Facebook Twitter

საქმე №ას-10-2022

07 თებერვალი 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვით

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ბ–ვი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.გ–ვი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი –კომპენსაციის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ვ.გ–ვმა (შემდგომში წოდებული, როგორც „მოსარჩელე“, მოწინააღმდეგე“ მხარედ), შპს „ბ–ვის“ (შემდგომში წოდებული, როგორც „მოპასუხე“, „კასატორ“ მხარედ) მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა, რომლითაც მოითხოვა სახელისა და გამოსახულების გამოყენების აკრძალვა და კომპენსაციის სახით 150 000 აშშ დოლარის დაკისრება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „ბ–ვს“ ვ.გ–ვის სასარგებლოდ, კომპენსაციის სახით, დაეკისრა 150 000 აშშ დოლარის (ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) გადახდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ბ–ვმა“.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, შპს „ბ–ვის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა 2021 წლის 28 ოქტომბრის განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ბ–ვმა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის განჩინებით, შპს „ბ–ვის“ საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

6. 2022 წლის 22 მარტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოდავე მხარეებს დაევალათ მხარეთა მორიგების მიზნით წარმოედგინათ წერილობითი მოსაზრებები.

7. 2022 წლის 11 აპრილს, შპს „ბ–ვის“ წარმომადგენელმა წარმოადგინა მხარეთა შორის მორიგების პირობა, თუმცა 2022 წლის 11 მაისს, ვ.გ–ვის წარმომადგენელმა სასამართლოს წარუდგინა განცხადება, რომლის თანახმად მხარეთა პოზიციების დაახლოება ვერ შედგა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მაისის განჩინებით, შპს „ბ–ვის“ საკასაციო საჩივარი ვ.გ–ვის მიმართ ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.

9. 2023 წლის 07 თებერვალს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოდავე მხარეებმა განახლებული მორიგების პირობების შესაბამისად, მიაღწიეს მორიგებას და მოითხოვეს მორიგების აქტის დამტკიცება. მორიგების აქტს ხელს აწერენ ერთი მხრივ, შპს „ბ–ვის“ (მოპასუხე) წარმომადგენელი მ.ნ–ლი და მეორე მხრივ, ვ.გ–ვი (მოსარჩელე).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით (მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ) და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით (მხარეებს უფლება აქვთ წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე) გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი (იხ.: სუსგ №ას-1406-2020, 22.03.2022წ.; №ას-993-2021, 20.04.2022წ.; №ას-715-2021, 27.12.2021წ.). ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები.

12. მორიგება, ერთი მხრივ, საზოგადოებრივ ურთიერთობებში არსებული სირთულეების დაძლევისა და მხარეთა შორის არსებული კონფლიქტების მოგვარების ეფექტური საშუალებაა, ხოლო, მეორე მხრივ, მორიგება სამოქალაქო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი და სასამართლო სისტემის მარეგულირებელი სამართლებრივი მოვლენაა. მორიგება სამართლებრივი შესაძლებლობაა, ფაქტია, სამართლებრივი პროცესია, უფრო ზუსტად კი - საპროცესო სამართლებრივი უფლების (მხარის უფლება საქმე მორიგებით დაასრულოს) განკარგვის აქტია საპროცესო სამართლებრივი შედეგით (საქმის წარმოების შეწყვეტა) (იხ.: თამთა მამაიაშვილი. მორიგება, როგორც სამოქალაქო საქმის წარმოების დამთავრების საფუძველი. სადისერტაციო ნაშრომი სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისი 2017, გვ.18, 25).

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმისწარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

14. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი ითვალისწინებს შემდეგ პირობებს:

1. შპს „ბ–ვი“ ს/კ ..... წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცებიდან 1 თვეში ვ.გ–ვს პ/ნ ..... წინამდებარე მორიგების აქტში მითითებულ საბანკო ანგარიშზე ურიცხავს 150 000 ლარს. საბანკო რეკვიზიტები: სს „თიბისი ბანკი“ საბანკო კოდი TBCBGE22. ანგარიშის ნომერი GE32TB7350645063300003;

2. იმ შემთხვევაში, თუ ბ–ვი დაარღვევს წინამდებარე მორიგებით გათვალისწინებული გადახდის ვადებს და პირობებს გ–ი მიმართავს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაცემას, რის საფუძველზეც შპს ბ–ვს დაეკისრება 150 000 ლარი.

მორიგების პირობების შესწავლის შედეგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა უფლებებს. შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება შეწყდეს.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

16. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები მორიგდნენ საქმის არსებითად განხილვამდე, შესაბამისად, კანონის ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მორიგების გამო კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2021 წლის 14 დეკემბერს №1639464938 საგადახდო დავალებით გადახდილი 8 000 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 83-ე, 218-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ბ–ვისა“ და ვ.გ–ვის შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;

2. დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება, შემდეგი პირობებით:

2.1. შპს „ბ–ვი“ ს/კ ..... წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცებიდან 1 თვეში ვ.გ–ვს პ/ნ .... წინამდებარე მორიგების აქტში მითითებულ საბანკო ანგარიშზე ურიცხავს 150 000 ლარს. საბანკო რეკვიზიტები: სს „თიბისი ბანკი“ საბანკო კოდი TBCBGE22. ანგარიშის ნომერი GE32TB7350645063300003;

2.2. იმ შემთხვევაში, თუ ბ–ვი დაარღვევს წინამდებარე მორიგებით გათვალისწინებული გადახდის ვადებს და პირობებს გ–ვი მიმართავს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაცემას, რის საფუძველზეც შპს ბ–ვს დაეკისრება 150 000 ლარი.

3. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება (N2/6364-20) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ოქტომბრის განჩინება (N2ბ/4582-21).

4. მხარეთა მორიგების გამო, შეწყდეს წარმოება საქმეზე №ას-10-2022.

5. შპს „ბ–ვს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2021 წლის 14 დეკემბერს №1639464938 საგადახდო დავალებით გადახდილი 8 000 ლარი.

6. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე