Facebook Twitter

საქმე № ას-1021-2022 23 დეკემბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ბ–ო “ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - პ.ყ–ი, თ.ბ–ი, ქალაქ თბილისის მერია, შპს „ჰ–ი“, გ.ც–ა, დ.ჯ–ნი, დ.ნ–ა, ვ.ა–ა, დ.მ–ნი, ე.მ–ნი, გ.ა–ია, მ.შ–ია, ა.ჯ–ია, ე.ბ–ძე, გ.ქ–ძე, მ.შ–ია, ტ.თ–ა, ლ.ჩ–ი, ნ.ბ–ი, რ.ჩ–ია, ნ.ჯ–ი, დ.შ–ია, დ.ჩ–ნი, პ.პ–ი, ს.ა–ია, ნ.მ–ი, ც.გ–ვა, დ.მ–ნი, გ.წ–ი, ზ.შ–ია, ლ.წ–ია, ლ.წ–ვა, დ.ნ–ა, კ.გ–ია, გ.გ–ძე, ა.გ–ძე, ლ.ყ–ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისისა და 6 ივლისის განჩინებები

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ქმედების განხორციელების დავალდებულება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1.შპს „ბ–ო ?-მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა პ.ყ–ის, თ.ბ–ის, ქალაქ თბილისის მერიას, შპს „ჰ–ის“, გ.ც–ას, დ.ჯ–ნის, დ.ნ–ას, ვ.ა–ას, დ.მ–ნის, ე.მ–ნის, გ.ა–იას, მ.შ–იას, ა.ჯ–იას, ე.ბ–ძის, გ.ქ–ძის, მ.შ–იას, ტ.თ–ას, ლ.ჩ–ის, ნ.ბ–ის, რ.ჩ–იას, ნ.ჯ–ის, დ.შ–იას, დ.ჩ–ნის, პ.პ–ის, ს.ა–იას, ნ.მ–ის, ც.გ–ვას, დ.მ–ნის, გ.წ–ის, ზ.შ–იას, ლ.წ–იას, ლ.წ–ვას, დ.ნ–ას, კ.გ–იას, გ.გ–ძის, ა.გ–ძის და ლ.ყ–ის (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოპასუხეები ან კერძო საჩივრის ავტორები) წინააღმდეგ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ქმედების განხორციელების დავალდებულების მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა.

3. გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 30 ივნისისა და 6 ივლისის განჩინებებით, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, ძირითადი და დაზუსტებული სააპელაციო საჩივრები დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 ივნისის განჩინებით, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადის დაცვით, სახელმწიფო ბაჟის, 160 ლარის, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნისა (შემოსავლის ორდერი), სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიისა და მისი უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დედნის სასამართლოში წარდგენა. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

4.2. 2022 წლის 20 ივნისის სატელეფონო აქტით აპელანტის წარმომადგენელს ეცნობა აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი.

4.3. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 7 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2022 წლის 21 ივნისს დაიწყო და იმავე წლის 27 ივნისს დასრულდა. აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე სახის შუამდგომლობით არ მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის.

4.4. 2022 წლის 5 ივლისს აპელანტის წარმომადგენელმა ხარვეზის შევსების თაობაზე დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, კერძოდ, წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრი, სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია და მისი უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დედნი.

5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის 374-ე, 368.5-ე და 59-ე, 60-ე, 61-ე, 63-ე, 64-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ ძირითადი და დაზუსტებული სააპელაციო საჩივრები განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.

6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტის წარმომადგენელმა, მისი გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით.

6.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება ვადის დაცვით წარადგინა, რაც დასტურდება შპს „ქ.ს.ჯ–ის“ მიერ გაცემული, საფოსტო გზავნილით და, არ არსებობდა მისი განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 სექტემბრის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინებები და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

8. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრზე დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობა, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის, მისი უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დედნის წარუდგენლობა და სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა.

9. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 7 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2022 წლის 21 ივნისს დაიწყო და იმავე წლის 27 ივნისს დასრულდა. ხოლო ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება/დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ იქნა წარდგენილი.

10. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის მითითებული საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას და განმარტავს, რომ მან განცხადება კანონით დადგენილ ვადაში ჩააბარა ფოსტას. ამ გარემოების დასადასტურებლად შპს „ქ.ს.ჯ–იდან“ წარმოადგინა საფოსტო გზავნილის ასლი, საიდანაც ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაგზავნილი კორესპონდენცია/ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება აპელანტმა ფოსტას ჩააბარა 2022 წლის 27 ივნისს (იხ. ს.ფ. 183).

სსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება, შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

11. მითითებული ნორმის მიხედვით, თუ განცხადება ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, მაშინ იგი საპროცესო ვადის დაცვით შეტანილად ითვლება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ხარვეზის შევსების ბოლო ვადა იყო 2022 წლის 27 ივნისი. კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი ზემოხსენებული მტკიცებულებით კი, ირკვევა, რომ მოსარჩელემ ხარვეზის შევსების მიზნით განმეორებით წარდგენილი სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2022 წლის 27 ივნისს, ანუ ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, შესაბამისად, ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება ვადაში შეტანილად ითვლება, რაც გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების წინაპირობაა.

12. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ზემოხსენებული მოტივაციით, საკასაციო სასამართლო აუქმებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის და 06 ივლისის განჩინებებს და საქმე უბრუნდება იმავე სასამართლოს მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ბ–ო ?-ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისისა და 6 ივლისის განჩინებები და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე