Facebook Twitter

საქმე № ას-619-2021 25 იანვარი, 2023 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ.წ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 6 აპრილის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2001 წლის 2 აგვისტოს ბორჯომის რაიონის გამგეობასა (შემდეგში მეიჯარე) და ა.წ–ს (უფლებამონაცვლე გ.წ–ი, შემდეგში მოსარჩელე, მოიჯარე) შორის გაფორმდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (სათიბი) იჯარის ხელშეკრულება.

2. 2019 წლის 2 ოქტომბერს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდეგში მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის წერილით მოსარჩელეს წინადადება მიეცა დათანხმებულიყო იჯარის ხელშეკრულების გაზრდილი ქირის გადახდას და ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას. მოიჯარე არ დათანხმდა შეთავაზებას.

3. მომსახურების ცენტრის 2019 წლის 16 ოქტომბრის N1/2-415 ბრძანებით მოიშალა მხარეთა შორის არსებული იჯარის ხელშეკრულება.

4. სასარჩელო მოთხოვნა

ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის 2019 წლის 16 ოქტობრის N1/2-415 ბრძანება.

5. მოპასუხის შესაგებელი

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გ.წ–ის სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო.

6. ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით გ.წ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის 2019 წლის 16 ოქტომბრის N1/2-415 ბრძანება;

7. სააპელაციო მოთხოვნა

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აპრილის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება.

8.2. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მოპასუხის მხრიდან მოსარჩელისადმი შეთავაზებულ იქნა შეუსაბამო საიჯარო ქირა, ხელშეკრულების 4.1. პუნქტის ,,ვ’’ ქ/პუნქტი კი მეიჯარეს აძლევდა უფლებამოსილებას მხოლოდ მოიჯარის თანხმობის შემთხვევაში შეეცვალა საიჯარო ქირის ოდენობა. ამასთან, იჯარის ხელშეკრულების 4.1. პუნქტის ,,გ’’ ქ/პუნქტში ჩამოთვლილია შემთხვევები, როდესაც მეიჯარეს იჯარის ვადის გასვლამდე შეუძლია ხელშეკრულების შეწყვეტა, სადაც არ ფიქსირდება საიჯარო ქირის ოდენობაზე შეუთანხმებლობის შემთხვევა.

8.3.სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე აღნიშნა, რომ თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ, რომ ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს. თუკი შეუძლებელია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, ან მეორე მხარე ამას არ ეთანხმება, მაშინ იმ მხარეს, რომლის ინტერესებიც დაირღვა, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე.

8.4. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქმედება არ შეესაბამება ზემოაღნიშნული მუხლის იმ დანაწესს, რომელიც მას ანიჭებდა შემდგომ საფეხურზე გადასვლის უფლებამოსილებას, რაც უკვე შესაძლებელია გამოხატულიყო ხელშეკრულების მოშლით. კერძოდ, პალატის მითითებით, ზემოაღნიშნული მუხლით განსაზღვრულია, რომ მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს. შეცვლილ გარემოებასთან ხელშეკრულების მისადაგების თაობაზე მხარეთა მოლაპარაკება უნდა დაემყაროს კეთილსინდისიერების პრინციპს. მხარეს რომელიც ითხოვს ხელშეკრულების პირობათა გადასინჯვას, კეთილსინდისიერად უნდა სჯეროდეს გადასინჯვის საჭიროება.

8.5. აპელანტი მისი მოთხოვნის მართებულობას ამყარებდა სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნას და თვლდა, რომ სხვა გზით შეუძლებელია ქირის ოდენობის განსაზღვრა. კაპიტალიზაციის კოეფიციენტის განსაზღვრა მოხდა ანალოგიური/მსგავსი ტიპის ობიექტების გაქირავებისა და გაყიდვის შესახებ ბაზარზე არსებული მონაცემების თანაფარდობით. პალატამ მიიჩნია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ კვლევის ამგვარი მეთოდით სასოფლო-სამეურნეო მიწის საიჯარო ქირის ოდენობის გამოთვლა არ ასახავს რეალურ ვითარებას, რადგან საიჯარო ქირის რაოდენობის გამოთვლისას არ იქნა გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის კონკრეტული ტიპი, კერძოდ, მისი ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო სათიბი დანიშნულება, თავად დასკვნა კი არ ასახავს აღნიშნული ტიპის ნაკვეთით შესაძლო რაოდენობის შემოსავლის ოდენობას, კერძოდ, თუ რა ოდენობის და ღირებულების თივის მიღებაა შესაძლებელი კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე წლის განმავლობაში.

8.6. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით მართებულად შეაფასა საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები - საიჯარო ხელშეკრულება, თავდაპირველ საიჯარო ქირის ოდენობასა და გარემოებების შეცვლის შედეგად გაზრდილ საიჯარო ქირას შორის არაგონივრული სხვაობა, ექსპერტიზის დასკვნა და მათში ასახული ზემოთ მოყვანილი ინფორმაციის საფუძველზე ჩათვალა, რომ ექსპერტიზის დასკვნა დაუსაბუთებელია, იგი არ ქმნის საიჯარო ქირის მოთხოვნილი ოდენობით განსაზღვრისათვის ურყევ რწმენას, რეალურად არ ასახავს კონკრეტული დანიშნულების მიწის ნაკვეთის (სათიბი) საიჯარო ღირებულებას.

8.7. ზემოაღნიშნული განჩინება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რომლითაც მოითხოვა განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

13. საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ იყოს, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევებში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

15. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერაა მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში, და რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

16. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო შედავებით, სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული საიჯარო თანხის ოდენობის გონივრულობა და მოიჯარის მიერ შეცვლილი გარემოებების შეთავაზებაზე უარის თქმით განპირობებული ხელშეკრულების მოშლის მართებულობის შემოწმება.

17.კასატორი თავის საკასაციო საჩივარში მოთხოვნის ძირითად სამართლებრივ საფუძვლად უთითებს სსკ-ის 398-ე მუხლს, რომელიც მისი აზრით განაპირობებდა აღნიშნული მოთხოვნის წარმატებას.

18. საკასაციო პალატა ხაზს უსვამს სსკ-ის 398-ე მუხლის მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ უნდა დადგინდეს შეცვლილი გარემოება წარმოადგენს თუ არა გარიგების საფუძველს. საკასაციო პალატის მითითებით, ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებების მისადაგების მოთხოვნას მკაცრი სტანდარტი აქვს, კერძოდ, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რომ: 1) ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებები წარმოადგენს ხელშეკრულების საფუძველს; 2) არსებითად იცვლება, კერძოდ, რთულდება შესრულება ან კრედიტორი კარგავს ინტერესს; 3) შეცვლილი გარემოებების გათვალისწინება ხელშეკრულების დადების მომენტში შეუძლებელი იყო; 4) აღნიშნული გარემოებები ხელშეკრულების დადების შემდეგ წარმოიშვა; 5) შეცვლილი გარემოებები არ უნდა შედიოდეს მხარის კონტროლის სფეროში; 6) მისადაგების მოთხოვნა შესრულებადია (სუსგ. ას-1153-1173-2011 31 ოქტომბერი, 2011 წელი).

19. სსკ-ს 398-ე მუხლის ამოქმედება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, რისი გონივრული გათვალისწინება მხარეების მიმართ სრულიად შეუძლებელი და თავისი შინაარსით ისეთი განსაკუთრებული და მოულოდნელია, მისი გაუთვალისწინებლობა შეეწინააღმდეგება კეთილსინდისიერების პრინციპს. უძრავი ქონების ფასების ზრდა ვერ გახდება ხელშეკრულების ფასის ცვლილების მოთხოვნის საფუძველი თუ ზრდა სავარაუდო იყო ხელშეკრულების გაფორმებამდე არსებული საბაზრო ტენდენციების გათვალისწინებით (სუსგ. 25.11.2018 საქმე №ას-466-707-08 გადაწყვეტილება).

20. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის (მოპასუხის) საკასაციო პრეტენზიას, რომ განსახილველ შემთხვევაში ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა დასტურდებოდა და სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 398-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, „თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა“.

21. მოცემულ საქმეზე არ დგინდება სსკ-ის 398.1-ე მუხლის გამოყენების წინაპირობა, რადგან ამ ნორმის შინაარსის მიხედვით, გამოვლენილი უნდა იყოს ისეთი ობიექტური საფუძვლის მოშლა, როდესაც ხელშეკრულების დადების დროს მხარეთა ნება ეფუძნება ერთი მხარის წარმოდგენებს, რომლებიც ცნობილი იყო მეორე მხარისათვის და გაპროტესტების გარეშე იქნა მიღებული ან მხარეთა ნება ემყარება გარკვეული გარემოებების არსებობის ან მომავალში წარმოშობის შესახებ ორივე მხარის ერთობლივ წარმოდგენებს. ნორმას იყენებენ პრაქტიკულად ისეთ ვითარებაში, როდესაც შეცვლილი გარემოება სცდება მხარეთა გონივრულ მოლოდინს ანუ, თუკი გარემოებათა ცვლილება სახელშეკრულებო რისკების ფარგლებში განჭვრეტადია და მხარეებს შეეძლოთ მისი გათვალისწინება ან თუნდაც უშვებდნენ ასეთ ცვლილებას, მაშინ სამოქალაქო კოდექსის 398.1-ე მუხლი არ გამოიყენება (იხ. გიორგი ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ჭანტურია (რედ.), 2019, 398, ველი 2).

22. პალატა მიუთითებს, რომ შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგებისას კეთილსინდისიერების პრინციპის თვალთახედვით უნდა შეფასდეს მხარეთა ორმხრივ ვალდებულებათა წონასწორობის რღვევის ხარისხი და მისი შედეგები. ვინაიდან, კეთილსინდისიერების პრინციპი ურთიერთობის შეფასებისათვის უმთავრესი მექანიზმია, ამიტომ, ხელშეკრულების ადაპტაცია არ იწვევს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის შეზღუდვას, არამედ ბუნებრივი და სამართლიანი შედეგების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად (იხ. სუსგ Nას-34-2022, 21.06.2022წ).

23. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა თავისთავად არ აფუძნებს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას. ვალდებულების დარღვევა ობიექტური მაშტაბით უნდა გაიზომოს (შდრ: სუსგ №ას-249-2019, 30.09. 2019; №ას-779-746-2014, 30 აპრილი, 2015).

24. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ხელშეკრულების უზენაესობის პრინციპი - „pacta sunt servanda“ მსოფლიოს ყველა მართლწესრიგისათვის ფუძემდებლური მნიშვნელობის მქონე პრინციპია, რომელიც იმპერატიულად ადგენს სახელშეკრულებო პირობების შესრულების სავალდებულოობას სახელშეკრულებო წონასწორობის უზრუნველყოფის, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და სამართლებრივი განსაზღვრულობისათვის.

25. საკასაციო პალატა არაერთ განჩინებაში/გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ კანონიერად მიღწეული შეთანხმება იკავებს კანონის ადგილს მათი შემოქმედი მხარეებისთვის. ხელშეკრულების დაურღვევლობის პრინციპიდან სახელშეკრულებო სამართლიანობის პრინციპის უზრუნველსაყოფად არსებობს რამდენიმე გამონაკლისი, რომელთა დაცვაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც თავად „pacta sunt servanda“-ს უზენაესი წესის აღსრულება. კონკრეტული სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება სახელშეკრულებო სამართლის ამ უზოგადეს მიზანთან წინააღმდეგობში არ უნდა აღმოჩნდეს, რითაც შეიძლება საფრთხე შეექმნას სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა შორის უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერად განხორციელების კერძოსამართლებრივ ღირებულებას. ინდივიდუალური სახელშეკრულებო ინტერესსა და კერძოსამართლის დაცვითი, სამართლებრივი წესრიგის უზრუნველმყოფ ფუნქციას შორის დილემის, წინააღმდეგობის არსებობისას, სასამართლო აღიჭურვება სახელშეკრულებო ურთიერთობაში ლეგიტიმური ჩარევის ძალმოსილებით.

26. სახელშეკრულებო ურთიერთობებში შეცვლილი გარემოებების აღმოცენება თანამედროვე სამოქალაქო ბრუნვის თანმდევი რისკია, რომელთა პირობებშიც ხელშეკრულების უზენაესობის პრინციპის შეუზღუდავი გამოყენება სახელშეკრულებო წონასწორობის, სამართლიანობის, გონივრულობის, თანასწორობისა და კეთილსინდისიერების პრინციპთა რღვევას განაპირობებს, შესაბამისად, „pacta sunt servanda-ს“ პრინციპთან ერთად თანაარსებობს „clausula rebus sic standibus-ის“ დოქტრინა, რომელიც სახელშეკრულებო პირობების მხოლოდ უცვლელ გარემოებათა პირობებში მბოჭავი ძალმოსილების შენარჩუნებას ითვალისწინებს.

27. იურიდიულ მეცნიერებაში აღიარებულია, რომ შეცვლილი გარემოებები ფორსმაჟორისა (რომანულ სამართალში – vis major) და შესრულების გართულების (Hardship) ორ ფუნდამენტურ, საბაზისო კონცეფციას აფუძნებს თანამდევი სამართლებრივი შედეგებით, კერძოდ, შესრულების გართულება გულისხმობს ობიექტურად განხორციელებადი ვალდებულების შესრულების უკიდურეს დამძიმებას, რომელიც ობიექტურად არ გამორიცხავს შესრულების შესაძლებლობას და რომლის პირობებშიც უპირველესი სამართლებრივი დაცვის საშუალება შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგებაა. ფორსმაჟორი კი განსხვავებული სამართლებრივი წინაპირობებით ფუძნდება, რომელიც თანამდევ შედეგად შესრულების ვალდებულებისაგან განთავისუფლებას მოიაზრებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ადაპტაციის შეუძლებლობისას, დაზარალებული მხარისათვის უცვლელად ხელმისაწვდომი რჩება ხელშეკრულებიდან გასვლის/ შეწყვეტის (გრძელვადიან ურთიერთობაში) მოთხოვნები. კრედიტორის სურვილი, გადახედოს ხელშეკრულების პირობებს, გასათვალისწინებელია, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტა/გასვლა (ex ante მნიშვნელობით) რჩება დაზარალებული მხარის დაცვის შეუცვლელ მექანიზმად.

28. ამასთან, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების წინაპირობა (ქართულ სამართალში - მნიშვნელოვანი დარღვევა, სხვადასხვა მართლწესრიგში - ფუნდამენტური დარღვევა), შესრულების გართულების უმრავლეს შემთხვევაში სახეზე იქნება, რამეთუ ხელშეკრულების გართულება ქართული სამართლისთვის თავის არსში მოიაზრებს გარიგების საფუძვლის კოლაფსს. რაც შეეხება შესრულების გართულების სამართლებრივ შედეგებს, არაერთი მართლწესრიგისა თუ უნიფიცირებული სამართლის მიხედვით, უპირველესად ვექტორი მიმართულია მხარეთა მოპალარაკების პრიორიტეტულობაზე. თუ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, მხარე უფლებამოსილია, მიმართოს სასამართლოს ხელშეკრულების ადაპტაციის ან ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით. ხელშეკრულების ადაპტაციის მიზნებისათვის სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს შესრულების გართულების ბუნება და სიმძიმის ხარისხი.

29. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგება, შესაძლებელია, განხილულ იქნეს, როგორც დამატებითი შესრულების ნაირსახეობა, რომლითაც აღსრულდება მხარეთა სახელშეკრულებო ნება. ხელშეკრულება არ შეიძლება განხილულ იქნეს გარემომცველი გარემოებების მხედველობაში მიუღებლად. ხელშეკრულების მისადაგება მნიშვნელოვნად შეცვლილი გარემოებებისადმი არ ცვლის მხარეთა ნებას, არამედ შეცვლილი გარემოებების პირობებში მხარეთა თავდაპირველი განზრახვის, ნამდვილი ნების დადგენის საშუალება ხდება. მხარეთა ნება ხელშეკრულების დადების ეტაპზე მისი აღსრულებაა და შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგებაც ხელშეკრულების აღსრულების და შესაბამისად, მხარეთა ნების განხორციელების წინაპირობაა.

30. შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების პროცესში, როდესაც არსებობს შეუსაბამობა, დარღვეული წონასწორობა მხარეთა ურთიერთსანაცვლო შესრულებას შორის, შესაძლებელია, განხორციელდეს სახელშეკრულებო ფასის მოდიფიცირება პირველადი სახელშეკრულებო ვალდებულების სამართლებრივ რეჟიმში, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება განახლებული პირობებით და ხელშეკრულების თანხის შემცირების საფუძველზე მხარეთა არაეკვივალენტურ შესრულებათა დაბალანსება.

31. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ხელშეკრულება არის ინსტრუმენტი, რომელიც მხარეთა ლეგიტიმური მოლოდინის აღსრულებისათვის მოითხოვს მუდმივ ურთიერთთანამშრომლობას და თანაქმედების (duty to cooperate), გულისხმიერების ვალდებულების განხორციელებას. ურთიერთთანამშრომლობის ვალდებულება, როგორც მხარეთა ქცევის სახელმძღვანელო პრინციპი, სახელშეკრულებო მოლაპარაკებას შეცვლილი გარემოებების აღმოცენების უპირობოდ თანამდევ პროცესად მოიაზრებს.

32. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების უზენაესობის პრინციპის თანახმად, ხელშეკრულების გადასინჯვა, შესაძლებელია, ფორმალური სამართლიანობისათვის საფრთხედ იქნეს განხილული, თუმცა თანამედროვე დოქტრინისთვის პირობათა უცვლელობა-დაურღვევლობა არ შეიძლება სახელშეკრულებო სამართლის უზენაეს ღირებულებად იქნეს ცნობილი. სახელშეკრულებო ურთიერთობების მიმართ მოქმედი ახალი პრინციპები, როგორიცაა პროპორციულობა, განგრძობადობა და უწყვეტობა განიხილება ხელშეკრულების გადასინჯვის კანონიერების დასასაბუთებლად. ხელშეკრულების გადასინჯვა მისი სტაბილურობისა და ურთიერთობის გაგრძელების წინაპირობაა. რისკებისა და შეცვლილი გარემოებების გავლენით წარმოშობილი ზარალისა და სარგებლის ურთიერთგაზიარება მხარეთა მიერ („გაზიარების პრინციპი“) უსამართლობის პრევენციას ახდენს.

33. როგორც წესი, მხარეები ინტერესთა ბალანსის აღდგენისათვის შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების წესს ანიჭებენ უპირატესობას ურთიერთობის შეწყვეტასთან შედარებით. აღნიშნული მიზეზით განამტკიცებს უნიფიცირებული კერძო სამართალი და უმრავლესი ეროვნული სამართლის სისტემა შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების მიზნით მხარეთა მოლაპარაკების სავალდებულოობის დანაწესს (ვალდებულების შესრულებაზე შეცვლილი გარემოებების გავლენის თაობაზე უფრო დაწვრილებით იხ: ნ. ჩიტაშვილი, შეცვლილი გარემოებების გავლენა ვალდებულების შესრულებასა და მხარეთა შესაძლო მეორედ მოთხოვნებზე (შედარებითი ანალიზი), თბ, 2015.).

