საქმე № ას-1500-2022 18 იანვარი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ნ.ხ–ი(მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.ი–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ.ი–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) 2021 წლის 25 ოქტომბერს სარჩელი აღძრა ნ.ხ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - 8079.83 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის განჩინებით, დაუშვებლობის გამო, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 60-ე, 61-ე, 70-ე, 369-ე, 2591 და 374-ე მუხლებით.
4.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ, მოპასუხისთვის ცნობილი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ამასთან, იგი არ არის სსსკ-ის 2591 მუხლის მეორე ნაწილის სუბიექტი, შესაბამისად, გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყო - 2022 წლის 24 მაისიდან (პირველი სამუშაო დღე) და იმავე წლის 6 ივნისს (ორშაბათი) ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2022 წლის 8 ივნისს, დადგენილი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
5. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ მისი გაუქმებისა და ქვემდგომი სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
5.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში განემარტა, რომ გადაწყვეტილება ფოსტის მეშვეობით გაეგზავნებოდა და გასაჩივრების ვადაც მისი ჩაბარებიდან აითვლებოდა, ვინაიდან, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან ხანგრძლივი დროის გასვლის მიუხედავად გადაწყვეტილება არ ჩაჰბარდა, თავადვე მიმართა სასამართლოს და მისი ჩაბარებიდან კანონით დადგენილ ვადაში წარადგინა კიდეც სააპელაციო საჩივარი, ამდენად, არ არსებობდა მისი განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩეს.
7. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენი.
8. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო საჩივარი ვადის დაცვით წარადგინა, სწორედ ამიტომ, უსაფუძვლოა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ მიღებული განჩინება.
9. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 14 დღეა. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე - 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
10. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია.
11. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს რომ, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადის ფარგლებში არ მიმართავს სასამართლოს გადაწყვეტილების გადაცემის მოთხოვნით და/ან არ გამოცხადდება სასამართლოში და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ჩაბარება, გასაჩივრების მსურველი მხარის ვალდებულებას წარმოადგენს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, ხოლო სსსკ-ის 2591-ე მუხლის შინაარსი არ შეიძლება, გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე.
13. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი, იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (შდრ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება #ას-1161-1106-2014).
14. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორიც არ დავობს იმაზე, რომ ესწრებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 მარტის სასამართლო სხდომას, რომლითაც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება იმავე წლის 21 აპრილს გადაიდო, (იხ. სხომის ოქმი) და მისთვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი; შესაბამისად, მოპასუხეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოსათვის უნდა მიემართათ 11 მაისიდან (მე-20 დღე) 23 მაისის (30-ე დღე, ორშაბათი) ჩათვლით.
მოპასუხეს 11 დან 23 მაისის პერიოდში სასამართლოსთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით არ მიუმართავს.
ნ.ხ–მა მხოლოდ 2022 წლის 30 მაისს (როცა უკვე დაწყებული იყო გასაჩივრების ვადის ათვლა) მიმართა სასამართლოს და იმავე თარიღში ჩაიბარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაბამისად, სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის 59.1, მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, მისი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის მომდევნო თარიღიდან, 24.05.2022 წელს დაიწყო და 06.06.2022 (ორშაბათი) წელს ამოიწურა.
15. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, 2022 წლის 8 ივნისს წარადგინა, ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად დარჩა განუხილველად.
16. დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტიც, რომ სააპელაციო საჩივრის დაგვიანებით წარდგენა იმან განაპირობა, რომ არასწორად განემარტა გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა.
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს 2022 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე, სადაც განმარტებულია გადაწყვეტილების ჩაბარებისა და მისი გასაჩივრების წესი და ვადა (იხ. დაწყვეტილების 5 და 6 პუნქტები). ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი.
17. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, დარჩება განუხილველად (შდრ. სუსგ-ები: # ას-790-757-2016, 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება; # ას-221-208-2015, 2015 წლის 29 მაისის განჩინება).
18. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ხ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე