საქმე №ას-1424-2020 20 ოქტომბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ი -..” (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.შ–ძე, ბ.გ–ი, ვ.ჭ–ია, გ.კ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.09.2020 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება, სახელფასო დავალიანების და პირგასამტეხლოს ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
თ.შ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოსარჩელე“), ბ.გ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოსარჩელე“), ვ.ჭ–იამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მესამე მოსარჩელე“) და გ.კ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეოთხე მოსარჩელე“, პირველ, მეორე და მესამე მოსარჩელეებთან ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელეები“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ი - ..“-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „ტელევიზია“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვეს გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის, განაცდურის, პირგასამტეხლოსა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეთა შორის დადებული იყო არა შრომის, არამედ მომსახურების ხელშეკრულებები.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.11.2019 წლის გადაწყვეტილებით:
3.1. პირველი მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 08.01.2018 წლის №119-გ წერილით გამოვლენილი ნება;
3.2. პირველი მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ გათავისუფლებამდე არსებულ პოზიციაზე აღდგენის შეუძლებლობისა და იძულებითი განაცდურის სანაცვლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით დასაბეგრი 11687.50 ლარის გადახდა;
3.3. პირველი მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის იანვრის თვის შრომის ანაზღაურების დავალიანების დასაბეგრი 687.50 ლარის გადახდა;
3.4. პირველი მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის იანვრის თვის შრომის ანაზღაურების დავალიანების დასაბეგრი 687.50 ლარის დაყოვნებისათვის, 23.01.2018 წლიდან დავალიანების გადახდამდე, 687.50 ლარიდან, ყოველდღიურად, 0.07%-ის გადახდა;
3.5. პირველი მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 01.09.2017-31.12.2017წ. პერიოდის შრომის ანაზღაურების დავალიანების დასაბეგრი 400 ლარის გადახდა;
3.6. პირველი მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდის შრომის ანაზღაურების დავალიანების დასაბეგრი 400 ლარის დაყოვნებისათვის, 23.01.2018 წლიდან დავალიანების გადახდამდე, 400 ლარიდან, ყოველდღიურად, 0.07%-ის გადახდა;
3.7. პირველ მოსარჩელეს უარი ეთქვა დარჩენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე;
3.8. მეორე მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 08.01.2018 წლის №120-გ წერილით გამოვლენილი ნება;
3.9. მეორე მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ გათავისუფლებამდე არსებულ პოზიციაზე აღდგენის შეუძლებლობისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით დასაბეგრი 7437.50 ლარის გადახდა;
3.10. მეორე მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის იანვრის თვის შრომის ანაზღაურების დავალიანების დასაბეგრი 437.50 ლარის გადახდა;
3.11. მეორე მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის იანვრის თვის შრომის ანაზღაურების დავალიანების დასაბეგრი 437.50 ლარის დაყოვნებისათვის, 23.01.2018 წლიდან დავალიანების გადახდამდე, 437.50 ლარიდან, ყოველდღიურად, 0.07%-ის გადახდა;
3.12. მეორე მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 01.03.2017-01.11.2017წ. პერიოდის შრომის ანაზღაურების დავალიანების დასაბეგრი 800 ლარის გადახდა;
3.13. მეორე მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის მარტიდან ნოემბრამდე პერიოდის შრომის ანაზღაურების დავალიანების დასაბეგრი 800 ლარის დაყოვნებისათვის, 23.01.2018 წლიდან დავალიანების გადახდამდე, 800 ლარიდან, ყოველდღიურად, 0.07%-ის გადახდა;
3.14. მეორე მოსარჩელეს უარი ეთქვა დარჩენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე;
3.15. მესამე მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 08.01.2018 წლის №116-გ წერილით გამოვლენილი ნება;
3.16. მესამე მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ გათავისუფლებამდე არსებულ პოზიციაზე აღდგენის შეუძლებლობისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ დაეკისრა დასაბეგრი 15937.50 ლარის გადახდა;
3.17. მესამე მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის იანვრის თვის შრომის ანაზღაურების დავალიანების დასაბეგრი 937.50 ლარის გადახდა;
3.18. მესამე მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის იანვრის თვის შრომის ანაზღაურების დავალიანების დასაბეგრი 937.50 ლარის დაყოვნებისათვის, 23.01.2018 წლიდან დავალიანების გადახდამდე, 937.50 ლარიდან, ყოველდღიურად, 0.07%-ის გადახდა;
3.19. მესამე მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 15.08.2017-31.12.2017წ. პერიოდის შრომის ანაზღაურების დავალიანების დასაბეგრი 450 ლარის გადახდა;
3.20. მესამე მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის აგვისტო - დეკემბრის პერიოდის შრომის ანაზღაურების დავალიანების დასაბეგრი 450 ლარის დაყოვნებისათვის, 23.01.2018 წლიდან დავალიანების გადახდამდე, 450 ლარიდან, ყოველდღიურად, 0.07%-ის გადახდა;
3.21. დარჩენილ ნაწილში მესამე მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე;
3.22. მეოთხე მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 23.01.2018 წლის №128-გ წერილით გამოვლენილი ნება;
3.23. მეოთხე მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მეოთხე მოსარჩელის სასარგებლოდ გათავისუფლებამდე არსებულ პოზიციაზე აღდგენის შეუძლებლობისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით დასაბეგრი 13000 ლარის გადახდა;
3.24. მეოთხე მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მეოთხე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის იანვრის თვის შრომის ანაზღაურების დავალიანების დასაბეგრი 1524 ლარის გადახდა;
3.25. მეოთხე მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მეოთხე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის იანვრის თვის შრომის ანაზღაურების დავალიანების დასაბეგრი 1524 ლარის დაყოვნებისათვის, 06.02.2018 წლიდან დავალიანების გადახდამდე, 1524 ლარიდან, ყოველდღიურად, 0.07%-ის გადახდა;
3.26. მეოთხე მოსარჩელეს უარი ეთქვა დარჩენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
4.1. პირველი მოსარჩელე 2015 წლის სექტემბრიდან დასაქმებული იყო ტელევიზიაში. იგი იყო გადაცემა „ბ.კ–ის“ პროდიუსერი. პირველ მოსარჩელესთან 01.11.2017 წელს დადებული ხელშეკრულებით მოსარჩელის ანაზღაურება შეადგენდა დასაბეგრ 1375 ლარს. ხელშეკრულების 1.1 პუნქტით, წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი პირობების გათვალისწინებით პროდიუსერი ახორციელებს მისთვის განსაზღვრულ ფუნქციებს ტელეკომპანიისათვის განკუთვნილ ტელეგადაცემაში „ბ.კ–ი“. განთავსების რაოდენობა კვირაში 5-ჯერ; გადაცემის ხანგრძლივობა 60 წთ; ეთერში გასვლის დრო ორშაბათი-პარასკევი 12:00 საათი. ამავე ხელშეკრულების 1.2 პუნქტით, სამუშაოს შესრულების ადგილია ქ. თბილისი, ........ ამავე ხელშეკრულების 1.5 პუნქტით, სამუშაოს შესრულების წესი და პირობები/ინსტრუქცია განსაზღვრულია ტელეკომპანიის მიერ, რაც ცნობილია და მისაღებია მეორე მხარისათვის. ამ პუნქტის შენიშვნით, პროდიუსერისათვის ცნობილია, რომ გადაცემას აქვს ბიუჯეტი. ამ გეგმის რამდენიმე თვის განმავლობაში შეუსრულებლობის შემთხვევაში ტელეკომპანია იტოვებს უფლებას, რომ დახუროს გადაცემა. შესაბამისად, გადაცემის ჯგუფის წევრების ინტერესები, რომ გადაცემას ჰყავდეს მუდმივი სპონსორი და მოიზიდოს რეკლამა. მათ სხვადასხვა კომპანიებთან უნდა ჰქონდეთ მუდმივი მოლაპარაკებები და მცდელობა რეკლამის განთავსების მიზნით. ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, მიღებული ანაზღაურებიდან კომპანია დაუკავებს პროდიუსერს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. ხელშეკრულების 2.5. პუნქტის თანახმად, პროდიუსერის ბრალით გამოწვეული სამუშაოს იძულებითი მოცდენა არ ანაზღაურდება, გაცდენილი დღეების ანაზღაურება გამოაკლდება/დაითვლება ხელშეკრულების 2.1 პუნქტში მითითებული თანხის პროპორციულად. ხელშეკრულების 3.1.2. პუნქტის თანახმად, შემსრულებელი ვალდებულია დროულად და სათანადო ხარისხით/სტანდარტის დაცვით შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო. ხელშეკრულების 3.1.4. პუნქტის თანახმად, შემსრულებელი ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს კომპანიის მიერ დანიშნულ სამუშაო თათბირში, რომელზეც განიხილება სამუშაოს მიმდინარეობის მდგომარეობა (ამგვარი შეტყობინების მიღების შემთხვევაში). ხელშეკრულების 3.2.3. პუნქტის თანახმად, კომპანია უფლებამოსილია განახორციელოს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს ზედამხედველობა იმგვარად, რომ არ მოახდინოს მის საქმიანობაში ჩარევა და შემსრულებელს მოსთხოვოს ხელშეკრულებითა და შესაბამისი ინსტრუქციით განსაზღვრული პირობების განუხრელად დაცვა. ხელშეკრულების 3.2.4. პუნქტის თანახმად, თუ შემსრულებელი არ შეასრულებს სამუშაოს ან/და შესრულებული სამუშაო არ შეესაბამება კომპანიის მოთხოვნებს, კომპანია უფლებამოსილია არ მიიღოს შესრულებული სამუშაო, შესაბამისად, არ აანაზღაუროს არაჯეროვნად შესრულებული სამუშაო და უარი განაცხადოს მასთან შემდგომ თანამშრომლობაზე და აცნობოს მას ამის თაობაზე. მხარეები ხელშეკრულების 3.2.5. პუნქტით შეთანხმდნენ, რომ კომპანია უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება. თავის ინიციატივით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში კომპანია ვალდებულია 07 კალენდარული დღით ადრე აცნობოს პროდიუსერს ამის თაობაზე. ხელშეკრულების 6.3. პუნქტის თანახმად, შემსრულებელს ევალება დაიცვას კომპანიაში დადგენილი სამუშაო განაწესი, ქცევის წესი და დისციპლინა. ხელშეკრულების 6.5. პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში მხარისათვის მიყენებული ნებისმიერი სახის ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4.2. პროდიუსერი მიეკუთვნება სპეციალისტების კატეგორიას და უშუალოდ ექვემდებარება კომპანიის შესაბამისი მიმართულების ხელმძღვანელს. პროდიუსერი არის პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, სატელევიზიო სფეროში მუშაობის სტაჟით. პროდიუსერის ძირითადი მოვალეობებია: წამყვანთან ერთად თემის შერჩევა; გადაცემის შინაარსის დაგეგმვა მისი ფორმატიდან და სტრუქტურიდან გამომდინარე; შემოქმედებითი ჯგუფის მართვა; გადაცემის ეთერში გასვლა და/ან ჩაწერის ხელმძღვანელობა; გადაცემისთვის საინფორმაციო და სხვა ტიპის მასალის მოპოვებაზე, დახარისხებასა და გადაცემისთვის მომზადებაზე ზრუნვა; გადაცემის და სიუჟეტის ნახვა და დამონტაჟება გრაფიკოს/მემონტაჟე/ოპერატორთან ერთად; გასვლითი გადაღების ლოგისტიკის საკითხების მოგვარება და კონტროლი. ხელშეკრულების ხელმოწერისას ძალას კარგავს მანამდე არსებული ყველა წერილობითი და ზეპირი მოლაპარაკება.
4.3. 08.01.2018 წელს პირველ მოსარჩელეს ეცნობა, რომ მასთან შეწყდა სახელშეკრულებო ურთიერთობა 15.01.2018 წლიდან. 16.01.2018 წელს პირველმა მოსარჩელემ მოპასუხეს მიმართა წერილობით და მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტის წერილობითი დასაბუთება, რომელზეც პასუხი ეცნობა 18.01.2018 წელს. წერილში მოპასუხემ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის დადებული 01.11.2017 წლის ხელშეკრულების 3.2.5. პუნქტის საფუძველზე განხორციელდა ხელშეკრულების შეწყვეტა და ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით კომპანიის მხრიდან წერილობითი ფორმით ეცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.
4.4. პირველ მოსარჩელეს 01.09.2017 წლიდან ოთხი თვის განმავლობაში უკავდებოდა ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით, რის გამოც პირველი მოსარჩელის მიმართ დავალიანება შეადგენს 400 ლარს.
4.5. მეორე მოსარჩელე 2016 წლის თებერვლიდან დასაქმებული იყო ტელევიზიაში. იგი იყო გადაცემა „ბ.კ–ის“ ჟურნალისტი. მეორე მოსარჩელესთან 01.11.2017 წელს დადებული ხელშეკრულებით მისი ხელფასი შეადგენდა 875 ლარს. ხელშეკრულება დადებული იყო 01.11.2017 წლიდან - 01.05.2018 წლამდე ვადით. მეორე მოსარჩელის ხელშეკრულების სტანდარტული დებულებები ამ განჩინების 4.1. პუნქტში აღწერილი დებულებების იდენტურია.
4.6. ჟურნალისტი მიეკუთვნება სპეციალისტების კატეგორიას და უშუალოდ ექვემდებარება კომპანიის შესაბამისი მიმართულების პროდიუსერს. ჟურნალისტი არის პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, სატელევიზიო სფეროში მუშაობის სტაჟით. ჟურნალისტის ძირითადი მოვალეობებია: პროდიუსერთან ერთად თემის შერჩევა; კონტაქტებისა და წყაროების მოძიება თემის გარშემო; ინტერვიუს აღება/მომზადება; სიუჟეტის მომზადება/მონტაჟი მემონტაჟესთან/ოპერატორთან ერთად; პრეს-რელიზის მომზადება; სიუჟეტის ტექსტის მომზადება და ჩაწერა; ფაქტების გადამოწმება; პრესკონფერენციებზე დასწრება; კითხვების დასმა რესპოდენტისათვის, მათ შორის, ემოციურად რთულ ვითარებაში. ჟურნალისტის სამუშაო ხშირად გულისხმობს არანორმირებულ სამუშაო საათებს. ჟურნალისტს ხშირ შემთხვევაში არ აქვს დადგენილი სამუშაო გრაფიკი და ხელმძღვანელობს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე.
4.7. 08.01.2018 წელს მეორე მოსარჩელეს ეცნობა, რომ მასთან შეწყდა სახელშეკრულებო ურთიერთობა 15.01.2018 წლიდან. 16.01.2018 წელს მეორე მოსარჩელემ მოპასუხეს მიმართა წერილობით და მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტის წერილობითი დასაბუთება, რომელზეც პასუხი ეცნობა 18.01.2018 წელს. წერილში მოპასუხემ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის დადებული 01.11.2017 წლის ხელშეკრულების 3.2.5. პუნქტის საფუძველზე განხორციელდა ხელშეკრულების შეწყვეტა და ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით კომპანიის მხრიდან წერილობითი ფორმით ეცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.
4.8. 2015 წელს მეორე მოსარჩელის შემოსავალი შეადგენდა დასაბეგრ 1000 ლარს, რაც დაბეგრილი 800 ლარია. მეორე მოსარჩელე 01.03.2017 წლიდან - 01.11.2017 წლამდე იღებდა 100 ლარით ნაკლებს მოპასუხის გადაწყვეტილებით, რის გამოც მეორე მოსარჩელის მიმართ დავალიანება შეადგენს დაბეგრილ 800 ლარს.
4.9. მესამე მოსარჩელე 2016 წლის ოქტომბრიდან დასაქმებული იყო ტელევიზიაში. იგი იყო გადაცემა „ბ.კ–ის“ წამყვანი. მესამე მოსარჩელესთან 01.04.2017 წელს დადებული შრომის ხელშეკრულებით მესამე მოსარჩელის ხელფასი შეადგენდა თვეში 1875 ლარს. ხელშეკრულება დადებული იყო 01.04.2017 წლიდან პროექტის დასრულებამდე. მესამე მოსარჩელის ხელშეკრულების სტანდარტული დებულებები ამ განჩინების 4.1. პუნქტში აღწერილი დებულებების იდენტურია.
4.10. 08.01.2018 წელს მესამე მოსარჩელეს ეცნობა, რომ მასთან შეწყდა სახელშეკრულებო ურთიერთობა ხელშეკრულების 3.2.4. პუნქტის საფუძველზე 15.01.2018 წლიდან. 15.01.2018 წელს მესამე მოსარჩელემ მოპასუხეს მიმართა წერილობით და მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტის წერილობითი დასაბუთება, რომელზეც პასუხი ეცნობა 18.01.2018 წელს. წერილში მოპასუხემ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის დადებული 01.04.2017 წლის ხელშეკრულების 3.2.4. პუნქტის საფუძველზე განხორციელდა ხელშეკრულების შეწყვეტა და ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით კომპანიის მხრიდან წერილობითი ფორმით ეცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.
4.11. მესამე მოსარჩელე 2017 წლის აგვისტოს თვის მეორე ნახევრიდან 100 ლარით ნაკლებს იღებდა მოპასუხის გადაწყვეტილებით, რის გამოც მესამე მოსარჩელის მიმართ დავალიანება შეადგენს დაბეგრილ 450 ლარს.
4.12. მეოთხე მოსარჩელე 2015 წლის აპრილიდან დასაქმებული იყო ტელევიზიაში. იგი იყო ტელეოპერატორი. მეოთხე მოსარჩელესთან 01.10.2017 წელს დადებული ხელშეკრულებით მეოთხე მოსარჩელის ხელფასი შეადგენდა 1625 ლარს. ხელშეკრულება დადებული იყო 6 თვის ვადით. ხელშეკრულების 1.1 პუნქტით, წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი პირობების გათვალისწინებით შემსრულებელი ასრულებს ტელეოპერატორის ფუნქციებს მოპასუხისათვის. სამუშაო ადგილია ქ. თბილისი. ამავე ხელშეკრულების 1.4 პუნქტით, სამუშაო დღეებია კვირის განმავლობაში 6 სამუშაო დღე, არაუმეტეს 45 საათისა. ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, მიღებული ანაზღაურებიდან კომპანია დაუკავებს შემსრულებელს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. ხელშეკრულების 2.5. პუნქტის თანახმად, შემსრულებლის ბრალით გამოწვეული სამუშაოს იძულებითი მოცდენა არ ანაზღაურდება, გაცდენილი დღეების ანაზღაურება გამოაკლდება/დაითვლება ხელშეკრულების 2.1 პუნქტში მითითებული თანხის პროპორციულად. ხელშეკრულების 3.1.2. პუნქტის თანახმად, შემსრულებელი ვალდებულია დროულად და სათანადო ხარისხით/სტანდარტის დაცვით შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო. ხელშეკრულების 3.1.4. პუნქტის თანახმად, შემსრულებელი ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს კომპანიის მიერ დანიშნულ სამუშაო თათბირში, რომელზეც განიხილება სამუშაოს მიმდინარეობის მდგომარეობა (ამგვარი შეტყობინების მიღების შემთხვევაში). ხელშეკრულების 3.2.3. პუნქტის თანახმად, კომპანია უფლებამოსილია განახორციელოს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს ზედამხედველობა იმგვარად, რომ არ მოახდინოს მის საქმიანობაში ჩარევა და შემსრულებელს მოსთხოვოს ხელშეკრულებითა და შესაბამისი ინსტრუქციით განსაზღვრული პირობების განუხრელად დაცვა. ხელშეკრულების 3.2.4. პუნქტის თანახმად, თუ შემსრულებელი არ შეასრულებს სამუშაოს ან/და შესრულებული სამუშაო არ შეესაბამება კომპანიის მოთხოვნებს, კომპანია უფლებამოსილია არ მიიღოს შესრულებული სამუშაო, შესაბამისად, არ აანაზღაუროს არაჯეროვნად შესრულებული სამუშაო და უარი განაცხადოს მასთან შემდგომ თანამშრომლობაზე და აცნობოს მას ამის თაობაზე. მხარეები ხელშეკრულების 3.2.5. პუნქტით შეთანხმდნენ, რომ კომპანია უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება. თავის ინიციატივით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში კომპანია ვალდებულია 03 კალენდარული დღით ადრე აცნობოს შემსრულებელს ამის თაობაზე. ხელშეკრულების 6.3. პუნქტის თანახმად, შემსრულებელს ევალება დაიცვას კომპანიაში დადგენილი სამუშაო განაწესი, ქცევის წესი და დისციპლინა. ხელშეკრულების 6.5. პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში მხარისათვის მიყენებული ნებისმიერი სახის ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4.13. ტელეოპერატორი მიეკუთვნება სპეციალისტების კატეგორიას და უშუალოდ ექვემდებარება კომპანიის განყოფილების უფროსს. ტელეოპერატორი არის პირი, რომელსაც აქვს საშუალო ტექნიკური განათლება, სატელევიზიო სფეროში მუშაობის სტაჟით. ტელეოპერატორმა უნდა იცოდეს: შესასრულებელი სამუშაოსათვის საჭირო მეთოდური და ნორმატიული მასალები; გადამღები ვიდეომოწყობილობების ექსპლუატაციის პრინციპები, საწარმოს მახასიათებლები, სტრუქტურა; მუშაობის შესასრულებლად საჭირო წესები და პირობები; კომპოზიციის და ექსპრონომეტრიის საფუძვლები; განათების მოწყობილობები და განათების დაყენება; მასზე მინდობილი ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესები; ხმის რეჟისორული საფუძვლები; ჟურნალისტებთან, რეჟისორებთან ურთიერთობის სისტემა.
4.14. 23.01.2018 წელს მეოთხე მოსარჩელეს ეცნობა, რომ მასთან ხელშეკრულება შეწყდა 29.01.2018 წლიდან. მეოთხე მოსარჩელემ 05.02.2018 წელს მოპასუხეს მიმართა წერილობით და მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტის წერილობითი დასაბუთება, რომელზეც პასუხი ეცნობა 08.02.2018 წელს. წერილში მოპასუხემ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის დადებული 01.10.2017 წლის ხელშეკრულების 3.2.5. პუნქტის საფუძველზე განხორციელდა ხელშეკრულების შეწყვეტა და ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით კომპანიის მხრიდან წერილობითი ფორმით ეცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.
4.15. ტელევიზიამ 2018 წლის მარტის თვის ბოლოს შეწყვიტა მაუწყებლობა და ამჟამად აღარ ფუნქციონირებს. მოპასუხეს მოსარჩელეთა მიმართ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თვის ფაქტობრივად ნამუშევარი არ აუნაზღაურებია.
4.16. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მხარეთა შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულებები. მოპასუხე კი, თავის მხრივ, უთითებს, რომ მხარეთა შორის დადებული იყო მომსახურების (ნარდობის) ხელშეკრულებები. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სანამ მოპასუხე მოსარჩელეებთან სადავო, ე.წ. „მომსახურების“ ხელშეკრულებებს დადებდა, მხარეები იმყოფებოდნენ შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში შრომის ხელშეკრულებების საფუძველზე; ასევე, უდავოა, რომ მოპასუხეს სადავო ხელშეკრულებების დადებამდე მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობების დასრულების/შეწყვეტის შესახებ ნება არ გამოუვლენია (არ უცნობებია); ასევე, უდავოა, რომ მოსარჩელეები სადავო ხელშეკრულებების დადებამდე ასრულებდნენ იმავე სამუშაოს, იმავე პირობებში, რასაც შრომითი ურთიერთობის პირობებში და მოსარჩელეებს ხელფასის სახით ყოველთვიურად ერიცხებოდათ თანხები. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული იყო ხელშეკრულებები, რომლებიც შეწყდა სამ მოსარჩელესთნ მიმართებით 08.01.2018 წელს, ხოლო 23.01.2018 წელს ერთ მოსარჩელესთან მიმართებით, მოპასუხის მიერ ზეპირი ფორმით გამოვლენილი ნების საფუძველზე. ასევე მოსარჩელეთა ამონაწერებით საბანკო ანგარიშებიდან დგინდება, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელეებთან დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გადახდილი გასამრჯელოს ტიპი იყო „ხელფასი“ და არა მომსახურების ანაზღაურება, მოპასუხე მათ უკავებდა საშემოსავლო გადასახადს. აღნიშნულ დასკვნას ასევე ამყარებს მოპასუხის მიერ მოსარჩელეებისადმი გაგზავნილი დასაბუთებაც შრომის კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე. მოპასუხის მიერ შრომითი ურთიერთობის ნარდობით შენიღბვა ასევე შესაძლებელია დადასტურდეს თვით ხელშეკრულების დებულებებით, რაც სტანდარტული პირობების გათვალისწინებით, ერთობლიობაში ადასტურებენ მოსარჩელეთა მიერ მოპასუხის დაქვემდებარებულ პირობებში სამუშაოს შესრულებას, მის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გამოყენებას და მესამე პირებთან ურთიერთობისას მოპასუხის სახელით სარგებლობას (გადაცემის ჩაწერის დროს მოპასუხის ლოგოს და სახელის გამოყენებას), ხოლო ერთ-ერთი მოპასუხის მიმართ, მიუხედავად მასთან დადებული „მომსახურების ხელშეკრულებისა“, დისციპლინური სახდელის გამოყენებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი იყო არა ნარდობის, არამედ შრომითსამართლებრივი ურთიერთობები.
4.17. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ 08.01.2018 წელსა და 23.01.2018 წელს გამოვლენილი ნება მოსარჩელეებთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ იყო არამართლზომიერი. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეებთან ხელშეკრულებების შეწყვეტის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ სატელევიზიო გადაცემა, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელეები იყვნენ დასაქმებულები, ტელევიზიაში არარეიტინგული აღმოჩნდა, ანუ მოსარჩელეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, იმის თაობაზე, რომ სათანადო ხარისხითა და სტანდარტის დაცვით განეხორციელებინათ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო. სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) 37-ე მუხლზე და განმარტა, იმისათვის, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ ჩაითვალოს ლეგიტიმურად და მართლზომიერად, ამისათვის აუცილებელია, რომ წარმოჩინდეს ის გონივრული წინაპირობანი, რომელიც ამ შეწყვეტას კანონიერ საფუძველს მისცემდა. ასეთ ლეგიტიმურ წინაპირობებზე სწორედ დამსაქმებელმა უნდა მიუთითოს, რაც, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ შეძლო. შესაბამისად, ლეგიტიმური საფუძველი ეცლება დამსაქმებლის გადაწყვეტილებას შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე. აღნიშნული კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 54-ე მუხლის შესაბამისად, სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის წინაპირობაა. აღნიშნულის შედეგი კი თავისთავად არის მხარის იმ უფლებებში აღდგენა, რაც იარსებებდა რომ არ ყოფილიყო მიღებული სადავო გადაწყვეტილება (სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი).
4.18. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხემ 2018 წლის მარტის თვის ბოლოდან შეწყვიტა მაუწყებლობა და ამჟამად აღარ ფუნქციონირებს.
4.19. სასამართლომ იხელმძღვანელა სშკ-ის 44-ე მუხლით, სშკ-ის 32-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 411-ე მუხლით.
4.20. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელეთა მიმართ მოპასუხის სახელფასო დავალიანების არსებობის ფაქტი. მოპასუხეს დავალიანების არსებობა სადავოდ არ გაუხდია. მოპასუხემ მიუთითა, რომ მოსარჩელეებს გასაცემელი იმის გამო შეუმცირა, რომ მათ მიერ სათანადოდ არ სრულდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც სასამართლომ არამართლზომიერად მიიჩნია. სშკ-ის 6.9 მუხლით, ხელფასის ოდენობა წარმოადგენს ხელშეკრულების არსებით პირობას, რის შესაცვლელადაც საჭიროა მხარეთა შეთანხმება, რასაც ადგილი არ ჰქონია, დამსაქმებელმა ცალმხრივად პერიოდულად დაუკავა სამ მოსარჩელეს ხელფასი. შესაბამისად, ვინაიდან დასტურდება სადავო პერიოდში მოსარჩელეების მიერ მოპასუხის სასარგებლოდ შრომითი ურთიერთობის განხორციელება, საფუძვლიანია მოსარჩელეების მოთხოვნა შრომის ანაზღაურების დავალიანების, როგორც უსაფუძვლოდ დაკავებულის, ასევე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თვის სახელფასო დავალიანების მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში.
4.21. მოსარჩელეების მოთხოვნა იძულებით განაცდურზე ყოველი დაყოვნებული დღისათვის 0,07%-ის დაკისრების თაობაზე, ემყარება სშკ-ის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილს. სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს არსებული ფულადი ვალდებულებიდან და არა იმ თანხიდან, რომელიც სასამართლომ დააკისრა ან შეიძლება დააკისროს პირს არსებული ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის იძულებითი განაცდურის, როგორც ზიანის ანაზღაურების სახით. სასამართლომ განმარტა, რომ სშკ-ის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილი ვრცელდება მხოლოდ არსებული შრომითი ურთიერთობების იმ სფეროზე, როდესაც შრომის ანაზღაურება (ხელფასი, საშვებულებო ანაზღაურება და სხვა) ყოვნდება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი შრომითი ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.09.2020 წლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული იყო არა ნარდობის, არამედ - შრომის ხელშეკრულებები. სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა, რომ სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის ნორმატიული მიზანი სწორედ ის არის, რომ ბრძანების ბათილობის შედეგად მოსარჩელემ მიიღოს იურიდიული შედეგი და იმ შემთხვევაში, როდესაც ამგვარი შედეგი სამუშაო ადგილზე აღდგენაში არ მდგომარეობს, მოსარჩელეს მიეკუთვნება კომპენსაცია. ხოლო რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრასა და მისი განსაზღვრის კრიტერიუმებს, აღნიშნულს კანონის ნორმატიული დანაწესი არ ადგენს და იგი, ყოველი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება, რა დროსაც, სასამართლო ხელმძღვანელობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, მხედველობაში იღებს იმ დროს, რა დროის განმავლობაშიც უნდა ემუშავა დასაქმებულს დამსაქმებელთან, რა იყო მისი სახელფასო ანაზღაურება და სხვა. სასამართლო არ არის შეზღუდული კომპენსაციის განსაზღვრაში, რადგან სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა (სუსგ №ას-632-2019, 21.06.2019წ.). განსახილველ შემთხვევაში, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელეებისათვის მიკუთვნებული კომპენსაცია გონივრულია.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. წინამდებარე საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია, მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციის საკითხი. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს დასკვნას მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობის თაობაზე და მიუთითებს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული იყო მომსახურების ხელშეკრულებები, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს.
12. სშკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (წინამდებარე განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები მოსარჩელეების გათავისუფლების მომენტში მოქმედი რედაქციით), შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
13. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს შრომითი ურთიერთობის ის სახელმძღვანელო პრინციპები, რაც ამ სამართლებრივ ურთიერთობას ნებისმიერი სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობისაგან განასხვავებს. შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი და დასაქმებული (სშკ-ის მე-3 მუხლი), ამასთან, დასაქმებული ეწევა დაქვემდებარებულ საქმიანობას, ასრულებს დამსაქმებლის მითითებას სათანადო ანაზღაურების პირობით. ამ შემთხვევაში, გადამწყვეტია სამუშაო პროცესი, რომელიც ორგანიზებულად წარიმართება დამსაქმებლის მიერ დადგენილი წესებითა და პირობებით (შრომითი ხელშეკრულება, შინაგანაწესი, საკანონმდებლო რეგულაცია და სხვა) (იხ. სუსგ №ას-934-2018, 05.06.2020წ.; №ას-1432-1352-2017, 16.03.2018წ.; №ას-1132-1088-2016, 17.02.2017წ.).
14. შრომის ხელშეკრულების მომიჯნავე კონსტრუქციაა ნარდობა, კერძოდ: ა) ნარდობის საგანს წარმოადგენს მენარდის შრომის შედეგი (რეზულტატი). შრომის ხელშეკრულებით კი მუშაკი ვალდებულია შეასრულოს განსაზღვრული სამუშაო დაკავებული თანამდებობის, პროფესიის თუ კვალიფიკაციის მიხედვით, მაგრამ სამუშაოს შედეგი, როგორც ასეთი, არ წარმოადგენს შრომის ხელშეკრულების საგანს; ბ) ნარდობის ხელშეკრულებაში მენარდე ქონებრივად და ორგანიზაციულად დამოუკიდებელია შემკვეთისაგან და მას არ ექვემდებარება. შრომის ხელშეკრულებით კი მუშაკი ექვემდებარება ადმინისტრაციას (დამსაქმებელს); გ) ნარდობის ხელშეკრულების მხარეები შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები, დასაქმებული კი ყოველთვის ფიზიკური პირია. რაც შეეხება მომსახურების ხელშეკრულებას, მის საგანს წარმოადგენს მომსახურება, რომელსაც საერთო წესის მიხედვით არა აქვს შედეგი, ანდა მისი შედეგი ატარებს არამატერიალურ ხასიათს (შდრ. ზ. ძლიერიშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეოთხე, ტომი I, თბილისი 2001, 238,239; ზ. შველიძე, საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული დასაქმებულის სამართლებრივი სტატუსის მახასიათებლები, შრომის სამართალი (სტატიათა კრებული), I, თბილისი, 2011, 91).
15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის შინაარსის შესაფასებლად გადამწყვეტია არა ხელშეკრულების სახელწოდება, არამედ ის დებულებები, რომელთა მიხედვით მხარეთა მიერ გამოვლენილი და შეთანხმებული ნება უნდა შემოწმდეს (იხ. სუსგ საქმე №ას-934-2018, 05.06.2020წ.).
16. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს დაქირავებულის ცნების უმნიშვნელოვანეს ელემენტზე, „დაქვემდებარებულ მდგომარეობაზე“, რომელიც არსებითად განაპირობებს შრომითი ურთიერთობის შინაარსს და მიჯნავს მას სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებისაგან (შდრ. ლ. ადეიშვილი, დ. კერესელიძე, საქართველოს შრომის კოდექსის პროექტი და კონტინენტური ევროპის ქვეყნების შრომის სამართლის ზოგიერთი ძირითადი პრინციპი, ქართული სამართლის მიმოხილვა, 6/2003-1, 16). დაქვემდებარების პრინციპი მიჩნეულია შრომითი ურთიერთობის კვალიფიკაციის პროცესში ძირითად, განმსაზღვრელ ნიშნად (შდრ. ზ. შველიძე, საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული დასაქმებულის სამართლებრივი სტატუსის მახასიათებლები, შრომის სამართალი (სტატიათა კრებული), I, თბილისი, 2011, 87). დაქვემდებარება მოიცავს: სამუშაოს შესრულებას განსაზღვრულ დროში, რასაც აკონტროლებს დამსაქმებელი; სამუშაოს შინაარსის და შრომითი პირობების დადგენას; ზედამხედველობას და კონტროლს დასაქმებულის მიერ დაკისრებული სამუშაოს შესრულებაზე (იხ. მ. დუმბაძე, ნარდობის ხელშეკრულება, როგორც შრომითი ხელშეკრულების დადების გვერდის ავლის საშუალება, შრომის სამართალი (სტატიათა კრებული), III, თბილისი, 2014, 311).
17. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2017 წელს მოსარჩელეებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით (იხ. ტ.1, ს.ფ. 30-33; 82-86; 129-133; 164-168) განსაზღვრულია დასაქმებულთა ფუნქციები, სამუშაო ადგილი, სამუშაო საათები, სამუშაოს შესრულების წესი, პირობები, ყოველთვიური ანაზღაურების ოდენობა და გაცემის წესი, იძულებით მოცდენის შედეგი, ანაზღაურებიდან საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების დაკავება, დასაქმებულთა ვალდებულება მონაწილეობა მიიღონ კომპანიის თათბირებში, მოპასუხის მიერ ზედამხედველობა სამუშაოს შესრულებაზე, ინსტრუქციის, სამუშაოს განაწესის, ქცევის წესისა და დისციპლინის დაცვა და ა.შ. (იხ. წინამდებარე განჩინების 4.1. და 4.12. პუნქტები). ამრიგად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების შინაარსი ცხადყოფს, რომ მოსარჩელეები მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას, თავად ემართათ (დაეგეგმათ) საკუთარი შრომა, ისინი სამუშაოს ასრულებდნენ ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში, რაც ადასტურებს, რომ მოსარჩელეები მომსახურებას კი არ უწევდნენ მოპასუხეს, არამედ შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ მასთან (შდრ. სუსგ №ას-1079-2020, 28.09.2021წ.). ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებები თავისი არსით წარმოადგენს არა მომსახურების, არამედ - შრომის ხელშეკრულებებს.
18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა უკიდურესი ღონისძიებაა, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას მოქმედებს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (შდრ. სუსგ №ას-941-891-2015, 29.01.2016წ; №ას-1421-2020, 05.03.2021წ; №ას-512-2020, 18.02.2021წ.).
19. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). შრომითსამართლებრივ დავებში კი მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსხვავებული და თავისებურია. ამ წესის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს არათანაბარი შესაძლებლობები გააჩნიათ, დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები წარუდგინოს. ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს დამსაქმებლის მხარეს აბრუნებს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (შდრ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016წ; №ას-483-457-2015, 07.10.2015წ.). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ შეძლო მოსარჩელეების სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების დამტკიცება, შესაბამისად, დამსაქმებელს შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის ობიექტური, ხელშეკრულებების მოშლისათვის საკმარისი საფუძველი არ გააჩნდა და მისი სადავოდ ქცეული ქმედება ეწინააღმდეგება მხარეთა მიერ უფლება-მოვალეობათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. ამრიგად, არსებობდა გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის წინაპირობები. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად განმარტეს შრომის კოდექსის დებულებები და მოპასუხეს მართებულად დააკისრეს კომპენსაციის, სახელფასო დავალიანებისა და მისი დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს ანაზღაურება. წამოყენებული არ არის აღნიშნულის საწინააღმდეგო დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
21. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით (შდრ. სუსგ №ას-347-2020, 18.11.2020წ.). ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
22. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 2862.95 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 2004.06 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ი -..”-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შპს „ი -..”-ის (ს/კ ...) უკან დაუბრუნდეს ა.მ–ო–ნის (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2862.95 ლარის (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 14.01.2021წ.) 70% – 2004.06 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია