნავს შემდეგს: მხარეთა თანასწორობის საწყისზე დამყარებული მართლმსაჯულების განხორციელებისას (სსსკ-ის მე-5 მუხლი) სასამართლოს, მოთხოვნის საფუძვლიანობასთან მიმართებით არ გააჩნია წინასწარ ჩამოყალიბებული აზრი, არამედ, მხარეთა მონაწილეობით დგინდება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები სასამართლო სხდომაზე. ბუნებრივია, სასამართლოსათვის რაიმე მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არ გააჩნია, არამედ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით მტკიცებულების ყოველმხრივი შესწავლა-გამოკვლევის საფუძველზე ადგენს სასამართლო მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებს და ამ გზით ყალიბდება მოსამართლის შინაგანი რწმენა სადავო ფაქტის არსებობა-არარსებობის თაობაზე. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი გულისხმობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ისე განაწილებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები კი უნდა იყოს დასაბუთებული და, იმავდროულად, უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი].

11. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

12. ამავე დროს, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს არა ერთ რომელიმე მტკიცებულებაზე განყენებულად, არამედ იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რომელთა ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.

13. საკასაციო სასამართლომ მოისმინა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2022 წლის 25 ივლისს დისტანციურად ჩატარებული სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი, სადაც გარკვევით ისმის, როგორც მოსამართლის მიერ დასმული შეკითხვები, ასევე მოპასუხის მიერ გაცემული პასუხები. მოსამართლის შეკითხვაზე მოპასუხე გარკვევით პასუხობს, რომ 2016 წლის 20 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულება სადავო ბინის გასხვისების მიზნით არ დაუდია, მას არც ნასყიდობის თანხა აუღია „მყიდველისგან“, არამედ იმის გამო „გადაუფორმა“, რომ აღნიშნული ქონების ნახევარი ისევ მას დარჩენოდა (როდესაც „მყიდველი“ ქონებას მიჰყიდდა მის ძმისშვილს, პ–ვას, სანაცვლოდ კი მოპასუხეს სადავო ქონებაში ცხოვრების უფლება ექნებოდა). ამასთან, მოპასუხე განმარტავს, რომ იგი დღემდე ცხოვრობს ამ ბინაში (იხ. ტ. 2. ს.ფ 251-260, სხდომის ოქმის CD დისკი, 13:46:21-13:47:01 სთ)

14. საკასაციო სასამართლოს არაერთი განჩინებით განიმარტა: მოჩვენებითია გარიგება, როცა ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა და არ მოჰყვეს ამ გარიგებისათვის დამახასიათებელი სამართლებრივი შედეგი. მოჩვენებით გარიგებას ორი ძირითადი ნიშანი ახასიათებს: პირველი, ის დადებულია მოსაჩვენებლად და, მეორე, მხარეებს არა აქვთ ამ გარიგებით გათვალისწინებული შედეგის დადგომის განზრახვა. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს (შეად: სუსგ-ებს: N ას-976-908-2017, 22.01.2018 წ; N ას-366-2019, 17.05.2019წ.). იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია, ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.

15. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელის წარმატება დამოკიდებული იყო სადავო გარემოების დადასტურებასთან - სამკვიდრო ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების არანამდვილად მიჩნევასთან, ხოლო მოპასუხემ თავად დაადასტურა ქონების მოჩვენებითად გასხვისების ფაქტი, ამასთან მოპასუხეს არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლო სხდომის ტექნიკური ხარვეზებით ჩატარებას დაადასტურებდა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად, მართებულად დაედო საფუძვლად გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას (სსსკ 131-ე მუხლი), სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლით და მოსარჩელეთა კუთვნილი წილის ფარგლებში მართებულად ცნო ბათილად სადავო უძრავ ქონებაზე 2016 წლის 20 ივლისსა და 24 აგვისტოს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები. კასატორს კი არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართებულად დაკმაყოფილდა წარდგენილი სარჩელი, სააპელაციო პალატამ, მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის.

17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ი–ლის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. მ. ი–ლს (........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №13641222751, გადახდის თარიღი 2022 წლის 21 ივნისი), 1342 ლარის 70% - 939.4 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ.მიქაბერიძე