34. შეცვლილი გარემოებები ართულებს შესრულებას იმ დონემდე, რომ მისი შესრულების მოთხოვნა, როგორი გამამართლებელი საფუძველიც არ უნდა გააჩნდეს მეორე მხარეს, ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელ სიკეთეთა სამართლიანი (ეკვივალენტური) გაცვლისა და კეთილსინდისიერების მოთხოვნებს, აღნიშნული კი, შეიძლება განპირობებული იყოს, როგორც შესრულების ღირებულების გაზრდით, ისე მისი შემცირებით.

35. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულების საფუძვლის რღვევა სიმპტომატურად ხუთი ელემენტისაგან შედგება: 1) ხელშეკრულების დადების შემდეგ შეიცვალა გარკვეული გარემოებები (ობიექტური საფუძველი – სსკ-ის 398-ე მუხლის I ნაწილი) ან ერთობლივი წარმოდგენები არასწორი აღმოჩნდა (სუბიექტური საფუძველი – სსკ-ის 398 მუხლის II ნაწილი); 2) ეს გარემოებები ან წარმოდგენები იქცა ხელშეკრულების საფუძვლად; 3) გარემოებათა ცვლილება იყო მოულოდნელი; 4) ცვლილებათა გათვალისწინების შემთხვევაში მხარეები არ დადებდნენ ხელშეკრულებას ან დადებდნენ ხელშეკრულებას სხვა შინაარსით (ეს საკვანძო ელემენტი მომდინარეობს ვინდშაიდის „პირობის თეორიიდან“, რომლის თანახმადაც: განმსაზღვრელია პირობა, რომლის არსებობის გარეშეც ხელშეკრულება არ დაიდებოდა და არა პირობა, რომლის არსებობის შემთხვევაშიც ხელშეკრულება დაიდებოდა); 5) ცვლილება იმდენად არსებითია, რომ ერთ-ერთ მხარეს არ შეიძლება ვალდებულების უცვლელად შესრულება ან ხელშეკრულებაში დარჩენა მოეთხოვოს. (იხ. დამატებით: გიორგი ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა, თბილისი, 2010, გვ. 213.).

36. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული ვალდებულება ხელშეკრულების მხარეებისათვის მბოჭავია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ბოჭვა, ხელშეკრულების დადების დროს არსებული მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ვალდებულების შესრულების მომენტისათვისაც. შესაბამისად, ზოგადად მოქმედი პრინციპია ის, რომ გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც დაიდო ხელშეკრულება, არსებითად არ უნდა იყოს შეცვლილი ვალდებულების შესრულების მომენტისათვისაც. ცალკეული შემთხვევის თავისებურების გათვალისწინებით უნდა დადგინდეს, არსებითია თუ არა ამა თუ იმ გარემოების ცვლილება და რამდენად უქმნის ეს ცვლილება მხარეთა ინტერესების ბალანსს საფრთხეს. გარემოებათა ცვლილება აშკარა და არსებით ცვლილებად უნდა იქნეს მიჩნეული მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეები ან ერთ-ერთი მათგანი ამ ცვლილებების გათვალისწინების შემთხვევაში ხელშეკრულებას არ დადებდა ან სხვა შინაარსით დადებდა.

37. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შეცვლილი გარემოება უნდა იმყოფებოდეს დაზარალებული მხარის კონტროლს მიღმა. ასევე დაზარალებული არც შეცვლილ გარემოებათა მიერ გამოწვეულ შედეგთა რისკის მატარებელი არ უნდა იყოს. შესაბამისად, ხელშეკრულების შევსებითი განმარტების შედეგად უნდა დადგინდეს, თუ რამდენად მიეკუთვნებოდა ცვლილება კონტრაჰენტის რისკის ან კონტროლის სფეროს ან რამდენად ითვალისწინებდნენ მხარეები მომხდარ ცვლილებებს. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ხელშეკრულების მიზანი და ხასიათი. რისკი კი შეიძლება აღებულ იქნეს როგორც პირდაპირ, ისე შეიძლება საგულისხმოც იყოს. გარემოებები იმდენად მკვეთრად და კარდინალურად უნდა შეიცვალოს, რომ თუკი მხარეები შემდგომში თავდაპირველ შეთანხმებას გაჰყვებიან, ეს გამოიწვევდა სამართლისა და სამართლიანობის ცნებებისადმი აშკარა შეუსაბამობას. გარემოებათა შეცვლას უთანაბრდება ის ვითარებაც, როცა წარმოდგენები, რომელიც ხელშეკრულების საფუძველი გახდა, არასწორი აღმოჩნდა. ამ შემთხვევაში გარემოებათა შეცვლას კი არა აქვს ადგილი, არამედ ცდომილებას.

38. სსკ-ის 398-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს. თუკი შეუძლებელია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი ან მეორე მხარე ამას არ ეთანხმება, მაშინ იმ მხარეს, რომლის ინტერესებიც დაირღვა, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე. „ხელშეკრულების ღირებულებითი პარამეტრების შეცვლა ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში დაუშვებელია მხარეთა წერილობითი შეთანხმების გარეშე, გარდა სსკ-ის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა“ (შდრ: სუსგ ას-№ 309-295-2012, 26 მარტი, 2012).

39. შეცვლილ გარემოებებთან ხელშეკრულების მისადაგების თაობაზე მხარეთა მოლაპარაკება უნდა დაემყაროს კეთილსინდისიერების პრინციპს. კონტინენტური ევროპის ქვეყნების უმრავლეს სამართლებრივ სისტემაში ვალდებულებითი სამართალი აღიარებს და იცავს ფუნდამენტურ პრინციპს, რომ ხელშეკრულების ფორმირებისა და მისი აღსრულების ეტაპზე მხარეები უნდა ხელმძღვანელობდნენ კეთილსინდისიერების პრინციპით, რომელიც თავისი არსით სამართლიანობის უზრუნველყოფას გულისხმობს. შეცვლილი გარემოებების გავლენით შესრულების გართულების წარმოშობისას, კეთილსინდისიერების პრინციპი მხარეებს აკისრებს ურთიერთთანამშრომლობის ვალდებულებას ხელშეკრულების ადაპტაციის მიზნით, ხოლო სასამართლოს ანიჭებს მისი მისადაგების უფლებამოსილებას, რომელიც მოწოდებულია სახელშეკრულებო სამართლიანობისა და წონასწორობის აღდგენისათვის მხარეთა თავდაპირველი მიზანი განმარტოს კეთილსინდისიერების პრინციპის ჭრილში. მოლაპარაკების სავალდებულოობის პრინციპი კონტინენტური სამართლის სისტემის არსობრივი მახასიათებელია, რამეთუ ის განსაკუთრებით ორიენტირებულია სახელშეკრულებო ურთიერთობის დაცვასა და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაზე.

40. შეცვლილი გარემოებების აღმოცენება ავტომატურად არ წარმოშობს ადაპტაციის ვალდებულებას, არამედ მოლაპარაკების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს მხარეს. დათქმა Clausula Rebus Sic Stantibus შეცვლილი გარემოებების არსებობისას ითვალისწინებს მოლაპარაკებათა გამართვას კონტრაქტის ადაპტაციის უზრუნველსაყოფად, შეთანხმების პირობების გადახედვას იმგვარად, რომ შესრულების გაგრძელება შესაძლებელი გახდეს. ამდენად, შეცვლილი გარემოებების პირობებში მხარეთა უმთავრესი მიზანი ხელშეკრულების შენარჩუნება უნდა იყოს (იხ. დამატებით: გიორგი გოგიაშვილი., Clausula Rebus Sic Stantibus, დინამიკა და სტატიკა სამართალში, ჟურნ. ,,ქართული სამართლის მიმოხილვა”, 9/2006-1/2, 110.).

41. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხის მხრიდან მოსარჩელისადმი შეთავაზებულ იქნა შეუსაბამო საიჯარო ქირა. მხარეთა შორის 2001 წლის 2 აგვისტოს დადებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების 2.5. პუნქტით განისაზღვრა, რომ მიწის იჯარის ქირა შეიძლება შეიცვალოს საქართველოს კანონმდებლობითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე ხელშეკრულებით (3.11. პუნქტი) მოიჯარეს განესაზღვრა ვალდებულება გამოიყენოს მიწა, მრავალწლიანი ნარგავები და იჯარის ობიექტები მათი დანიშნულებისა და ამ ხელშეკრულების შესაბამისად, დაიცვას მიწის გამოყენების სპეციალურად დაწესებული რეჟიმი. ხელშეკრულებით (4.1. პუნქტის ,,ვ,, ქ/პუნქტი) ასევე განისაზღვრა მეიჯარის უფლება მიწის გადასახადის, ამორტიზაციის ნორმების, რეგულირებადი სახელმწიფო ფასების და ტარიფების შეცვლისას, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში მოითხოვოს და მოიჯარის თანხმობის შემთხვევაში შეცვალოს იჯარის ქირა 2.5. პუნქტში მითითებული ვადის გასვლამდე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სააგენტოს 2019 წლის 2 ოქტომბრის N16/58247 წერილით, გ.წ–ს მიეცა 10 დღის ვადა იჯარის ხელშეკრულების პირობების, კერძოდ, საიჯარო ქირის ოდენობის შეცვლილ გარემოებებთან მისადაგებისა და ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ოდენობით განსაზღვრის მიზნით, ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე შესაბამისი შეთანხმების გაფორმებისათვის. წერილი მოიცავდა გაფრთხილებას იმის შესახებაც, რომ თუ მითითებულ ვადაში არ მოხდებოდა შეთანხმების გაფორმება, მომსახურების ცენტრი ცალმხრივად შეწყვეტდა მას; ვინაიდან შემოთავაზებული წინადადება მოსარჩელისათვის მიუღებელი აღმოჩნდა, მის დაკმაყოფილებაზე მოტივირებული უარი განაცხადა, რის გამოც, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრმა 2019 წლის 16 ოქტომბრის N1/2-415 ბრძანებით ცალმხრივად შეწყვიტა ზემოთაღნიშნული ხელშეკრულება.

42. ქვედა ინსტანციების მიერ დადგინდა, რომ მოპასუხის მხრიდან მოსარჩელისადმი შეთავაზებულ იქნა შეუსაბამო საიჯარო ქირა, ხელშეკრულების 4.1. პუნქტის ,,ვ,, ქ/პუნქტი კი მეიჯარეს აძლევდა უფლებამოსილებას მხოლოდ მოიჯარის თანხმობის შემთხვევაში შეეცვალა საიჯარო ქირის ოდენობა. ამასთან, იჯარის ხელშეკრულების 4.1. პუნქტის ,,გ,, ქ/პუნქტში ჩამოთვლილია შემთხვევები, როდესაც მეიჯარეს იჯარის ვადის გასვლამდე შეუძლია ხელშეკრულების შეწყვეტა, სადაც არ ფიქსირდება საიჯარო ქირის ოდენობაზე შეუთანხმებლობის შემთხვევა, შესაბამისად, მოპასუხის მტკიცება შეცვლილი გარემოებების არსებობის გამო ხელშეკრულების მოშლის შესახებ არ წარმოადგენს კანონითა და აღნიშნული ხელშეკრულებით დადგენილ გამართლებად შედეგს, რადგან მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მითითებული ოდენობით საიჯარო ქირის გაზრდის შეთავაზება პირდაპირ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის ნორმებს, შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციების შეფასებას, რომ აღნიშნული შეთავაზება იყო არაადეკვატური და სასამართლოს მიერ იგი ვერ იქნა განხილული მოპასუხე მხარის მიერ შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების პირობების მისადაგების მცდელობად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ არის დადასტურებული იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის გარდაუვალობა შეცვლილი გარემოებების საფუძვლით.

43. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობაში სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა მხარეთა შორის არსებული ფაქტობრივი მოცემულობა და სამართლებრივად სწორად შეაფასა დადგენილი გარემოებანი, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

44. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

30.საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

45. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

46. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

47. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე